"აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი"
"აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი"
ფსალმუნი მეცხრე
მეცხრე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

1. "აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი" - როგორ უნდა აღიარო უფალი? "ყოვლითა გულითა", მთელი არსებით. ღვთის ყველა საკვირველება მოვუთხროთ ყველა ადამიანს. ღვთის უდიდესი საკვირველება კი არის ის, რომ განკაცნა და თავისი თავის მსხვერპლშეწირვით გამოიხსნა დაცემული კაცობრიობა. თუ კაცი უფალს გულით მიენდობა და აღიარებს, მის საკვირველებას ვერ დაიტევს, თუკი ამის შესახებ სხვასაც არ უთხრა, სხვებსაც არ გაუზიარა. ამას იქმოდნენ სწორედ მოციქულები.

2. "ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა, მაღალო" - როდესაც გულით გაღიარებ, სულიერ შვებას ვიგრძნობ, - მიმართავს დავითი უფალს. როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, მისი სული და გული ივსება სულიწმინდის მადლით და ამით ხარობს. უფალი ყველგან მყოფობს, თითოეული ადამიანის გულში, მაგრამ როდესაც თვით ადამიანი უხსნის გულისკარს ღმერთს, მას მთლიანად აღავსებს საღმრთო მადლი.

3. "რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა" - წმინდა წერილში "მტერი" - ეშმაკია. მტერი - ბოროტი სული უკუიქცა მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ, დამარცხდა მაცხოვრის ჯვარცმით და მოუძლურდა - დაკარგა ძალაუფლება ადამიანზე, თუ თვითონ ადამიანი არ მისცემს ეშმაკს მასზე ზემოქმედების ნებას.

4. "რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დასჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო"
- გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი: დამონებული კაცობრიობა არა ადამიანის დამსახურებით, არამედ თავისი სიმართლით და გულმოწყალებით გამოიხსნა უფალმა ეშმაკის მონობისგან. "დასჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო" - აქ განკაცებულ მაცხოვარზეა საუბარი.

5. "შეჰრისხენ შენ წარმართთა და წარწყმდა უღმერთოი; სახელები მათი აჰხოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე"
- როგორ შერისხა უფალმა წარმართნი? როგორ აღხოცა მათი სახელი უკუნითი უკუნისამდე? წარმართები ქრისტიანები გახდნენ, თავად წარმართობაც სამარადჟამოდ განადგურდა.

6. "მტერისა მახვილნი მოაკლდეს სრულიად და ქალაქნი აღაოხრენ; წარწყმდა სახსენებელი მათი ღაღადებით"
- ეშმაკების, ბოროტი სულების სახსენებელი წარწყმდა ღაღადებით. როგორც ვთქვით, მაცხოვრის ჯვარცმამდე ეშმაკს დიდი ძალაუფლება ჰქონდა ადამიანზე, მაგრამ ჯვარცმის შემდეგ მას აღარ აქვს ის მახვილი, რითაც კაცის განგმირვა შეუძლია. "ქალაქნი აღხოცენ" ანუ მათი სამყოფელი აღხოცენო, - ბრძანებს დავითი. ეშმაკს ძალაუფლება ჰქონდა მთელ ხილულ სამყაროზე და ის წაერთვა. სახარებაში არაერთ ადგილას გვხვდება - როდესაც უფალი ეშმაკეულიდან ეშმაკებს დევნიდა, ისინი ღაღადებით გადიოდნენ.

7. "და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თვისი"
- უფალი ამ დრომდეც იყო და იგი არაფრით შეცვლილა, მაგრამ მაცხოვრის ჯვარცმით ეშმაკის ძლევისა და დამარცხების შემდეგ უფალმა თავისი საყდარი სამარადჟამოდ სიმართლეზე ააგო, არა ისე, როგორც ეშმაკს ჰქონდა სიცრუეზე აგებული, როდესაც ის იყო სამყაროს მბრძანებელი. ღმერთის, ძე კაცისას - იესოს ქრისტეს საყდარი სიმართლეზეა აგებული და სიმართლით განაგებს მომავლის სამსჯავროს.

8. "და თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით და განიკითხნეს ერნი სიწრფოებით"
- წუთისოფლიდან გასვლის, საბოლოოდ კი მეორედ მოსვლის ჟამს უფალი სიმართლითა და სიწრფოებით - სიყვარულით, სიტკბოებით განსჯის, განიკითხავს ადამიანებსო, - გვამცნობს წინასწარმეტყველი, რადგან უფალი ყველა ადამიანში ცხონების მიზეზს ეძებს და არა წარწყმედისას.

9. "ეყო უფალი შესავედრებლად დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა"
- ფსალმუნის ეს მუხლიც წინასწარმეტყველურია: უფალი სწორედ იმ დროს მოვიდა, "ეყო შესავედრებლად" ადამიანებს, როდესაც სულიერად დავრდომილი კაცობრიობა ეშმაკის მონობაში იმყოფებოდა და ძალა არ შესწევდა თავის გადარჩენისა.

10. "და გესვიდენ შენდამი ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო"
- აქ დავითი შემდეგს ბრძანებს: უფალო, ვინც შენი სახელი იცის, ყველანი "გესვიდენ" - გსასოებენ და არც ერთი ადამიანი არ იქნება დატოვებული ეშმაკის ხელქვეით, ვისაც უფლის იმედი აქვს. ღვთის მაძიებელი და მსასოებელი ყველა ადამიანი გადარჩება.

11. "უგალობდით უფალსა, რომელი დამკვიდრებულ არს სიონს, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი"
- იმ უფალს ვუგალობოთ, რომელიც სიონს შინა არს დამკვიდრებული: უფალი სიონის მთიდან, ზეთისხილის მთიდან ამაღლდა, ამავე ადგილას ეცვა ჯვარს, ე.ი. იმ უფალს ვუგალობდით, რომელიც ჩვენთვის განკაცდება და ჯვარს ეცმევაო, - წინასწარმეტყველებს დავითი. "მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი" - აქ ღვთის მიერ წინდაწინვე ნაუწყებია მოციქულთა ქადაგება წარმართთა შორის.

12. "რამეთუ რომელი გამოიძიებს სისხლთა მათთა, მოიხსენა და არა დაივიწყა ღაღადებაი დავრდომილთაი"
- ვინ გამოიძიებდა თითოეული ადამიანისთვის? - ეშმაკი. იძიებდა, რომ ადამიანების სულები მოეპოვებინა ჯოჯოხეთისთვის. ძველი აღთქმის პერიოდში მთელი კაცობრიობა, - როგორც იუდეველები, ასევე წარმართები, - დავრდომილი იყო, რამეთუ ხსნა სულიერად არც იუდეველობაში იყო და მით უმეტეს - არც წარმართობაში.

13. "მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან, რომელმან აღმამაღლე მე ბჭეთაგან სიკუდილისათა"
- ეს მუხლი ფსალმუნისა წინასწარმეტყველურია. "იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან" - იგულისხმება მაცხოვრის სიმდაბლით მოსვლა. ღმერთი მოდის კაცის სახით - ეს უდიდესი სიმდაბლის გამოვლინებაა. "აღმამაღლე მე ბჭეთაგან სიკუდილისათა" - ეს სიტყვები მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას მოასწავებს.

14. "რაითა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა; ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა"
- "ბჭეთა ასულისა სიონისათა" - ამ სიტყვებში, როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, უნდა ვიგულისხმოთ მიწიერი ეკლესია. მიწიერი ეკლესია სასუფევლის ბჭეა. თუ არა ამ ბჭედან, სხვაგვარად ადამიანი სასუფეველში ვერ მოხვდება. აქ, ეკლესიაში, "მიუთხრა", უფალო, შენი დიდება და შენი ქება და ვიხარებდეთ ღვთის ცხოველმყოფელობითო, - ბრძანებს წინასწარმეტყველი.

15. "დაინთქეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერხი მათი"
- წარმართებში უნდა ვიგულისხმოთ არა ადამიანები, არამედ ეშმაკები. მან შექმნა მახე ადამიანებისთვის. აქ კი იგულისხმება, რომ ეშმაკმა მახე მაცხოვარს დაუგო - ადამიანების დახმარებით ჯვარზე სიკვდილი გამოუტანა განაჩენად, მაგრამ თვითონვე იქნა შეპყრობილი ჯვრის ცხოველმყოფელობით ჯოჯოხეთში.

16. "განცხადებულ არს უფალი ყოფად საშჯელისა, საქმითა ხელთა თვისთაითა შეიპყრა ცოდვილი. დიაფსალმაი"
- გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი: უფალმა "საქმითა ხელთა თვისთაითა შეიპყრა ცოდვილი" - იმითვე შეიპყრო ეშმაკი, რაც ბოროტმა განამზადა - ჯვარი მაცხოვრისთვის, ყველაზე სამარცხვინო სიკვდილი.

17. "მიიქცნენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმრთისაი"
- ამ მუხლშიც დავით წინასწარმეტყველი, მისი პირით კი უფალი გვეუბნება: ყოველი ცოდვილი, ყოველი წარმართი, რომელსაც ღმერთი დავიწყებია, ჯოჯოხეთად მიიქცესო. როგორც ვთქვით, წარმართებში პირველ ყოვლისა იგულისხმება არა ადამიანი, არამედ ეშმაკი. "მიიქცნენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს" - ყველა ეშმაკის სამკვიდრებელი საბოლოოდ ჯოჯოხეთში იქნება, ასევე ყველა ადამიანისაც, ვინც ღვთის საპირისპიროდ წარემართება და დაივიწყებს უფალსა და მის მცნებებს.

18. "რამეთუ არა სრულიად დაივიწყოს გლახაკი და თმენაი დავრდომილთაი არა წარწყმდეს სრულიად"
- გლახაკებში იგულისხმებიან ადამიანები: გამოხსნამდე ისინი დაგლახაკებულნი იყვნენ ეშმაკის მბრძანებლობით, იმით, რომ არ შეეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ ბოროტისთვის და რაიმე სულიერი სიმდიდრე მოეპოვებინათ, მაგრამ მოვიდა უფალი და "არა წარწყმდეს სრულიად" - რათა კაცნი სრულად არ დაღუპულიყვნენ. სწორედ უფლის მოსვლის გამო არ წარწყმდნენ ადამიანები სრულად და არ დაინთქნენ ცოდვილნი და წარმართნი ჯოჯოხეთად.

19. "აღდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნედ წარმართნი შენ წინაშე"
- აქ იგულისხმება უფლის აღდგომა. ამ დრომდე ადამიანები გარეგნულად თითქოსდა თავიანთ თავზე იყვნენ მინდობილნი, მაგრამ შინაგანად ეშმაკს ემორჩილებოდნენ, ადამიანის გონება ეშმაკს ჰქონდა დაბნელებული. როდესაც დავითი ბრძანებს: "ნუ ძლიერობნ კაცი" - უფალს მიმართავს: შენი აღდგომით ისე ვეღარ იძლიერებს კაცი, როგორც წარმართობის დროს იქმოდაო. "ისაჯნედ წარმართნი შენ წინაშე" - როგორც ვთქვით, წარმართთა დასჯა და განადგურება ნიშნავს არა წარმართობის მიმდევართა, არამედ თავად წარმართობის განადგურებას. წარმართობა კი განადგურდა იმით, რომ მისი მიმდევრები ქრისტიანებად იქცნენ.

20. "დაადგინე, უფალო, სჯულისმდებელ მათ ზედა; გულისხმაყვედ წარმართთა, რამეთუ კაცნი არიან. დიაფსალმაი"
- შენი აღდგომის შემდეგ გულისხმაყვეს წარმართთა, რომ კაცნი - ღვთის ქმნილებები არიან და მათ არ შეუძლიათ იმძლავრონ ერთმანეთზე, მით უფრო არ შეუძლიათ აღემატებოდნენ უფალს. აღდგომის შემდეგ უფალმა დაადგინა სჯულისმდებელნი - მოციქულები, მღვდელმთავარნი ადამიანთა ზედა, რათა ისინი ღვთის გზაზე დამდგარიყვნენ, გაეგოთ უფლის აღდგომის არსი და უფალი ედიდებინათ.

21. "რად-მე, უფალო, დასდეგ შორს და უგულებელსმყოფ ჩუენ ჟამსა ოდენ ჭირისასა?"
- დავითი კითხვით მიმართავს უფალს - რატომ დადგები, უფალო, შორს? უფლის შორს დადგომა მისი შეწევნის მოკლებას ნიშნავს. "უგულებელსმყოფ ჟამსა ოდენ ჭირისასა?" - განსაცდელის დროს რატომ უგულებელგვყოფ, რატომ მიგვატოვებ, უფალო? აქ არ იგულისხმება, რომ უფალი სამუდამოდ ტოვებს ადამიანს, არამედ მიუშვებს გარკვეულ ჟამს, რათა სიმტკიცე გამოიჩინოს და კიდევ უფრო გაძლიერდეს სულიერად.

22. "ამპარტავანებასა და უღმრთოისასა შეიწუვინ გლახაკნი; შეპყრობილ იქმნენ იგინი ზრახვასა მათთაგან, რომელთაცა ზრახვენ"
- ამპარტავანი და უღმრთო უპირველესად ეშმაკია, ის ამპარტავნებით ადამიანს გაცილებით აღემატება. სწორედ მისი ამპარტავნებითა და უღმრთოობით დაზარალდნენ გლახაკნი, მაგრამ იმ მახეში, რომელიც ადამიანებს დაუგეს, თავადვე გაებნენ.

23. "რამეთუ იქებინ თავით თვისით ცოდვილი გულისთქმათა შინა სულისა თვისისათა და უღმრთოი იკურთხევინ" - ცოდვილი გულში ფიქრობს, თითქოს უღმერთო განდიდებულია და თვითონაც ამიტომ სჩადის ცოდვას.

24. "განარისხა ცოდვილმან უფალი, მრავლისა გუსიწყრომითა მისითა არა გამოიძიოს; არა არს ღმერთი წინაშე მისსა"
- სწორედ ამგვარი აზრებით, საქციელით განარისხებს ადამიანი უფალს, რის შესახებაც ფსალმუნის წინა მუხლში ვსაუბრობდით. როდესაც დავითი ბრძანებს - "მრავლისა გულისწყრომითა მისითა არა გამოიძიოს" - უფალს კი არ გულისხმობს, არამედ ადამიანს - მას, ვისაც აქვს გულისწყრომა სხვა ადამიანების მიმართ, ცუდს განიზრახავს მისთვის. ასეთი კაცისთვის ღმერთი აღარ არსებობს, რადგან თავად მიატოვა უფალი. თავისი საქციელით იმდენად შორდება ღმერთს, რომ მისთვის უფლის მრავალმოწყალება აღარ არსებობს.

25. "ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსამე ჟამსა, მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა და ყოველთა მტერთა მისთა ზედა იგი ეუფლებინ"
- ასეთი ადამიანის გზა, მისი ნებისმიერი ქმედება "ყოველსა ჟამსა" ბილწია. აღარაფერს იქმს სამართლიანს - იმ სიმართლეს, რაც უფალმა მისცა. ცდილობს, ყველას მბრძანებელი იყოს.

26. "რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: არა შევიძრა მე თესლითი-თესლამდე თვინიერ ძვრისა" - გულში კი ფიქრობს: არასოდეს ჩავვარდები ცდომილებაში, იმ აზრებითა და საქმეებით, რასაც ვიქმ, მარადიულად სიმტკიცეში ვიქნებიო.

27. "წყევითა და სიმწარითა და ზაკუვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა ქუეშე არს შრომაი და სალმობაი"
- წყევითა, სიმწარითა და ზაკვითა - ყოველივე ბოროტებას იქმს მისი ბაგეები, სიმწარითაა სავსე მისი ენა. ფიქრობს, რომ შრომითა და სალმობით, წყლულებით სხვას დაჩაგრავს.

28-29. "დაჯდეს იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკვლად უბრალოისა. თვალნი მისნი გლახაკსა ხედვენ; მზირინ ფარულად ვითარცა ლომი საყოფელსა თვისსა; მზირინ იგი მიტაცებად გლახაკისა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისსა"
- გლახაკებში, როგორც უკვე ვთქვით, იგულისხმებიან ძველი აღთქმის ადამიანები. ფსალმუნის ამ მუხლში დავითი ბრძანებს: გლახაკთა, ადამიანთა მოკვლა, სულიერად განადგურება სურდა ბოროტს, "თვალნი მისნი" - მისი მზერა განუწყვეტლივ ადამიანებისკენ იყო მიპყრობილი, მხოლოდ იმას ფიქრობდა, როგორ წარეწყმიდა კაცი. როგორც ლომი ელოდება თავის მსხვერპლს, ასე ელოდა ეშმაკი თითოეული ადამიანის სულს, რათა მიეტაცებინა და დაეღუპა.

30. "მახითა თვისითა დაამდაბლოს იგი; დამდაბლდეს და დაეცეს, რაჟამს ეუფლებოდის იგი გლახაკსა"
- ეს მუხლიც ბოროტს მიემართება: ფსალმუნთა ერთ-ერთ მუხლში დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: "მატლ ვარ და არა კაც..." იოანე საბანისძე განმარტავს, რომ მატლი თავად მაცხოვარია, უფალმა ეს სიტყვები საკუთარ თავზე თქვა. ამის წაკითხვისას შევძრწუნდებით კიდეც: როგორ შეიძლება ქრისტეს მატლი ეწოდოს?! მაგრამ მივყვეთ განმარტებას: "როგორც ჭკვიანი მეთევზე მატლით ფარავს ანკესს, ასევე დაფარა უფალმა თავისი ღვთაებრივი ბუნება ადამიანური ბუნებით. გადაუგდო და დაიჭირა უზარმაზარი ვეშაპი - ეშმაკი". ეშაკს რომ ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება ენახა, მაშინვე განეშორებოდა მას. სწორედ ეს შეიძლება ვიგულისხმოთ ფსალმუნთა ამ მუხლშიც. ეშმაკი, როგორც გლახაკს, ადამიანს, ისე დაეუფლა მაცხოვარს, ეგონა, ქრისტე უბრალოდ წმინდა კაცი იყო. სწორედ მაშინ იქნა შეპყრობილი და დამარცხებული. ბოროტი სული სწორედ ადამიანური ბუნებით იქნა მოტყუებული.

31. "რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არახილვად სრულიად"
- ეშმაკმა გულსა შინა თქვა: დაივიწყა უფალმა კაცობრიობა, ადამიანებისგან პირი მიიქცია და როგორც მე მსურს, ისე მოვექცევი ადამიანებსო. ამ იმედით აკეთებდა ბოროტი ყველაფერს.

32. "აღდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად"
- ამ მუხლში დავითი მიმართავს უფალს: როდესაც აღესრულება წინასწარმეტყველება - ჯვარს გაცვამენ და კვდრეთით აღდგები, მიხედე, ნუ დაივიწყებ გლახაკთა - სულიერად დავრდომილ კაცობრიობასო.

33. "რად-მე განარისხა უღმრთომან ღმერთი? რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: არა გამოიძიოს"
- უღმერთო, როგორც ეშმაკი, ასევე ადამიანი, გულში ფიქრობს - ღმერთი მაინც არ გამოიძიებს, არ მოხედავს კაცობრიობას, არ მომკითხავს და რასაც მსურს, იმას ვიქმო. სწორედ ამით განარისხებს უფალსო, - ბრძანებს დავითი.

34. "ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი, რაითამცა მოგეცა შენ იგი ხელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე"
- უფალო, შენ ხედავ ყველა იმ სალმობას, წყლულებასა და რისხვას, რაც ეშმაკმა ადამიანებზე მოაწია, თვითონ შენს თავზეც განიცდი მასო - ვიცით, რომ უფალმა თავისი ჯვარცმით იტვირთა უძლურებანი კაცთა. ამისთვის ხორციელად იგემა ჯვარცმა და ტანჯვა. "შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე" - შენ შეეწევი სულიერად დავრდომილ და დაობლებულ კაცობრიობასო - როდესაც ადამი გამოიდევნა სამოთხიდან, კაცობრიობა ობლად დარჩა, ისევე როგორც ბავშვი რჩება ობლად მშობლების გარდაცვალებით - გასაჭირში ვარდება. მიწიერი საზრდო, მიწიერი საჭიროებები ნაკლებად აქვს და ძნელად მოიპოვებს. მსგავსად ამისა, ვეღარც ადამიანი ღებულობდა იმას, რისთვისაც იყო შექმნილი, მაგრამ უფალი შეეწია სულიერად დავრდომილ კაცობრიობას, არ დაუტოვებია ამ მდგომარეობაში, მოვიდა, გამოიხსნა და დაუბრუნა სამოთხე.

35. "შემუსრე მკლავი ცოდვილისა და უკეთურისაი; იძიოს ცოდვაი მისი და არა იპოოს"
- უფალმა ეშმაკის მკლავი - ადამიანებზე ძალაუფლება შემუსრა. მაცხოვრის მოსვლის შემდეგ, კიდეც რომ ვეძიოთ, ვეღარსად ვნახავთ ეშმაკის იმ ძალაუფლებას კაცობრიობაზე, რაც მას მაცხოვრის მოსვლამდე ჰქონდაო, - ბრძანებს დავითი.

36. "უფალი მეუფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; წარწყმდენ წარმართნი ქუეყანით მისით"
- ყველაფრის მეუფე, მბრძანებელი უფალია "უკუნითი-უკუნისამდე" - მარადიულად და "წარწყმდენ წარმართნი ქუეყანით მისით" - ეშმაკი კი წარწყმდეს და განიდევნოს ყველა იმ ადგილიდან, სადაც უფალი მბრძანებლობს: უფლის მეორედ მოსვლის შემდეგ ყველა ეშმაკი ჯოჯოხეთში დაინთქმება. უფლის ქვეყანაში - მარადიულ სასუფეველში ბოროტ, დაცემულ სულებს ვეღარსად ნახავ.

37. "ნებაი გლახაკთაი ისმინე, უფალო; განმზადებასა გულისა მათისასა ერჩოდა ყური შენი" - გლახაკთა, ადამიანების კეთილი ნება ისმინე, უფალო, მათ გული განამზადეს შენდამი, ამას "ერჩოდა ყური შენი" - ადამიანებს რომ სურდათ და შესთხოვდნენ უფალს წყალობას, მოხედე კაცობრიობასო.

38. "განკითხვად ობლისა და გლახაკისა, რაითა არა დაჰრთოს კაცმან კუალადცა მდიდრად სიტყუაი ქუეყანასა ზედა" - უფალო, იმისთვის მოხედე ადამიანებს, რომ აღარ იყოს ამქვეყნად ის, რაც მაცხოვრის მოსვლამდე იყო, მით უფრო - აღარ იყოს მცხოვრის მეორედ მოსვლის შემდეგ იმქვეყნად - სასუფეველში, სადაც უფალი იმეფებს, მისი ყოველი ნება აღესრულება.

P.S.
მეცხრე ფსალმუნი, ისევე როგორც ფსალმუნთა უმეტესობა, წინასწარმეტყველურია. ძირითადად ნაწინასწარმეტყველებია მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში იყო კაცობრიობა ამ დრომდე და რა მოხდებოდა მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ; როგორ ბატონობდნენ დაცემული სულები კაცობრიობაზე და როგორ დაკარგავდნენ ეშმაკები მაცხოვრის ჯვარცმითა და აღდგომით ძალაუფლებას ადამიანებზე. ცხადია, ამის შემდეგაც ვცოდავთ, მაგრამ გამოხსნის შემდეგ თუ ადამიანი თავისი თავისუფალი ნებით თვითონვე არ ჩაუგდებს თავს ხელში ეშმაკს, ის მასზე ვეღარ ბატონობს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
12.09.2013
სამოცდამეთექვსმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
29.08.2013
სამოცდამეთექვსმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
29.08.2013
კანონი 20
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler