(გაგრძელება)
ფსალმუნი 54-ე
54-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
ფსალმუნი 54-ე
15. "მოვედინ სიკუდილი მათ ზედა, ცოცხლივ შთავიდეს იგინი ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაი იყო სამკვიდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა" - მაგრამ მოვა სიკვდილი და ცოცხლად შთაიყრებიან ყველანი ჯოჯოხეთში, იუდა და ყველა ის ადამიანი, რომლებმაც მაცხოვრის დასჯაში მიიღო მონაწილეობა. არა მარტო სულიერად დაიღუპებიან და შთავარდებიან ჯოჯოხეთში, არამედ მიწაზევე. ჩვენ ვიცით, რომ იუდას საშინელი სიკვდილი ერგო. ასევე, მაცხოვრის ჯვარცმიდან რამოდენიმე წლის შემდეგ, როდესაც იუდეველები აჯანყდნენ რომაელების წინააღმდეგ და რომაელებმა იერუსალიმს ალყა შემოარტყეს, იერუსალიმში თავშეფარებული იუდეველები, ორ მილიონზე მეტი ადამიანი, ერთიანად ამოწყდნენ. ზოგი - შიმშილით, ზოგი - ურთიერთმტრობით და ზოგი - რომაელთა ხელით. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ამ დროს არც ერთი ებრაელი ქრისტიანი არ მომკვდარა. ეს იყო პირდაპირი სასჯელი, მიწაზევე მოვლენილი სასჯელი იმ საშინელი დანაშაულისათვის, რომელიც იუდეველებმა ჩაიდინეს ღვთის წინააღმდეგ. სწორედ ამის შესახებ წინასწარმეტყველებს ფსალმუნის ამ მუხლში დავითი.
16. "მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვყავ და უფალმან ისმინა ჩემი" - მე უფალს შევევედრე და ჩემი ისმინა უფალმაო, - ბრძანებს დავითი. არა მარტო დავითის, ყველა მართლის ისმინა უფალმა, რომლებიც თანაზიარნი არ შეიქნენ იმ ბოროტებისა, იმ უკეთურებისა, რაც იუდეველებმა აღასრულეს.
17. "მწუხრი, დილეულ და სამხრედ მიუთხრობდე და ვიტყოდე და ესმას ხმისა ჩემისა" - დილიდან საღამომდე მიუთხრობდე შენს სიტყვას, უფალო, და ყველას ვეტყოდე, რათა მთელ სამყაროში იყო მოფენილი შენი სიტყვა.
18. "იხსენ სული ჩემი მშვიდობით და მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ მრავლობით იყუნეს იგინი ჩემ თანა" - იხსენი ჩემი სული ჩემი მახლობლებისგან, ანუ იუდეველებისგან, ისრაელიანებისგან - მათთან ერთად ნუ იქნება ჩემი სული დამკვიდრებული, მათი უკეთური საქმეების თანაზიარი ნუ იქნება ჩემი სული.
19. "ესმას ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე იყო საუკუნეთა; რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა" - ესმა ეს ყველაფერი ღმერთს და დაამდაბლა ისინი - იუდეველნი საუკუნოდ, საუკუნო წარწყმედაში დაიმკვიდრეს მათ. "რომელ-იგი წინავე იყო" - რომელმა ღმერთმა? რომელიც საუკუნეთა წინავე, დასაწყისამდე იყო, რომელიც ყველაფრის შემოქმედია. უფალს კი არ სურდა მათი საუკუნო წარწყმედა, არამედ თავიანთი საქმეებით დაიმკვიდრეს საუკუნო წარსაწყმედელი, რადგან არ შეეშინდათ ჭეშმარიტი ღვთისა, ღვთის მცნებების არაღსრულებისა და ბოროტების ქმნისა.
20. "მიყო ხელი მისი, რაითამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს შჯული მისი" - რის გამო მოიწიეს მათ ეს ყველაფერი? - იმის გამო, რომ უფალმა თავისი ხელი აიღო მათგან, თავისი წყალობა აღარ მისცა მათ, იმის გამო, რომ შეაგინეს სჯული ღვთისა, ანუ თავად იქმნენ მიზეზი ღვთის წყალობის დაკარგვისა. ღვთის წყალობის დაკარგვის გამო კი დაიმკვიდრეს საუკუნო სატანჯველი.
21. "განიყვნენ იგინი რისხვითა პირითა მისისათა და მიეახლნეს გულნი მათნი, იქმნეს სიტყუანი მათნი უფროს ზეთისა და იგინი იყუნეს, ვითარცა ისრისპირნი" - დავით წინასწარმეტყველი კვლავ უბრუნდება იმ მოვლენებს, რომლებიც მაცხოვრის ჯვარცმის დროს მოხდა. თავიანთი რისხვით თავიანთი პირი განირყვნეს, "ლბილ იყვნეს სიტყვანი მათნი" - სიტყვით კეთილს უზრახავდნენ უფალს. ისევე, როგორც იუდა მივიდა და უთხრა: "გიხაროდენ, რაბი", მაგრამ საქმით ბოროტებას სჩადიოდნენ. მათი სიტყვა ლბილი იყო, ზეთზე უფრო მაამებელი იყო მათი სიტყვა, მაგრამ მათი საქმეები - ორპირი ისარი. ვიცით, იუდეველები რა მზაკვრულად მოექცნენ უფალს, რა მზაკვრულად გაცეს და აცვეს ჯვარს.
22. "მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა სცეს შერყევაი უკუნისამდე მართალსა" - ამ სიტყვებით დავით წინასწარმეტყველი მიმართავს ყველა ქრისტეს მიმდევარს, ყველა ღვთის მადიდებელს - "შენი ზრუნვა დაუტევე მას და მან გამოგზარდოს შენ", ეს არის სახარებისეული სწავლება. ადამიანმა ყველაფერი ამქვეყნიური უფალს უნდა მიანდოს, თუკი უფალს მიენდობა, ყველაფერი ექნება მას, როგორც უფალი ბრძანებს: შეხედეთ ცის ფრინველს, შეხედეთ ველის შროშანს, რომლებიც არც მკიან, არც თესავენ, მაგრამ ყველაფერი აქვთ. მათთვის უფალი ზრუნავს. თუკი მათთვის ზრუნავს უფალი, რომელთაც არც სული აქვთ, არც საუკუნო ცხოვრებისთვის არიან გამზადებულნი, რაოდენ მეტად იზრუნებს ადამიანისთვის, თუკი, რა თქმა უნდა, თავად ადამიანი მიენდობა სრულად მას.
23. "ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰხადნე იგინი მღვიმესა მას განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკვართა ნუ განაზოგნენ დღენი მათნი? ხოლო მე, უფალო, შენ გესავ. დიდებაი" - ღმერთო, ვინც შენი მცნებების წინააღმდგომია, ვინც შენი წინააღმდგომია სატანჯველში, საუკუნო განსახრწნელში ჩაყრიო, - მიმართავს დავითი უფალს. მოსისხლე და მზაკვარ კაცში შეიძლება ვიგულისხმოთ ის, ვინც სხვა ადამიანებს შეურაცხყოფს, ვინც დასჯის უდანაშაულოს. უპირველესად ისინი, ვინც მაცხოვარი ჯვარს აცვა. მათ მიმართ ბრძანებს დავითი წინასწარმეტყველურად - "რომელთა დღენი არამრავალიაო", ანუ არა მარტო საუკუნო სასჯელს მიიღებენ, არამედ აქვე, დედამიწაზეც იქნება მათი ცხოვრება დღემოკლე, ისევე როგორც იმ იუდეველებისა, რომლებმაც მაცხოვრის ჯვარცმაში მიიღეს მონაწილეობა და ვინც მათ აზრებსა და საქმეეებს ეზიარა. როგორც ვთქვით, ორი მილიონი იუდეველი იქნა რომაელთა ხელით მოსრული. "ხოლო მე, უფალო, შენ გესავ" - მე შენი იმედი მაქვს და ყველანი, ვინც იესოს ვაღიარებთ ქრისტედ, ვაღიარებთ, რომ ის მოვიდა ჩვენს სახსნელად და გვიხსსნა თითოეული ჩვენგანი, მოვიპოვებთ ამის საწინააღმდეგოს - თუკი საუკუნო განსახრწნელი იქნება მათთვის, ვინც უფალს წინ აღუდგა, ის, ვინც იესოს აღიარებს ქრისტედ, ის, ვინც აღიარებს მის გამომხსნელ მსხვერპლს, პირიქით, საუკუნო ნეტარებაში იქნება და)მკვიდრებული.