ფსალმუნი XVII
მეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
1-2. "შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო; უფალო, დამამტკიცებელო ჩემო, შესავედრებელო ჩემო და მხსნელო ჩემო. ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაი ცხორებისა ჩემისაი და ხელისაღმპყრობელი ჩემი" - ჩვენი ძალა და ჩვენი ყოველი საქმის, ჩვენი არსებობის წარმმართველი, სიცოცხლის მომცემი უფალია. ამის გამო შეგიყვარო შენ, უფალოო, - შეღაღადებს დავითი ღმერთს და შემდეგ ჩამოთვლის: შენ ჩემი შესავედრებელი ხარ, ჩემი განმამტკიცებელი, მხსნელი, შემწე, მფარველი, ჩემი ცხოვრების რქა და ხელისაღმპყრობელიო. ამ სიტყვებით მეფსალმუნე უფალს განადიდებს და გამოხატავს იმასაც, თუ როგორ შეეწევა ღმერთი ადამიანს.
3. "ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე" - ვაქო, ვადიდო უფალი და ამით ჩემს მტრებს განვერიდეო. მტრებში, პირველ რიგში, დაცემული ანგელოზები, სულიერი მტრები იგულისხმებიან.
4. "გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე" - როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, "სიკვდილის სალმობა" ბოროტი აზრებია, უსჯულოების ზღვარი კი უკვე ჩადენილი ცოდვაა.
5. "სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი" - გრძელდება ფსალმუნის წინა მუხლში დაწყებული აზრი: ჯოჯოხეთურმა, ცოდვის ჩადენის აზრებმა მომიცვეს და ცოდვებში ვვარდებიო.
6. "ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ; შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ხმისა ჩემისაი და ღაღადებაი ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა" - კვლავ გრძელდება წინა მუხლების აზრი: როდესაც ცოდვით ვიყავი მოცული, მაშინ შეისმინა ჩემი უფალმაო, - ბრძანებს დავითი. რატომ ისმენს ცოდვაში მყოფი ადამიანისას უფალი? - იმის გამო, რომ ამ დროს გვიმძაფრდება სინანული. მონანული ადამიანის ლოცვას კი მეტად შეიწირავს უფალი, რადგან ამ დროს უფრო ყურადღებით და გულისხმიერად ვლოცულობთ.
უფლის ტაძარი, უფლის საყდარი რომელიმე კონკრეტული ადგილი არ არის, დავითი ამ სიტყვებს ადამიანისთვის გასაგები ენით ამბობს, თორემ უფალი ყველგან მყოფობს, ყოველივეს აღავსებს.
"ღაღადებაი ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა" - ამ სიტყვებით დავითი ბრძანებს: ღვთის ყურამდე მიიწია ჩემი ლოცვაო. იმდენად წრფელია ჩვენი ლოცვა, როდესაც ცოდვათა გამო სინანულში ვართ, რომ ღვთის ყურამდე აღწევს. ეს არ ნიშნავს, თითქოს უფალს როდისმე ჩვენი არ ესმის, მაგრამ ჩვენი ცხონების მიზეზი ჩვენივე ლოცვა უნდა იყოს. მაცხოვნებელი ჩვენი უფალია, მაგრამ ცხონების მიზეზი ჩვენ უნდა მივცეთ.
7. "და იძრა და შეძრწუნდა ქვეყანაი და საფუძველი მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი" - ფსალმუნის ამ მუხლში წინასწარმეტყველებაა მაცხოვრის განკაცებაზე - როდესაც უფალი მოვიდა, ქვეყანა შეიძრა. "ქვეყანა ესე ბოროტსა ზედა დგასო", - გვაუწყებს წმინდა წერილი. მით უმეტეს ასე იყო ძველი აღთქმის პერიოდში, როცა ადამიანებზე ბოროტს ჰქონდა ხელმწიფება. მაცხოვრის მოსვლით ბოროტება შეიძრა და მთანი შეშფოთდნენ. ბოროტი ანგელოზები, რომლებიც განდიდებულნი იყვნენ, ვითარცა მთანი, თავიანთი ამპარტავნებით შეიძრნენ და შეძრწუნდნენ მაცხოვრის განკაცებით.
8. "ახდა კუამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და ნაკუერცხალნი აღეგზნეს მისგან" - გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი: მაცხოვრის მოსვლით "ახდა კუამლი" - ბოროტების მიერ დანთებული ცეცხლი ჩაქრა და კვამლი გამოჩნდა და როგორც კვამლი განქარდება, ისე განქარდა ბოროტების ძალა. "ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და ნაკუერცხალნი აღეგზნეს მისგან" - აქ უკვე იგულისხმება საღმრთო ცეცხლი და წმინდა ზიარება, რომელმაც განწმინდა ყოველი კაცი. "ნაკუერცხალნი აღეგზნეს მისგან" - ამ სიტყვებით დავითი წინასწარმეტყველურად ამბობს, რომ საღმრთო ცეცხლითა და ზიარებით განიწმინდებიან ადამიანები ბოროტების კვამლის - ძველი აღთქმის წყვდიადის განქარვების შემდეგ.
9-10. "და მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა და ნისლი ქუეშე ფერხთა მისთა; და აღხდა ქერობინთა ზედა და აფრინდა, და აფრინდა იგი ფრთეთა ზედა ქართასა" - აქ წინასწარმეტყველებაა უფლის გარდამოხდომაზე, ასევე მის მკვდრეთით აღდგომასა და ზეცად ამაღლებაზე. "ცანი მოდრიკნა" უფალმა, თავად რომ ამაღლებულიყო.
ახალი აღთქმის თანხმად, როდესაც უფალი ზეცად ამაღლდა, "ღრუბელმა შეიწყნარა ის" - ღრუბელი და ნისლი მაცხოვრის ფერხთა ქვეშ მოექცა, მაცხოვარი ხილულად ამაღლდა მოციქულებისთვის. შემდეგ კი დავითი წინასწარმეტყველებს, რომ მაცხოვარი ქერუბიმთა მიერ ამაღლდებოდა.
11. "და დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოის მისსა საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა" - ზეცად ამაღლების შემდეგ მაცხოვარი ხორციელ თვალთაგან დაიფარა. უფალი ხორციელად ამაღლდა და ყველა ადამიანისთვის, ვისაც სულიერი თვალი არ აეხილება, ბნელითაა მოცული, ხოლო ვისაც სულიერი თვალი აღეხილა, ჭვრეტს საღმრთო მადლსა და ჭეშმარიტებას.
12-13-14. "ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს, სეტყუაი და ნაბერწკალი ცეცხლისაი; და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ხმაი თვისი; მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი განამრავლნა და შეაძრწუნა იგინი" - ფსალმუნის ამ მუხლებში დავითი კვლავ წინასწარმეტყველებს მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდეგ ბოროტების - დაცემული ანგელოზის განადგურების შესახებ. დავითი წინასწარ იუწყება, რომ უფლის ამაღლებით "სეტყუაი და ნაბერწკალი ცეცხლისა" - ღვთისგან მოვლენილი რისხვა და სასჯელი დაატყდებათ დაცემულ ანგელოზებს. ადამიანზე დაცემულ სულთა ბატონობა დასრულდება და მათი მთავარი ჯოჯოხეთის საკვრელებით შეიკვრება. უფალმა ქუხილით - ბოროტი ძალებისადმი მიმართული რისხვით, თავისი ძლიერებით განაქარვა ბოროტის ძალა. მისი აღდგომისა და ამაღლების შემდეგ დაცემულ ანგელოზს აღარ აქვს ძალაუფლება ადამიანზე, თუ თავად ადამიანი არ მისცემს საკუთარ სულზე ხელმწიფების უფლებას.
15. "და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა რისხვისა შენისა" - ჩანდნენ "წყაროს წყლები" უფლის მოსვლამდეც - ბნელეთის წყვდიადისა და ბოროტი ძალების ბატონობის დროსაც: წმინდა წინასწარმეტყველნი, რომლებიც სულიწმინდის მიერ იყვნენ განბრძნობილნი, ადამიანებს ჭეშმარიტ, საღმრთო წყალს ასმევდნენ, მაგრამ ამ საღმრთო წყლით - საღმრთო წყალობით არ იყო მოცული მთელი დედამიწა; მადლი კაცობრიობას მაცხოვრის მოსვლის, მისი აღდგომისა და ამაღლების შემდეგ მოეფინა.
16. "გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა" - უფალი ზეცით გარდამოვიდა და შემიწყნარა "წყალთაგან მრავალთა" ანუ ამქვეყნიური ამაოებებისგანო, - ბრძანებს დავითი.
17. "მიხსნეს მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის" - ფსალმუნის ამ მუხლში დავითი ბრძანებს: კაცობრიობაზე, ადამიანებზე გაცილებით მეტად იყვნენ განძლიერებულნი დაცემული ანგელოზები და სწორედ მათგან და მათი ხელისგან შემიწყნარა "ჭირსა ჩემსა" უფალმაო.
18. "მომეწიფნეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა და მეყო მე უფალი განმაძლიერებელ ჩემდა" - როდესაც ჭირში ვიყავით - ეშმაკისგან შეჭირვებული კაცობრიობა ბოროტების წყვდიადით იყო მოცული, სწორედ ამ დროს მოვიდა და გამოგვიხსნა ამ მდგომარეობიდან უფალმა, შემიწყნარა და განმაძლიერა მეც და მთელი კაცობრიობაცო.
19-20. "და მომიყვანა მე ფართოდ; მიხსნეს მე, რამეთუ მინება მე; და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ხელთა ჩემთაისა მომაგოს მე" - ფსალმუნის ამ მუხლში დავითი ბრძანებს: ჩემი სიმართლისაებრ და სიწმინდისაებრ მომაგოს უფალმაო. რა თქმა უნდა, თავად ადამიანი თავისი სიმართლით თავს ვერ დაიხსნის, მაგრამ ჩვენს ქმნილ კეთილ საქმეებს უფალმა ის ფასი დაადო, რომელიც ჩვენს მიერ ჩადენილ უკეთურ საქმეებს განაქარვებს. თავისთავად, თუ კეთილ საქმეებს ღვთის გარეშე ვაკეთებთ, უფლის სადიდებლად არ ვიქმთ, არავითარი ფასი არ აქვს, მაგრამ თუ ღვთის სადიდებლად ვჩადით სიკეთეს, მას უდიდესი ფასი აქვს. ამგვარად ქმნილი კეთილი საქმეები ჩვენს აუარებელ ცოდვას გადაფარავს. სწორედ ამის შესახებ გვაუწყებს დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ამ მუხლში.
