1992 წელს, როცა საქართველოში ძმა ძმას ტყვიას ესროდა, როცა ცოდვა იყო გამრავლებული და მადლი - არ გარდამეტებული, თბილისში ერთმა სქემარქიმანდრიტმა დიდი ღვაწლი აიღო: მთელ დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა, ისედაც მცირედი საკვების მიმღები პურსა და წყალზე გადავიდა, ხოლო როცა მოსაღამოვდებოდა, ანთებდა უამრავ სანთელს, მუხლს მოიდრეკდა ცივ ქვაზე, რომელიც საგანგებოდ ლოცვისათვის შეეტანა სენაკში და უფალს ავედრებდა საქართველოს, შესთხოვდა, სიმშვიდის სული გარდამოევლინა ქართველთა ზედა. იგი არ გახლდათ ხორციელი ნათესავი ქართლოსიანთა, რუსი იყო, მაგრამ ჭეშმარიტად დიდი მოყვასი ივერიისა.
მამა ვიტალი (სიდორენკო) კრასნოდარის მხარეში დაიბადა 1928 წელს. როცა მისი დედა, ალექსანდრა (შემდგომში - მონაზონი ანდრონიკა), ორსულად იყო მასზე, უფალს ევედრებოდა: "ღმერთო, ისეთი შვილი მომეცი, შენც სათნო გეყოს და ხალხსაცო". ერთხელ ძილში ორი მზე უხილავს და ხმაც გაუგია: "ერთი მზე შენს წიაღშიაო". დაიბადა ყრმა. მერვე დღეს, ტაძრად მიყვანისას, მოძღვარმა, წესისამებრ, საკურთხეველში შეიყვანა იგი. საოცარი მადლი გარდამოვიდა ჩვილისგან. შეშინებულმა მოძღვარმა ბავშვი წმიდა ტრაპეზზე დააწვინა, მერე კი, გონს რომ მოვიდა, მშობლებს დაუბრუნა და უთხრა, დიდი ადამიანი გახდებაო. გადმოგვცემენ, ნათლობისას ყრმა ემბაზში ფეხზე იდგა და იღიმებოდაო, ხორცის ჭამა სულ პატარას აღუკრძალავს, ხოლო ოთხშაბათ-პარასკევს რძესაც არ აკარებდა პირს. კითხვა რომ უსწავლია, მისი საყვარელი წიგნი წმინდა სახარება გამხდარა. ზარების რეკას რომ გაიგებდა, სამუშაოს მიატოვებდა და ტაძრისკენ გარბოდა.
მეშვიდე კლასში ყოფილა. ნეკრასოვის "რკინიგზის" წაკითხვა უთხოვიათ, მას კი ასე წაუკითხავს: "სამყაროს მართავს მეფე დაუნდობელი. ეს მეფე სტალინიაო". მის რელიგიურ "დანაშაულს" პოლიტიკურიც მიემატა და სკოლიდან გარიცხეს.
16 წლის ვიტალიმ საბჭოთა პასპორტი დახია, რადგან მხოლოდ ზეცის მოქალაქეობა სურდა. ბერობის სურვილი მტკიცედ ჩაწვნოდა სულში.
ერთხანს წმიდა სერგის ლავრაში ცხოვრობდა, ომის შემდეგ რომ გაიხსნა, მაგრამ იქ მისი უსაბუთოდ გაჩერება არ მოხერხდებოდა, ამიტომ მამებმა გლინის უდაბნოში წასვლა ურჩიეს. იმხანად იქ დიდი მამები სერაფიმე რომანცევი, სერაფიმე ამელინი, ანდრონიკე ლუკაში და სხვანი მოღვაწეობდნენ. მათგან ისწავლა ვიტალიმ სიმდაბლე, მორჩილება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული. "რაში ჩანს სულიერი წარმატება? - სიმდაბლეში. ვინც რარიგად დამდაბლდება, ისევე წარემატება სულიერად", - ასწავლიდა მამა ანდრონიკე და ვიტალიც საქმით აღასრულებდა. მერე და მერე მისი გლინის უდაბნოში დამალვაც გაჭირდა და მოძღვრის კურთხევით ტაგანროგში გადავიდა. იქ გარს შემოიკრიბა მორწმუნენი, რომლებიც მერე მისი სულიერი შვილები გახდნენ. მათთან ერთად ფეხით მოივლიდა და მოილოცავდა ხოლმე რუსეთის სიწმინდეებს. ხშირად იჭერდნენ, სცემდნენ, შეურაცხყოფნენ. ამ შეჭირვებაში ტუბერკულოზი დამართნია. საავადმყოფოში ღამღამობით წამოდგებოდა თურმე და მძიმე ავადმყოფებისთვის ლოცულობდა, მის გვერდით რომ იწვნენ.
მოხდა სასწაული - ვიტალი გადარჩა.
ხრუშჩოვის პერიოდი იდგა. ჩანდა, გლინის უდაბნოს მალე დახურავდნენ, ამიტომ მამებმა ვიტალი ბერად აღკვეცეს და აფხაზეთის მთებში გაუშვეს. იმხანად იქ მრავალი ბერი მოღვაწეობდა. ძალზე შეუყვარდათ ძმებს ვიტალი, მაგრამო, - ამბობდნენ მასზე - ერთი ნაკლი აქვს - ყველაფრის გაცემა უყვარსო. ეს იყო ის "ნაკლი", სიცოცხლის ბოლომდე რომ არ მოსცილებია.
ისეთ სიმდაბლეს მიაღწია, ყველაფრისთვის უღირსად მიიჩნევდა თავს, ამიტომ საჭმელს, სასმელს, საწოლს, სამოსს ყველაზე უბრალოსა და შეურაცხს ეტანებოდა.
დიდი იყო ძმათა მიმართ მისი სიყვარულიც. ერთხელ ერთ ძმას, ძალზე მოშორებით რომ ცხოვრობდა, პურის გამოცხობა უთხოვია. მამა ვიტალის პური გამოუცხვია, მაგრამ ფეხსაცმელი ვერ უპოვია - ძმებს ჩაეცვათ და სოფელში წასულიყვნენ საქმეზე. ფეხები ნავთით დაუზელია და რამდენიმე კილომეტრი ქვიანი და თოვლიანი გზა ფეხით გაუვლია. მაგრამ ძმას უუკადრისებია მისი მიტანილი პური. მამა ვიტალი ხმაამოუღებლად დაბრუნებულა უკან. თანამესენაკენი აღშფოთდნენ თურმე: "აღარ მიხვიდე მასთანო". "ჩემს მამებს ასე არ უსწავლებიათო", - მიუგია.
მამა ვიტალი მიტროპოლიტ ზინობთან ერთად.
დადგა 1969 წელი. მთებში უკვე სახიფათო იყო დარჩენა - მილიციამ რამდენჯერმე დაარბია იქაურობა. ბერებმა აკურთხეს მამა ვიტალი და ისიც თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც იმხანად მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა მოღვაწეობდა (მეუფე ზინობის აღკვეცილია ბერად უწმიდესი და უნეტარესი, პატრიარქი ილია II). ვიტალიმ ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაიწყო მსახურება. 1976 წელს მღვლად აკურთხეს. თუმცა არ უნდოდა, მაგრამ მეუფე ზინობის კურთხევით მოიხსნა ჯაჭვები, რომელსაც ჩვიდმეტი წელი ფარულად ატარებდა და მოძღვრობის ჯვარი აღიღო.
გაძნელდა მისი უსაბუთოდ დაფარვა: "აირჩიე - ან ციხე, ან პასპორტიო". რა იყო მისთვის ციხე, მაგრამ მოყვასის სიყვარულმა სძლია...
დიდუბეში, ერთ პატარა ქოხში დასახლდა. მიტროპოლიტ ზინობის კურთხევით, შეეძლო აქვე შეეწირა უსისხლო მსხვერპლი ან მონაზვნები აღეკვეცა. მალე მისი სახლი მონასტრად იქცა.
საქართველოს სიყვარული მამა ვიტალის მეუფე ზინობისგან გადაედო - გარდაცვალების წინ უხმო და აკურთხა თურმე, უწმინდესის გვერდით ყოფილიყო და არასოდეს დაეტოვებინა საქართველო...
წინ მეუფე ზინობია, უკან მამა ვიტალი მიჰყვება
ძალზე ჰყვარებია მამა ვიტალის ქართული ღვთისმსახურება, გალობა, დიდად აფასებდა თურმე ქართველ წმინდანებს. დიდი სინოდიკი ჰქონია და ყოველ წირვას ქართველების მოხსენიებით იწყებდა, რუსებს კი ამის მერეღა მოიხსენიებდა ხოლმე. ძალზე უხაროდა საქართველოში რწმენის აღორძინება, "რუსეთს კი სძინავსო", - იტყოდა სინანულით. მისთვის საქართველო ყოველთვის "წმინდა ივერია" იყო. ომი 30 წლით ადრე იწინასწარმეტყველა. მეტისმეტად განიცდიდა ამ ძმათამკვლელ ბაქკანალიას, წუხდა საშინლად ქართველთა შინაომის გამო. მონაზონთა თქმით, თბილისს ყოველ საათს ოთხივ კუთხივ აკურთხებდა და უფალს მის დაცვას ევედრებოდა. გახსოვთ ალბათ, მეტრო "დიდუბესთან" იარაღით დატვირთული ვაგონები რომ აფეთქდა. მამა ვიტალი ღვთისმშობლის ხატით ხელში ისეთ ადგილას დადგა, საიდანაც კარგად ჩანდა ეს საშინელება და ლოცვა დაიწყო. ხატი მაღლა აწეული ეკავა და გამოტყორცნილ ჭურვებს აკურთხებდა. არავინ დაღუპულა. ეს ცხადი სასწაული იყო...
სოხუმში ომი რომ დაიწყო, მაშინ აღიღო ის ღვაწლი, წერილის დასაწყისში რომ ვახსენეთ. ჯერ კიდევ ომამდე რამდენიმე წლით ადრე აფრთხილებდა გარშემო მყოფთ: "იქნება მიწაზე საშინელი სისხლისღვრა, ძმათა კვლა, შიმშილი. ნუ გადააგდებთ საჭმელს, რადგან მაშინ ნარჩენებითაც კმაყოფილნი იქნებით. შეიცანით საკუთარი თავი და გაიგეთ, რომ რაც სამყაროში ხდება, ჩვენი ბრალია, ჩვენი ცოდვებისა". საქართველოდან წასვლის კურთხევისთვის რომ მივიდოდნენ მასთან, უარს ეუბნებოდა:" არ არის ეს ღვთის ნება! თქვენს ადგილას უნდა იდგეთ და ღმერთი თვითონ მოვა თქვენთან". ამბობენ, რომ ახლაც გამოსცხადებია სულიერ შვილებს და საქართველოს დატოვება აუკრძალავს.
"მთელი სამყარო ჩემი მამა და დედაა. უცხო არავინ მყავს - ყველანი ჩემი ახლობლები არიანო", - იტყოდა ხოლმე. ძალზე განიცდიდა, თუ სადმე კატასტროფა მოხდებოდა, აანთებდა სანთლებს და იმდენ მეტანიას აკეთებდა, რამდენი ადამიანიც დაიღუპა, ყველას სათითაოდ ავედრებდა უფალს.
მთელი ქვეყნიდან მოდიოდნენ მასთან ნუგეშის მისაღებად. მასთან შესვლისას "ღირს არსს" ილოცებდი და მოძღვარს კურთხევას სთხოვდი, ის კი პასუხად მუხლს მოიდრეკდა შენს წინაშე, ხელზე გეამბორებოდა და აქეთ გთხოვდა კურთხევას (სულ ერთი იყო, კაცი იყავი თუ ქალი). შემდეგ დაგსვამდა, თვითნ იატაკზე მოირთხამდა ფეხს და საათობით იჯდა გაუნძრევლად, გისმენდა, მერე წიგნს აიღებდა და მამათა ნაწერებს გიკითხავდა. ცხოვრებაზე მოწუწუნეს ანუგეშებდა: "ამქვეყნად არაფერია რთული. თუ ადამიანები გეყვარება და გულწრფელად ეცდები მათ დახმარებას, ცხოვრება გაგიიოლდებაო".
ძალზე მკაცრი იყო მათ მიმართ, ვინც სასულიერო პირებს განიკითხავდა: როცა მღვდელი მსახურებას აღავლენს, ის ცეცხლის ალს ჰგავს. საკუთარი თავის დანახვა რომ შეეძლოს, ამხელა პატივისა თავადვე შეეშინდებოდა; იმ ადგილს უნდა ეამბოროთ, სადაც მღვდელი იდგა მსახურებისას, რადგან მადლით არისო განწმენდილი, იტყოდა ხოლმე.
საოცარი გახლდათ მასთან ცოდვების აღსარება. დაფარულთმცნობელობის გამო მისთვის არაფერი იყო დამალული. დიდ ეპიტიმიას არ ადებდა მათ, ვინც ვერ აღასრულებდა; სამაგიეროდ, მივიდოდა მამა ანდრონიკესთან და სთხოვდა: "ეპიტიმია დამადე - აბორტი გავიკეთეო". "გგონიათ, ადვილია, იყო დაფარულისმხილველი? როცა ხედავ, ადამიანი იღუპება, იცი, როგორ დაეხმარო და ისიც იცი, რომ ამ დახმარებას არ მიიღებს, გული დიდი მწუხარებით გევსებაო", - უთქვამს ერთხელ.
დადგა მისი ამქვეყნიდან გასვლის ჟამიც. ცამეტი წლის წინ წყლულის გამო კუჭის ორი მესამედი ამოჰკვეთეს. მაშინ ხუთი დღე რეანიმაციაში იწვა. სული მისი, ზეცად აღტაცებული, ღვთისმშობელმა დააბრუნა უკან: "დაბრუნდი მიწაზე, იქ ცრემლებით დასველდა ყველაფერიო". 1992 წელს კი წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა, სიყვარულის მოციქულმა, მოაბრუნა, ისიც - მხოლოდ ორი კვირით, რათა ნუგეში ეცა ხალხისთვის, უფროის კი პატრიარქისთვის, რომელიც იმხანად ხშირად ნახულობდა მას.
სულიერ შვილებს დაუბარა, მუდამ უწმინდესის გვერდით მდგარიყვნენ. 1992 წლის 1 დეკემბერს კი მისი მართალი სული წარდგა უფლის წინაშე და მისთვის გამზადებული ადგილი დაიმკვიდრა. მიცვალებულს წესი უწმინდესმა და უნეტარესმა, პატრიარქმა ილია II-მ აუგო. როცა მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი ისევ მომუჭა (სწორედ ისე, წმინდა სერაფიმე საროველისთვის წესის აგების დროს რომ მოხდა). "მონაზონთა ცრემლების გამო კუბოდან ხელს გამოვიწვდიო", - გაახსენდათ დედებს მამა ვიტალის ნათქვამი. კიდევ ერთი ნუგეშის სიტყვა დაუტოვებია: "მოდით ჩემს საფლავთან, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო", - ამიტომაც არის, რომ ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში, საკურთხევლის წინ, მის საფლავზე არასოდეს წყდება მლოცველთა დენა. ისიც მრავალს შეეწევა, მრავალსაც გამოცხადებია და ნუგეში უცია. ერთ ეპისკოპოსს ეჭვი შეჰპარვია, ნუთუ მართლა ასეთი მოღვაწეაო, და ზეცაში, იოანე ნათლისმცემელსა და სერაფიმე საროველთან ერთად უფლის ტრაპეზის წინ მომსახურე უხილავს.
"წმინდანო ღმრთისანო, გამხსენით ყოველთა საკრველთაგან და მიმაჯაჭვეთ ზეცას" - შეჰღაღადებს ღირსი მამა იუსტინე პოპოვიჩი. ჩვენც მივიდეთ მამა ვიტალის საფლავთან, ვესაუბროთ მას, როგორც ცოცხალს, სული მოვიბრუნოთ მის საფლავთან მომდინარე მადლით, - ეგებ გაგვეხსნას სულიერ თუ ხორციელ სნეულებათა საკრველნი და მცირე ხნით მაინც "მივეჯაჭვოთ ზეცას".
"კარიბჭე" #11.2004 წ.
მამა ვიტალის საფლავი
ასევე ნახეთ:
"შეიყვარეთ სიყვარული"
მეუფე ანდრია (გვაზავა): მამა ვიტალისთან ადამიანი რომ მიდიოდა, მეტანიით ხვდებოდა და ხელზე ემთხვეოდა
არქიმანდრიტი ანდრია (ტარიადისი): ჩემს მშობლებს ბერად და მონაზვნად აღკვეცა სურდათ და ეს მამა ვიტალის უთხრეს
შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს!
თქვენს ადგილას უნდა იდგეთ და ღმერთი თვითონ მოვა თქვენთან
მამა ვიტალის მთელი ყურადღება სიყვარულზე ჰქონდა გადატანილი და თავადაც ყველა ადამიანს დიდი სიყვარულით ეგებებოდა
მამა ვიტალის (სიდორენკო) სტუმრობა მამა გაბრიელთან (ურგებაძე).
ჩემი მამა ვიტალი.
მას ანგელოზი ემსახურება და შენ მის განკითხვას ბედავ?
სურდა, ზეციური სამეფოს მოქალაქე ყოფილიყო და ამიტომაც არ უნდოდა მიწიერზე ეზრუნა
ადამიანი მუდამ რაღაცის ძიებაშია და მოთმინება ყოველთვის სწორ გზას გვიჩვენებს
არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) მოგონებები 1
არქიმანდიტ რაფაელის (კარელინი) მოგონებები 2