ფსალმუნი 58-ე
გაგრძელება
7. "ესერა, იგინი იტყოდიან პირითა მათითა, და მახვილი
ბაგეთა შინა მათთა, ვითარმედ ვის ესმა?" - ეს ყველაფერი იმის გამო მოხდება, რომ მათი, იუდეველთა, ბაგენი, როგორც მახვილი, ისე მოქმედებდნენ ღვთის წინააღმდეგ: როდესაც მაცხოვარი პილატეს მიჰგვარეს და ამბობდნენ, ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგიო, ან ცილს სწამებდნენ და ამბობდნენ: "აყენებსო ხარკის არმიცემად კეისრისა", ანუ კეისრისთვის ხარკის მიცემას უკრძალავს ხალხსო... სიცრუით, ბოროტებით იყვნენ აღძრულნი მაცხოვრის წინააღმდეგ და მათი პირი, მათი სიტყვები აღლესული მახვილივით მოქმედებდა. სწორედ მათი სიტყვების გამო აცვა პილატემ მაცხოვარი ჯვარს. მათ კი თქვეს: "ვითარმედ ვის ესმა?" ვერავინ გაიგებს იმას, რომ ჩვენ სიცრუეს ვამბობთო.8. "და შენ, უფალო, ეცინოდი მას და შეურაცხ-ჰყვნე ყოველნი წარმართნი" - არ შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ ეს სიტყვები, თითქოს უფალი ვინმეს დასცინის, მაგრამ ისევ და ისევ კაცობრივი აზრით გამოგვიხატავს ამას დავით წინასწარმეტყველი. უფალმა წინასწარ უწყოდა, რას ჩაიდენდნენ იუდეველები მის წინააღმდეგ, ისიც უწყოდა, რა მოელოდათ მათ ამის გამო. სწორედ ამის შესახებ წინასწარმეტყველებს დავითი, როდესაც ბრძანებს: "ეცინოდი მას და შეურცხ-ჰყვნე ყოველნი წარმართნი", არა მარტო იუდეველები, ყოველი წარმართი, ყველა, ვინც მაცხოვრის ჯვარცმაში მიიღო მონაწილეობა, შეურაცხყოფილ იქნეს. მაცხოვრის აღდგომით იქნენ შეურაცხყოფილნი - მათ ჯვარს აცვეს მაცხოვარი, უნდოდათ მოეკვდინებინათ და მისი სწავლების სახსენებელიც კი არ ყოფილიყო მიწაზე, სინამდვილეში კი მაცხოვარი აღდგა და მთელი დედამიწა მოიცვა მისმა სწავლებამ. სწორედ ამით იქნენ ისინი შეურაცხყოფილნი.
9. "ძალი ჩემი შენდამი ვიმარხო, რამეთუ შენ, ღმერთი, მწე ჩემდა ხარ" - ჩემი ძალა შენში დავიმარხო, შენ მოგანდო, რამეთუ შენ ხარ ჩემი ღმერთიო, - წარმოთქვამს დავითი უფლის მიმართ. აქ დავით წინასწარმეტყველი კონკრეტულად მაცხოვარს, იესო ქრისტეს მიმართავს, შენ ხარ ჩემი ღმერთი, ჩემი შემწე და ყოველგვარი განსაცდელისგან დამხსნელიო. დავით წინასწარმეტყველი ამ სიტყვებს არა მარტო თავისი, არამედ მთელი კაცობრიობის სახელით ამბობს, რომელიც გამოხსნილ იქნა ქრისტეს მიერ.
10. "ღმერთი ჩემი, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო, ღმერთმან ჩემმან მაჩუენოს მე მტერთა ჩემთაი" - ჩემი ღმერთი ხარ შენ, შენმა წყალობამ მოაღწიოს ჩემამდეო. რომელმა წყალობამ? რომელი წყალობითაც - ჯვარცმითა და აღდგომით - გამოიხსნა უფალმა ძველი აღთქმის კაცობრიობა. მისი ჯვარცმითა და აღდგომით, ისევე როგორც სხვა წინასწარმეტყველნი და მართალნი, დავითიც აღმოყვანებული იქნა ჯოჯოხეთიდან და დამკვიდებული სასუფეველში. შემდეგ კი მიმართავს - როგორც ჩემმა ღმერთმა, ჩემი მტრების დამარცხება მიჩვენე - უფალო, შენი შეწევნით არა მარტო ხორციელი, სულიერი მტრების, ჯოჯოხეთის ბჭეთა დამსხვრევასაც კი ვიხილავო.
11. "ნუ მოსწყუედ მათ, ნუუკუე დაივიწყონ შჯული შენი; განაბნიენ იგინი ძალითა შენითა და დაამხუენ იგინი, მფარველო ჩემო უფალო" - ნახე, როგორი კაცთმოყვარეა დავით წინასწარმეტყველი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს წინასწარმეტყველებს და თვითონ უწყის, რას მოიმოქმედებს მისი ერი მაცხოვრის მიმართ, უფალს ევედრება, ნუ მოსწყვეტ, არ ამოწყვიტო, უფალო, ისინი იმის გამო, რომ სჯული დაივიწყეს, არამედ განაბნიე, დასაჯე და დააცხრე მათი ამპარტავნება, რათა სინანულში იყვნენ და მოიქცნენ ჭეშმარიტი ღვთისკენო.
12. "ცოდვაი პირისა მათისაი სიტყუაი ბაგეთა მათთაი, და შეიპყრნედ იგინი ამპარტავანებითა მათითა და წყევასა და სიცრუვესა უთხრობდეს" - მათი ცოდვა ყოველთვის მათ ბაგეებში იქნება, მათი ამპარტავნება განუყრელად მათთან იქნება. ცრუ მოწმობით, შურითა და ამპარტავნებით აცვამენ ჯვარს უფალსო, - წინასწარმეტყველებს დავითი, მაგრამ მაინც შესთხოვს უფალს, მიუხედავად ამისა, არ ამოწყვიტო ისინი, არამედ მიეცი იმის საშუალება, სინანულში ჩავარდნენ და მოიქცნენ შენკენო.
13. "აღსასრულსა რისხვით მოასრულნე და ნუღარა იპოვნენ, და გულისხმა ყონ, რამეთუ ღმერთი უფლებს იაკობსა ზედა და კიდეთა ქუეყანისათა" - ქვეყნის აღსასრულის ჟამამდე აცადე და იქნებ მაშინ მაინც მოიქცნენ და იცნონ, რომ შენ ჭეშმარიტად იაკობის ღმერთი ხარ და მთელ ქვეყანას ჭეშმარიტება აუწყე. მართლაც, არსებობს ზოგიერთი მამის წინასწარმეტყველება, რომ მეორედ მოსვლის ჟამს, მეორედ მოსვლის წინა პერიოდში ისრაელის ერის ნაწილი მოექცევა ჭეშმარიტებაზე, შეიცნობენ, რომ მესია, რომელსაც ისინი დღესაც ელოდებიან, უკვე მოვიდა და ის, ვინც მათ ჯვარს აცვეს, იყო იაკობის ღმერთი, რომელმაც მთელ ქვეყანაზე განფინა ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემა.
14. "მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლი და მოადგენ ქალაქსა" - დავით წინასწარმეტყველი კვლავ იმეორებს ფსალმუნის მეექვსე მუხლს - აღთქმულ ქვეყანაში, აღთქმულ ქალაქში ხელმწიფება არ ექნება ისრაელის ერს ქვეყნის აღსასრულამდე, მეორედ მოსვლის ჟამამდეო. ამ ამბავს კიდევ ერთხელ ახსენებს წინასწარმეტყველურად თავის რჩეულ ერს, რათა კიდევ უფრო მეტი სინანული მისცეს იმის გამო, რომ უფალი აცვეს ჯვარს. ჩვენ კი შეგვახსენებს, რომ თუკი ეს დაემართა ძველაღთქმისეულ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელ ერს იმის გამო, რომ დაარღვია ღვთის მცნებები, რა დაგვემართება ჩვენ, რომლებიც წარმართობიდან ვართ მოქცეული, იმ შემთხვევაში, თუ არ აღვასრულებთ ღვთის მცნებებს.
15. "იგინი განიბნინენ ჭამად და უკუეთუ ვერ განძღენ, დრტვინვიდენცა" - იუდეველები მთელ ქვეყანაზე განიბნევიან ჭამად, ანუ ჭეშმარიტების შესაცნობად, და თუ ვერ განძღებიან, თუ ჭეშმარიტებას არ მიიღებენ, დრტვინვაში იქნებიან კიდევ და კიდევ მაცხოვრის გამო. ის იუდეველი, ებრაელი კი, ვინც "ღვთის სიტყვით განძღება" - ღვთის სიტყვას მიიღებს და ჭეშმარტებისკენ მოექცევა, დრტვინვაში აღარ იქნება, არამედ ღმერთს ადიდებს.
16. "ხოლო მე ვაქებდე ძალსა შენსა და ვიხარებდე მე განთიად წყალობითა შენითა; რამეთუ მეყავ მე მფარველ და შესავედრებელ ჩემდა დღესა ჭირისა ჩემისასა" - ხოლო მე შენ გაქებდე, შენი ძალით ვიხარებდე, შენს წყალობას განთიადიდან ვხედავდე, ანუ ნებისმიერ დროს ვხედავდე ღვთის წყალობას და ვიხარებდე ამით, რამეთუ შენ ხარ ჩემი მფარველი, ჩემი შესავედრებელი და ჩემი ჭირთაგან დამხსნელიო, - მიმართავს დავით წინასწარმეტყველი უფალს. გავიხსენოთ ისიც, რომ დავითმა ეს ფსალმუნი პირველი დევნილების დროს დაწერა, როდესაც მისი დევნილება ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო და დასასრულიც არ უჩანდა, მაგრამ დავითი იმედით არის აღვსილი, რადგან წინასწარმეტყველურად უწყის, რომ ღვთის ყოვლისშემძლეობის წინაშე მისი ჭირი არაფერი იქნება და უფალი მას ამ განსაცდელს განარიდებს.
17. "მწე ჩემი ხარი შენ, შენ გიგალობდე, რამეთუ ღმერთი ხელის ამპყრობელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, წყალობაო ჩემო" - იმის გამო გვაქვს ღვთის იმედი და იმის გამო არ გვეშინია არაფრის ამ ქვეყანაზე, გარდა ღვთისა, რომ ჩვენი შემწე უფალია, მას ვუგალობთ, ის არის ჩვენი ხელისაღმპყრობელი და ვინც უფალს აღიარებს, მისი წყალობა ყველაზე აღესრულება. ღვთის წყალობა ყველა ადამიანზეა, მაგრამ ღვთის წყალობა აღესრულება იმ ადამიანებზე, ვინც უფალს შეუდგება და ვისაც სურს, რომ მასზე ღვთის წყალობა იყოს აღსრულებული.