სამოცდამეთორმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ზოგჯერ ცოდვილნი, ღვთის მგმობელნი, შეურაცხმყოფელნიც კი, მშვიდობიანად ცხოვრობენ და მშვიდობიანადაც მიიცვლებიან ხოლმე. თუ რატომ ხდება ასე, ამაზეა საუბარი სამოცდამეთორმეტე ფსალმუნში, ანუ დავით მეფსალმუნე კი არ ფიქრობს ასე, არამედ საუბრობს ადამიანთა ამ ეჭვებზე, დავითი ამ აზრებს ჩამოაყალიბებს და შემდეგ სულიწმიდის მადლით თავადვე პასუხობს, რა ხდება ამ დროს. როგორც ფსალმუნის სათაური გვაუწყებს, ფსალმუნი ნათქვამია "ასურასტანელთა მიმართ". ასურასტანელებში კერძოდ ასურელები კი არ იგულისხმება, არამედ ცოდვილი ადამიანები, - ცოდვილო, ღვთის მოწინააღმდეგე ადამიანებო, ნახეთ, თუ რატომ არ ისჯებით და რა მოგელით იმ შემთხვევაში, როდესაც ამქვეყნად არ ისჯებითო, - ბრძანებს დავითი.
1. "ვითარ კეთილ არს ისრაელისა ღმერთი გულითა წრფელთათვის" - ნახეთ, რა კეთილია წრფელი გულის ადამიანებისადმი ისრაელის ღმერთიო.
2. "ხოლო ჩემი, კნინღა და, შემიძრწუნდეს ფერხნი, მცირედღა და შემიცთეს სლვანი ჩემნი" - მაგრამ ხანდახან როცა ვფიქრობ, შეიძლება ფეხიც კი შემცდეს და ჩემი სვლა ჭეშმარიტებას ასცდეს. თუ რის გამო, სწორედ აქ, შემდეგ მუხლებში ჩამოაყალიბებს დავით წინასწარმეტყველი ადამიანთა ნააზრევს:
3. "რამეთუ ვეშურე უშჯულოთა, მშვიდობასა რაი ცოდვილთასა ვხედევდ" - რომ ვხედავ, უსჯულოები მშვიდად ცხოვრობენ, აზრები მერევა. რატომ ხდება ასეო.
4. "რამეთუ არა არს ახილვა სიკუდილსა შინა მათსა და სიმტკიცე გუემათა შინა მათთა" - მათი სიკვდილის დროსაც კი არ ჩანს, რომ ისინი დაისაჯნენ, მათი სიკვდილიც კი მშვიდობიანია, და "სიმტკიცე გუემათა მათთა შინა" - მათი სასჯელიც კი, თუკი რაიმე სასჯელი მოეწევათ არ არის მკაცრიო.
5. "შრომასა კაცთა თანა არა შურებიან და კაცთა თანა იგინი არა იტანჯნენ" - ადამიანებთან ერთადაც კი არ შრომობენ, არც მათთან ერთად იტანჯებიან.
6. "ამისთვის შეიპყრნა იგინი ამპარტავნებამან სრულიად, შეიმოსეს უღმრთოებაი და სიცრუე თვისი" - ამისთვის გაამპარტავნდნენ, კიდევ უფრო გაამპარტავნდნენ იმის გამო, რომ მიწაზევე არ ისჯებიან და უღმრთოებით და სიცრუით აღივსნენ - უფრო და უფრო განდიდდა მათი უსჯულოება, უფრო მეტი უსჯულოების მქმნელნი შეიქმნენო.
7. "და გამოხდეს, ვითარცა ცმელისაგან სიცრუე მათი, რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისათა" - სიცრუე გამოდის მათი აზრიდან და თავიანთი გულის ზრახვისამებრ, ხორციელი აზრებისამებრ დადიან. მათ არავითარი სულიერი, არავითარი ღვთაებრივი არ გააჩნიათ.
8. "განიზრახეს და იტყოდეს უკეთურებით და სიცრუვესა მაღლად ზრახვიდეს" - უკეთურებას იტყოდნენ, ღმერთს არ აღიარებენ და "სიცრუესა მაღლად ზრახვიდენ" - მათი სიცრუე ყოველგვარ სიცრუეს აღემატა, ძალიან გაიზარდა.
9. "დადვეს ცათა შინა პირი მათი, და ენა მათი ეთრია ქუეყანასა ზედა" - თავად ღმერთსაც კი შეურაცხყოფენ, განიკითხავენ, მთელი ქვეყანა მათი ენით არის გალანძღული. ასე გაამპარტავნებულნი უთუოდ მიიღებენ სასჯელსო.
10. "ამისთვის მოიქცეს ერი ჩემი აქავე და დღენი სრულნი იპოვნენ მათ თანა" - აქ დავით წინასწარმეტყველი გვეუბნება, რა იქნება ეს სასჯელი: - ზოგიერთი აქვე მიიღებს სასჯელს და ამის გამო ჩემი ერი მოიქცევა და სრული იქნება მათი, ღვთის მადიდებელთა დღეები, - ღვთის მადიდებლები სულიერად კიდევ უფრო განძლიერდებიან, როდესაც მათ დასჯას ნახავენ. ხოლო ვინც დედამიწაზე ყოფნის ჟამს, აქვე არ დაისჯება, სასჯელს მეორედ მოსვლის ჟამს, ანუ გარდაცვალების შემდეგ მიიღებს.
11. "და თქუეს: ვითარმე აგრძნა ღმერთმან, და ანუ არს-მეა მეცნიერებაი მაღლისა თანა?" - მათზე, ვინც არ ისჯებიან, ადამიანები ფიქრობენ - ღმერთმა არ იცის მათ შესახებ, ვერ გაიგო მათი ცოდვების ამბავი? - შეიძლება ადამიანები თავად ღვთის მრავალმოწყალებასა და ღვთის სამართლიანობაშიც კი დაეჭვდნენ იმის გამო, რომ ასეთი ცოდვილი, უსჯულოებაში მცხოვრები ადამიანები არ ისჯებიან თავინთი უსჯულოების გამოო.
12. "აჰა, ესერა ესე ცოდვილნი წარმართებულ არიან და უპყრიეს სიმდიდრე მათი უკუნისამდე" - მათ აღსასრულამდე აქვთ თავიანთი სიმდიდრე და არაფერი ევნებათო.
13-14. "და ვსთქუ: ცუდად სამე განვიმართლე გული ჩემი და დავიბანენ უბრალოდ ხელნი ჩემნი; და ვიყავ მე ტანჯულ ყოველსა დღესა და მხილებაი ჩემი განთიად" - და ვიფიქრე, ტყუილად ხომ არ ვლოცულობ, ვმარხულობ, აღვასრულებ ღვთის მცნებებს, ვარ ასეთ მოღვაწეობაში - ანუ, თუ უსჯულონი ასე ცხოვრობენ, სულ კეთილად არიან, მე კი ვმოღვაწეობ, ჩემს თავს მიწიერ სიამეებს ვაკლებ, ტყუილად ხომ არ ვაკეთებ ამასო.
15. "და ვსთქუ, ვითარმედ, უთხრა ესრეთ: აჰა, ესერა ნათესავსა შვილთა შენთასა აღუთქუ" - და ვიფიქრე, შენს ნათესავს, ანუ ღვთის მადიდებლებს რომ ვუთხრა ეს, ისინი ხომ დაბრკოლდებიანო.
16. "და გულსა მომიხდა ცნობად, ესე არს შრომა ჩემ წინაშე" - და შევიცანი ჭეშმარიტება, თუ რა ხდება სინამდვილეში ამ დროსო.
17. "ვიდრემდის შევიდე მე სიწმინდესა ღმრთისასა და გულისხმავყო აღსასრული მათი" - როდესაც ღვთის სიწმინდეში შევედი, უფალს მივეახლე, სწორედ ამ დროს, უფალმა თავისი მრავალმოწყალებით, განმიცხადა ღვთის საიდუმლოება მათი აღსასრულის შესახებო, - ბრძანებს დავითი წინასწარმეტყველურად. როდესაც ადამიანი ღვთის სიწმინდეში შედის თავისი აზრებით, მაქსიმალურად მიეახლება უფალს, მას განეცხადება უკვე ღვთის საიდუმლოება. სწორედ ამგვარ მდგომარეობაზე საუბრობს დავით წინასწარმეტყველი.
18. "ხოლო ზაკვისა მათისათვის დასდევ მათთვის ბოროტი და დაამხუენ იგინი ამპარტავანებასა ოდენ მათსა" - იმ უსჯულოების გამო, რაც მათ ქმნეს დედამიწაზე, მათსავ ამპარტავნებაში დაემხობიან ისინიო.
19. "ვითარღა იქმნეს მოსაოხრებელ მყისსა შინა, მოაკლდეს და წარწყმდეს უსჯულოებისა მათისათვის?" - როდესაც ამ ქვეყნიდან გარდაიცვლებიან, უსჯულოებაში იქმნებიან წარწყმედილნი, საუკუნო წარსაწყმედელი ელოდებათ ამის შემდეგო.
20. "ვითარცა სიზმარი განღვიძებულისაი, უფალო, ქალაქსა შენსა ხატი მათი შეურაცხჰყო" - "ღვთის ქალაქში" ზეციური იერუსალიმი იგულისხმება, სწორედ იქ იქნება შეურაცხყოფილი მათი ხატებები, ეს ადამიანები; დარჩებიან ცათა სასუფევლის გარეშე, თუ ამქვეყანაზევე არ დაისაჯნენ თავიანთი უსჯულოების გამო, სასუფევლის გარეშე დარჩებიან, საუკუნოდ იქნებიან დასჯილნი და შეურაცხყოფილნი.
21. "რამეთუ აღეტყინა გული ჩემი და, და თირკუმელნი ჩემნი იცვალნეს" - ჩემი გული, მთელი ჩემი არსი, ჩემი სული და ხორცი აღეტყინა - შენი ჭეშმარიტებით იქნა განბრძნობილი და ის მივხვდი, შევიმეცნე, რატომ ხდება ეს ყველაფერიო.
22. "და მე შეურაცხ ვიქმენ და არა გულისხმა-ვყავ; ვითარცა პირუტყვი, შევირაცხე შენ წინაშე" - ფსალმუნის ამ მუხლში დავითი განმარტავს, რატომ არ მოჰკითხავს უფალი უსჯულოებით მცხოვრებთ: როდესაც გვგონია, რომ უფალი არ მოკითხავს მათ, ეს პირუტყვული აზროვნებაა. უფალო, შენ ყველას მოჰკითხავ და თუ ისინი ამქვეყანაზევე არ ისჯებიან, შენი მრავალმოწყალების გამო ხდებაო... სიმსივნით დაავადებულს სნეულების პირველ სტადიაზე ექიმები აძლევენ წამლებს და ურჩევენ, ყველაფერი დანიშნულების მიხედვით მიიღონ. თუ ეს ადამიანი ექიმს არ ემორჩილება, სნეულება ურთულდება და გადადის მეორე სტადიაში. ასეთ დროს მეტ და ძლიერ წამლებს უნიშნავენ. სანამ მისი განკურნების თეორიული შანსი რჩება, ექიმი ყველანაირად ცდილობს მის განკურნებას, მაგრამ როდესაც სიმსივნე ბოლო სტადიაში გადადის, ანუ დაავადებული ადამიანის განკურნების თეორიული შანსიც აღარ არის, ექიმი აღარ უკრძალავს საჭმელ-სასმელს, არც წამლების მიღებას აძალებს და თავის ნებაზე უშვებს. ასევე, უფალი ადამიანს მანამდე მოუვლენს ნიშნებს, რასაც ჩვენ განსაცდელებსა და სასჯელებს ვეძახით, ვიდრე მისი სულიერი გადარჩენის თეორიული შანსი მაინც არსებობს, მაგრამ თუკი ის სულიერ წამლობაზე უარს ამბობს, ეს მისი ბრალია და არა სულიერი მკურნალისა. ადამიანთა ის კატეგორია, რომელიც უსჯულოებით ცხოვრობს, თუმცა არავითარი განსაცდელი არ ეძლევა, არის სნეულების იმ სტადიაში, როცა უკვე მასზე არანაირი სულიერი წამალი აღარ მოქმედებს; მაგრამ მრავალმოწყალე უფალი ამ ადამიანებს ყოველგვარ სიკეთეს აძლევს მიწაზე, რათა გონება გაეხსნათ და მობრუნდნენ უფლისაკენ.
23. "და მე მარადის შენ თანა ვარ, მიპყარ ხელი მარჯუენე ჩემი" - მე კი შენთან ვიყავი უფალო მარადის. მართალია, ვიტანჯებოდი, განსაცდელებიც არ მაკლდა, მაგრამ სწორედ ამით ვიყავი შენთან, "შენ მარჯვენაში გეჭირა ჩემი ხელი" - შენ მიმიძღოდი ჩემს ცხოვრებაშიო.
24. "და ზრახვითა შენითა მიძღოდე მე და დიდებითა შემიწყნარე მე" - შენი აზრებით მიძღოდი, შენი აზრებით მატარებდი და შენი დიდებით შემიწყალე მეო.
25. "რამეთუ რაი ძეს ჩემი ცათა შინა, და შენგან რაი ვინებე ქუეყანასა ზედა?" - გინდ ცაში, გინდ მიწაზე რა შეიძლება ვისურვო გარდა ერთისა - შენთან ვიყო უფალო.
26. "მოაკლდა გულსა ჩემსა და ხორცთა ჩემთა; ღმერთი გულისა ჩემისაი და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე" - მე თუ მიწიერი სიამეები დავთმე, ამის გამო ღმერთი აღავსებს ჩემს სულს, ღმერთი იქნება ჩემი ნაწილი უკუნისამდე, უკუნისამდე უფალთან დავიმკვიდრებო.
27. "რამეთუ აჰა, ესერა, რომელთა განიშორნეს თავნი თვისნი შენგან, იგინი წარწყმდენ და მოსრენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს შენგან" - ისინი კი, რომლებმაც თავი განაშორეს შენთან მყოფობას საუკუნოდ წარწყმდენ და საუკუნოდ მოისრან სულიერად, არა მარტო საუკუნეთა აღსასრულამდე, მარადისობაშიც შენს გარეშე დარჩებიანო.
28. "ხოლო ჩემი მიახლებაი ღმრთისა კეთილ არს; და დიდებად უფლისა მიმართ სასოებაი ჩემი, მითხრობად ჩემდა ყოველი ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა" - მე კი კეთილი გულით ვარ შენთან უფალო, იმედს შენზე ვამყარებ, რათა, როდესაც სიონის ბჭეს მივადგები, შენი ჭეშმარიტი სიტყვა მესმასო. თუ სასუფევლის კართან უფლის ხმა გვესმა, ეს ნიშნავს, რომ სამარადისო ნეტარებას დავიმკვიდრებთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი