სამოცდამეთხუთმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფაქტობრივად ეს ფსალმუნი აგრძელებს წინა, სამოცდამეთოთხმეტე ფსალმუნის აზრს. მასშიც ნაწინასწარმეტყველებია მაცხოვრის განკაცების, ადამიანთა გამოხსნისა და მეორედ მოსვლის შესახებ.
1. "განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი" - ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველი გვაუწყებს იმ ფაქტს, რაც ქრისტეს მოსვლამდე არსებობდა - ღმერთი მხოლოდ "ჰურიასტანში" იყო განცხადებული და "ისრაელთა ზედა" იყო მისი სახელი - მხოლოდ იუდეველებმა, ებრაელებმა იცოდნენ ჭეშმარიტი ღმერთი ქრისტეს მოსვლამდე. რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა მათგან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშიც იყო გასული, მაგრამ სხვა ერებსაც რომ შეეცნოთ და მიეღოთ ჭეშმარიტი ღმერთი, ასე არ ყოფილა.
2. "იქმნა მშვიდობით ადგილი მისი და სამკვიდრებელი მისი სიონს" - მის ადგილში იქნა მშვიდობა და მისი სამკვიდრებელი იყო სიონიო, - უფალი მოვიდა ისრაელში, ისრაელის მიწაზე და თავის მშვოდობა პირველად სწორედ იქ იქადაგა. სიონი იყო მისი სამკვიდრებელი. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც უფალი იერუსალიმში იმყოფებოდა, ის ხშირად გადიოდა იერუსალიმიდან და სიონის მთაზე მდებარე ზეთისხილის ბაღში ლოცულობდა. ერთის მხრივ ამ სიტყვებში სწორედ ამის შესახებ წინასწარმეტყველება შეიძლება ვიგულისხმოთ, მეორე მხრივ, აქ უნდა ვიგულისხმოთ ზეციური სიონი, - სიონში ვიგულისხმოთ ზეცაც, ზეციური, საღმრთო მშვიდობა. ზეცაში დასაბამიდანვე, მარადიულად იყო და იქნება საღმრთო მშვიდობა, რომელი მშვიდობისკენაც გაუხსნა კარი უფალმა ადამიანებს თავისი მოსვლით.
3. "რამეთუ მუნ შემუსრნა ძალნი მშვილდთანი, საჭურველი და მახვილი და ბრძოლაი" - მუნ, ე.ი. ისრაელში შემუსრა უფალმა მშვიდობის ძალი, საჭურველი და მახვილი და ბრძოლაო. როგორ შემუსრა? - როდესაც უფალი ხორციელად მოვიდა დედამიწაზე, ისრაელში დადიოდა, ქადაგებდა და იქვე, ისრაელის ტერიტორიაზე, სიონის მთასა და იერუსალიმში შემუსრა ბოროტების, ანუ დაცემული ანგელოზის ძალა და ეშმაკის საჭურველი - სიონის მთაზე იქნა გაცემული უფალი, იქ შეიპყრეს. იერუსალიმში, გოლგოთაზე კი ჯვარს აცვეს. სწორედ თავისი ჯვარცმით შემუსრა უფალმა ყოველივე საჭურველი და ყოველივე ძალა დაცემული ანგელოზებისა.
4. "განანათლებ შენ საკვირველად მათთაგან საუკუნეთა" - საკვირველად განანათლა უფალმა საუკუნენიო, ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი. განანათლა რით? - იმით, რომ თავის მოსვლით გამოიხსნა ადამიანები, არა მარტო ისინი, რომლებიც მისი მოსვლის, ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ ცხოვრობდნენ, არამედ თავისი ჯვარცმითა და აღდგომით მის მოსვლამდე გარდაცვალებულ ადამიანთაგანაც უამრავი აცხოვნა, - ვისაც იმედი ჰქონდა ქრისტეს მოსვლისა, ვინც გულით ჭეშმარიტი ღვთის მიმდევარი იყო და მართალი ცხოვრებით ცხოვრობდა.
5. "შეძრწუნდეს ყოველნი უგუნურნი გულითა; დაიძინეს ძილი მათი, და არა პოვეს არარაი ყოველთა კაცთა სიმდიდრისაი ხელითა მათითა" - ხოლო უგნურნი შეძრწუნდნენო, ბრძანებს დავითი, უგნურნი - ის ადამიანები, რომლებმაც უფალი არ მიიღეს, რომლებიც წინ აღუდგნენ უფალს. ასევე ყველა ღვთის მოწინააღმდეგე ადამიანი, რომლებიც უფალს არ მიიღებენ, შეძრწუნდებიან მაშინ, როდესაც უფალი მეორედ მოვა თავის დიდებით, "განსჯად ყოველთა ცხოველთა და მკვდართა". ისინი თავიანთგან შეურაცხყოფილს თავიანთ მსაჯულად იხილავენ და ამის გამო შეძრწუნდებიან; "დაიძინეს ძილი მათ და არა პოვეს არარაი ყოველთა კაცთა სიმდიდრისაი ხელითა მათითა" - აქ უნდა ვიგულისხმოთ ის მიდიდარი ადამიანები, რომლებიც ამქვეყნად არავითარ საღმრთო სიკეთეს არ აკეთებდნენ. სწორედ მათ მიმართ არის ნათქვამი "დაიძინეს ძილითო" - ჰქონდათ რა თავინათი სიმდიდრის იმედი, როდესაც ღვთის წინაშე წარდგნენ მათმა სიმდიდრემ, მათი ხელით მოპოვებულმა სიმდიდრემაც ვერ უშველა მათო. რა თქმა უნდა, ამქვეყნიური სიმდიდრე ვერაფრით უშველის ადამიანს თავისი გარდაცვალების შემდეგ. ადამიანს ამქვეყნიურმა სიმდიდრემ გარდაცვალების შემდეგ ღვთის წინაშე გამართლებისთვის შეიძლება უშველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სიმდიდრეს გამოიყენებს მოწყალებისთვის, კეთილი საქმეების საკეთებლად. ხოლო თუ ადამიანმა თავისი სიმდიდრე, თავისი ძალაუფლება გამოიყენა ღვთის საწინააღმდეგო საქმეებისთვის, ადამიანების დასაჩაგრად, მაშინ პირიქით, თავისი სიმდიდრე მას წარსაწყმედელად ექცევა.
6. "მრისხანებითა შენითა, ღმერთო იაკობისო, ჰრულოოდა მათ, რომელნი ზე სხდეს ჰუნებსა" - უფალო, შენი მრისხანებით შეძრწუნდებიან ისინი, რომლებიც ჰუნებზე იყვნენ ამხედრებულიო, - უფლის მეორედ მოსვლა მრისხანება იქნება მათთვის, ვინც ღვთის მცნებებს ეწინააღმდეგებოდა, ხოლო სიკეთე და სიხარული იქნება მათთვის, ვინც ღვთის მცნებებს აღასრულებდა. როგორც მამები გვეუბნებიან, "ჰუნებზე ამხედრებულებში" იგულისხმებიან ადამიანები, რომლებიც ამქვეყნიურ სიამეებზე არიან ამხედრებული, ამქვეყნიური სიამეებით გაატარეს ეს ცხოვრება. ცხადია, ასეთი ადამიანებისთვის ღვთის მეორედ მოსვლა იქნება მრისხანება, რადგან ისინი ამქვეყნად გატარებული თავიანთი ამაო ცხოვრებით, უფალს დაშორდებიან და სამუდამო სატანჯველში იქნებიან დამკვიდრებულნი.
7. "შენ საშინელ ხარ, და ვინ წინ-აღგიდგეს შენ? მიერთაგან არს რისხვაი შენი" - უფალი საშინელია არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ აქ უნდა ვიგულისხმოთ გადატანითი მნიშვნელობით, - უფალი საშინელია მათთვის, ვინც მის მცნებებს არ აღასრულებს. შემდეგ დავითი მიმართავს უფალს - ვინ შეძლებს, რომ წინააღგიდგეს შენ, უფალო? ვის შეუძლია შენ წინ აღდგომა? ხოლო "მიერითგან", მეორედ მოსვლის დროდან იქნება რისხვა შენი. ვისზე იქნება ღვთის რისხვა? - მათზე, ვინც ღვთის გარეშე დარჩებიან, ვინც ჯოჯოხეთში დაიმკვიდრებს. უფალი კი არ შერისხავს მათ, არამედ რისხვა იქნება მათთვის ის, რომ ღვთის გარეშე იქნებიან დარჩენილნი.
8. "რაჟამს ზეცით სასმენელ ჰყავ მშჯავრი, ქვეყანასა შეეშინა და დააყუდნა" - როდესაც ეს მსჯავრი გამოჩნდება ზეციდან ქვეყანა შეშინებული და "დაყუდნებული", გაყურსული იქნება, - ხმის ამოღებას, აზრის გავლებას, ღვთის საწინააღმდეგო რამის გაფიქრებასაც კი ვერავინ შეძლებს მეორედ მოსვლის ჟამს, იმდენად საშინელი იქნება ეს სამსჯავრო.
9. "რაჟამს აღდგებოდა ღმერთი შჯად, განრისხებად ყოველთა მშვიდთა ქუეყანისათა" - ეს იმ დროს იქნება, როდესაც ღმერთი აღდგება, მოვა იმისათვის, რომ ქვეყანიდან განარიდოს მშვიდნი, - თავის მადიდებლები, სიწრფოების აღმსრულებლები იმ საშინელ სამსჯავროს, რაც უფლის მეორედ მოსვლის ჟამს იქნება.
10. "რამეთუ ზრახვამან კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი გულის ზრახვისაი დღესასწაულობდეს შენდა" - თავიანთ გულის ზრახვებში სიხარული ექნებათ მათ, ვინც ღვთის მადიდებლები იყვნენ - ნახავენ რა დიდებით მოსულ უფალს, ისინი განიხარებენ უფალთან ერთად.
11. "ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი რომელნი არიან გარემოის მისა, შეიწირონ ძღუენი" - ამას რომ ეწიოთ, ილოცეთ და შესწირეთ უფალს ძღვენი, არა ხილული ძღვენი, კუროები და ვაცები, როგორც ძველ აღთქმაში, არამედ სულიერი ძღვენი, - მარხვა, ლოცვა, კეთილი საქმეები. ეს ძღვენი უნდა შევწიროთ უფალს, რომ განვერიდოთ საშინელ სამსჯავროსო.
12. "საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის სული მთავართანი, უსაშინლესისა უფროის მეფეთა ქუეყანისათა" - მთავრებს მათი სულები მიუხუნის, ანუ აღმოართვი სულები მთავრებს, მეფეებს, მათ, რომლებსაც თითქოსდა ამ ქვეყანაზე ჰქონდათ დიდება, სხვა ადამიანებზე ძალაუფლება, - ისინიც კი შეძრწუნებული იქნებიან. უპირველესად სწორედ ისინი შეძრწუნდებიან იმის გამო, რომ თავიანთი არაღვთისმსახური ცხოვრებით საუკუნო სატანჯველს დაიმკვიდრებენ, ხოლო მართალნი, ისინი ვინც კეთილგონიერად ცხოვრობდნენ, ვინც ღვთის მცნებებს აღასრულებდნენ, საუკუნოდ იქნებიან ღვთის სიხარულში, უფალთან დაიმკვიდრებენ სამარადისოდ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი