ფსალმუნი XVII
(გაგრძელება)
მეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
(გაგრძელება)
30. "ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი და სიტყუანი უფლისანი გამოხურვებულ; შესავედრებელ არს იგი ყოველთათვის, რომელი ესვენ მას" - უფალში არავითარი ბიწი, არავითარი სიცრუე არ არის, იგი აბსოლუტური სიკეთე, აბსოლუტური სიყვარულია. ვისაც უფლის იმედი აქვს, ვინც უფლის მსასოებელია, ყველას ეწევა და მოხედავს.
31. "რამეთუ ვინ არს ღმერთ უფლისა გარეშე, ანუ ვინ არს ღმერთი, გარნა ღმრთისა ჩუენისა?" - სიტყვა "უფალი" ძველქართულად ბატონს, პატრონს ნიშნავს და სწორედ ამ მნიშვნელობით არის ნახმარი ფსალმუნის ამ მუხლშიც. ღმერთი მხოლოდ ის არის, ვინც ყველაფრის ბატონი, ყველაფრის პატრონია. ვისაც სამყაროს ბატონ-პატრონობა არ აქვს, ის არ არის ღმერთი. ღმერთი ის არის, ვინც უფალია, ვინც ყველაფერზე მბრძანებლობს და მეუფებს, ვინც ყველაფერს განაგებს. "ვინ არს ღმერთი, გარნა ღმრთისა ჩუენისა?" - ამ სიტყვებით დავითი აზრს ასრულებს და განმარტავს, რომ ჩვენი ღმერთის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს.
32. "ღმერთი, რომელმან გარეშემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ გზაი ჩემი" - ძალა სიცოცხლისა უფალმა შემოიტანა ადამიანშიც და მთელ სამყაროშიც. უბიწოების გზაზე დააყენა თავისი შექმნილი ადამიანი.
33. "განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე" - როგორც ირემს შეუძლია სწრაფი სირბილით თავი დაიხსნას - "განერეს" მტრებისგან, ასეთივე ძალა მოგვცა ჩვენც უფალმა ბოროტებისა და ცოდვისგან განსარინებლად და ამით განგვამტკიცა. თუ მაცხოვრის მიერ ბოროტის დამარცხების შემდეგ ჩვენივე ფეხით და ჩვენივე ნებით არ ჩავუვარდით ბოროტს ხელში, განრინებულნი ვართ მისი ძალისგან.
34. "განსწავლენ ხელნი ჩემნი ღუაწლსა და ყვენ მშვილდ რვალისა მკლავნი ჩემნი" - ჩემი ხელი განსწავლე ღვაწლისთვის და ჩემი მკლავი რვალის მშვილდივით მტკიცეა, არა იმით, რომ მე მაქვს ეს ძალა, არამედ იმით, რომ უფალმა მომცა იგიო, - ბრძანებს დავითი. უფალი ყველა კაცს აძლევს ამ ძალას, თუ თვითონ ადამიანი გამოიყენებს მას.
35. "და მომეც მე შემწე მაცხოვარებისა და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე და სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღურებამან შენმან ამან განმსწავლოს მე" - უფალო, შენ მომეცი ყველაფერი, შენ ხარ ჩემი შემწე, შენმა მარჯვენამ შემიწყნარა და შენმა სწავლამ "აღმმართა" - აღმადგინა დაცემისაგან, იმ დაცემისაგან, რომლითაც ადამი დაეცა. საღმრთო მოძღვრებამ განმსწავლოს მე და თითოეული კაცი, რადგან სწორედ საღმრთო მოძღვრებით განსწავლულება ატარებს ადამიანს ცხონების გზაზე. მაცხოვნებელი თავად უფალია, მაგრამ უფალი სწორედ იმით გვაცხოვნებს, რომ თავისი მოძღვრება მოგვცა - გვასწავლა, რა უნდა მოვიმოქმედოთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ გვაცხოვნოს. უფალს ყველას ცხონება სურს და ძალუძს, მაგრამ თუ მისი ნებაც არ არის, ადამიანი ვერ ცხონდება.
36. "ფართო ჰყვენ სლვანი ჩემნი ქუეშე ჩემსა და არა მოუძლურდეს ალაგნი ჩემნი" - საღვთო გზა ვიწროა, მაგრამ მასზე სიარულით ადამიანი ისე განმტკიცდება, რომ მისთვის ეს ვიწრო გზაც ფართო და თავისუფლად სავალი გახდება.
37. "ვდევნნე მტერნი ჩემნი და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა მოესრულნენ" - რით ვდევნით მტრებს? - საღმრთო მცნებების აღსრულებით, უფლის სისხლით. უფალმა თავისი სისხლით ყოველი ბოროტება განდევნა და ვინც ჭეშმარიტად ეზიარება საღმრთო სისხლსა და ხორცს, ვინც ღვთისკენ, საღვთო ჭეშმარიტებისკენ მიილტვის, მის წინაშე ბოროტება განილტვის.
38. "ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად, დაეცნენ იგინი ქუეშე ფერხთა ჩემთა" - შევაჭირვო, შევაწუხო ჩემი მტრები - დაცემული ანგელოზები, რომლებიც კაცობრიობას აწუხებდნენ მაცხოვრის მოსვლამდე. მისი მოსვლის შემდეგ კი, ვინც საღვთო ჭეშმარიტებით ცხოვრობს, თვითონ აჭირვებს ბოროტს. წმინდა მამებს ეშმაკი ახლოსაც ვერ ეკარებოდა, დაცემული ანგელოზები განილტვოდნენ მათგან.
39. "და შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე" - უფალო, შენ მოგვეცი ძალა და სწორედ მისით ვძლევთ ბოროტ სულებსო.
40. "და მტერნი ჩემნი მომცენ მე მეოტად და მოძულენი ჩემნი მოსრენ" - გაქცეული ვნახე ჩემი მტერი. ის უფალმა გააქცია - თავისი ჯვარცმითა და აღდგომით. ვიცით, რომ წმინდა და პატიოსანი ჯვრის ხილვისას ბოროტი გარბის, რადგან ჯვრის დანახვისას ყოველთვის თავისი დაცემა და განადგურება ახსენდება.
41. "ღაღადებდეს და არავინ იყო მაცხოვარ, უფლისა მიმართ და არა ისმინა ჩემი" - ღაღადებდნენ დაცემული ანგელოზები და ითხოვდნენ დახმარებას, მაგრამ არავინ იყო მათი მხსნელი, რადგან ღვთის გარდა მხსნელი არავინაა. მათი მეთაური - სატანა თავად იქნა შეკრული და არათუ მასზე დაქვემდებარებული დაცემული ანგელოზების, თავის ხსნაც არ შეეძლო.
42. "და დავაწყლულნე იგინი ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა და ვითარცა თივაი უბნისაი დავთრგუნე იგი" - როგორც "უბნის" ანუ გზაზე დაყრილი თიხა დაითრგუნება ადამიანის ფეხით, ასევე დაითრგუნნენ და განქარდნენ ბოროტი ძალები, დაცემული ანგელოზები უფლის მიერ.
43. "მიხსნე მე სხდომისაგან ერისა და დამადგინო მე მთავრად წარმართთა; ერმან, რომელ არ ვიცოდი, მმონა მე" - "მხდომარე ერში" იუდეველები იგულისხმებიან, რომლებიც "მხდომ ეყვნენ" - წინააღმდგომ ექმნენ მაცხოვარს, განეშორნენ უფალს. დავითი გვაუწყებს: უფალი ბრძანებს, სწორედ ამ ერმა არ მიმიღო, მაგრამ "დამადგინო მე მთავრად წარმართთა ზედა" და სწორედ მათ, ერმა, რომელიც მე არ ვიცოდი, მმონაო. ცხადია, ყველა ერი უფლის იყო და შემოქმედსაც ყველა ადამიანი ერთნაირად უყვარს, მაგრამ თვითონ წარმართებს დაევიწყებინათ ჭეშმარიტი ღმერთი, თუმცა შემდეგ სწორედ ეს ერი "ემონა" უფალს. ვიცით, რომ იუდეველთაგან ძალზე ცოტამ მიიღო ქრისტიანობა, ხოლო წარმართთაგან მრავალი მოექცა ქრისტიანობაზე.
44. "მორჩილებითა ყურისაითა ისმინა ჩემი; შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე" - ესეც და წინა რამდენიმე მუხლიც ფსალმუნისა წინასწარმეტყველურია. "შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე" - აქ უკვე გაუცხოებული ისრაელის შვილებზეა საუბარი, რომლებიც უცხონი გახდნენ უფლისთვის.
45. "შვილნი უცხოთანი განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან" - ეს გაუცხოებული შვილები - ისრაელის ერი განიბნია აღთქმული ქვეყნიდან. მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მალევე აღესრულა ეს წინასწარმეტყველება.
46. "ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს ღმერთი და ამაღლდინ ღმერთი მაცხოვარებისა ჩემისაი" - ცოცხალია მარადის უფალი, კურთხეულია იგი და ჩემი მაცხოვარების ღმერთი ამაღლდებაო, - წინასწარმეტყველებს დავითი მაცხოვრის ამაღლების შესახებ.
47. "ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე" - ვინც საღმრთო შურით იქნება აღტკინებული და უფლის მცნებებს დაიცავს, არა ბოროტებას, არამედ საღმრთო მადლს დაემორჩილება.
48. "მხსნელო ჩემო მტერთა ჩემთაგან მრისხანეთა და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, აღმამაღლო მე და კაცისა უკეთურისაგან მიხსნე მე" - დავით წინასწარმეტყველი მიმართავს უფალს: ჩემო მხსნელო, მიხსენ მტერთაგან, ბოროტ ძალთაგან, რომლებიც აღმდგარან ადამიანთა დასაღუპავად. აღმამაღლე და უკეთური კაცისგან - ანტიქრისტესგანაც მიხსენიო (თუმცა აქ ეშმაკიც შეიძლება ვიგულისხმოთ). ანტიქრისტე კაცთა შორის ყველაზე უკეთური იქნება. მას წმინდა მამები "უკეთურ კაცსაც" უწოდებენ, სწორედ ფსალმუნის ამ მუხლიდან გამომდინარე.
49. "ამისათვის აღგიარო წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე" - თითოეული ქრისტიანის მოვალეობაა, ყველა ურწმუნოსთან, ყველა წარმართთან აღიაროს უფალი ჩვენი. ქრისტიანობა ყველგან, ყველა არაქრისტიან ადამიანთან უნდა ვიქადაგოთ, ხოლო მოექცევიან თუ არა, ეს ჩვენ აღარ გვეხება. მაგრამ თუ ვაუწყებთ ჭეშმარიტების შესახებ, უფლისგან მოგვეკითხება.
50. "განადიდე ცხორებაი მეუფისაი და ყოფად წყალობაი ცხებულისა მისისა თანა, დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე" - ვინ არის მეუფე? - მაცხოვარი, რომელიც განკაცდება. ცხებული - მესიაა, მხსნელი, ქრისტე. "დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე" - მხსნელი, მაცხოვარი, რომელიც ხორციელად დავითის შთამომავლობიდან იყო, უკუნისამდე განდიდდა ადამიანთა მიერ.
P.S. არსი ამ ფსალმუნისა თავად სათაურშია გაცხადებული: "დავითის ფსალმუნი, რომელიც თქვა დავითმა, როდესაც იხსნა იგი უფალმა ყოველი მტრისა და საულის ხელთაგან". მაგრამ ფსალმუნში არა მარტო დავითის ხორციელი მტრებისა და საულისგან დახსნაზეა ლაპარაკი, არამედ საზოგადოდ მთელი კაცობრიობის მაცხოვრის მიერ სულიერი მტრისგან ხსნაზე. ფსალმუნში ნაწინასწარმეტყველებია მაცხოვრის განკაცება, აღდგომა და ამაღლება, ისიც, რომ კაცობრიობა განთავისუფლდებოდა ბოროტის - ეშმაკის ტყვეობისგან.