ფსალმუნი 59-ე
ორმოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
ფსალმუნს აქვს საკმაოდ დიდი სათაური. მასში მოკლედ არის გადმოცემული, როდის და რომელ მოვლენასთან დაკავშირებითაა დაწერილი. ორმოცდამეცხრამეტე ფსალმუნი დავითმა დაწერა იმ დროს, როდესაც ასურელები დაამარცხა და ედომის მთებში მტრის 12000 მეომარი გაანადგურა, მისმა ერთ-ერთმა მხედართმთავარმა კი მტრის ერთი ქალაქი მთლიანად აიღო და გაანადგურა. საოცარი ის არის, რომ ფსალმუნი გამარჯვებით გამოწვეულ განწყობას არ შეესაბამება, გამარჯვებული კი არა, სინანულში მყოფი კაცის დაწერილია. აქედან ჩანს, რომ დავითი უფრო მეტად იყო წინასწარმეტყველი და ღვთის მადიდებელი ადამიანი, ვიდრე მიწიერი მეფე. მისი პირველი საქმე იყო წინასწარმეტყველება და ამიტომაც არის, მიუხედავად იმისა, რომ ესოდენ დიდი გამარჯვება მოიპოვა და სიხარული უნდა განიცადოს ამ დროს, ის ხედავს თავისი ერის მომავალს, კაცობრიობის აწმყოს და მომავალს და ამის შესახებ წერს ფსალმუნს.
1. "ღმერთო, განმთხიენ ჩუენ და დამამხუენ ჩუენ, შემრისხენ და შემიწყალენ ჩუენ" - დავითი კი არ სთხოვს უფალს, ასე მოგვექეციო, არამედ წინასწარმეტყველურად აღწერს იმას, თუ რა მოხდება - როგორ იქნება ისრაელის ერი "განთხეული", განგდებული აღთქმული მიწიდან, როგორ იქნება დამხობილი ისრაელის მეფეთა მეფობა და როგორ იქნებიან ისინი შერისხულნი, მაგრამ დავითი წინასწარმეტყველებს იმასაც, როგორ იქნება შეწყალებული არა მარტო ისრაელის ერი, არამედ მთელი წარმართული სამყარო მაცხოვრის მოსვლით. აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ისიც, თუ როგორ იყო განშორებული უფალს წარმართი ერი, როგორ იყო დამხობილი წარმართობა სულიერად და როგორ შეიწყალებს უფალი შემდეგ ყველა წარმართს თავისი განკაცებით.
2. "შეარყიე ქუეყანაი და შეუძრწუნე იგი; განკურნე შემუსვრილებაი მისი, რამეთუ შეიძრა" - რით შეარყია უფალმა ქვეყანა? - თავისი მოსვლითა და ჯვარცმით. ჩვენ ვიცით, რომ ჯვარცმის დროს ფიზიკურადაც კი შეირყა ქვეყანა. სწორედ ამის შესახებ წინასწარმეტყველებს დავითი, შემდეგ კი კვლავ წინასწარმეტყველურად წარმოთქვამს: "განკურნე შემუსვრილება მისი" - ხილული სამყაროს შემუსვრილება, ხილული სამყაროს დაზიანება განკურნე, უფალოო. ხილული სამყარო აბსოლუტურად დაზიანებულია, ანუ ხილულ და უხილავ სამყაროს, მიწასა და ზეცას შორის კავშირი იყო გაწყვეტილი, შემუსვრილი, დაზიანებული და უფალმა ეს კავშირი აღადგინა - მაცხოვრის მოსვლითა და ჯვარცმით სამოთხის ბჭეები განიღო და უფალმა შეაერთა ზეცა და მიწა, მათ შორის კავშირი აღადგინა.
3. "უჩუენე ერსა შენსა სიფიცხლე, მასუ ჩუენ ღვინოი ლმობიერებისაი" - იმის გამო, რომ ისრაელის ერი არ აღიარებდა უფალს, ჯვარს აცვეს უფალი, მიწიერი სასჯელები მოევლინებოდა მათზე, რათა სულიერად განკურნებულიყვნენ, შეენანებინათ თავიანთი საქციელი, მაგრამ უმეტესობამ არ შეინანა. მიწიერი გაგებით ეს არის სიფიცხის გამოხატულება. არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ უფალია ფიცხი, ღვთისგან მოცემული სასჯელი წამალია ადამიანებისთვის, მაგრამ ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ არ მიიღეს ეს წამალი ადამიანებმა. "მასუ ჩუენ ღვინოი ლმობიერებისაი" - რას ნიშნავს ეს? - ჰქონდათ რა გასასტიკებული გული წარმართებსა და ისრაელიანებს, უფალმა სწორედ ამ მოვლენებით, ამ სასწაულებით, ამ მიწიერი სასჯელების მიცემით გული მოულბო ადამიანებს, ადამიანთა გული გახდა მიმღები ღვთის სიტყვისა. სწორედ ეს იგულისხმება ამ სიტყვებში. თუკი ადამიანი ნორმის ფარგლებში იხმევს ღვინოს, მისი გული ლბება და უფრო მეტად მოსიყვარულე ხდება. ეს ბუნებრივი გამოხატულებაა. ამ ფსალმუნშიც ეს მოვლენა არის სიმბოლურად გამოყენებული, ის, რაც ბუნებრივად ხდება, ოღონდ სულიერი თვალსაზრისით.
4. "მოეც მოშიშთა შენთა სასწაული განრომად პირისაგან მშვილდისა" - შენს მოშიშებს სასწაულად მიეცი ის, რომ მშვილდის პირისაგან იქნენ განრიდებული - ღვთის მოშიშებს ბოროტისგან ნასროლი ისრები ვერ დააზიანებსო. პირდაპირი მნიშვნელობით აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ის მოვლენა, რომ მაცხოვრის ჯვარცმიდან სულ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ იერუსალიმს რომაელებმა ალყა შემოარტყეს და ორ მილიონზე მეტი იუდეველი მოწყვიტეს, თუმცა იმ დროს არც ერთი ქრისტიანი ებრაელი არ დაღუპულა, რადგან მოახლოებული საფრთხის შესახებ ანგელოზისგან ეუწყა იერუსალიმის პატრიარქს და ყველა ქრისტიანი ებრაელი გაყვანილ იქნა ქალაქიდან. სწორედ ამის შემდეგ აიღეს იერუსალიმი რომაელებმა და ერთიანად გაანადგურეს ქალაქიც და იქ თავშეფარებული ადამიანებიც. ღვთის მოშიშნი განრიდებულ იქნენ ამ განსაცდელს. ზოგადად კი ყველა დროში მცხოვრებ ღვთის მადიდებელ ადამიანს მიემართება. შესაძლებელია, ღვთის მადიდებელი ადამიანი ვერ გაექცეს მიწიერ მოვლენებს, მიწიერ სასჯელებს, მანაც განიცადოს მიწიერი განსაცდელი, მაგრამ ყველა ღვთის მადიდებელი ადამიანი სულიერად არის განრიდებული "მშვილდის პირისაგან" - ბოროტს არ ხელეწიფება მისი განსაცდელში შთაგდება.
5. "რაითა იხსნნე საყუარელნი შენნი; მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგვესემინ ჩემი" - ყველაფერი, რაც აღასრულე იმის გამო მოხდა, რომ შენი საყვარელი ადამიანები აცხოვნოო. უფალს ყველა უყვარს, მაგრამ ცხონდება ის, ვინც ღვთის სიყვარულს სიყვარულით პასუხობს, ვინც მიმღებელია ღვთის სიყვარულისა. ვინც სიყვარულით არ პასუხობს, არამედ ღვთის მგმობელი, ღვთის მცნებების წინააღმდგომია, ის ღვთისგან ხსნას ვერ მიიღებს. "მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა" - შენი მარჯვენით, შენი ქმედებებით მაცხოვნე, უფალო - უფალმა თავისი მოსვლით, თავისი ჯვარცმით აცხოვნა ყველა ღვთის მადიდებელი, ყველა ის ადამიანი, რომელიც უფალს განადიდებდა. ჩვენი ლოცვა რომ შეისმინა უფალმა, ამის გამო მოხდა ყველაფერი, ამის გამო იქნენ გამოხსნილი ადამიანებიო, - ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ბოლო სიტყვებით.
6. "ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით; განვიხარო და განვყო სიკიმაი და ღელე იგი საყოფელთაი განვზომო" - ამ სიტყვებით ნაწინასწარმეტყველებია მაცხოვრის განკაცების შესახებ, იგულისხმება, რომ ღმერთი განკაცდება და კაცობრივი სხეული, რომლითაც ღმერთი იქნება შემოსილი, განიწმინდება. ვიცით, რომ ყველა ადამიანზე გადადიოდა და გადადის ადამის ცოდვა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ადამის ცოდვის გარეშე დაიბადა, იყო განკაცებული მაცხოვარი, რომელიც თავისი წმინდის პირით, ანუ განახლებული კაცის პირით იტყვის - "განვიხარო და განვყო სიკიმაი". სიკიმა იყო ეფრემის, ანუ ისრაელის სახელმწიფოს ქალაქი. ვის უყოფს უფალი ამ ქალაქს, ანუ ისრაელის სამკვიდროს? - უყოფს წარმართებსაც, თითოეულ ადამიანს, ე.ი. ყველასათვის საერთო გავხადო აღთქმული ქვეყანა, არა ხილული, არამედ ზეციური აღთქმული ქვეყანა, სასუფეველი - არა მარტო ისრაელისთვის გავხსნა, არამედ ყველას გავუღო, ყველას მივცე და "ღელე იგი საყოფელთაი განვზომო" - ადამიანთა ყველა სამყოფელი აღვრაცხო, ყველა განვზომო, რათა ყველასთვის იყოს ხსნაო. ამ სიტყვებით ნაწინასწარმეტყველებია, რომ არა მარტო იუდეველებისათვის, არამედ ყველა ადამიანისათვის იქნება ის მოვლენები გამომხსნელი, რაც უფალმა არასრულა - ჯვარცმა, აღდგომა თუ სხვა.
7. "ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე, და ეფრემ, დამამტკიცებელი თავისა ჩემისაი, იუდა მეუფე ჩემი" - აქ დავითის პირით უფალი ბრძანებს, რომ ჩემია გალაადი, მანასე, ეფრემი, იუდა მეუფე ჩემი - მთელი ისრაელის ერიო.
8. "მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისაი; იდუმიამდე წარვიმართო სლვაი ჩემი, მე უცხო თესლნი დამემორჩილნენ" - "სიავე" ერთგვარი სასმისია. მოაბში კი იგულისხმება წარმართი ერი. უფალი დავითის პირით ბრძანებს, რომ არა მარტო ისრაელის ერს აქვს სიავე, სასმისი სასოებისა ჩემისა, არა მარტო ისრაელია ჩემი რჩეული სასმისი, არამედ წარმართი ერიც, რომელიც რჩეული გახდა შემდგომ, მათ უფრო მეტად მიიღეს ქრისტე, ვიდრე იუდეველებმა. შემდეგ კი განაგრძობს: "იდუმიამდე წარვმართო სვლაი ჩემი..." იდუმიაში ცხოვრობდა სხვადასხვა სჯულის ადამიანი და როგორც იდუმია, ასევე სხვადასხვა ერის ნაკრები იქნება ის ახალი ქალაქი, ის ახალი გარემო, სადაც უფალი გახელმწიფდება, სადაც უფალს თავის მეუფედ აღიარებენ. "მე უცხო თესლნი დამემორჩილნენ", - ამ სიტყვებით უფალი დავითის პირით გვაუწყებს, არა მარტო ისრაელის ერი, არამედ მთელი მსოფლიო, მთელი ხილული სამყარო დამემორჩილებაო. მართლაც, ვიცით, რომ მოციქულთა ქადაგების მერე არ დარჩენილა მსოფლიოში ადგილი, სადაც ღვთის მადიდებელი ადამიანები არ ყოფილიყვნენ. შეიძლება მათი რიცხვი ზოგან მეტი იყოს, ზოგან - ნაკლები, მაგრამ ღვთის სიტყვა ყველგან იქნა მიღწეული და არ არსებობს მიწაზე ადგილი, სადაც ვინმე უფალს არ ემორჩილებოდეს.