21. "რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან" - ფსალმუნის ამ მუხლში დავითი შემდეგს ბრძანებს: ჩემი კეთილი საქმე ის არის, რომ ღვთის გზით ვიდოდი და სწორედ ეს გამამართლებსო. ცოდვებს კი ვიქმ, მაგრამ ღვთის გზას ვიცავ. ცოდვას ჩემი უძლურებით ვიქმ და არა იმის გამო, რომ ღვთის წინააღმდგომი ვარ. სწორედ ამის გამოა მართალი ჩემი გზაო.
22. "რამეთუ ყოველნი სიმართლენი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან" - ფაქტობრივად, გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი. ფსალმუნის ამ მუხლში დავითი ბრძანებს: უფლის ყველა სიმართლე ჩემ წინაშეა, მის სამართალს არასოდეს განვიშორებ - გონება მუდამ ღვთის სიმართლეზე მაქვს მიპყრობილიო.
23. "და ვიყო მე უბიწო მის თანა და დავიცვა მე უსჯულოებისა ჩემისაგან" - მივემსგავსო უფალს ჩემი ქმედებით, მასავით უბიწო ვიქმნე. ცხადია, ეს კაცისთვის შეუძლებელია, მაგრამ დავითი ბრძანებს, სრულყოფილებისკენ, საღმრთო უბიწოებისკენ ვილტვოდე, ვისრაფოდე და ამით "განვერე" უსჯულოებისგან, რომელსაც ვჩადი: ჩემი უსჯულოების მიმტევებელი სწორედ საღვთო უბიწოებისკენ სწრაფვა, ღვთისკენ ლტოლვა იქნებაო.
24. "და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ხელთა ჩემთაისა წინაშე თუალთა მისთა" - კვლავ გრძელდება წინა მუხლებში დაწყებული აზრი. ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველი კვლავ იმეორებს: ჩემი სიმართლისაებრ მომაგოს უფალმაო. არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ჩვენი სიმართლით რომ მოგვაგოს უფალმა, განვმართლდებით; ჩვენს კეთილ საქმეებს მან ფასი დაადო და ამ ფასით სძლევს იმ ბოროტ, უკეთურ საქმეებს, რომლებიც ჩაგვიდენია. სწორედ ამას გულისხმობს დავით წინასწარმეტყველი. წმინდა ისააკ ასური ბრძანებს: არავინ თქვას, ღმერთი სამართლიანიაო. უფალი რომ სამართლიანი იყოს, ვერც ერთი ვერ გადავრჩებოდით. ღმერთი მრავალმოწყალეა და მისი სამართალი მრავალმოწყალებააო. კაცობრივი სამართალია, იმის მიხედვით მიაგო კაცს, რისი ღირსიც არის, უფლის სამართალი კი მოწყალებისაებრ მიაგებს კაცს და ამასვე მოგვიწოდებს თითოეულ ჩვენგანს.
25-26. "წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოისა თანა უბრალო იყო; და რჩეულისა თანა რჩეულ იყო და დრუკისა მისგან განეშორო" - ფსალმუნის ეს მუხლიც წინასწარმეტყველურია. როდესაც უფალი დედამიწაზე მოვიდა, ვიცით, რომ მეთევზეებთან და უბრალო ხალხთან იყო. უფალი უბრალოსთან უბრალოა, წმინდასთან წმინდაა, მაგრამ ვინც უფალს განშორებულია, მასთან ღმერთი არ არის, მისგან განზე დგება.
27. "რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თუალნი ამპარტავანთანი დაამდაბლნე" - უფალი თავისი მრავალმოწყალებით მდაბალს აცხოვნებს და ამპარტავანს დაამდაბლებსო, - ბრძანებს დავითი. ამპარტავანს კი იმის გამო დაამდაბლებს, რომ მისი ამპარტავნება განქარვდეს და ისიც გამოიხსნას უფალმა ამპარტავნებისგან.
28. "რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო; ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი" - დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ამ მუხლში წარმართობის ბნელიდან კაცობრიობის გამოხსნაზე საუბრობს.
29. "რამეთუ შენ მიერ ვიხსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავხდე ზღუდესა" - უფალმა გვიხსნას განსაცდელისგან - ბოროტის ქმედებებისგან, ბოროტის მოწოდებული აზრებისგან და "ღვთისა ჩემისა მიერ გარდავხდე ზღუდეს". ზღუდეებს, რომლებიც ეშმაკმა დაუდო ადამიანს და შეკრა ძველ აღთქმაში, ღვთის შემწეობით გარდავხდე და განვეშოროო, - ბრძანებს მეფსალმუნე.
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)