ფსალმუნი 48-ე
ორმოცდამერვე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
1. "ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად იღეთ ყოველთა, რომელნი დამკვიდრებულ ხართ სოფელსა", - დავით წინასწარმეტყველი მოუწოდებს წარმართებსაც და ყველას, ვინც კი დამკვიდრებულია ამქვეყნად - იუდეველებსაც, ბარბაროსებსაც, მოისმინეთ, რასაც გეტყვით, თუ რას ამბობს უფალი, თუ რა მოხდება მომავალშიო.
2. "ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი, ერთბამად მდიდარნი და გლახაკნი" - დავით წინასწარმეტყველი აგრძელებს წინა მუხლში დაწყებულ აზრს, - განურჩევლად მისმინეთ ყველამ, მდიდარმა თუ გლახაკმა, "ნაშობნო ქვეყანისანო" და "ძენო კაცთანო". როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, "ქუეყანით ნაშობნი" არიან, უპირველესად, ბარბაროსები, უდაბნოში მცხოვრები ველური ტომები, ის ადამიანები, რომლებიც სჯულის გარეშე ცხოვრობდნენ, არავითარი სჯული, არავითარი წესი ცხოვრებისა არ ჰქონდათ. "ძენი კაცთანი" - აქ შეიძლება ვიგულისხმოთ იუდეველები, ასევე წარმართებიც, ისეთი ადამიანები, რომლებიც მიწიერი სამართლით ცხოვრობდნენ, მიწიერი სამართალი მაინც ჰქონდათ.
3. "პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმისყოფასა" - ფსალმუნის ამ სიტყვებს დავით წინასწარმეტყველის პირით უფალი ბრძანებს, - მე ვარ ჭეშმარიტი, ჩემი სიტყვა და ზრახვა ჭეშმარიტიაო.
4. "მივყო იგავსა ყური ჩემი და აღვაღო საგალობელითა იგავი ჩემი" - დავითი კვლავ უფლის პირით წარმოთქვამს: იგავებით ვილაპარაკო, ჩემი სათქმელი იგავებით ვთქვაო. მართლაც, როდესაც უფალი მოვიდა, ხშირად იგავურად ლაპარაკობდა. მისი სწავლება იყო იგავური, რათა ადამიანებს მეტად მიეღოთ და მეტი გულისყურით მოესმინათ ღვთის სწავლება, რადგან იგავურად, სიბრძნით ნათქვამი მათთვის უკეთესი მოსასმენი იყო. როდესაც ადამიანი კარგად მოუსმენდა, უფრო მეტს იღებდა. ასევე, როდესაც უფალი იგავურად საუბრობდა, ის, ვინც მიმღები იყო, იგავშიც იღებდა, ხოლო ვინც საერთოდ არ იყო მიმღები ქრისტეს სწავლებისა, მათთვის ჯობდა იგავი თქმულიყო, რათა, როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, უფრო მეტად არ დაბრკოლებულიყვნენ და არ ჩავარდნილიყვნენ ღვთის გმობაში.
5. "რაისათვის მეშინის მე დღესა ბოროტსა, უკუეთუ უშჯულოებამან სვლათა ჩემთამან გარემომიცვას მე" - დავით წინასწარმეტყველი მთელი კაცობრიობის პირით ამბობს, - რისი მეშინია მე ბოროტი დღისო. "ბოროტ დღეში" იგულისხმება მეორედ მოსვლის ჟამი, მაგრამ მეორედ მოსვლის ჟამი "ბოროტი დღე" არის უსჯულოთათვის, თორემ ქრისტიანებისთვის, ღვთის მადიდებლებისთვის - სანატრელია, როდესაც უკვე ღვთის მადიდებელი ადამიანები დაიმკვიდრებენ სამუდამო სასუფეველს და საბოლოოდ განშორდება ერთმანეთს სიკეთე და ბოროტება, არავითარი ბოროტება ვნებას აღარ მიაყენებს ადამიანებს, მხოლოდ სიკეთეში იცხოვრებენ ღვთის მადიდებელნი. უსჯულოებით მცხოვრებთათვის ეს დღე ბოროტი იქნება, როდესაც ჩვენი უსჯულოება გარემოგვადგება. მეორედ მოსვლის ჟამს, საშინელ სამსჯავროზე ხომ ყველა მის მიერ ქმნილი ცოდვა გარემოადგება ადამიანს, რომლის გამოც სინანულში არ იყო, რომელიც მას არ შეუნანებია, ყველა ცოდვა მოეკითხება. როგორც იარაღაღმართული მტერი გარშემოეხვევა კაცს და დაატყვევებს, ასევე გარშემოეხვევიან მოუნანიებელი ცოდვები და ისინი შეიპყრობენ, დაატყვევებენ.
6. "რომელნი ესვენ ძალსა თვისსა და სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა თვისისასა იქადიან" - გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი. დავითი წინასწარმეტყველურად ბრძანებს: ეს მათ დაემართებათ, ვისაც თავისი თავისა და თავისი მატერიალური სიმდიდრის იმედი ჰქონდა. ასევე მასაც, ვისაც თავისი სულიერი სიმდიდრე ეიმედებოდა, ეგონა, რომ მდიდარი იყო სულიერად. ვინც ჭეშმარიტად მდიდარია სულიერად, თვლის, რომ არაფრისმქონე არ არის. თუ კაცი მიიჩნევს, რომ სიმდიდრე აქვს, მატერიალური იქნება თუ სულიერი, ის არაფრისმქონე არ არის.
7. "ძმამან ვერ იხსნას, იხსნესა კაცმან? არა მისცეს ღმერთსა სახსარი თავისი თვისისაი" - ვინც თავისი სიმდიდრით იქადის, თავისი სიმდიდრის იმედზეა, არაფერი აღარ ეშველება - ვერც "ძმამ" იხსნას და ვერც "კაცმაო". ძმაში იგულისხმება ღვთის მოყვარე ადამიანები - ე.ი. მეორედ მოსვლის ჟამს თავად ღვთისმოყვარე ადამიანებიც ვერ იხსნიან ასეთებს, რომლებიც დღეს ლოცულობენ სხვათათვის, მაგრამ მეორედ მოსვლის ჟამს მათაც აღარ ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ ცოდვაში მყოფი მოყვასისთვის ილოცონ, რადგან მეყსეულად - დროის გარეშე მოხდება განსჯა და ვედრების საშუალება აღარ იქნება. თუკი ღვთისმოყვარე კაცი ვერ იხსნის მათ, მით უმეტეს, მათ ხსნას ვერ შეძლებენ "კაცნი" - ის ადამიანები, რომლებიც ღვთის მცნებებით არ ცხოვრობდნენ. ასეთები არათუ სხვების, თავიანთი თავის ხსნასაც ვერ შეძლებენ, როგორი მიწიერი სიმდიდრეც არ უნდა ჰქონდეს კაცს ღვთის წინაშე, ეს არაფერია, ვერაფრით გადაიხდის, ვერაფრით გამოისყიდის. თუკი ჭეშმარიტი სულიერი სიმდიდრე აქვს კაცს, ის არც მოხვდება ამ გარემოებაში.
8. "და სასყიდელი სახსრად სულისა თვისისა; და შურებოდა იგი უკუნისამდე" - თავისი სულის გამოსასყიდად მისცემს მხოლოდ ის, ვინც "შურებოდა უკუნისამდე" - ის, ვინც მეორედ მოსვლის ჟამამდე, სიკვდილამდე მოღვაწეობდა ღვთის სადიდებლად, ღვთის მცნებების აღსრულებით, მოყვასის შეწევნით... სწორედ ეს არის ის, რაც ადამიანს შეუძლია წარადგინოს საშინელ სამსჯავროზე; თავად კეთილი საქმეები ვერ აცხოვნებს ადამიანს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მრავალმოწყალება, მაგრამ თუ ადამიანი ღვთის მცნებებს არ აღასრულებს, კეთილ საქმეებს არ იქმს, მასზე ღვთის მრავალმოწყალება არ მოქმედებს.
9. "და ცხოვნდეს სრულიად. არა იხილოს მან განსახრწნელი" - კვლავ გრძელდება წინა მუხლებში დაწყებული აზრი: ასეთები, ვინც მეორედ მოსვლამდე - გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა, - ვინც მთელი სიცოცხლე დამაშვრალი იყო ღვთის მცნებების აღსრულებით, მთლიანად ცხოვნდნენ - მარადიული სასუფეველი დაიმკვიდრონ, ასეთმა კაცმა განსახრწნელი, ე.ი. ჯოჯოხეთი არ იხილოსო.
10. "რაჟამს იხილნეს ბრძენნი სიკუდილად. ერთბამად უგუნური და უცნობოი წარწყმდენ და დაუტეონ უცხოთა სიმდიდრე მათი" - ბრძენი იქნება, გლახაკი თუ მდიდარი, ვერავინ უშველის თავს ამა ქვეყნიდან გასვლის შემდეგო. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ჭეშმარიტი სიბრძნე და სიმდიდრე, არამედ მიწიერი. მიწიერი სიბრძნითა და სიმდიდრით "უცნობოი წარწყმდეს" - დაიღუპოს, ე.ი. ასეთი ადამიანების ყოფა სასუფეველში არ იქნება, ხოლო ის, ვინც ჯოჯოხეთშია, აბსოლუტურად დავიწყებულია; მიწიერი სიმდიდრე კაცისა მის შთამომავლებსაც არ დარჩებათ სამუდამოდ. მარადიულად მიწიერი სიმდიდრის მოხმარება შეუძლებელია.
11. "და სამარენი მათნი სახლ მათდა იყვნენ უკუნისამდე და საყოფელ მათდა თესლითი თესლამდე; სახელები მათი უწოდეს მიწასა მათსა" - მათი სამყოფელი სამარე - სიკვდილი, ანუ ჯოჯოხეთი იქნება, სადაც მარტოდმარტო იქნებიან და აღარაფერი, არავითარი მიწიერი სიმდიდრე აღარ უშველით: მათი მიწიერი საყოფელი და მიწიერი ქონება "თესლითი თესლამდე" - მონაცვლეობით გადაეცემა სხვადასხვა ადამიანს და ვინც ისე გააგრძელებს ცხოვრებას, როგორც ამ ქონების პირველი პატრონი, მასაც იგივე დაემართება - მისი საყოფელიც "სამარე" - ჯოჯოხეთი იქნება. ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე ეს ქონება ღარიბ-ღატაკთ არ დაუნაწილდებათ ან მთლიანად არ გაიფანტება. მათი სახელები კი მხოლოდ მიწაზე დარჩება - ასეთი ადამიანების სახელები მხოლოდ მიწაზე იყო განდიდებული. შესაძლოა, სიკვდილის შემდეგაც დარჩეს ადამიანის სახელი რაღაცებს მიწაზე, მაგრამ სამუდამოდ, მეორედ მოსვლის ჟამამდეც რომ დარჩეს, თუ მან თავისი სული ვერ გადაირჩინა, სასუფევლისთვის არის დავიწყებული, რადგან მხოლოდ მიწაზე დარჩენილი სახელი ღვთის წინაშე არაფერს წარმოადგენს, ადამიანს არაფრად წაადგება.
გაგრძელება შემდეგ ნომერში