ფსალმუნი მერვე
მერვე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):1. "უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდადშვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა" - უფალო, რა საკვირველია, რამხელაა შენი სახელი ქვეყანასა ზედა! თუკი რაიმე ხილული არსებობს ამქვეყნად, ყოველივე შენი სახელითა და საკვირველებითაა აღსავსე, - მიმართავს დავითი უფალს.
"ამაღლდა დიდადშუენიერებაი შენი ზესკნელს ცათა" - არა მარტო ამქვეყნად, მიღმა სამყაროშიც ყველაფერი შენი მშვენიერებითაა აღსავსე.
2. "პირითა ყრმათა ჩჩვილთა მწოვართაითა დაამტკიცე ქებაი მტერთა შენთათვის, რაითამცა დაიხსნა მტერი იგი და შურისმგებელი" - როდესაც მაცხოვარი იერუსალიმში შედიოდა, ადამიანები "ოსანას" შეძახილით ადიდებდნენ უფალს. იქ მყოფთა შორის არა მხოლოდ ზრდასრულნი, ჩვილი, ყრმა ბავშვებიც კი, რომელთაც ჯერ სიტყვაც არ წარმოეთქვათ, ღაღადებდნენ: "ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!" სწორედ ამაზეა ამ მუხლში წინასწარმეტყველება.
"დაამტკიცე ქებაი მტერთა შენთათვის" - ეს ქება უფალს კი არ სჭირდებოდა, არამედ საჭირო იყო იმისათვის, რომ ფარისეველნი, სადუკეველნი და ყველა წინააღმდგომი უფლისა სირცხვილეულ ქმნილიყვნენ და გახსნოდათ გონება იმის შემხედვარეთ, რომ ბავშვებიც კი, რომელთაც სიტყვის თქმაც არ შეეძლოთ, სრულყოფილი სიტყვებით ადიდებდნენ უფალს. ეს სასწაული იყო და მწიგნობრები, რომლებმაც კარგად იცოდნენ ძველი აღთქმა, და მათ შორის - ფსალმუნებიც, უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ის, ვისაც ჩვილი ყრმები აქებდნენ, მხსნელი იყო კაცობრიობისა.
"რაითამცა დაიხსნა მტერი იგი და შურისმგებელი" - აქ იგულისხმება უფლის მიერ ადამიანების დახსნა "მტერისა და შურისმგებელისგან" - ეშმაკისგან. ამ სიტყვებში შეიძლება ვიგულისხმოთ განკაცებული უფლის მტრებიც, რომელთაც ჯვარს აცვეს მაცხოვარი. უფალმა მათ დასახსნელადაც აღასრულა ყოველივე, მას არც ერთი ადამიანი არ დაუტოვებია ხსნის გარეშე. როდესაც უფალი მოვიდა და თავისი სისხლით გამოიხსნა კაცობრიობა, თითოეული ადამიანი გამოიხსნა - ადამიდან დაწყებული, სამყაროს აღსასრულის ჟამს მცხოვრებთა ჩათვლით, მაგრამ ხსნას მიიღებს ის, ვინც უკვე თავად, თავისი თავისუფალი ნებით ისურვებს ამას. შესაძლებლობა სულის ხსნის მოპოვებისა ყველას მიეცა.
3. "რამეთუ ვიხილე მე ცანი, ქმნულნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკვლავნი, რომელ შენ დააფუძნენ" - უფალო, ყოველივე ხილული და უხილავი "თითთა შენითა" არს დაფუძნებული, - მიმართავს დავითი უფალს. აქ უნდა ვიგულისხმოთ შემდეგი: როგორც თითია სხეულის მცირე ნაწილი, ასევე უფლის მცირედი სურვილიც კმაროდა იმისათვის, რომ მთელი ეს ხილული სამყარო, ხილული სილამაზე შეექმნა.
4-5. "რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედავ მას? დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან ჰყავ იგი" - სამყაროსთან შედარებით, რას წარმოადგენს კაცი, რომ მას მოიხსენიებო. მაგრამ ვიცით, რომ უფალს ერთი ადამიანის სული გაცილებით მეტად უღირს, ვიდრე მთელი სამყარო. აქ წინასწარმეტყველი შემდეგს ბრძანებს: ადამიანი ასეთი მცირეა, ისეთი პატარა, სამყარო კი ასეთი უზარმაზარი, რომ თითქოს არარაა კაცი მასთან შედარებით, მაგრამ უფლის წინაშე სწორედ ეს "არარაა" ყველაზე მნიშვნელოვანი. კაცი, მატერიალური და მიწიერი, ოდნავ დაკლებულია ანგელოზებზე, იმ ქმნილებებზე, რომლებიც განუწყვეტლივ, მარადიულად აქებენ და ადიდებენ უფალს. ეს ქმნილება - ადამიანი დიდებითა და პატივითაა შემოსილიო, - ბრძანებს წინასწარმეტყველი.
"ძე კაცისაში" იგულისხმება ჩვეულებრივი კაციც და განკაცებული მაცხოვარიც. "დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოზთა დიდებითა და პატივით" - იმის გაფიქრებაც კი დაუშვებელია, თითქოს მაცხოვარი ანგელოზებზე ნაკლები ყოფილიყოს დიდებითა და პატივით; ხორცში მყოფი მკვდრეთით აღდგომამდე ადამიანთა თვალისთვის იყო "მცირედ რაიმე დაკლებულ", თორემ ჩვენ ვიცით, რომ როდესაც უფალი უდაბნოში მარხულობდა, ანგელოზნი მივიდნენ მასთან და მსახურებდნენ. ანგელოზები ცნობდნენ და იცოდნენ, რომ ის, ვისაც მსახურებდნენ, მათი განკაცებული შემოქმედი იყო და არა უბრალო კაცი. სახარებიდან ვიცით, რომ ანგელოზები ყოველთვის მოწიწებით ეპყრობიან ძე კაცისას - მაცხოვარს.
6-7-8: "და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ხელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერხთა მისთა; ცხოვარი და ზროხაი ყოველივე, მერმეცა და პირუტყვნი ველისანი; მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღვისანი, რაოდენი ვლენან ალაგსა მას ზღუათასა" - ყოველი ხილული ადამიანს დაუმორჩილეო, - მიმართავს დავითი უფალს. როდესაც უფალმა ადამი შექმნა, ყოველივე ხილული მას დაუმორჩილა. ვიდრე ადამი შესცოდავდა და სამოთხიდან განიდევნებოდა, ეს ასეც იყო. ადამიანი რაც უფრო მეტად ეცემოდა ცოდვით, მით უფრო ნაკლებად ემორჩილებოდა მიწიერი სამყაროც, მაგრამ სიწმინდით მცხოვრები ადამიანების ცხოვრებიდან ვიცით, როგორ ემორჩილებოდნენ მათ გარეული მხეცებიც კი. წმინდა შიო მღვიმელის ცხოვრება გავიხსენოთ - მან მგელი ვირებს დაუყენა მცველად. ამ დროს ცხოველთა ბუნება კი არ იყო შეცვლილი, არამედ ადამიანის ბუნება უბრუნდებოდა პირვანდელ სიწმინდეს, იმგვარს, როგორიც ადამს ჰქონდა ცოდვით დაცემამდე, როგორითაც ის იყო შექმნილი. ამიტომ მათ ცხოველებიც ისევე ექცეოდნენ, როგორც ადამს.
9. "უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა" - ამ მუხლშიც იმავეს ბრძანებს წინასწარმეტყველი, რასაც ფსალმუნის პირველ მუხლში.
საზოგადოდ, მერვე ფსალმუნი წინასწარმეტყველურია - დავითი სულიწმინდის შთაგონებით გვაუწყებს, რომ ძე კაცისა - განკაცებული ღმერთი არის ის, ვინც შექმნა სამყარო, რომ ყოველივეს შემოქმედი განკაცდა და ადამიანების ხსნისთვის მოვიდა.