ფსალმუნი XX
მეოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):1. "უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად" - ფსალმუნის ამ მუხლში დავითი უფლის მიმართ ბრძანებს: შენი ძალით ვიხარებდე, უფალო, და შენი "მაცხოვარებით ვიშვებდეო" - რასაც ვაკეთებ, რაც შემიქმნია და რასაც ამიერიდან გავაკეთებ - ყოველივე შენი ძალით შევძელი და შენი ძალით ვიხარებო. ზოგიერთი წმინდა მამა აღნიშნავს, რომ სიტყვა "მეუფეში" არა მხოლოდ დავით წინასწარმეტყველი, შესაძლოა ხალხიც, საზოგადოდ, ადამიანიც ვიგულისხმოთ, რომელსაც უფალმა ყველაფერზე მისცა მეუფება. ადამიანები სწორედ უფლის ძალით იხარებენ და მისი მაცხოვარებით "იშვებენ" - შვებას პოვებენ; ღვთის განკაცებითა და ძალით არა მხოლოდ დავითი, მთელი კაცობრიობა განთავისუფლდა. "მაცხოვარება ღვთისა" სწორედ განკაცებული ღმერთია. უფლის მაცხოვარებით იშვებდეს, ამით განთავისუფლდეს კაცობრიობაო, - ბრძანებს დავითი.
2. "გულისთქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას" - რასაც გული უთქვამს ადამიანს, ის მიეციო, - მიმართავს წინასწარმეტყველი უფალს. ვიცით, რომ უფალმა ადამიანი სიკეთისთვის შექმნა და თუ კარგად დაუკვირდება კაცი თავის თავს, შეამჩნევს, რომ "გული უთქვამს" სიკეთისთვის და არა ბოროტებისთვის (როდესაც ბოროტებას განიზრახავს, ყოველთვის ამხილებს სინდისი). ის სიკეთეები მიეცი ადამიანს, რომლისკენაც ყველას გულია მიმართულიო, - შესთხოვს დავითი უფალს.
"ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას" - ფსალმუნის ამ სიტყვების განმარტებისას წმინდა კირილე ალექსანდრიელი ბრძანებს, რომ აქ უნდა ვიგულისხმოთ წმინდა ზიარება. ჭეშმარიტი მსახურების მოტრფიალე ადამიანები - ქრისტიანები მუდამ აღძრულნი არიან გულისთქმად, ქრისტეს ჭეშმარიტი სისხლი და ხორცი, წმინდა ზიარება მიიღონ და იგი არ დააკლდებათო.
3. "რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა" - გვირგვინში, ერთი მხრივ, შეიძლება ვიგულისხმოთ დავითისთვის პატიოსანი ქვისგან გამოკვეთილი გვირგვინი - განკაცებული მაცხოვარი, რამეთუ იგი დავითის შტოდან იშვა. ეს კი გვირგვინი იყო დავითის გვარისთვის. მეორე მხრივ, მაცხოვარი არის გვირგვინის მიმნიჭებელი ყველა ადამიანისთვის, რომელიც ისევე აღასრულებს ღვთის მცნებებს, როგორც დავითმა აღასრულა.
4. "ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე" - ცხოვრება ითხოვეს ადამიანებმა, ცხოვრება ვითხოვე მეო, - ბრძანებს დავითი. არა ამქვეყნიური, არამედ მარადიული ცხოვრება. დავითი უმეტესწილად არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ყველა ადამიანის სათქმელს ამბობს და მისი ნათქვამიც ყველაზე ვრცელდება.
5. "დიდ არს დიდებაი მისი მაცხოვარებითა შენითა, დიდებაი და დიდშუენიერებაი დაადგ მას ზედა" - ღვთის მაცხოვარებით, ღვთის განკაცებით არის კაცთა დიდებაო, - ბრძანებს დავითი.
"დიდებაი და დიდშუენიერებაი დაადგ მას ზედა" - წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სიტყვებში "დიდებაი და დიდშუენიერებაი" ცათა სასუფეველი იგულისხმება. ყოველივეზე აღმატებული ცათა სასუფეველია და შენს თაყვანისმცემლებს სწორედ სასუფეველს მისცემ ჯილდოდო.
6. "რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა" - უკუნითი უკუნისამდე - დაუსრულებლად იყოს კურთხევა, უფალო, შენგან განდიდებულ კაცთა, ვინც შენი გზით დადის. ისინი მარადის იხარებდნენო. ისინი, ვინც ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებს, დაუსრულებლად ღვთის სიხარულით იქნება აღვსილი, მარადიულად ადიდებს ღმერთს.
7. "რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას" - თუ უფალს ვესავთ, ღვთის იმედი გვაქვს და მას ვადიდებთ, მისი წყალობა არასოდეს მოგვაკლდება.
8. "იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯვენამან შენმან პოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი" - ყველა შენი მტერი განადგურდება, შენი მარჯვენა ყველგან მოიძიებს შენს მოძულეებსო.
9. "რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი" - წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ფსალმუნის ამ მუხლში წინასწარმეტყველებაა ისრაელის დაცემაზე, იერუსალიმის ცეცხლით განადგურებაზე იმის გამო, რომ მათ მაცხოვარი ჯვარს აცვეს. სწორედ ამის გამო მოიწიეს ეს სასჯელი და, როგორც წინა მუხლში ბრძანებს დავითი, უფლის მარჯვენას ვერსად დაემალებიან. მართლაც, ვერ დაემალნენ ებრაელები ღვთის მარჯვენას - მაცხოვრის ჯვარცმიდან სულ რამდენიმე წელიწადში მოეწიათ სასჯელი. იერუსალიმი სრულიად განადგურდა და ორ მილიონზე მეტი იუდეველი მოწყდა რომის იმპერიის მიერ. მათ შორის არც ერთი ქრისტიანი არ ყოფილა.
10. "ნაყოფნი მათნი ქუეყანისაგან წარწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან" - ფაქტობრივად, გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი: მათი ნაყოფი - შთამომავლობა მოსრა და გაანადგუროო. ცხადია, ესეც წინასწარმეტყველებაა, რომელიც ამ სიტყვების დაწერიდან ათი საუკუნის შემდეგ ახდა. მიზეზი კი ამისა მაცხოვრის ჯვარცმა და ღვთის უარყოფა გახდა.
11. "რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახნეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად" - კვლავ გრძელდება წინა მუხლებში დაწყებული აზრი: ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ადამიანებმა ბოროტი იზრახეს - მაცხოვარი ჯვარს აცვეს. როდესაც მაცხოვარი მკვდრეთით აღდგა, ტყუილები შეთხზეს - მისმა მოწაფეებმა მოიპარესო. ვიდრე ჯვარს აცვამდნენ, აუარებელ ტყუილს უგონებდნენ, ცილს სწამებდნენ. სწორედ ამ ზრახვებისა და ბოროტებისთვის დაისაჯნენ.
12. "რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განჰმზადო პირი მათი" - იუდეველები პირველნი იდგნენ უფლის წინაშე თავიანთი სარწმუნოების წყალობით, მაგრამ მათი საქციელის გამო, რომლის შესახებაც წინა მუხლებში ვისაუბრეთ, უკან დააყენა უფალმა. თავად ჩაიგდეს თავი ამ მდგომარეობაში. ამის შემდეგ უკვე წარმართები იქნენ გამორჩეულნი, რამეთუ მათმა უმრავლესობამ მიიღო ქრისტიანობა, ისინი გახდნენ უდიდესი ქრისტიანები. უამრავი მოწამე და ღვთის მადიდებელი სწორედ წარმართებიდან გამოვიდა.
"ნეშტთა შენთა შორის განჰმზადო პირი მათი" - მაგრამ სრულად არც იუდეველები დარჩებიან ამ სიკეთეთა გარეშე. "ნეშტი" - ნაწილი იუდეველთა მოექცევა. ვიცით, რომ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მართლაც ასე მოხდა. წმინდა მამებიც ბრძანებენ, რომ მეორედ მოსვლის ჟამს იუდეველთა ნაწილი მოექცევა ქრისტიანობაზე. როდესაც ანტიქრისტე გამეფდება, ისინი შეიცნობენ, რომ ის, ვისაც ელოდნენ - მესია, მხსნელი, საუკუნეების წინ მოვიდა, მათ კი ჯვარს აცვეს და არ მიიღეს.
13. "ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა" - ამ მუხლში დავითი წინასწარმეტყველებს უფლის ამაღლების შესახებ. ყველას დაუმტკიცე, რომ ჭეშმარიტი ღმერთი ხარ, რამეთუ აღდექი, ამაღლდი და ყველანი ვუგალობთ შენს ძლიერებას, დიდებას და წყალობასო.
P.S. მეოცე ფსალმუნი ძირითადად წინასწარმეტყველურია: ნაუწყებია მაცხოვრის განკაცება დავითის ტომიდან, ასევე მისი ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება.