ფსალმუნებს ქრისტიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, თუმცა მათი გალობით ჯერ კიდევ ქრისტიანობის დამკვიდრებამდე ადიდებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს.
"ფსალმუნნი" ძველი აღთქმის წიგნი გახლავთ. ის ძველი წელთაღრიცხვის XI საუკუნეში შეიქმნა. ფსალმუნების ავტორია წმინდა წინასწარმეტყველი დავითი - ისრაელის მეორე მეფე. ამიტომ მათ "დავითნიც" ეწოდება.
მეფე-წინასწარმეტყველი ფსალმუნებს სულიწმინდის შთაგონებით წერდა - თითოეული სიტყვა ფსალმუნისა არის სიტყვა ღვთისა.
საგალობელთა კრებულს "ფსალმუნნი" ქნარის - ფსალმუნის გავლენით ეწოდა, რადგან სწორედ მასზე ამღერებდა დავით მეფე სულიწმინდისგან შთაგონებულ აზრებს. ფსალმუნი გახლდათ მუსიკალური საკრავი, რომელზეც სასულიერო საგალობლები იმღერებოდა. სავარაუდოდ, ის ქნარის ან ჩანგის მსგავსი ათ-თორმეტსიმიანი საკრავი უნდა ყოფილიყო. დავით მეფსალმუნეს ფსალმუნთა წერა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია.
"ფსალმუნთა" კრებული 150 ფსალმუნისგან შედგება. საგალობლები შეთხზულია ლექსის ფორმით, ებრაული პოეზიის წესით. IV საუკუნეში ფსალმუნები 20 კანონად დაიყო. თითოეულ კანონში სამი დიდება შედის.
მთავარი საგანი "ფსალმუნთა" არის ღმერთი და ადამიანი, ღმერთი თავისი დიდებით, სიკეთით, მოწყალებით, კეთილმოქმედებითა და სიმართლით, ადამიანი - თავისი სისუსტით, რწმენით, მწუხარებითა და სიხარულით.
მიუხედავად იმისა, რომ ფსალმუნები ძველი აღთქმის პერიოდში შეიქმნა, ისინი დღემდე გამოიყენება ახალი აღთქმის საეკლესიო მსახურებებსა თუ სხვა საჭიროებისას. ფსალმუნები საეკლესიო ღვთისმსახურების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. ისინი შედის მწუხრში, ცისკარში, საღმრთო ლიტურგიაში, წესის აგებაში და სხვა. ამ საგალობლებში ღვთის გასაოცარი სიყვარული გამოსჭვივის, ყოველივე უფლის მადლით არის გამსჭვალული, ისევე როგორც მთელი ძველი აღთქმა, იგი ხომ ადამიანებს აღთქმული მესიის, მხსნელის, მაცხოვრის - იესო ქრისტეს მისაღებად ამზადებდა.
როდესაც მოციქულები იესო ქრისტეს დაჰყვებოდნენ, ფსალმუნთა გალობით მოუწოდებდნენ მორწმუნეებს. ეს წესი მოციქულთა მიერ ეკლესიების დაარსების დროსაც გაგრძელდა. კატაკომბებში მსახურებები ძირითადად ფსალმუნთა გალობით აღესრულებოდა.
გარდა საეკლესიო მსახურებებისა, ფსალმუნების კითხვას სხვა შემთხვევებშიც მიმართავენ: სნეულთათვის (განსაკუთრებით სასარგებლოა სულით ავადმყოფთათვის), მიცვალებულთათვის, განსაცდელის ჟამს, მშვიდობისათვის...
არსებობს ფსალმუნთა ყოველდღიურად კითხვის წესი: მოძღვრის კურთხევის შესაბამისად, მორწმუნენი ყოველდღიურად კითხულობენ ფსალმუნებს. ასეთ კითხვას ფსალმუნთა საოჯახო ანუ საშინაო კითხვა ეწოდება. ფსალმუნებს კითხულობს საგანგებოდ შედგენილი მკითხველთა ჯგუფიც (ოცკაციანი ჯგუფის თითოეული წევრი თითო კანონს ლოცულობს). ფსალმუნებს აღავლენენ ტაძრებსა და მონასტრებშიც. პირველ ყოვლისა, ეს არის სურვილი, უფლის სახლში განუწყვეტლივ ისმოდეს ღვთის დიდება.
ზოგიერთი ფსალმუნი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის არის განკუთვნილი: 90-ე მიჩნეულია ხილულ და უხილავ მტერთა მძლეველად, ამიტომ განსაცდელთა ჟამს მას წარმოთქვამენ; 50-ე ფსალმუნი სინანულს ამძაფრებს - მას სინანულის საგალობელსაც უწოდებენ; მიცვალებულთათვის განსაკუთრებით სასურველია 17-ე კანონის კითხვა; ღვთისადმი მადლიერებას კი 134-ე და
135-ე ფსალმუნებით გამოვხატავთ.
არსებობს წინასწარმეტყველური ფსალმუნებიც. მათში ჯვარცმა, უფლის კვართზე წილისყრა თუ ახალ აღთქმაში მოსახდენი სხვა მოვლენები ისეა გადმოცემული, თითქოს დავით მეფსალმუნე ცხადად ხედავდა ამ ყოველივეს.
პ.ს. "კარიბჭის" მომდევნო ნომრებში კვლავ ვისაუბრებთ ფსალმუნების შესახებ. შემოგთავაზებთ ცალკეულ ფსალმუნთა განმარტებებსაც.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი