I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
რომლის მიზეზიც კართაგენის ეპისკოპოსის არჩევა იყო. ეპისკოპოს მენსურის გარდაცვალების შემდეგ კართაგენის მწყემსმთავრად ქრისტიანებმა ცეცილიანე აირჩიეს, რამაც ნუმიდიის სამოცდაათი ეპისკოპოსის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ამტკიცებდნენ, რაკი ცეცილიანეს ხელი იმ ეპისკოპოსმა დაასხა, რომელიც დევნისას გამცემი იყო, კურთხევა კანონიერად არ ითვლებაო. მართალია, შემდგომში ამ ბრალდების სიყალბე დადასტურდა, მაგრამ უკმაყოფილო ნუმიდიელმა მწყემსმთავრებმა პოზიცია მაინც არ დათმეს, ცეცილიანე ეკლესიიდან გააძევეს და მის ადგილას მაიორინე დასვეს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს დონატე, რომელიც აფრიკის ეკლესიაში ატეხილი შფოთის ერთ-ერთი მეთაური იყო. ეკლესიამ ეს არჩევანი არ ცნო და კართაგენის ეპისკოპოსად ცეცილიანე აღიარა. დონატეს მომხრეებმა ცეცილიანესა და მის მომხრეთა წინააღმდეგ ბრძოლა განაგრძეს და მათ შესახებ საშინელი ცილისწამებანი გაავრცელეს.
ორ კრებაზე, რომლებიც რომსა და არლში გაიმართა, ცეცილიანეს არჩევა კანონიერად მიიჩნიეს და დონატისტები გაკიცხეს, მაგრამ შფოთის ამტეხნი, რომელთაც ჯიუტად არ სურდათ სიმართლისათვის თვალის გასწორება, არც კრებათა დადგენილებებს დაემორჩილნენ. მათ ნოვატიანელთა ზოგიერთი წესი მიიღეს და ეკლესიას მთლიანად ჩამოშორდნენ - მათი აზრით, მთელი ეკლესია განხეთქილებებითა და ერესებით იყო სნეული, ჭეშმარიტ ეკლესიას კი მხოლოდ თვითონ წარმოადგენდნენ, ამიტომ ვინც მათ მხარეს გადადიოდა, ხელახლა ნათლავდნენ, თვითონვე ნიშნავდნენ ეპისკოპოსებს, მართლმადიდებლებს ართმევდნენ ტაძრებს, მერე კი კედლებს ფხეკდნენ და საკურთხევლებს წვავდნენ - უწმინდური ადათებისგან არიანო წაბილწულნი.
კონსტანტინე დიდს, რომელსაც ეკლესიის მიმართ უდიდესი პატივისცემა და მოკრძალება ჰქონდა, ამგვარი ვითარება ძალზე აწუხებდა. როცა განდგომილებთან შერიგება შეუძლებელი გახდა, იმპერატორმა სცადა, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდნილი შფოთისთვის სახელმწიფოს ძალის გამოყენებით მოეღო ბოლო. ამაზე მეტყველებს წერილი, რომელიც მან კართაგენის ეპისკოპოს ცეცილიანეს მისწერა და რომლითაც ატყობინებს, რომ აფრიკის პროკონსულს უბრძანა, დაესაჯა ყველა, ვინც სიცრუითა და მოტყუებით ცდილობდა წმინდა ეკლესიისგან ადამიანთა ჩამოშორებას.
დონატისტებმა ერთიანობა ვერ შეინარჩუნეს. ისინი დაიყვნენ სექტებად, რომელთაგან თითოეული ჭეშმარიტ ეკლესიად მხოლოდ თავის თავს მიიჩნევდა და დანარჩენებს წყევლიდა.
დონატისტების განხეთქილება აფრიკაში მთელი სამი საუკუნის განმავლობაში არ ჩამცხრალა. ამ განხეთქილების მონაწილენი ბრმა ფანატიზმს ხშირად საშინელ დანაშაულამდე - კაცის კვლამდეც მიჰყავდა.
დონატიზმმა დიდი ზიანი მიაყენა ეკლესიას, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო იმასთან შედარებით, რაც არიოზის სწავლებას მოჰყვა.
დაახლოებით 318 წელს ალექსანდრიელმა მღვდელმა არიოზმა ჩამოაყალიბა ცრუ მოძღვრება, რომელსაც შემდეგში არიანელობა დაერქვა. არიოზი, კადნიერად უარყოფდა ქრისტეს ღმერთობასა და დაუსაბამობას. იგი ამტკიცებდა, რომ იესო ქრისტე ღმერთის თანაარსი კი არ არის, არამედ მისი მსგავსია. მამა ღმერთი მარადიული და უცვლელია, ხოლო ქრისტე (სიტყვა, ლოგოსი) შექმნილია და მამა ღმერთთან შედარებით ნაკლებ სიბრძნეს ფლობს. არიოზი დაბადებულა ლიბიაში, მიახლოებით 256 წელს, მისი ცხოვრების პირველი წლების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ უნდა ესწავლა ლუკიანუს ანტიოქიელის სკოლაში, სადაც გაიცნო ასტერიოს კაპადოკიელი და ევსები ნიკომიდიელი. IV ს-ის დასაწყისში ჯერ იყო კონფლიქტში ალექსანდრიის ეპიკოპოსს პეტრესთან, შემდეგ კი მასვე დაუახლოვდა და მისგანვე ეკურთხა დიაკვნად, მიახლოებით 311 წელს. არსებობს გადმოცემა, რომ პეტრე ალექსანდრიელმა წინასწარ განჭვრიტა, თუ ვინ იქნებოდა არიოზი ქრისტეს ეკლესიისთვის. მას ესიზმრა ყრმა იესო თავიდან ბოლომდე გახეული კვართით. "უფალო, ვინ გაკადნიერდა და შეეხო შენს სამოსს?" - ჰკითხა პეტრემ. - "არიოზმა გახია იგი" - მიუგო უფალმა. ეს მოხდა დიდი ხნით ადრე, სანამ არიოზი თავისი ერესის გავრცელებას დაიწყებდა. პეტრე მოწამებრივად აღესრულა, მისმა მემკვიდრე აქილემ არიოზი პრესვიტერის ხარისხში აიყვანა და ალექსანდრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაძარი ჩააბარა. განსწავლულმა და მკაცრი ცხოვრების მიმდევარმა არიოზმა სახელი გაითქვა. მისი გავლენა იმდენად ძლიერი იყო, რომ ეპისკოპოსად არჩევის იმედი ჰქონდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ აქილეს მემკვიდრედ აირჩიეს ალექსანდრე და არა არიოზი; ამ უკანასკნელმა არ გაამჟღავნა თავისი უკმაყოფილება და ეპისკოპოსს დაუახლოვდა.
ერთხელ, როდესაც მათი საუბარი შეეხო ყოვლადწმინდა სამებას, არიოზმა დაიწყო ალექსანდრეს მხილება და ერესისკენ მიდრეკაში დაადანაშაულა. ამასთან გამოთქვა აზრი, რომ იესო ქრისტე არ არის მარადიული და დაუსაბამო, რომ იყო ჟამი, როდესაც ის არ არსებობდა; რომ ის ღმერთია მხოლოდ სახელით და არა არსით, რადგან ქმნილებაა მამა ღმერთისა. ამ მკრეხელობამ შეაძრწუნა ალექსანდრე. სცადა, არიოზისთვის ასეთი შეხედულებების მცდარობა დაემტკიცებინა და სასაუბროდ ხშირად უხმობდა თავისთან; გარდა ამისა, სხვა სასულიერო პირებთან ერთად მსჯელობდა და გმობდა მის თვალსაზრისს. ამ ყოველივეს ალექსანდრე თავშეკავებით აკეთებდა, რადგან კეთილი და მშვიდობისმოყვარე ადამიანი იყო. არიოზი კი ალექსანდრეს ყველგან ერეტიკოსს ეძახდა; ამასთან ჯიუტად ავრცელებდა თავის სწავლებას, ქადაგებდა ეკლესიაშიც და საზოგადოებაშიც. ის მჭევრმეტყველი და მიმზიდველი მოსაუბრე იყო, რითაც მოხიბლა ძალიან ბევრი, რომელთაც გაიზიარეს მისი შეხედულებები.
როდესაც ალექსანდრემ დაინახა, თუ როგორ ვრცელდებოდა ბოროტება, 318 წელს მოიწვია კრება ასზე მეტი ეპისკოპოსის მონაწილეობით. კრებამ ერთსულოვნად დაგმო ცრუსწავლება და განკვეთა არიოზი. მაგრამ იგი არ დაემორჩილა ამ განჩინებას, საჯაროდ გამოთქვამდა უკმაყოფილებას, თითქოს უკანონოდ დასაჯეს, ამან კი ალექსანდრიაში დიდი მღელვარება გამოიწვია. არიოზი მრავალ ეპისკოპოსს სწერდა წერილებს, რომლებშიც თავს უდანაშაულო მსხვერპლად წარმოაჩენდა და რამდენიმე გავლენიანი მფარველის შეძენაც მოახერხა.
თავის მხრივ, ალექსანდრესაც ჰქონდა მიმოწერა და წმინდა წერილზე დაყრდნობით ამხელდა ცრუსწავლებას, ენციკლურ ეპისტოლეებში აღმოსავლეთის ყველა ეპისკოპოსს სთხოვდა თანადგომას საშიში ერესის დასამხობად.
არიოზმა ალექსანდრია დატოვა და თავისი ერესი პალესტინას, მთელ ეგვიპტესა და ლიბიას მოჰფინა. ზოგ ეპისკოპოსს თავისი სწავლების ბუნდოვანებით უხვევდა თვალებს, ზოგი მჭევრმეტყველებით მოხიბლა; ამასთან ყველას აცოდებდა თავს - თითქოს უსამართლოდ დევნიდნენ. ექვსი წლის განმავლობაში იმდენს მიაღწია, რომ მთელი აღმოსავლეთის მხარე ააღელვა. კამათში მარტო სასულიერო პირები არ მონაწილეობდნენ; ხალხი ჯგუფებად დაიყო, დედაკაცების უმრავლესობამ არიოზს დაუჭირა მხარი. თებაიდის უდაბნოში, განდეგილთა მდუმარე სავანეებში თუ ქალაქების ხალხმრავალ მოედნებზე გაისმოდა ცხარე კამათი ქრისტეს ღმერთობასა და დაუსაბამობაზე, თავს იჩენდა შეურიგებელი დაპირისპირებანი. წარმართები ზეიმობდნენ, როდესაც ხედავდნენ ქრისტიანთა უთანხმოებებს და დასცინოდნენ კიდეც. არიოზს მფარველობდა აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსი ევსები ნიკომიდიელი, რომელმაც მცირე კრება მოიწვია ბითვინიაში და, მიუხედავად ალექსანდრიის კრების გადაწყვეტილებისა, ისევ მიიღო ეკლესიის ერთობაში არიოზი, რომელიც თავის მიმდევრებთან ერთად დაბრუნდა ალექსანდრიაში და განაახლა მოღვაწეობა.
ლიცინიუსზე გამარჯვების შემდეგ კონსტანტინე დიდი აღმოსავლეთ პროვინციების დასათვალიერებლად ნიკომედიაში ჩავიდა. აქ შეიტყო მან პირველად აღმოსავლეთის ეკლესიაში მიმდინარე დავის შესახებ, რამაც ფრიად გააოცა და დაამწუხრა. თავდაპირველად არ უნდოდა საქმეში ჩარეულიყო, მაგრამ შემდეგ მაინც გადაწყვიტა, წერილები მიეწერა ალექსანდრესა და არიოზისთვის. იმპერატორი ორივეს სთხოვდა, კამათი მეგობრულად დაემთავრებინათ და მისთვის "სასიამოვნო დღეები და უშფოთველი ღამეები" დაებრუნებინათ.
როგორც მოსალოდნელი იყო, მის წერილებს არავითარი ნაყოფი არ გამოუღია.
ეკლესიის ერთიანობა და სიმშვიდე კონსტანტინესთვის მართლაც სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენდა, მაგრამ, როგორც ჩანს, იმპერატორი კარგად ვერ გაერკვა შექმნილ ვითარებაში და არიოზის ერესი სათანადოდ ვერ შეაფასა - გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ მოდავე მხარეთა შერიგებას შეძლებდა. სამაგიეროდ, ეკლესიამ ჩინებულად უწყოდა, რა საფრთხეს უქმნიდა მას არიოზის მიერ წამოწყებული კამათი. არ შეიძლებოდა, მაცხოვრის მარადიულობა და ღმრთაებრიობა ქრისტიანისთვის სადავო საკითხად დარჩენილი¬ყო. რაკი ვიღაც გაკადნიერდა და ამ თემას შეეხო, ეკლესიას გულგრილობის უფლება არ ჰქონდა. სიმშვიდის დასაბრუნებლად ერთადერთი გზაღა რჩებოდა - მსოფლიო ეკლესიას აუცილებლად უნდა ჩამოეყალიბებინა თავისი სწავლება, რომელიც მაცხოვრისა და მისი მოციქულებისგან გადმოეცა და ერთხელ და სამუდამოდ გადაეწყვიტა, ეთანხმებოდა თუ არა მას ახალი სწავლება, რომელიც ცხარე კამათის საგნად იყო ქცეული.
ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მნიშვნელობა
325 წელს რომის იმპერატორის კონსტანტინე I-მა მოიწვია პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება. სხვა საკითხების გარდა, კრების უმთავრესი განსახილველი საკითხი არიოზის ერესის დაგმობის საკითხი იყო. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ: დოგმატური საკითხი, რომელიც ნიკეის კრებაზე მამების ყურადღებას იქცევდა, შემდეგი იყო: მივიჩნიოთ თუ არა ძე ღმრთისა ღმერთად, რომელიც თანასწორი იქნება მამა ღმერთისა, თუ ვაღიაროთ იგი ქმნილებათა შორის სრულყოფილად ან კიდევ მივიჩნიოთ ღმერთად, მაგრამ ღირსებით არათანასწორად მამისა.
ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება შედგა სამეფო სასახლის ერთ-ერთ დარბაზში. მას ესწრებოდა თავად იმპერატორიც. კრებაზე დამსწრეთა რიცხვი 2000-ზე მეტი იყო. მათგან ეპისკოპოსთა რიცხვს 318 შეადგენდა. კრებაზე ერთ მხარეს იდგნენ ალექსანდრე ალექსანდრიელი, ევსტაფი ანტიოქიელი, ოსია კორდუბელი, სპირიდონ ტრიმიფუნტელი, ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი და ათანასე დიდი, ხოლო მეორე მხარეს არიოზის "დამცველები" ევსები ნიკომიდიელი, ფეოგნიუს ნიკეელი, ფეონა მარმარისელი და სეკუნდ პტოლემაიდელი. შუალედური პოზიცია ევსები კესარიელის დაჯგუფებას ეკავა, რომელიც შემდეგში ნახევრად არიანელების სახელით გახდა ცნობილი, ევსები სუბორდინაციის თეორიას ემხრობოდა, ანუ ძე ღვთისას ღმერთად კი მიიჩნევდა, მაგრამ მის ღვთაებრიობას მამა ღმერთის ღვთაებრიობის თანასწორად არ თვლიდა. მათი აზრით, ძე დაქვემდებარებულ მდგომარეობაში იყო მამის მიმართ.
დაიწყო პაექრობა: არიოზი ჯიუტად იცავდა თავის სწავლებას, რასაც აშკარად მხარს უჭერდა ჩვიდმეტამდე ეპისკოპოსი. აქ ყველას განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ალექსანდრიის ეპისკოპოსთან ერთად ჩასულმა ახალგაზრდა დიაკონმა ათანასემ (მომავალში ათანასე დიდი) მას მჭევრმეტყველებაში ტოლი არ ჰყავდა. მისმა მახვილგონივრულმა და ზუსტმა პასუხებმა გააცამტვერა არიანელთა არგუმენტები.
