ფსალმუნი XXXII
(გაგრძელება)
ოცდამეთორმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
(გაგრძელება)
10. "უფალმან განაქარვნის ზრახვანი მთავართანი და შეურაცხ-ყვნის გულის-სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ყვნის ზრახვანი მთავართანი" - ვიცით, რომ უფალს ჯვარცმის დროს აყვედრიდნენ: "უკეთუ ძე ხარ ღვთისა, გარდამოხედ მაგიერ ჯვარისაგან..." უფალმა მათი ზრახვები განაქარვა თავისი მკვდრეთით აღდგომით. სწორედ ამის შესახებაა წინასწარმეტყველება ფსალმუნის ამ მუხლში. თავად იუდეველებმაც კი, რომლებმაც იცოდნენ, რომ უფალი ჭეშმარიტად აღსდგა, მაგრამ ამის დამალვა მოისურვეს, ფული გადაუხადეს ჯარისკაცებს - თქვით, ჩვენ რომ გვეძინა, ქრისტეს სხეული მოციქულებმა მოიპარესო. მათ სიმართლე იცოდნენ, მაგრამ არ სურდათ მისი გამჟღავნება თავიანთი უკეთური ზრახვების, უკვე ცრუ სწავლების შესანარჩუნებლად. ძველი აღთქმა, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებასთან მიმყვანებელი იყო, მაგრამ მათ ეს ჭეშმარიტება სიცრუედ აქციეს, მათთვის იგი მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული წესების აღსრულება გახდა. ეს ზრახვანი შეურაცხყო უფალმა თავისი მკვდრეთით აღდგომით.
11. "ხოლო ზრახვაი უფლისაი უკუნისამდე ჰგიეს და გულის-სიტყუანი გულისა მისისანი - თესლითი-თესლადმდე" - ღვთის ზრახვა საუკუნეთა დასაწყისიდან საუკუნეთა აღსასრულამდე კი არა, სამარადჟამოდ უცვლელია - უფალს ყოველთვის სიკეთე სურს. ვიდრე სამყარო ამ სახით იარსებებს და ამის შემდგომაც ღვთის გულისსიტყვანი და ზრახვანი მარადიული და უცვლელია, ღვთისგან ყოველთვის სიკეთე მიმდინარეობს.
12. "ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოარჩია სამკვიდრებელად თვისა" - ნეტარია ნათესავი - ახალი ისრაელი, ჭეშმარიტი ერი - ქრისტიანები, ღვთის ერი არა გვარტომობრივი და ეროვნული, არამედ სარწმუნოებრივი თვალსაზრისით.
13. "ზეცით მოხედნა უფალმან და იხილა ყოველნი ძენი კაცთანი" - აქ უნდა ვიგულისხმოთ ღვთის განკაცება. ყოველ ადამიანამდე იქნა მიტანილი ღვთის გამომხსნელი მადლი, რათა ყველა მოიქცეს. უფალი თითოეულ ადამიანს აძლევს შანსს და მაცხოვნებელი გზისკენ სავალ ბილიკებს უხსნის. თუ კაცი თვითონ არ ისურვებს ამ გზაზე სიარულს, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ უფალი თითოეულს აძლევს ცხონების შესაძლებლობას.
14. "განმზადებულით სამკვიდრებელით თვისით მოხედნა ყოველთა ზედა დამკვიდრებულთა ქუეყანისათა" - უფალს თავისი სამკვიდრებელი - ადგილი სასუფეველში ყველა ადამიანისთვის აქვს გამზადებული. თითოეული ადამიანი შექმნილია სასუფევლისთვის, მაგრამ მოიპოვებს თუ არა მას, თავად მის ქმედებაზეა დამოკიდებული.
15. "რომელმან დაბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისხმა-ყვნის ყოველნი საქმენი მათნი" - უფალმა დაბადა ადამიანის გული - ადამიანის აზრი, გონება და მხოლოდ მან უწყის კაცთა გულის ზრახვანი, მხოლოდ მას შეუძლია ადამიანის გულისთქმათა გაგება.
16. "არა ცხოვნდების მეფე მრავლითა ძალითა თვისითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალითა მისისაითა" - ვერც მეფე ცხოვნდება მეომართა სიმრავლითა და ძალით და ვერც გმირი გადარჩება საკუთარ ძალაზე მოიმედე. მხოლოდ უფალზე მოიმედე მეფე და გმირი ცხოვნდებიან. დავით წინასწარმეტყველი და საზოგადოდ წმინდა წერილი გვასწავლიან, რომ ადამიანი საკუთარ თავზე, საკუთარ ძალაზე არ უნდა იყოს მინდობილი, არამედ უფალს უნდა სასოებდეს.
17. "ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თვისითა არა განერეს" - ფაქტობრივად, გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი - ვერაფერი გადარჩება დედამიწაზე, რომ არა ღვთის შეწევნა.
18. "აჰა ესერა თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი ესვენ წყალობასა მისსა" - ღვთის თვალი - წყალობაა ღვთის მოშიშებზე, მათზე, ვისაც უფლის სასოება აქვსო.
19. "ხსნად სიკუდილისგან სულთა მათთა და გამოზრდად მათა სიყმილსა" - ხორციელი სიკვდილისგან - ამ ქვეყნიდან გასვლისგან არავინაა დაფარული, მაგრამ სულიერი სიკვდილისგან - წარწყმედისგან იფარავს უფალი ადამიანს. "გამოზრდად მათა სიყმილსა" - ისევე როგორც ხორციელი შიმშილისგან, სულიერი შიმშილისგანაც გამოგვზრდის უფალი. სულიერი შიმშილი იყო ძველი აღთქმის პერიოდში, რადგან ჭეშმარიტებაში დამკვიდრება არ შეიძლებოდა. ახალაღთქმისეულ ხანაში კი სულიერად შიმშილობს ადამიანი, როდესაც ცოდვებში იმყოფება და უფალსაა მოშორებული.
20. "ხოლო სულმან ჩემმან დაუთმენ უფალსა, რამეთუ მწე და მფარველ არს იგი ჩუენდა" - ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევიგრძნოთ და შევიგნოთ, რომ ჩვენი სული, გონება, სხეული - დავუთმოთ უფალს. ასეთ შემთხვევაში უფალი ჩვენი მწე და მფარველია, ის გადაგვარჩენს საუკუნო წარწყმედისაგან.
21. "რამეთუ მისა მიმართ იხარებდეს გული ჩვენი და სახელსა წმიდასა მისსა ვესვიდეთ" - მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მიმართ უნდა იხარებდეს ჩვენი გული. შესაძლოა, ადამიანს მიწიერი სიხარულიც ჰქონდეს, მაგრამ ამან არასოდეს არ უნდა გადაფაროს ღვთის სიყვარული და სიხარული.
22. "იყავნ, უფალო, წყალობაი შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ" - რაც უფრო მეტად გვაქვს უფლის იმედი, მით უფრო მეტად გვწყალობს შემოქმედი. ვინც სრულადაა მინდობილი უფალს, მას სრულად სწყალობს უფალი. ასეთებს ანიჭებს უცოდველობის მადლს. წმინდა მამები მიწაზევე უცოდველობის მდგომაროებამდე იყვნენ ასული. იყვნენ "ხორცითა ვითარცა ანგელოზნი" - ხორცში იმყოფებოდნენ, მაგრამ სხვამხრივ ანგელოზთა მსგავს მდგომარეობას აღწევდნენ.
P.S. ფსალმუნში წინასწარმეტყველებაა ახალ ერზე - ქრისტიანებზე. ის ასევე გვასწავლის, სრულად მივენდოთ უფალს, რათა მისი წყალობა და მფარველობა მოვიპოვოთ.