ფსალმუნი XXXVII
ოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
- დავით წინასწარმეტყველმა ოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნი დაწერა იმ პერიოდში, როდესაც თავისი ცოდვის გამო უდიდესი სასჯელი მოიწია თავზე, მძიმე განსაცდელი შეემთხვა - ბერსაბესგან შობილი პირველი შვილი მოუკვდა. ფსალმუნში დავით მეფე უფალს შესთხოვს, ეს ცოდვა შეუნდოს და გამოიყვანოს ამ განსაცდელისგან. როდესაც თითოეული ჩვენგანი ამ ფსალმუნს ვკითხულობთ, უნდა გავიხსენოთ ჩვენი ცოდვები და მათი შედეგები და უფალს ვევედროთ, ისევე გამოგვიყვანოს მათგან, როგორც დავითი გამოიყვანა.
1. "უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე" - დავითი იმას კი არ შესთხოვს უფალს, ნუ მამხილებ ჩემი ცოდვის გამოო, არამედ გულისწყრომით და რისხვით ნუ მამხილებო - შემახსენე ჩემი ცოდვა, მაგრამ მის გამო სასჯელს ნუ მომივლენო.
2. "რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი" - თუ კაცზე ღვთის ისარი, ღვთის ხელი იქნება - უფალი მართლაც სასჯელს მოიღებს ადამიანზე, დასასჯელად მისცემს განსაცდელს, ვერც ერთი კაცი ვერ გადარჩება, მაგრამ უფალი სასჯელს თავისი კაცთმოყვარეობის გამო არა დასასჯელად, არამედ გამოსასწორებლად მოგვივლენს. დავით წინასწარმეტყველი სწორედ ამას შესთხოვს და ევედრება უფალს - ჩემს ცოდვას სასჯელად ნუ გამიხდი, დასასჯელად ნუ მომცემ სასჯელს, რადგან ამის გადატანას ვერ შევძლებო.
3. "არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთასა" - უფალი ასეთი მრავალმოწყალე რომ არ იყოს, ადამიანი კურნებას, ცოდვათაგან ხსნას ვერ მიიღებდა. ცოდვათაგან ხსნა მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მრავალმოწყალებით ხდება. როგორი კეთილი საქმეებიც არ უნდა ქმნას ადამიანმა, როგორი მოღვაწეც არ უნდა იყოს, ცოდვას ვერ გამოისყიდის, რომ არა ღვთის მრავალმოწყალება, არც მშვიდობა ექნება თავისი ცოდვების გამო.
4. "რამეთუ უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა" - ჩვენი უსჯულოება აღმატებულია ყველაფერზე და ჩვენი ცოდვების გამო დამძიმებულია ჩვენი ტვირთი, მაგრამ როგორც ხშირად წარმოვთქვამთ ლოცვებში: უფალო, "არა არს ცოდვაი უფროის კაცთმოყვარებისა შენისა" - არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის კაცთმოყვარეობასა და მრავალმოწყალებას გადააჭარბებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი ცოდვილია. დედამიწაზე ყველაზე წმინდად მცხოვრებ ადამიანსაც კი უამრავი ცოდვა აქვს ღვთის წინაშე. მაგრამ უფლის კაცთმოყვარეობას ყოველთვის შეუძლია კაცს მიუტევოს, აპატიოს ცოდვა, თუკი, რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანს სურს ეს - სინანული აქვს ცოდვათა გამო და უფალს შემწეობას სთხოვს. ერთადერთი, რაც ღვთის კაცთმოყვარეობას აბრკოლებს, ეს არის სინანულის უქონლობა ჩვენი ცოდვების გამო.
5. "შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა" - წყლულებს ადამიანი ღებულობს ცოდვის ჩადენის გამო, მაგრამ წყლულის დალპობა და აყროლება ხდება უკვე ცოდვათა გამო უსინანულობით. არ ვინანიებ, უგუნური ვარ და ამის გამო ჩემი წყლულები დალპა და აყროლდაო. შეიძლება წყლული მაშინვე მოვიბანოთ - ჩავვარდებით თუ არა ცოდვაში, მაშინვე ვუმკურნალოთ სინანულითა და აღსარების თქმით, მაგრამ თუ ადამიანი, პირიქით, აგრძელებს ცოდვების ჩადენას, ძველი ცოდვა უკვე ლპება და ყროლდება. სწორედ ესაა საშინელება და მუტევებლობის მიზეზი.
6. "დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე" - როდესაც ადამიანი უგუნურად მოიქცევა, სრულიად დაგლახაკდება სულიერად, ახალ-ახალი წყლულები მიემატება და კიდევ და კიდევ მეტად აყროლდება მისი ცოდვები ღვთის წინაშე. რომ არა ისევ და ისევ ღვთის მრავალმოწყალება და მცდელობა, ამგვარ ყოფაში ჩავარდნილი ადამიანი როგორმე გამოიყვანოს მდგომარეობიდან, ასეთი კაცის სული "მარადღე" - მარადიულად მწუხარე იქნება.
7. "რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა" - ფსალმუნის ამ მუხლშიც გრძელდება ცოდვის დახასიათება: "თეძონი ჩემნი აღივსნენ ნაგუემთაგან" - დაწყლულებული შეიქნა ჩემი ყველა ნაკვთი, სხეულის ყველა ნაწილი და "არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა" - ჩემი ხორცის კურნება შეუძლებელია. აქ დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს, რომ კურნება შეუძლებელია კაცობრივი, ადამიანური აზრით, თუ არ იქნებოდა მაცხოვარი, რომელმაც თავისი სისხლით გამოისყიდა ჩვენი ცოდვები.
8. "შევბოროტენ და დავმდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულთქმითა გულისა ჩემისაითა" - აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ძველი აღთქმის კაცობრიობის ბედი - ადამი მოიწყლა, ჭრილობა მიიღო. შემდგომ მისი შთამომავლობის ცოდვები დაწყლულდა და აყროლდა. ბოროტებაში იყო კაცობრიობა, სრულიად დამდაბლებული სულიერად. ფაქტობრივად, მთელი კაცობრიობა დაღუპვის პირას იდგა, რომ არა უფლის მრავალმოწყალება და მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი, დათხეული სისხლი. პავლე მოციქული ბრძანებს: ძნელად თუ ვინმე მოკვდეს მართლისათვისო. მართალი კაცის გამო თვის დადება არავის მოუწევს. უფალი ცოდვილთათვის მოკვდა. სწორედ ასეთ მდგომარეობაში მყოფი კაცობრიობა გამოიხსნა უფალმა თავისი ჯვარზე დაღვრილი სისხლით.
9. "უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულისთქმაი ჩემი და სულთქმაი ჩემი შენგან არა დაეფარა" - დავით წინასწარმეტყველი მიმართავს უფალს: შენს წინაშეა, უფალო, ყველა ჩემი გულისთქმა, წამიერად გულში გამკრთალი აზრიც კი უფლის წინაშეა - ღვთის წინაშე დაფარული არაფერია .
10. "გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი - და იგიცა, - არა დადგრა ჩემ თანა" - ეს სიტყვები ძველი აღთქმის კაცობრიობის მდგომარეობად შეიძლება ჩავთვალოთ: ძალადატევებული და თვალთა ნათელდაკარგული იყო ძველი აღთქმის კაცობრიობა - არავითარი ძალა არ ჰქონდა და ჭეშმარიტებას ვერ ხედავდა. ვიცით, რომ როდესაც მაცხოვარი მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ისრაელის ერი თითქოსდა ღვთის ჭეშმარიტი მსახურების გზაზე იდგა, მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო იგი.
დავით წინასწარმეტყველი ამბობს ძველი აღთქმის კაცობრიობის სათქმელს. ძველი აღთქმის კაცობრიობა ამას ვერ ხვდებოდა, მაგრამ დავითმა წინდაწინ განჭვრიტა, მან იცოდა, რომ ამგვარ მდგომარეობაში იმყოფებოდა ძველი აღთქმის კაცობრიობა.
11. "მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს, ჩემგან" - მოყვარენი, მახლობელნი, მეგობარნი - ღვთის მოყვარენი უფალს განადიდებდნენ; მართალნი და წინასწარმეტყველნი ცდილობდნენ, კაცობრიობა, პირველ რიგში, ღვთის რჩეული - ისრაელიანთა ერი გამოეყვანათ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ბოლოს კაცობრიობას, ისრაელის ერს განეშორნენ ისინიც. როგორც ვიცით, მაცხოვრის მოსვლამდე მთელი 400 წლის განმავლობაში ისრაელს წინასწარმეტყველი აღარ ჰყოლია, რადგან უკვე იმდენად დაშორებულნი იყვნენ უფალს, რომ წინასწარმეტყველების ნათქვამს მათთვის აზრი აღარ ჰქონდა.
12. "და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს ძვრასა ჩემსა, იტყოდეს ამაოებასა და ზაკვასა მარადღე ზრახვიდეს" - აქ უკვე საუბარია დაცემულ ანგელოზებზე - ისინი მაიძულებდნენ, რომელნიც ეძიებდნენ სულსა ჩემსაო, - ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი. ადამიანის სულს სწორედ დაცემული ანგელოზები, ბოროტი სულები ეძიებენ, რათა, როგორც თვითონ არიან ღვთის წინააღმდგომნი, ასეთებადვე აქციონ ადამიანებიც. ბოროტი სულები ყოველგვარ ამაოებას, ყოველგვარ ზაკვას ამბობენ ადამიანებზე, არა მარტო ჩვენს ცოდვებს წარადგენენ ღვთის წინაშე, არამედ სიცრუესაც ხშირად ამბობენ, რათა ჩვენი ცოდვები გაამრავლონ.
13. "ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი" - ფსალმუნის ამ მუხლში დავითი მოგვიწოდებს, რომ ყრუსავით ვიყოთ ბოროტისგან მოწოდებული აზრების მიმართ, არ ვისმინოთ მათი და როგორც უტყვმა, მუნჯმა, არ ვთქვათ, არ აღვასრულოთ, მათი მოწოდებული აზრები საქმედ არ ვაქციოთ.
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)