ფსალმუნნი X და XI
1. "უფალსა ვესავ; ვითარცა ეტყვით სულსა ჩემსა:
იცვალებოდე მთათა ზედა, ვითარცა სირი" - სიტყვა "სირი" ფრინველს ნიშნავს. "იცვალებოდე მთათა ზედა, ვითარცა სირი" - აქ, როგორც მამები განგვიმარტავენ, ამქვეყნიურ ამაოებაზე ამაღლება და სიწმინდის მიღწევა უნდა ვიგულისხმოთ. ფსალმუნის ამ მუხლში დავითი შემდეგს ბრძანებს: როგორც ფრინველი დაფრინავს მთათა ზედა, ასევე ამაღლდი შენც, სულო ჩემო, ამქვეყნიურ ამაოებაზე, ღვთის დიდებასა და სიწმინდეში დაივანე და ამით ესვიდე - ადიდებდე უფალსო. ფსალმუნებს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფსალმუნი მეათე2. "რამეთუ აჰა ესერა ცოდვილთა გარდააცუეს მშვილდსა მათსა და განჰმზადეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რაითამცა ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელთა" - "ცოდვილთა" ანუ ბოროტმა სულებმა განამზადეს თავიანთი მშვილდ-ისარი საბრძოლველად, რათა "ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელთა" - წარმართობის ბნელში რომ დაემონებინათ ადამიანები. ეშმაკი არა მარტო წარმართობის, ნებისმიერ დროსაა აღძრული გულით წრფელთა დასამონებლად.
3. "რამეთუ რაი იგი შენ აღაშენე, მათ დაარღვიეს; ხოლო მართალმან რაი ყო?" - უფალო, "მათ" - ეშმაკებმა ყოველივე დაარღვიეს, რაც შენ აღაშენე და შენს სადიდებლად ქმენ - ეს ქვეყანა, ადამიანის სულიც... ცხადია, ადამიანი საკუთარი თავისუფალი ნებით დაეცა, მაგრამ ეშმაკის მოწოდებით. მას შემდეგ ეშმაკი გამუდმებით, განუწყვეტლივ ცოდვისკენ მოუწოდებს ადამიანს...
4. "უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი; თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა" - არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ უფალი მყოფობს მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ადგილას, თუნდაც ზეცაში - უფალი ყველაფერს აღავსებს, არც მატერიალურ და არც არამატერიალურ სამყაროში არ არსებობს ადგილი, ღმერთი რომ არ მყოფობდეს, მაგრამ ყველგან ერთნაირად არ გვიმჟღავნებს თავის სახიერებას. მაგალითად, ჯოჯოხეთში წარმოგვიდგება როგორც მართლმსაჯული, სასუფეველში კი, სადაც ღვთის ნებას არ აღუდგება წინ ადამიანის თავისუფალი ნება, ყველაზე მეტად გამოავლენს თავის გულმოწყალებას. ამიტომაც იწოდება სასუფეველი ღვთის საყდრად, მის საუფლოდ. უფალი არ ერევა ადამიანის თავისუფალ ნებაში, მაგრამ იქ, სადაც ღვთის ნებას არ ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფალი ნება, უფალი ყველაზე მეტად გამოავლენს თავის მრავალმოწყალებას. როგორც ვთქვით, "თვალნი მისნი" ყველაფერს ხედვენ - უფალი ყველგან მყოფობს და "განიკითხავენ ძეთა კაცთასა".
5. "უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთოი, ხოლო ვის უყვარს სიცრუვე, მას სძულს სული თვისი" - აქ განკითხვაში იგულისხმება შეწევნა, დახმარება. ამ მუხლში დავითი ბრძანებს - უფლის თვალი არ შორდება მართალს და განიკითხავს - შეეწევა მასო. ეს არის პასუხი მესამე მუხლში დასმულ კითხვაზე: "ხოლო მართალმან რაი ყო?" სიცრუის, ტყუილის მოყვარეს კი საკუთარი სული სძულს - დასაღუპად ჰყავს განწირულიო. უფალი მართალს მართლისას მიაგებს, უღმრთოს კი უღმრთოსას.
6. "წვიმის ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაი და სული გრიგალისაი - ნაწილი სასუმელისა მათისაი" - ის ცოდვილები, რომლებიც უსინანულოდ გაატარებენ ამქვეყნიურ ცხოვრებას, მარადიულ წარსაწყმედელს დაიმკვიდრებენ. "წვიმის სახე, ცეცხლი და წუნწუბაი" - ეს ყოველივე იმ გაგებით, ჩვენ რომ წარმოვიდგენთ, ჯოჯოხეთში არ არის, მაგრამ წინასწარმეტყველი ჯოჯოხეთურ განცდას, მდგომარეობას იმას ადარებს, რაც ადამიანის გონებას შეუძლია წარმოიდგინოს. შესაძლოა, ცეცხლის წვიმა გაცილებით ადვილი ასატანი იყოს ადამიანისთვის, ვიდრე ჯოჯოხეთური განცდა, რომელზეც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს.
7. "რამეთუ მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან" - რადგან უფალი მართალია, სიმართლე შეიყვარა. მისი პირის წინაშე მხოლოდ სიწრფოებაა, დანარჩენს ყველაფერს განაქარვებს.
P.S. მეათე ფსალმუნი დავითმა მტრების დამარცხების შემდეგ დაწერა. მასში მოთხრობილია, როგორ შეეწევა უფალი მართალთ და განაქარვებს მას, ვინც ღვთის სიმართლესა და ჭეშმარიტებას წინ აღუდგება.
ფსალმუნი მეთერთმეტე
1. "მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაი, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან" - მეთერთმეტე ფსალმუნი ეხმიანება მერვე ფსალმუნს და მასში მოთხრობილს განაგრძობს. კერძოდ ამ მუხლში კი დავით წინასწარმეტყველი მიმართავს უფალს: ღმერთო, შემეწიე და მაცხოვნე, რამეთუ ადამიანთა შორის ჭეშმარიტება შემცირდაო. დღესაც ძალზე შემცირებულია ჭეშმარიტება და სიწრფოება კაცთა შორის...2. "ამაოსა იტყოდა კაცად-კაცადი მოყუასისა მიმართ თვისისა, ბაგითა ზაკულითა გულსა შინა და გულსა შინა იტყოდა ბოროტსა" - ადამიანები ღვთის დიდებას კი არ იტყვიან და უფლის სადიდებელ საქმეთა ქმნისთვის კი არ მეტყველებენ, არამედ ამაოდ, მზაკვარი ბაგეებით გამოთქვამენ იმ მზაკვრობას, ბოროტებას, რაც გულში აქვთ.
3. "აღხოცენ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუვარნი და ენაი დიდადმეტყუელი" - ბაგემზაკვარნი, უპირველესად, ეშმაკები არიან, შემდეგ კი ყველა ის ადამიანი, ვინც საქმით ეშმაკის მიმდევარია. ასეთებს უფალი აღხოცავს და განაქარვებს.
4. "რომელთა თქუეს: ენაი ჩუენი განვიდიდოთ, ბაგენი ჩუენნი ჩვენ თანა არიან; და ვინ ჩუენდა უფალ არს?" - "რომელთა" ანუ ეშაკთა "თქუეს" - ადამიანების დასმენითა და მათი ცოდვების აღრაცხვით გავიდიდოთ თავიო. თუ ასეთი მჭევრმეტყველნი ვიქნებით, ვინ იქნება ჩვენი უფალი, თუ არა ჩვენვეო.
5. "ჭირისათვის გლახაკისა და სულთქმისათვის დავრდომილთაისა აწ აღვდგე, იტყვის უფალი, დავდვა ცხორებაი და განვცხადნე მას ზედა" - უკვე რამდენჯერმე განვმარტეთ, რომ "გლახაკნი" ძველი აღთქმის პერიოდში მცხოვრები ადამიანები არიან. სულიერად დავრდომილი იყო ადამიანი ძველ აღთქმაში, რადგან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მხსნელი. უფალი - განკაცებული მაცხოვარი ბრძანებსო, - ამბობს წინასწარმეტყველი, - დაგლახაკებულ ადამიანთა ზედა გამოვცხადდები, ჩემს სიცოცხლეს დავდებ მათთვის და აღვდგები, რათა შევეწიო მათ და გამოვიხსნა ეშმაკის ხელიდანო.
6. "სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვერცხლ გამოხურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმენდილ შვიდწილად" - როგორც ვერცხლია ცეცხლში განწმენდის შემდეგ სუფთა მინარევებისგან, ასეთივე წმინდაა ღვთის სიტყვა. ის არ შეიცვლება, მას ვერავითარი სიბილწე ვერ შეერევა. რაც უფალმა ბრძანა, უცილობლად აღესრულება - მოვა მესია და გამოიხსნის კაცობრიობას ეშმაკის ხელიდან.
7. "შენ, უფალო, მაცვნე ჩუენ და დაიმარხნე ჩუენ ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე" - შენ დამიცავი, უფალო, ახლაც, შენი მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც და უკუნისამდე - მარადისობაშიც.
8. "გარემოის უღმრთონი ვლენან; სიმაღლითა შენითა დაიცვენ ძენი კაცთანი" - ბოროტი სულებითაა სავსე ქვეყანა და შენ დაგვიცავი, უფალო, დაცემული სულებისგან იმ სიწმინდით, შენ რომ გაქვს. უფლის სიწმინდე ზეაღმატებულია ყველა იმ სიწმინდეზე, რისი წარმოდგენაც ჩვენ შეგვიძლია.
P.S. მეთერთმეტე ფსალმუნი წინასწარმეტყველურია. მასში ნაწინასწარმეტყველებია მაცხოვრის ხორციელად სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა, რაც უფალმა აღუთქვა კაცობრიობას. შესაბამისად, ჩანს იმედიც ადამიანებისა, რომ უფალი შეეწევა გლახაკსა და დავრდომილს, ბოროტსა და მზაკვარს კი განაქარვებს.