ფსალმუნი 57-ე
ორმოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
1. "ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყვით, სიწრფოებასა სჯიდით, ძენო კაცთანო" - ფსალმუნის ამ მუხლით დავითი წინასწარმეტყველურად ეკითხება თავის შთამომავლობას - ისრაელის ერს, რომელმაც მაცხოვარი განსაჯა. ვიცით, რომ იმ დროს მრავალი ცრუ მოწმე გამოჩნდა, რომლებიც მოწმობდნენ, თითქოს მაცხოვარი სჯულს უარყოფდა და რაღაც ახალ სწავლებას აძლევდა, არა განახლებულ სჯულს, არამედ ღვთის საწინააღმდეგოს ასწავლიდა ისრაელის ერს. სწორედ ამას ეკითხება დავითი ისრაელიანებს წინასწარმეტყველურად - სიმართლეს ამბობთ? ჭეშმარიტებას ამბობთ? წრფელი გულით განსჯით ამას ყოველივეს? დავითი ამ სიტყვებით თან ამხილებს იუდეველებს - სიწრფოებით არ სჯით, ჭეშმარიტებით არ სჯითო და თან წინასწარმეტყველებს, რომ ცრუდ განსჯიდა ისრაელის ერი განკაცებულ უფალს.
2. "და რამეთუ გულსა შინა უსჯულოებასა იქმთ, ქვეყანასა ზედა სიცრუესა ხელნი თქუენნი ნივთებენ" - თითქოს სიმართლისთვის და უფლის დასაცავად აკეთებთ ამას ყველაფერს, მაგრამ თქვენს გულში უსჯულოებაა, არა მარტო თქვენს გულში, თქვენს გარშემოც, "ქვეყანასა ზედა" - იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთო. უსჯულოება და სიცრუე გამოდის თქვენს ხელთაგან, თქვენი საქმეებია ცრუ. ჩვენ ვიცით, რომ იუდეველთა უმეტესობა, ფარისევლები და სჯულისმეცნიერნი აღასრულებდნენ თითქოს ღვთის სჯულს, მაგრამ უფალი ძალიან ხშირად ამხილებს მათ იმის გამო, რომ მათი სჯულის აღსრულება გარეგნულია, თითქოსდა კეთილი, მაგრამ არა შინაგანი, სინამდვილეში ბოროტებას ემსახურება. უფალი მიმართავს მათ დავითის პირით: ამბობთ, რომ თქვენი საქმეები სიკეთეა, მაგრამ სინამდვილეში სიცრუეა და ხალხის მოსატყუებლად კეთდებაო.
3. "უცხო იქმნნეს ცოდვილნი საშოთაგან, შესცოდეს მუცლითგან და იტყოდეს სიცრუესა" - გაუცხოებულნი, ღვთისგან განშორებულნი არიან ცოდვილები. თავიანთი დედის მუცლიდანვე ასეთები არიანო. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ისინი ასეთები უფალმა დაბადა, აქ უნდა ვიგულისხმოთ შემდეგი: ყველა ადამიანზე გადადიოდა რა ადამის ცოდვა, ყველა ცოდვაში იბადებოდა და ასეთადვე რჩებოდნენ ცოდვილები მთელი ცხოვრების განმავლობაში. იმის გამო კი არ ამბობთ სიცრუეს, რომ ცოდვაში ხართ შობილნი, ადამის ცოდვა არის თქვენზე, არამედ იმის გამო, რომ თავად ხართ ასეთებიო.
4. "გულისწყრომა მათი მსგავს არს გუელისასა და ვითარცა ასპიტისა ყრუსა, რომელსა დაეყუენიან ყურნი მისნი" - მათი გულისწყრომა უფალზე ისეთივეა, როგორიც გველისა და ასპიტის - როგორც გველსა და ასპიტს არ შეუძლათ დაინდონ თავიანთი მსხვერპლი, ასეთივე დაუნდობლები ხართ თქვენც სხვა ადამიანების მიმართ. არათუ ადამიანების მიმართ, განკაცებულ უფალსაც ისევე მოექეცით, როგორც დანარჩენ ადამიანებს, მეტიც, განკაცებული უფალი უფრო მეტად შეაჭირვეთ, ვიდრე ადამიანებს აჭირვებდითო. ვიცით, რომ უფალი ძალიან ხშირად ამხილებს ფარისევლებს იმის გამოც, რომ ისინი ადამიანებისთვის არ იქმოდნენ სიკეთეს, თითქოს ღვთის მცნებას აღასრულებდნენ, მაგრამ სინამდვილეში ბოროტებას იქმოდნენ, ამიტომაც მიმართავს მათ უფალი დავითის პირით წინასწარმეტყველურად - გველის და ყრუ ასპიტის მსგავსნი ხართო.
5. "რომელმან არა ისმინა ხმაი მსახვრალისა და წამლისა მწამვლელისაგან ბრძნისა" - ბოროტი წამლავს და ანადგურებს თავის მსხვერპლს. ფსალმუნის ამ მუხლის სათქმელიც იგივეა, რაც წინა მუხლშია გადმოცემული.
6. "ღმერთმან შემუსრნეს კბილნი მათნი პირსა შინა მათსა, და შუანი ლომთანი შეფქუნა უფალმან" - ის ბოროტება, რაც მათ აქვთ, ღმერთმა მათ პირშივე შემუსრაო. აქ ლაპარაკია იმ ბოროტებაზე, რასაც დაცემული ანგელოზი კაცობრიობას უკეთებდა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ეშმაკის შთაგონებითა და ნებით მოქმედებდნენ, ადამიანებზე მათი კბილნი, მათი ძალაუფლება იქნა შემუსვრილი: "და შუანი ლომთანი შეფქუნა" - შეიძლება ლომის კბილებზე უფრო საშიში ზვიგენის ან ნიანგის კბილებია, მაგრამ რადგან იუდეველებს ყველაზე საშიშად ლომის კბილები მიაჩნდათ, მათთვის ყველაზე საშიშია აღწერილი - თავად ლომის კბილებიც კი არაფერია ღვთის ნების წინაშე, ეს ხილულიც ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც უფალმა შემუსრა - დაცემული ანგელოზის ხელმწიფება ადამიანებზე. ადამიანები სულიერად გამოიხსნა უფალმა ეშმაკის საუკუნო ტყვეობისგან.
7. "შეურაცხ იქმნენ იგინი, ვითარცა წყალი დათხეული, გარდააცუეს მშვილდსა მისსა, ვიდრემდის მოუძლურდენ" - როგორც მიწაზე დასხმულ წყალს ვეღარ გამოიყენებ, აღარაფრისთვის აღარ გამოგადგება, ასევე იქნება შეურცხყოფილი ღვთის წინაშე ის ბოროტება, რაც ძველი აღთქმის პერიოდში არსებობდა; "გარდააცუეს მშვილდსა მისსა" - იმის დაშვებაც კი არ შეიძლება, რომ უფალს რაიმე მატერიალური იარაღი აქვს, არამედ აქ იგულისხმება სულიწმინდის მადლი, ის ძალა, რომლითაც უფალი იცავს კაცობრიობას და ადამიანებს. "ვიდრემდის მოუძლურდეს ბოროტება" - ბოროტების პირველი მოუძლურება მოხდა მაცხოვრის ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის დროს, მას აღარ ჰქონდა ძველებური ძალაუფლება ადამიანებზე. საბოლოოდ ბოროტება მეორედ მოსვლის ჟამს განადგურდება.
8. "ვითარცა ცვილი რა დადნის, ეგრეთ მოესრულნენ, დაეცა მათ ზედა ცეცხლი და არა იხილეს მზე" - ცვილივით დადნება, გაქრება და განქარდება ბოროტება, როგორც სანთელი იწვის და მთლიანად ქრება, ასევე მოელით ბოროტ სულებს. "დაეცა მათ ზედა ცეცხლი და არა იხილეს მზე" - სადაც ცეცხლია და მზე არ არის, ეს სიმბოლურად ნიშნავს ჯოჯოხეთს - ჯოჯოხეთში შთავარდებიან და ღვთის მადლს ვერ იხილავენ ისინი, ვინც ღვთის წინააღმდგომია, ადამიანი იქნება ეს თუ დაცემული ანგელოზი.
9. "ვიდრე არა თანა იყო ეკალთა თქუენთა ძეძვ, ვითარცა ცხოველნი, ვითარცა რისხვით შთანთქნეს იგინი" - ფსალმუნის ამ მუხლში დავითი წინასწარმეტყველურად წარმოთქვამს ბოროტი ძალის მიმართ: ეს მანამდე მოხდება, სანამ თქვენი ეკლები ძეძვად გადაიქცევა, აყვავდება და მეტ ბოროტებას გამოიღებს, ანუ სანამ თქვენი ბოროტი საქმეები უფრო დიდ ბოროტებად გადაიქცევაო. ვიცით, რომ დაცემული სულის უმთავრესი მიზანი და სურვილი იყო, წინააღდგომოდა უფალს და ადამიანები მთლიანად თავისი ძალაუფლების ქვეშ მოექცია, მაგრამ ეს არ მოხდება.
10. "იხარებდეს მართალი, რაჟამს იხილოს შურისგებაი, ხელნი მისნი დაიბანნეს სისხლითა ცოდვილისათა" - იხილავენ რა მართალნი ამას - ბოროტების შემუსვრას და საერთოდ განქარვებას მეორედ მოსვლის ჟამს, სიხარულით იქნებიან აღსავსე და უფლის ხელნი "დაიბანნეს სისხლითა ცოდვილისათა". ეს სიტყვები არ შეიძლება გავიგოთ პირადაპირი მნიშვნელობით. ჩვენ ვიცით, რომ უფალი არავის არ სჯის, არამედ სასჯელს თავადვე მოიწევენ თავიანთ თავზე დაცემული ანგელოზებიც და ის ადამიანებიც, ვინც უფალს განუდგა.
11. "და თქუას კაცმან, რამეთუ არს ნაყოფი მართლისა; და არს სამე ღმერთი, რომელმან საჯეს იგინი ქუეყანასა ზედა. დიდებაი" - და იტყვის კაცი, ჭეშმარიტად არის ღმერთი და ჭეშმარიტად გამოიღოს მართალმა ნაყოფი, იმიტომ რომ ჭეშმარიტი არის ღმერთი, ღმერთმა საჯა, განსაჯა ეს ყველაფერი და ღვთის განსჯა არის მართალი - ღვთის განსჯა არის სიკეთე, ღვთის განსჯა არის ადამიანთა გამოხსნა და ამის გამო იქნებიან ჭეშმარიტად მართლები გამოხსნილნი ღვთისგან.
P.S. ფსალმუნი წინასწარმეტყველურია, მასში არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის მოსვლის, ისევ და ისევ იუდეველთა მიერ მისი გაცემის, ჯვარცმისა და აღდგომის, ასევე მეორედ მოსვლისა და მართალთა საუკუნოდ გამოხსნის შესახებ.