9. "ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას ძნელსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიამდე" - ამ სიტყვებს უკვე დავით წინასწარმეტყველი და მისი პირით მთელი კაცობრიობა ამბობს უფლის მიმართ. შეიძლება რიტორიკულად დავსვათ ეს შეკითხვა - ვინ მიმიყვანოს მე "ქალაქსა ძნელსა", ანუ დაცულ ქალაქში? ან სად არის მტერთაგან დაცული ქალაქი? ეს არის ეკლესია, სადაც ბოროტებას ნაკლები ძალა აქვს, ვიდრე ხილულ სამყაროში. იდუმია კი აქ უკვე ეკლესიას ეწოდება იმის გამო, რომ ქრისტიანულ ეკლესიაში ადამიანები გაერთიანდნენ არა თავიანთი შთამომავლობით ან ეროვნებით, არამედ ქრისტეს სარწმუნოებით. ქრისტიანობა უკვე თავად არის ერთი ერი. მიწიერად სხვადასხვა ერის შვილები არიან, მაგრამ სულიერად ერთი ერი, ქრიტეს ერი არიან.
10. "არა თუ შენ, ღმერთმან, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა" - და ვინ მიმიყვანოს აქ - დაცულ ქალაქში, ანუ ეკლესიაში? - შენ მიმიყვანო, უფალო, მხოლოდ და მხოლოდ შენ შეგიძლია ეს. ადამიანს არ ძალუძს ეკლესიაში მისვლა, თუ პირველ რიგში უფალმა არ გაუღო გული. რა თქმა უნდა, უფალი ცდილობს, ყველა ადამიანს გაუღოს გული, მაგრამ მთავარია, თვითონ ადამიანი როგორ მოიქცევა. უფალი ყველა ადამიანის გულს ეხება, მაგრამ შემდეგ უღებს რა თვითონ ადამიანი თავის გულს უფალს, უფალი შედის ადამიანის გულში და ეს ადამიანი მიჰყავს ეკლესიაში. სწორედ ამის შესახებ გვაუწყებს დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ამ მუხლში. ე.ი თუ არა უფალი, ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი ძალით ეკლესიაში მისვლა. არც მოგვინდება, თუ უფალმა არ მოგვაწოდა ეს აზრი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ან არ მივიღოთ მისგან მოწოდებული აზრი.
11. "მომეც ჩუენ შეწევნაი ჭირსა; რამეთუ ცუდ არს ცხორებაი კაცისაი" - გასაჭირში შენი შეწევნა მოგვეცი, უფალო, რამეთუ კაცზე, ადამიანზე მინდობა ცუდია. თუ ადამიანს მივენდობით და არა ღმერთს, ვარანაირ წარმატებას ვერ მივაღწევთ, არა მარტო სულიერ წარმატებას, მიწიერსაც კი.
12. "ღმერთისა მიერ ვყოთ ძალი და მან შეურაცხ-ყვნეს მაჭირვებელნი ჩუენნი" - ხოლო თუ უფალს მივანდობთ ჩვენს ძალებს, თუ ჩვენი ძალები უფალზე იქნება მინდობილი, ჩვენი მაჭირვებლები შეურაცხყოფილნი იქნებიან. ჩვენი მაჭირვებლები უპირველესად არიან დაცემული ანგელოზები და თუ ჩვენ ღვთის დიდებით, უფალზე მინდობით ვიცხოვრებთ, პირველ რიგში ისინი იქნებიან შეურაცხყოფილნი. ჩვენი გამოხსნა შეიძლება მათი შეურაცხყოფით.