ასეთ ლოცვას ყველაზე ადვილად შეუძლია ადამიანის ღმერთთან მიყვანა
ფსალმუნებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
- ვიცით, რომ "ფსალმუნნი" დაწერილია დავით წინასწარმეტყველის მიერ - ადამიანისა, რომელმაც ღმერთი განიცადა, რომელსაც ღმერთი განეცხადა - დავით მეფე ფსალმუნებს ხომ სულიწმინდის შთაგონებით წერდა. ასეთ ლოცვას ყველაზე ადვილად შეუძლია ადამიანის ღმერთთან მიყვანა.
ფსალმუნნი უძველესი ლოცვაა, ამ საგალობელთა აღვლენით საუკუნეების განმავლობაში ესაუბრებოდნენ ღმერთს ადამიანები და ამით მილიონობით მორწმუნე ცხონდა. ამიტომაც ეს არის უფალთან მიმყვანი გამოცდილი გზა, ახალი გზის კვლევა-ძიებას კი ყოველთვის გამოცდილ გზაზე სვლა სჯობს.
ფსალმუნები - ეს არის ღვთის სადიდებელი ჰიმნი, თითქოს ერთი სხეულია, არც კი არის დაყოფილი. ჩვენ გვაქვს ქრისტიანული ხანის სხვადასხვა საუკუნეში მოღვაწე წმინდა მამათა დაწერილი ლოცვები, მაგრამ ისინიც კი ფსალმუნებით იწყება. გასაოცარი ღვთის დიდებისა და უძლიერესი წარმომავლობის გამო ფსალმუნების მიმართ ყველა ადამიანი განსაკუთრებულ ლტოლვას გრძნობს.
რაც მთავარია, ეს საგალობლები სულიწმინდის შთაგონებითაა დაწერილი და მასში არა მხოლოდ ლოცვები, წინასწარმეტყველებებიც არის. წინასწარმეტყველური ფსალმუნები მოიცავს ახალ აღთქმაში მოსახდენ მოვლენებს, მათში აღწერილია ახალი აღთქმის ისტორია - უფლის შობა, ღვთის სასწაულები...
"ფსალმუნნი" სრულყოფილი ლოცვის ნიმუშია, სხვა დანარჩენი ლოცვები კი ერთი კონკრეტული მიზნისკენ, საგნისკენაა მიმართული.
ლოცვა ღმერთთან საუბარია, ამიტომ ნებისმიერ ლოცვას დიდი ძალა აქვს, მაგრამ გონებით ადამიანი ფსალმუნებს ყველაზე მეტად მიჰყვება, რადგან მათში მოთხრობილია წარსულის, მომავლის, მაცხოვრის განკაცების შესახებ. ამის გამო ამ საგალობლებს შეწევნის ძალაც მეტი აქვს.
- შესაძლოა, ადამიანი ფსალმუნებს კითხულობდეს, მაგრამ მათი გააზრება და წვდომა უჭირდეს...
- ფსალმუნთა კითხვა არც ასეთ შემთხვევაში უნდა მივატოვოთ. ასეთი საეკლესიო გარდამოცემა არსებობს: ერთმა წმინდა მამამ დაჭრილი შაშვი ნახა. ფრინველი კელიაში წაიყვანა და განკურნა. შაშვი იმდენად შეეჩვია კელიაში ყოფნას, რომ გარეთ აღარ გამოდიოდა. ბერი განუწყვეტლიც იმეორებდა იესოს ლოცვას. ლოცვა შაშვმაც ისწავლა. ერთ დღეს კელიიდან გაფრინდა. გარეთ გასულ ფრინველს მიმინო ეძგერა, მან კი ინსტინქტურად იესოს ლოცვა წარმოთქვა. მიმინო მაშინვე გაეცალა. ცხადია, შაშვმა ლოცვა გაუაზრებლად წარმოთქვა, რადგან მისი არც მნიშვნელობა იცოდა და არც გონებრივად წვდომის უნარი ჰქონდა. ამით უფალმა ბერს აჩვენა, თუკი გაუცნობიერებლად, გაუაზრებლად წარმოთქმულ ლოცვას ამხელა ძალა შესწევს, რაოდენ დიდი ძალა ექნება სრულყოფილ - გონებისმიერ და გულისმიერ ლოცვას. ასე რომ, ფსალმუნთა კითხვა ასეთ შემთხვევაშიც არ უნდა შევწყვიტოთ. გაცნობიერებულ, გააზრებულ ლოცვას განუწყვეტელი, თუნდაც გაუაზრებელი კითხვით ვაღწევთ. თუ ვინმე იფიქრებს, ჯერ გავიაზრებ და შემდეგ წავიკითხავო, ეს იმას ჰგავს, ადამიანმა რომ თქვას - ჯერ კარგი სპორტსმენი გავხდები და შემდეგ ვივარჯიშებო. ფსალმუნთა გაუცნობიერებლად კითხვაა სწორედ ვარჯიში სრულყოფილი მდგომარეობის მისაღწევად.
გონებისმიერი და გულისმიერი ლოცვის მისაღებად ადამიანს უპირველესად გამოცდილი მოძღვარი სჭირდება, რომელიც მას მართებული გზით წაიყვანს. ამასთანავე, აუცილებელია ხორცის მოთოკვა, ენის კეთილად დაცვა. ამით გონებაც ითოკება და განიწმინდება. თუ ადამიანმა ხორცის სიწმინდეზე არ იზურნა, გონებისმიერ და გულისმიერ ლოცვას ვერასოდეს მიაღწევს.
- როგორ უნდა ვილოცოთ ინდივიდუალურად ფსალმუნები?
- ფსალმუნთა ინდივიდუალურად კითხვის წესს თითოეულ ადამიანს სულიერი მოძღვარი ურჩევს მისი სულიერი, ფიზიკური თუ ყოფითი მდგომარეობიდან გამომდინარე. ზოგჯერ ექიმი ათასობით ადამიანს ერთსა და იმავე წამალს უნიშნავს, მაგრამ მის დოზას თავად მკურნალი ადგენს. ექიმის დაუკითხავად წამლის ამა თუ იმ დოზით მიღებით ადამიანმა შესაძლოა თავიც დაიღუპოს. ასევე არ შეიძლება მოძღვრის კურთხევის გარეშე სულიერი მკურნალობა, რადგან ეს თვითმორჩილებაა. თვითმორჩილება საუკეთესო შემთხვევაში უშედეგოდ მთავრდება, არავითარი სულიერი სარგებელი არ მოაქვს, უარეს შემთხვევაში კი ადამიანის სულს აზიანებს და შესაძლოა დაღუპოს კიდეც.