მართლმადიდებლები ისევე როგორც დღეს, მაშინაც თვლიდნენ, რომ წმინდა სამების საიდუმლო აღემატება ყოველგვარ გონსა და სიტყვას და სრულიად მიუწვდომელია. იგი მხოლოდ რწმენით შეიმეცნება, ასევე მსჯელობდნენ ძე ღმერთის ჰიპოსტასზეც, რომლის არსის განუსაზღვრელობა წმინდა წერილით საბუთდება: "არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არც მამაი ვინ იცის, გარნა ძემან". (მთ.11,27). მათ სწამთ (და სწამთ ახლაც), რომ ძე ღმერთი ისეთივე სრულყოფილი ღმერთია, როგორც მამა და ასწავლიდნენ: "ქრისტემ თქვა: მე და მამაი ჩემი ერთ ვართ" (ინ 10.30). ამ სიტყვებით მაცხოვარი იმას კი არ გადმოგვცემს, რომ ორი ბუნება ერთ ჰიპოსტასს წამოადგენს, არამედ იმას, რომ ძე ღმრთისა ზუსტად და სრულყოფილად იმარხავს და იცავს მისი და მამის ბუნების იგივეობას.
პაექრობა ცხარე და შეუვალი იყო. კონსტანტინე ცდილობდა მთელი თავისი გავლენის გამოყენებას მხარეთა დასაშოშმინებლად და მშვიდობიანი გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ამაოდ. დავის გაგრძელებასთან ერთად თანდათან ცხადი ხდებოდა, თუ რაოდენ დაშორდნენ არიანელები ჭეშმარიტებას. წაიკითხეს რამდენიმე ნაწყვეტი არიოზის თხზულებიდან და სარწმუნოების არიანული აღიარება, რამაც უდიდესი გულისწყრომა გამოიწვია. კრებამ ეს ნაწერები დახია.
როდესაც არიანელებმა დაინახეს, რომ საკუთარი სწავლების დაუფარავად გადმოცემა საყოველთაო მრისხანებას იწვევდა, ცბიერებას მიმართეს - შეეცადნენ, მოწინააღმდეგენი გამონათქვამთა ბუნდოვანებით ჩაეგდოთ ცდომილებაში - ხან თითქოს ეთანხმებოდნენ მართლმადიდებლების აზრს, შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ გამოთქმულს სულ სხვა, საიდუმლო მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ა.შ. ამ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მართლმადიდებლებმა გადაწყვიტეს, წერილობით გადმოეცათ სარწმუნოების აღსარება. ეს იქნებოდა ეკლესიის სწავლების არსი მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეზე. შეადგინეს სარწმუნოების სიმბოლო და ყველას შესთავაზეს მასზე ხელმოწერა თანხმობის ნიშნად.
კრებაზე წმინდა ათანასეც ამხელდა არიოზის ერესს, მანვე მოითხოვა სარწმუნოების სიმბოლოში დაემატებინათ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება: "ერთარსი მამისა", რასაც დიდხანს არ თანხმდებოდნენ არიოზის მიმდევრები. მას მცდარ ტერმინად მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ იგი არსად გვხვდება წმინდა წერილში. ბოლოს ჩვიდმეტ არიანელ ეპისკოპოსთაგან დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა სიმბოლოს. მართლმადიდებელთა სასარგებლოდ კრებაზე გამოჩენილი აქტიურობისთვის აშკარა და ფარულმა არიანელებმა მოიძულეს წმინდა ათანასე და მთელი სიცოცხლის მანძილზე დევნიდნენ მას.
არიოზი მაინც არ იხევდა უკან. მისი სწავლება საჯაროდ დაგმეს, თავად არიოზი კი დაამხეს და ილირიაში განდევნეს თავის რამდენიმე თანამზრახველთან ერთად. მთავარი სა¬დავო თემის მოგვარების შემდგომ კრება სხვა საკითხების განხილვასაც შეუდგა.
და მაინც კრების მთავარი, უდიდესი საქმე - სარწმუნოების სიმბოლო, წარმოადგენდა მთელი ეკლესიის სარწმუნოების ცხად და გარკვეულ გადმოცემას. იმთავითვე თითქმის ყველა ერეტიკული სწავლება ეხებოდა უფალ იესო ქრისტეს პიროვნებას და მის დამოკიდებულებას მამა ღმერთისადმი. სამი საუკუნის განმავლობაში ებრძოდა ეკლესია ყველა ცრუსწავლებას, განაქიქებდა მათ უფლისა და მისი მოციქულების მიერ ნაბოძები ჭეშმარიტი სწავლებით. ახლა მთელი ეკლესიის სარწმუნოება ერთსულოვნად იქნა გამოხატული ნიკეის სიმბოლოში.
უნდა აღინიშნოს, რომ II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მამებმა გადახედეს ნიკეის სიმბოლოს და დაადგინეს, მასში რამდენიმე გამოთქმა შეეცვალათ უფრო მეტი სიცხადისა და გარკვეულობისთვის. აგრეთვე, დაამატეს რამდენიმე წევრი, რომლებშიც აღიარებულია მამისაგან გამომავალი სულიწმიდის ღმერთობა; ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია; მკვდრეთით აღდგომის მოლოდინი. მოგვიანებით III მსოფლიო კრების კანონით დადგინდა: აღარასოდეს შეცვლილიყო სიმბოლოში ერთი სიტყვაც კი! მართლმადიდებე¬ლი ეკლესია დღევანდლამდე წმინდად იცავს ამ კანონს და კითხულობს სიმბოლოს იმ სახით, როგორითაც დადგინდა 381 წელს, II მსოფლიო კრებაზე, კონსტანტინოპოლში.
არიოზი საკუთარი შეხედულებების ერთგული დარჩა. მან აღმოსავლეთში დაიწყო თავისი სწავლების გავრცელება და ბევრი მომხრე ჰყავდა. არიანელობა შედარებით სირიაში, თრაკიასა და პონტოში ბატონობდა. მისი ცენტრი კი სირიის ანტიოქია იყო. არიანული დოგმატები სათავეს აქედან იღებდნენ. არიოზს მომხრეები იმპერიის უმაღლეს წრეებშიც ჰყავდა.
დედოფალ ელენეს გარდაცვალების შემდგომ კონსტანტინე ძალიან დაუახლოვდა თავის დას, კონსტანციას, რომელიც არიანელთა ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მან, სასიკვდილო სარეცელზე მწოლარემ, დაარწმუნა იმპერატორი, რომ არიოზი უსამართლოდ იყო დასჯილი და სთხოვა, გადასახლებიდან დაებრუნებინა არიოზიც და მისი განდევნილი მომხრეებიც, მათ შორის: ევსები ნიკომიდიელი, ევსები კესარიელი, თეოგნოსტე ნიკიელი. ისინი, მართალია, განუდგნენ ცრუსწავლებას, მაგრამ ფარულად მაინც მფარველობდნენ არიანელებს. ევსები ნიკომიდიელმა ძლიერი გავლენა მოიპოვა საიმპერატორო კარზე (328 წ.).
336 წელს არიოზს იწვევენ კონსტანტინოპოლში. არიოზი ინანიებს კონსტანტინეს წინაშე და დებს ცრუ ფიცს, რომ არ დაუბრუნდება თავის ძველ სწავლებას.
იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით, არიოზი ბრუნდება ალექსანდრიაში, სადაც იგი გარდაიცვლება. მაგრამ ამის მიუხედავად, არიანელებს თავიანთი ძალაუფლება საიმპერატორო კარზე არ დაუკარგავთ. კონსტანტინე სიცოცხლის ბოლომდე ენდობოდა ევსები ნიკომიდიელს.
ტროპარი
უფროსად დიდებულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენი დააფუძნე და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მიმართ ჩუენ ყოველთა წარგვიმართე, მრავალმოწყალეო ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა.
კონდაკი
მოციქულთა ქადაგებაი და მღვდელმთავართა მოძღურებაი სწორად ბეჭედად სარწმუნოებისა და კვართად საღმრთოთ ღმრთისმსახურებისა ქრისტეს ეკლესიასა ბრწყინვალედ მოსიეს და მართლმადიდებლობით ადიდებს დიდსა და უბიწოსა ღმრთისმსახურებისა საიდუმლოსა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი