რომ ხედავდეთ, რამხელა მადლი გადმოდის ლიტურგიის ჟამს, ალბათ მზად იქნებოდით, ტაძრის იატაკიდან მტვერი შეგეგროვებინათ და მისით სახე დაგებანათ!
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
სქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) ჰკითხეს, - ცხონებისთვის საუკეთესო საშუალება რა იპოვეო. მან უპასუხა: - ლოცვა სინანულითო.
უთქვამს სქემარქიმანდრიტ ვიტალის: "ზოგიერთი მეუდაბნოე დღე-ღამის განმავლობაში მთელ ფსალმუნს კითხულობს, სხვები კი ერთ კანონს თორმეტჯერ კითხულობენ. პირველს ძმათა გამო ვასრულებ, მაგრამ უპირატესობას მეორეს ვანიჭებ".
"როცა უდაბნოში ვცხოვრობდით და იესოს ლოცვას ვსწავლობდით, - ჰყვებოდა მამა ვიტალი, - ვითვლიდით ხოლმე, რამდენჯერ უნდა წარმოგვეთქვა იესოს ლოცვა, საწოლიდან კარამდე და კელიიდან წყარომდე. ტრაპეზზე საერთო ქვაბიდან საჭმლის აღებიდან პირთან მიტანამდე ერთ იესოს ლოცვას ვამბობდით და ტრაპეზის დროსაც აღვრიცხავდით იესოს ლოცვას. გონება დაძაბული რომ ყოფილიყო, დროდადრო იესოს ლოცვის სიტყვებით სინანულის რაიმე მოტივს ვგალობდით მცირე ხნით, მერე კი კვლავ იესოს ლოცვას ვიმეორებდით. გვქონდა ასევე ერთი კარგი ტრადიცია: სანამ ძმები მუშაობდნენ, ერთი მათგანი იესოს ლოცვას ხმამაღლა ამბობდა, რათა ყველას ხსომებოდა ეკლესიის მოძღვრის ნათქვამი: "ლოცვა საქმეა, სამუშაო კი ხელსაქმეო".
მამა ვიტალი ამბობდა: "ვიცნობდი ადამიანებს, რომელთაც ყველაფერი წაიკითხეს, რაც "სათნოებათმოყვარებაში" წერია იესოს ლოცვაზე, ზეპირად დაისწავლეს, მაგრამ თვითონ ლოცვას მაინც ვერ მისწვდნენ. მინახავს სხვებიც, არაფერს რომ არ კითხულობდნენ და რჩევას მხოლოდ თავიანთ მოძღვარს ეკითხებოდნენ. ისიც იმას ეუბნებოდა, რაც მათ სჭირდებოდა და მოძღვრის ლოცვების გამო უფალი მათ აძლევდა გონიერ ლოცვას".
სქემარქიმანდრიტი ვიტალი ამბობდა: "უდაბნოში რამდენიმე კაცი იყო, რომლებსაც წიგნი არ ჰქონდათ წაკითხული, მაგრამ ლოცვა მდინარესავით მოედინებოდა მათი გულიდან. თვითონ მადლი ასწავლიდათ ამას. თუ გულმა სიწმინდე და უბოროტობა მოიპოვა, ასეთი გული თვითონ დაიწყებს ღმერთის ძებნას, მოისურვებს ღმერთთან ყოფნას, იტირებს ღმერთის წინაშე და მასში, როგორც საკუთარ სახლში, შევა მადლი".
მამა ვიტალის ჰკითხეს, - როგორია გულის სიწმინდის ნიშნებიო. უპასუხა: "პირველი საფეხურია - ხედვა საკუთარი ცოდვებისა და მათზე გოდება, მეორე - დამდაბლება თითოეული კაცის წინაშე და ვერდანახვა სხვათა ცოდვებისა. უფრო დიდი საფეხურია - მტრები საკუთარი მეგობრებივით გიყვარდეს, სიწმინდის სრულყოფას კი დასასრული არა აქვს".
სქემარქიმანდრიტი ვიტალი ამბობდა: "როცა ცოცხლებისა და მიცვალებულების მოსახსენებლებს ვკითხულობ, გულისთქმა მაქვს ასეთი, რომ მათი მფარველი ანგელოზი ამ დროს ჩემთვის ლოცულობს და ამიტომ მოსახსენებლების კითხვა არ მამძიმებს".
მამა ვიტალიმ თქვა: "ხდება ხოლმე, რომ ადამიანი შესცოდავს და მას მძიმე სიზმრები აწვალებს. ერთი ძმა მომიყვა, რომ იგი არაწმინდა გულისთქმებმა გაიტაცა. სიზმარში მის კელიას შავი კედლები ჰქონდა. მივიდა, ხელით შეეხო და ნახა, რომ მათზე შავი მატყლი იყო გაკრული - კელია სახე იყო მისი სულისა. ამ სიზმარმა იგი სინანულში ჩააგდო".
სქემარქიმანდრიტი ვიტალი ჰყვებოდა: "ერისკაცებს ეშმაკი გულისთქმებით გამოცდის, მეუდაბნოეებს კი გრძნობადი სახით ევლინება. ღამღამობით მოგვისმენია მხეცების ღრიალი და ადამიანების ყვირილი, რომელთაც ჩვენს ბინაზე სურდათ თავდასხმა. ხანაც ჭერიდან კაკუნი გაგვიგონია, თითქოს ზედ ვინმე დადისო. ხანდახან გვინახავს, რომ მოსულან ჩვენი ნაცნობები, მაგრამ სინამდვილეში მოჩვენებები ყოფილან. ეშმაკისაგან საშინელი ბრძოლები განმიცდია. ღამით სიზმარში მინახავს, თითქოს მკვდარი მკერდზე მაწვება და მისი სიმძიმის გამო განძრევა არ შემიძლია, ენა მიბუჟდება, ლოცვის წარმოთქმა არ ძალმიძს. ეს დიდხანს გრძელდება. ბოლოს, ვიკრებ ძალას, ფიქრებით ჯვარს ვისახავ და მერე "აღდეგინ ღმერთს" ვკითხულობ. ვგრძნობ, რომ ქვის ფილა გულიდან ჩამომეხსნა. ეს ამბავი ჩემს სულიერ მოძღვარს მივწერე და ვთხოვე, მონასტერში ჩემთვის ელოცათ. შეუძლებელია ეშმაკის მოახლოებისგან მოგვრილი ძრწოლა წარმოიდგინოს იმან, ვისაც თვითონ ეს არ განუცდია".
მამა ვიტალი ჰყვებოდა: "ერთხელ კელიიდან გამოსულმა დიდი ძაღლი დავინახე. დავუძახე, მაგრამ ყმუილი დაიწყო. მივხვდი, მგელი იყო და თავდასხმას მიპირებდა. დავიყვირე: "უფალო, ჩემი სულიერი მამის, სქემიღუმენ სერაფიმეს (რომანცევი) ლოცვით შემიწყალე მე". უცებ მგელი, თითქოს უხილავ ძალას გაურბისო, ტყეში შევარდა. ეს მოჩვენება არ იყო. დილით თოვლზე მგლის ნაკვალევი ვნახეთ".
მამა ვიტალი ამბობდა: "მილიციაშიც არის კეთილი ხალხი. ერთხელ, როცა ვმწირობდი (ანუ ერთი წმინდა ადგილიდან მეორეში მიდიოდა, - კ.კ.), მილიციელებმა დამიჭირეს და მცემეს. მილიციის უფროსმა დამიცვა და მათ უთხრა, - ნუ სცემთ, თორემ მოკვდება და დავიდარაბას ვერ ავცდებითო. მაშინ ჩემს ფეხებით ცემას თავი ანებეს და მარტო თმა-წვერით დამათრევდნენ მიწაზეო".
ერთი ბერი შესჩიოდა მამა ვიტალის, - ჩემს გვერდით ჭირვეული ძმა ცხოვრობსო. მამა ვიტალიმ უთხრა: - მე კი ყველგან ყველასთან კარგად ვიყავიო. გაუკვირდა ბერს და ნათქვამის ახსნა სთხოვა. მამა ვიტალიმ უპასუხა: "ვის გვერდითაც არ უნდა ვყოფილიყავი, ვცდილობდი, ადამიანებთან მე კი არ მეგრძნო თავი კარგად, არამედ ისინი ყოფილიყვნენ ჩემს გვერდით კარგად. ამიტომაც გულში ვთქვი, რომ თითოეული ადამიანის წინაშე საკუთარი ნება მომეკვეთა".
* არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) ამბობდა: "რომ ხედავდეთ, რამხელა მადლი გადმოდის ლიტურგიის ჟამს, ალბათ მზად იქნებოდით, ტაძრის იატაკიდან მტვერი შეგეგროვებინათ და მისით სახე დაგებანათ!"
მამა გაბრიელს ჰკითხეს, ქვეყნის აღსასრული როდის იქნებაო. მიუგო: "ოცდაოთხი მამა ლოცულობს, რომ უფალი მალე მოვიდეს დედამიწაზე ცოცხალთა და მკვდართა განსაკითხად, დედამიწაზე კი ოცდაოთხი წმინდანი ლოცულობს, რომ უფალმა სინანულისთვის ჟამი გააგრძელოს. მათ შორის ბეთანიის არქიმანდრიტია". ჰკითხეს: "იქ ორი არქიმანდრიტია, მათგან რომელი?" უპასუხა: "ესეც საკმარისია, რაც გითხარით, ამაზე მეტი საუბარი სასარგებლო არ არისო".
* მამა გიორგი (ბულისკერია) ამბობდა: "სამყაროს მთელი სიბრძნე და ფილოსოფია იესოს ლოცვაში თავსდება, ამიტომაც ბერი ჭეშმარიტი ფილოსოფოსია (მოყვარული სიბრძნისა)".
* პატრიარქ დავითს (დევდარიანი) უთქვამს: - დედა თავისი შვილისთვის - ზღუდეა დაურღვეველი და მცველია დაუძინებელი.
* პატრიარქი ეფრემი (სიდამონიძე) ამბობდა: - თუ ორიდან ერთი გონიერია, მათ შორის კამათი არ ატყდებაო.
მიტევების კვირას პატრიარქმა ეფრემმა უთხრა მღვდლებს, - ეამბორეთ ოლარსა და წმინდა ტრაპეზს, ეამბორეთ ერთმანეთს, გაათბეთ ერთმანეთი თქვენი სიყვარულითო.
სიკვდილის წინ პატრიარქმა ეფრემმა თქვა: "დროა, ჩემს ბოლო გზას დავადგე. ვუხსნი ყველა სასჯელს იმათ, ვინც დამისჯია, მივუტევებ ყველას და შენდობასა ვთხოვ იმას, ვინც გავანაწყენე. ყოველივე მსჯავრს კი ღმერთს მივანდობ".
* მიტროპოლიტმა ზინობიმ (მაჟუგა) უთხრა ბერს, რომელმაც ჰკითხა, როგორ ვცხონდეო: "როცა მარტო ხარ კელიაში, იესოს ლოცვა იმეორე და განაგდე ყველანაირი გულისთქმა - კარგიც და ცუდიც. ბევრისთვის მყუდროება გულისთქმებისგან გათავისუფლებაა. თუ ასე მოიქცევი, დაინახავ შენს ცხოვრებაში ღვთის განგებულებას".
მიტროპოლიტი ზინობი ამბობდა: "მორჩილება სიყვარულზე აღმატებულია, რადგან მორჩილების გარეშე სიყვარული ვნებად იქცევა ხოლმე, ადამიანის სულის განმწმენდელ მორჩილებას კი იგი სულიერი სიყვარულისკენ მიჰყავს. ამაყსა და ურჩ გულში არ არის და ვერ იქნება სიყვარული. ეს თავის მოტყუებაა".
ერთმა ბერმა ჰკითხა მიტროპოლიტ ზინობის: "რომელი უფრო მეტია - იესოს ლოცვა თუ ფსალმუნიო?" მან უპასუხა: "წმინდა მამები ამბობენ: "პირველს მიჰყევი, მეორეს ნუ დაუტევებო". მაგრამ იესოს ლოცვა აღმატებულია - ის მონაზონთა დაფარული ცხოვრებაა". დუმილის შემდეგ განაგრძო: "თუ ფსალმუნსა და სხვა ლოცვებს კითხულობ და ამ დროს შენს გულში გაიღვიძებს იესოს ლოცვა, მაშინ დაუტევე ყველა ლოცვანი, გვერდზე გადადე წიგნი და ყური უგდე იესოს ლოცვას, ვიდრე მისით სული არ გაძღება და თავისთავად არ შეწყდება ლოცვა". ვიღაცამ ამაზე სქემარქიმანდრიტ ვიტალის ჰკითხა: "თუ ზიარებისწინა კანონს ვკითხულობ, მაშინ როგორ მოვიქცე, უნდა დავუტევო და იესოს ლოცვას შევუდგე?" მან უპასუხა: "მოციქული ამბობს: "სულსა ნუ დაავსებთ" (1 თეს. 5,19). როცა იესოს ლოცვა სრულდება, მაშინ მისი სხვა რამით შეცვლა სულის დავსებაა. წმინდა მამები ამბობენ: "ვინც გულში იესოს ლოცვას ასრულებს, ის მეფის ტახტთან მისულა და ესაუბრება მას, ხოლო ვინც წიგნიდან კითხულობს ლოცვებს, ის თითქოს შორიდან, კარიდან უხმობს მეფესო".
მიტროპოლიტმა ზინობიმ ბრძანა: "ბილწ გულისთქმათა მიყოლის მერე, საქმე თუნდაც მრუშობამდე არ მივიდეს, დროებით მაინც დაუტევე იესოს ლოცვა და მის მაგივრად იმეორე: "ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილს, ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვილი".
მიტროპოლიტი ზინობი ამბობდა: "ნუ დაიტოვებ ნივთსა თუ სამოსს იმისას, ვის მიმართაც ვნებას გრძნობ, თორემ ეს ნივთი ცოდვას შეგახსენებს და დაბრკოლებად გექცევაო".
მეუფე ზინობიმ თქვა: "სანამ პირველად დახურავდნენ გლინის სავანეს, ჩვენს მონაზვნებს ერჩიათ, სლავურ ენაზე წაეკითხათ "კიბე" და წმინდა მამათა სხვა ნაწერები. როცა მათ ეკითხებოდნენ: - განა რუსულ ენაზე უფრო გასაგები არ არისო, - პასუხობდნენ: - არა, სლავურად უფრო ვიგებთო".
მეუფე ზინობის უთქვამს: - ახალგაზრდობაში განსაკუთრებით მიყვარდა წმინდა იოანე ოქროპირის შემოქმედების კითხვა. რამდენად ღრმაა ეს მამაო.
"ეცადე, არ იკითხოთ სხვა აღმსარებლობის მწერალთა წიგნები, თუნდაც მათში ცუდს ვერაფერს ხედავდეთ. როგორც გვასწავლიდნენ ჩვენი მამები, ამ წიგნებში მძიმე სული ტრიალებს".
"ეცადეთ, ვინმეს განსაკუთრებით არ მიეჯაჭვოთ, თვით წმინდანებსაც კი".
"შემნახველი სალარო, სადაც ფულს ვინახავ - ადამიანებია".
"შენს ხორციელ ბრძოლებზე ქალს ნუ მოუყვები, თუნდაც იღუმენია იყოს. ეს მისი სულისთვის სასარგებლო არ იქნება".
მიტროპოლიტი ზინობი ამბობდა: "გეშინოდეს მათთვის მხურვალედ ლოცვისა, ვის მიმართაც ხორციელ ვნებას განიცდი. ასეთი ლოცვა ღვთისთვის სათნო არ არის. მასში საიდუმლოდ მრუშობაა ჩამარხული. მიანდე ის კაცი ღვთის განგებულებას და დაივიწყე იგი. თუ ასე მოიქცევი, შენი საქციელის გამო ღმერთი თავისი მოწყალებით იმ ადამიანს არ დაუტევებს და შენს მიერ მის მივიწყებას მისდამი ლოცვად ჩაგითვლის".
მეუფე ზინობი ამბობდა: "შეუძლებელია სულიერი სიმშვიდე შეინახოს იმან, ვინც მორჩილებას არ აღასრულებს. მორჩილების დაკარგვით მონაზონი სიმშვიდეს კარგავს".
მეუფე ზინობის ასევე უთქვამს: "როცა მრავალი ცთუნებისა და დაცემის მერე მონაზონი მორჩილებაში ცხოვრებას გადაწყვეტს, იმ ბრმას ჰგავს, თვალი რომ აეხილა".
* მიტროპოლიტი ზინობი ჰყვებოდა: "გლინის სავანეში დამხვდნენ მონაზვნები, რომელთაც ახალი აღთქმა და ფსალმუნნი ზეპირად იცოდნენ. ერთი მათგანი გახლდათ მედავითნე ბრმა მონაზონი, ის ყოველდღიურად ლიტურგიაზე სამოციქულოს ზეპირად კითხულობდა და ერთხელაც არ შემცდარა. გამოდიოდა ტაძრის შუაში ანთებული სანთლით, სამოციქულოს წაკითხვის მერე ჩააქრობდა სანთელს და კლიროსზე ადიოდა. ერთხელ სანთელი კითხვისას ჩაუქრა, როცა მერე ჩვეულებისამებრ ჩაქრობა დაუპირა, ახალგაზრდა მორჩილები მიხვდნენ, რომ ეს ბერი ბრმა იყო. ახლა კი მონაზონთა ახალი სახეობა გაჩნდა, რომელთაც ახალი აღთქმა თავიდან ბოლომდე ერთხელაც არ წაუკითხავთ, მაგრამ, სამაგიეროდ, კარგად ერკვევიან პოლიტიკაში, იციან, რომელ არხზე რა ტელეგადაცემაა, რას წერენ ჟურნალ-გაზეთებში. საცოდავები ვერ ხვდებიან, რომ საკუთარ თავს სულიერი სიხარული მოაკლეს - იგია სიმდიდრე მონაზონთა, ესენი კი ცხოვრებას ნელთბილად ატარებენ. მათ ვერც მონაზონს დაარქმევთ და ვერც ერისკაცს".
* არქიმანდრიტმა ელისემ ბრძანა: - ეგანტე ბრიანჩანინოვის შემოქმედება - წინასიტყვაობაა "სათნოებათმოყვარეობისა".
* კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) დიდხანს ლოცულობდა წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის ხატის წინაშე და მერე უთხრა: - შენ მღვდელმთავარი ხარ, მე კი პატრიარქი, ამიტომაც შეისმინე და აღასრულე პატრიარქის თხოვნაო. იგი ასევე ამბობდა, ეკლესია შეინარჩუნეს ღმერთმა და უბრალო ადამიანებმაო.
* წმინდა პატრიარქ კირიონს (საძაგლიშვილს) უთქვამს: "მე გამომიცდია შიმშილი და ამიტომაც ჩემს საპატრიარქო სახლში ორცხობილებს ვინახავო".
* მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე) ჰყვებოდა: "ხშირად მიხდება, შეფუცვის ლოცვები წავუკითხო დემონისგან შეპყრობილ ადამიანებს. საკუთარი ლოცვითი გამოცდილებით ვიცი, რომ ეშმაკს განსაკუთრებით ეშინია მთავარანგელოზ მიქაელისა და ზეციური მხედრობის სხვა მთავარსარდლების ლოცვისა. ამიტომ ჩემს შეფუცვის ლოცვებს წმინდა მთავარანგელოზებისა და ანგელოზების მიმართ ლოცვით ვიწყებ".