ამჯერად ფსალმუნთა ჯგუფური კითხვის წესის შესახებ მოგითხრობთ. გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
- ფსალმუნთა ჯგუფური კითხვისთვის, მოძღვრის კურთხევით, დგება ოცკაციანი ჯგუფი, რომლის წევრებიც ყოველდღიურად, განსაზღვრულ დროს კითხულობენ მათთვის დადგენილ ფსალმუნთა კანონს (თითოეულ წევრს ერთი რომელიმე კანონის კითხვა ევალება). მართალია, ამ დროს ისინი ფიზიკურად ერთად არ იმყოფებიან, მაგრამ ხდება ლოცვითი ერთობა და მათზე აღესრულება უფლის სიტყვები: "უკუეთუ ორი ან სამი შეიკრიბოს ჩემი სახელით, მეც მუნ ვარ". ამიტომაც ჯგუფურ კითხვას უდიდესი ძალა შესწევს - ასეთ ლოცვას უფალი მეტად შეისმენს და შეიწირავს და მეტადაც მოგვაგებს წყალობასა და მადლს.
არსებობს ფალმუნთა ჯგუფური კითხვის კიდევ ერთი სახე - ჯგუფის წევრები დღის განმავლობაში თავისუფალი წესით კითხულობენ მათთვის დადგენილ კანონს.
ცხადია, ლოცვა უშედეგოდ არასოდეს ჩაგვივლის, უფალი ნებისმიერი სახის ლოცვას შეიწირავს და შეგვეწევა კიდეც სანაცვლოდ, მაგრამ გაცილებით ქმედითია ერთობლივი ლოცვა, როცა ჯგუფის ყველა წევრი ერთსა და იმავე დროს აღავლენს მისთვის განკუთვილ ფსალმუნთა კანონს. ასეთი ლოცვა, ფაქტობრივად, საზოგადო საეკლესიო მსახურებას უტოლდება.
ამ პრინციპით ფსალმუნების კითხვა ლოცვისთვის მობილიზებასაც უწყობს ხელს - როცა მორწმუნე ინდივიდუალურად ანდა თავისუფალი წესით კითხულობს ფსალმუნებს, შესაძლოა, რომელიმე დღეს სხვადასხვა მიზეზის გამო საკითხავი გამოტოვოს, მაგრამ როდესაც იცის, რომ ჯგუფური კითხვისთვის დადგენილ დროს დანარჩენი ცხრამეტი დგას და კითხულობს, მასაც ეძლევა ლოცვის ძალა, ამისთვის წინასწარ არის შემზადებული. დადგენილი დროის მოახლოებისას უფალზე ვიწყებთ ფიქრს, ღმერთზე ფიქრი კი ყველაფერს თავის კალაპოტში აყენებს.
- რატომ არ შეიძლება მოძღვრის კურთხევის გარეშე ფსალმუნთა კითხვა - ინდივიდუალური იქნება ეს, მიცვალებულთათვის, ჯგუფური წესით თუ სხვა სახით?
- თვითმორჩილება, როდესაც ადამიანი თვითონვე იწესებს სულიერ კანონებს, ეკლესიისა და მოძღვრის ურჩობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ყველა ადამიანი მორჩილია, მაგრამ გააჩნია, ვის ემორჩილება - ღმერთს თუ საკუთარ თავს და, შესაბამისად, უკეთურ ძალას. თვითმორჩილება, საკუთარი თავის მორჩილება ვერასოდეს მიგვიყვანს უფალთან, ვერც სულის ცხონებისთვის წაგვადგება. შესაძლოა, ადამიანი უცოდინარობის გამო ეურჩებოდეს ეკლესიას, თვითონ წყვეტდეს ამა თუ იმ სულიერ საკითხს, მაგრამ როდესაც ეკლესიისა და მოძღვრის მორჩილების აუცილებლობის შესახებ შეიტყობს და მაინც თავისი სურვილისამებრ იქცევა, - სწორედ ეს არის დამღუპველი. მორწმუნემ ეკლესიისა და მოძღვრის მორჩილებით უნდა წარმართოს სულიერი ცხოვრება, რაც უფლის მორჩილებას ნიშნავს.
რაც მეტად ეურჩება ადამიანი ღმერთს თავისი ქმედებითა თუ, საერთოდ, ცხოვრების წესით, მით ნაკლებად იღებს მის შეწევნას. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ უფალი არ შეეწევა, - ღმერთი არასოდეს გვტოვებს შეწევნის გარეშე, - არამედ საკუთარი თავის მორჩილებით თვითონ ადამიანი ტოვებს ღმერთს და განიყენებს თავს მისი შეწევნისგან.
- შეიძლება თუ არა ფსალმუნთა დამჯდარი კითხვა?
- ღმერთი არასდროს ითხოვს იმას, რისი აღსრულების ძალაც არ შეგვწევს. თუკი ადამიანს რაიმე სნეულება აწუხებს, მოძღვარი აკურთხებს, რომ დამჯდარმა ილოცოს. ზოგიერთი სულაც სარეცელს არის მიჯაჭვული. მათ ამ მდგომარეობაში უნდა ილოცონ. მაგრამ თუკი ადამიანი ჯანმრთელია, არაფერი აწუხებს, ფეხზე მდგარი უნდა ლოცულობდეს. ნებისმიერი ზრდილობიანი ადამიანი არ ჩამოჯდება და ისე არ დაუწყებს საუბარს სხვას. მით უფრო მეტი კრძალვა და რიდი უნდა გამოვიჩინოთ სამყაროს შემოქმედის მიმართ. ლოცვა ღმერთთან საუბარია და ამ დროს უფლის წინაშე კრძალვა ფეხზე დგომითაც უნდა გამოვხატოთ. ეს ჩვენვე გვჭირდება. ღვთის წინაშე უკრძალველობა საბოლოოდ მის დაკარგვამდე მიგვიყვანს.
- ფსალმუნთა ჯგუფურ კითხვაში ზოგჯერ გასამრჯელოს იხდიან - ჯანმრთელობისთვის, მიცვალებულთა სულის საოხად თუ სხვა მიზნით მკითხველთა ჯგუფს ფსალმუნების კითხვას უკვეთენ...
- როდესაც რაიმე სათხოვარი გვაქვს და შეწევნა გვჭირდება, პირადად უნდა ვითხოვოთ ღვთისგან. უფალი მეტად შეისმენს და შეგვეწევა. ის, რომ მორწმუნეები შევკრიბოთ და გასამრჯელო გადავუხადოთ, რათა ჩვენს ნაცვლად ილოცონ, არ არის მართებული.
თუ ფსალმუნთა ჯგუფური წესით კითხვა გვსურს, მოძღვარს უნდა მივმართოთ და ვთხოვოთ, ჯგუფურ კითხვაში ჩაგვრთოს, რათა თვითონვე შევთხოვოთ უფალს შეწევნა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი