ექვსი მსოფლიო კრების მამათა ხსენება
ექვსი მსოფლიო კრების მამათა ხსენება
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.

I მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა ქ. ნიკეაში, 325 წელს, რომის იმპერატორის კონსტანტინე I დიდის (306-337) საგანგებო ბრძანებით და ამ კრებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯიც თავად იმპერატორმა გაიღო. კრების მთავარი მიზანი იყო ოფიციალური დადგენილების გამოტანა, ქრისტიანობის, როგორც სახელმწიფოებრივად აღიარებული სარწმუნოების შესახებ, რომელიც თავისი არსებობის პირველი ხანებიდან IV ს-ის დასაწყისშიც კი მკაცრად იდევნებოდა და, ამასთან, განხილვა იმ უმთავრესი დოგმატიკურ-კანონიკური და იერარქიულ-ადმინისტრაციული საკითხებისა, რომლებიც იმ ხანებში ერთობ მწვავედ ისმოდა და რომელთა მოგვარება-მოწესრიგება ნიშნავდა ქრისტიანობის უკვე, როგორც სახელმწიფო რელიგიის ძლიერებასა და მის შემდგომ განვითარებას მთელ საქრისტიანო მსოფლიოში. კრებას ესწრებოდნენ როგორც რომის იმპერიაში შემავალ ქრისტიანულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები (ძირითადად, ეპისკოპოსები), ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ, სხვა სახელმწიფოთა ქრისტიანულ ორგანიზაციათა წარმომადგენლებიც. კრებაზე მონაწილეობა მიიღო 300-მდე ეპისკოპოსმა და დაბალი ხარისხის წარმომადგენელმა. კრებას ესწრებოდა სულ 318 მამა.

კრება, რომელიც ევსტათი ანტიოქიელის თავმჯდომარეობით გრძელდებოდა ორ-ნახევარ თვეს, 19 ივნისიდან 25 აგვისტომდე, მიმდინარეობდა ეკლესიის სასახლის ერთ-ერთ პალატაში. კრებაზე ნებადართული იყო საერო პირების დასწრებაც და დარბაზში ზოგჯერ 2 000-მდე კაცი იყრიდა თავს. დარბაზის ირგვლივ იდგა სავარძლები ეპისკოპოსებისათვის, ხოლო შუაში კი მაგიდაზე ესვენა საღმრთო წერილი (ბიბლია). იმპერატორი კონსტანტინე თავად ესწრებოდა ხოლმე სხდომებს და ზოგჯერ მათ სიტყვითაც ხსნიდა.

კრების განხილვის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა არიოზის მწვალებლური აზრის უარყოფა იესო ქრისტეს არაღვთაებრიობის შესახებ. არიოზი დაჟინებით იცავდა თავის ცრუმოძღვრებას და, ამბობდა, რომ იყო დრო, როცა ძე ღვთისა არ იმყოფებოდა (ე.ი. "არ იყო შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა") და იგი არის ქმნილებაო (ამიტომ არის მრწამსში მიმატებული სიტყვები "შობილი და არა ქმნილი"). არიოზის მოძღვრებას მხარს უჭერდა ზოგიერთი ეპისკოპოსი, როგორებიც იყვნენ: ევსები ნიკომიდიელი, თეოგნოსტი ნიკიელი და მარისი ქალკედონელი. საჯარო პაექრობაში დასახელებული მწვალებლები დამარცხდნენ. მათი მოძღვრების უარყოფაში დიდი როლი ითამაშეს წმ. ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსმა, წმ.სპირიდონ ტრიმიფუნტელმა, ალექსანდრიელი ეპისკოპოსის დიაკვანმა წმ. ათანასემ და სხვებმა. კრებამ ერთხმად დაადგინა მწვალებელ არიოზის და მის თანამოაზრეთა ეკლესიიდან განკვეთა, რომლებმაც თავიანთი შეცდომები არ მოინანიეს. კრებაზე შემუშავდა სარწმუნოების სიმბოლოს (კრედოს), ანუ როგორც ქართულად ეწოდება მრწამსის (წარმოებული მრწამსის პირველი სიტყვიდან "მრწამს") ტექსტი (სარწმუნოების სიმბოლოს ტექსტი შეივსო, დაზუსტდა და მისი საბოლოო რედაქცია მიღებულ და დამტკიცებულ იქნა კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრებაზე). ნიკეის კრებამ დღის წესრიგში დააყენა ასევე აღდგომის დღესასწაულის საკითხიც და დადგინდა, რომ იგი უნდა იდღესასწაულებოდეს ერთდროულად ყველა ეკლესიაში, ე.ი. გაზაფხულის მთვარის შევსების შემდეგ პირველსავე კვირას. კრებაზე დამსწრე ეპისკოპოსთა ერთ ნაწილს სურდა დაეკანონებინა მღვდლებისა და დიაკვნების უქორწინებლობა, მაგრამ ამ წამოყენებული წინადადების წინააღმდეგ მკაცრად გაილაშქრა ეპისკოპოსმა პაფნუტიმ და კრებას მიუთითა, რომ "ვაითუ გადამეტებული სიმკაცრით ზიანი მივაყენოთ ეკლესიასო", კრებამ, ბჭობის შემდეგ, მღვდლებისა და დიაკვნების დაუქორწინებლობის შესახებ წამოყენებული აზრი უარყო და გაიზიარა პაფნუტის შეხედულება.

კრებამ, ასევე დაამტკიცა ამა თუ იმ ეკლესიის მთავარ წარმომადგენელთა იერარქიული და ადმინისტრაციული ნორმები, ურთიერთშორის პატივისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. კრებამ გამოსცა სულ 20 კანონი.

კრების დადგენილების 20-ვე მუხლი კრების მონაწილე ეპისკოპოსების მიერ მათ ეპარქიებში, თავ-თავიანთი ქვეყნების მიხედვით, ეცნობა ყველა ეკლესიას.

* * *

II მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლში, 381 წლის მაისში იმპერატორ თეოდორეს ბრძანებით. კრება, რომელსაც ესწრებოდა 150 ეპისკოპოსი, გაიხსნა წმინდა მელეტი ანტიოქიელის თავმჯდომარეობით, რომლის გარდაცვალების შემდეგ კრების თავმჯდომარეობა დაევალა გრიგოლ ღვთისმეტყველს და ბოლოს კონსტანტინოპოლელ ეპისკოპოს ნექტარიოსს. კრებამ განიხილა მაკედონის და მის თანამოაზრეთა მწვალებლური სწავლება, რომელიც უარყოფდა სულიწმიდის ღვთაებრიობას.

სარწმუნოების სიმბოლოს, გრიგოლ ღვთისმეტყველის მითითებით, წმინდა მამებმა დაამატეს ზოგიერთი გამოთქმა ძე ღვთისაზე, მოძღვრება წმინდა სულზე ("და სულიწმიდა უფალი და ცხოველსმყოფელი"…), ეკლესიის ერთიანობაზე ("ერთი წმიდა კათოლიკე"…), ნათლობის საიდუმლოზე ("აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა") და მკვდრეთით აღდგომაზე ("მოველი აღდგომასა").

კრებამ, რომელმაც შეიმუშავა და დაამტკიცა 7 კანონი, მაკედონი და მისი თანამოაზრენი განიოტა, ე.ი. განკვეთა.

ამავე წლის 3 სექტემბერს, აკვილეიში ამბროსი მედიოლანელის თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა სამი მიტროპოლიტის (მილანის, აკვილეის და სირმიის ეპისკოპოსთა) კრება, არიოზელთა მოძღვრების დასაგმობად. კრებამ დაადასტურა ნიკეის კრების დადგენილებანი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ძე ღმერთის მარადიულობის, მისი ღვთაებრივი ბუნების და მამა ღმერთთან თანატოლობის მოძღვრებას.

II მსოფლიო კრებამ გამოსცა ეპისტოლე, რომელიც შემდეგ დაყვეს 7 კანონად. მე-3 კანონს რომის ეკლესია უარყოფს, რადგან ამ მე-3 კანონში ამაღლებულია კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის ღირსება რომის ეპისკოპოსის დარად: "რადგან კონსტანტინოპოლი ახალი რომია", ე. ი. მეფის ქალაქია (II მს. კრების მე-3 კანონი).

ცნობილია, რომ რომში კათედრების ღირსებას აკავშირებდნენ არა ქალაქების პოლიტიკურ მნიშვნელობასთან, არამედ მათი თემის სამოციქულო წარმოშობასთან, ამიტომაც დიპტიქში პირველ ადგილზე აყენებდნენ რომის, ალექსანდრიის და ანტიოქიის ეკლესიებს, რომელნიც მოციქულ პეტრეს და მისი მოწაფის მარკოზის მიერ იყვნენ დაფუძნებულნი. რომაელი ეპისკოპოსები რამდენიმე ასწლეულის მანძილზე ჯიუტად ეწინააღმდეგებოდნენ კონსტანტინოპოლის კათედრის ამაღლებას.

* * *

III მსოფლიო საეკლესიო კრება შედგა ქ. ეფესოში, 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) მოწვევით. კრებას ესწრებოდა 200 ეპისკოპოსი. 7 ივნისისათვის დანიშნული კრება, დამაბრკოლებელი მიზეზებისა გამო, გაიხსნა 22 ივნისს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში, რომლის შუა, ამაღლებულ ადგილას ესვენა წმინდა სახარება. კრებას თავმჯდომარეობდა კირილე ალექსანდრიელი; კრების განხილვის საგანს შეადგენდა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის ნესტორის მწვალებლური აზრის უარყოფა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მარიამმა დაბადა კაცი, რომელსაც მერე შეუერთდა მადლით სიტყვა ღვთისა, ასე რომ, მარიამი არ იყო ღვთისმშობელიო. ნესტორი, მიუხედავად ოთხგზის მიწვევისა, კრებაზე არ გამოცხადებულა. მას მხარს უჭერდნენ ზოგიერთი ეპისკოპოსი და მეფის უწარჩინებულესი პირები (დიდებულები). კრებაზე საჯაროდ იქნა წაკითხული სარწმუნოების სიმბოლო და მისი ძველი, ნიკეური ვარიანტი. კრებამ მოისმინა კირილე ალექსანდრიელის კამათი ნესტორის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელის თხზულება. კრებამ ერთსულოვნად ცნო წმ. კირილეს მიერ მოყვანილი არგუმენტების შეთანხმებულობა ნიკეის (325 წ.) კრების აღსარებასთან, ხოლო ნესტორის ახსნა-განმარტებანი კი ცრუმოძღვრებად მიიჩნია.

კრების მონაწილე წმინდა მამათა მიერ კრებამ დამატებით მოისმინა საღმრთო წერილიდან დამოწმებული ადგილები ღვთის სიტყვის (ლოგოსის) განხორციელების შესახებ, ერეტიკოსები დამხობილად გამოაცხადეს. კრებამ თავისი დადგენილება, მეორე დღესვე (23 ივნისს) განუცხადა ნესტორს და წერილობით აცნობა იმ პერატორს.

კრებაზე, სხვა საკითხთან ერთად გაირჩა კვიპროსელი ეპისკოპოსის რეგინის საჩივარი იოანე ანტიოქიელ ეპისკოპოსზე; ეს უკანასკნელი ცდილობდა კვიპროსის კუნძულის თავისადმი დაქვემდებარებას, მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსის ეკლესიას მოციქულთა დროიდან მართავდა დამოუკიდებელი ეპისკოპოსი, რომელიც კუნძულის ეპისკოპოსთა მიერ იყო არჩეული, რასაც, როგორც კანონიკურ აქტს, განამტკიცებდა ნიკეის კრების ის დადგენილებაც, რომლის მიხედვით ყველა ეკლესიას (ფართო ცნებით) შენარჩუნებული ჰქონდა საკუთარი უპირატესობა მართვა-გამგეობის მხრივ.

საგულისხმოა, რომ 8 ივნისს, რომლის წინა დღესაც ეფესოს კრების გახსნა იყო ნავარაუდევი, ზემოხსენებული იოანე ანტიოქიელი, შეთანხმდა ეპისკოპოსთა ერთ ნაწილთან და ერთობა განუცხადა ნესტორს. მათ ცალკე მოიწვიეს კრება, რაზედაც კირილე ალექსანდრიელი ერეტიკოსად, ხოლო მისი კრება კი უკანონოდ გამოაცხადეს. მოხდა ის, რომ ამ ორივე კრების დადგენილებები იმპერატორს ერთდროულად მიუვიდა ფოსტით. იმპერატორმა თავდაპირველად განიზრახა ნესტორისა და კირილეს პატიმრობაში აყვანა, მაგრამ მალე გაეცნო საქმის ნამდვილ ვითარებას და წმ. კირილეს თავმჯდომარეობით ჩატარებული მსოფლიო კრე¬ბის ყველა დადგენილება დაამტკიცა (სექტემბერში), ხოლო ნესტორი ანტიოქიის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ მონასტერში ჩაამწყვდია. ეფესოს კრებამ გამოსცა 8 კანონი და 1 ეპისტოლე პამფილიის კრებისადმი (მცირე აზიაში იყო), რომელიც მე-9 კანონად იწოდება.

* * *

IV  მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა ქ. ქალკედონში, 451 წელს. კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა კონსტანტინოპოლელი ანატოლი, გაიხსნა 8 ოქტომბერს და დასრულდა 1 ნოემბერს. კრებაზე მონაწილეობდა საქრისტიანო მსოფლიოს 630 ეპისკოპოსი.

კრების განხილვის უმთავრეს საკითხს შეადგენდა კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტის ევტიქიოსის მწვალებლური სწავლების უარყოფა. ევტიქიოსი ამტკიცებდა, რომ იესო ქრისტეში იყო მხოლოდ ერთი ღვთაებრივი ბუნება და ერთი ნებისყოფა. კაცის ბუნება და კაცის ნებისყოფა კი ჩანთქმული იყო ღვთაებრივი ბუნებისა და ნებისყოფის მიერო. ამ სწავლას ეწოდება მონოფიზიტობა (ბერძ.), ანუ ერთბუნებიანობა. კრებაზე წაკითხულ იქნა პაპ ლევის წერილი, რომელშიც გადმოცემულია დოგმატი, რომ "იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი, ჩვენი მსგავსი, ცოდვის გარეშე; განხორციელებისას მას აქვს ერთი პირი და ორი ბუნება, შეერთებული მასში ერთპირად, შეურევნელად და განუყოფელად". IV მსოფლიო კრებამ "რომელსაც ძეგლ მართლმადიდებლობისა" ეწოდა, განაჩინა, აღიაროს ქრისტეში შეერთება ორ ბუნებათა: განუყოფლად, განუყრელად, შეურევნელად და უქცეველად. 1) განუყოფლად ე.ი. ორი ბუნება შეერთებული ქრისტეში, არ შეადგენს ცალკე არსებულ პიროვნებას, არამედ ორივე ბუნება შეერთებულია ერთგვამოვნად. 2) განუყრელად ე.ი. შეერთება ორი ბუნებისა, დაწყებული ღვთის სიტყვის განხორციელების პირველ წამიდანვე, გაგრძელდა და გრძელდება მარადის. კაცობა იესოში არასოდეს ყოფილა განსაკუთრებულ პიროვნებად, არამედ მიღებულ იყო მისი ღვთაებრიობის პიროვნების ერთობაში ერთგვამოვნებად. 3) შეურევნელად - ე.ი. ორი ბუნება იესო ქრისტეში არ შერეულა ერთმანეთში ისე, რომ მათგან შემდგარიყო მესამე ბუნება, არამედ ორივე ბუნება იმყოფება მასში, როგორც ორი სხვადასხვაგვარი ბუნება. 4) უქცეველად ე.ი. ღვთის ძისაგან კაცური ბუნების მიღებით არ შეცვლილა არც ღვთაებრივი და არც კაცური ბუნება, არც ღვთაებრივი ბუნება ქცეულა კაცურად, არც კაცური ღვთაებრივად. თითოეული ბუნება, შეერთების შემდეგაც, დარჩა უცვლელად და მთელად.
კრებამ ევტიქიოსი და მისი თანამოაზრენი (მონოფიზიტები) განიოტა, ე.ი. განკვეთა, ქრისტიანულ მსოფლიოში მათ სწავლას მისდევს სომეხთა ეკლესია. კრებამ გამოსცა სულ 30 კანონი.

* * *

V მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა იუსტინიანე I-ის (527-565) ბრძანებით, კონსტანტინოპოლში 553 წელს. კრებამ მუშაობა დაიწყო 4 მაისს და დაამთავრა 2 ივნისს. მისი პირველი სხდომა შედგა პატრიარქის სასახლის ერთ-ერთ დარბაზში, წმ. სოფიის მახლობლად. თავმჯდომარეობდა პატრიარქი ევტიქი. კრებას ესწრებოდა სულ 165 მამა. იმპერატორს სურდა შეერიგებინა მონოფიზიტები (ე. ი. ერთბუნებიანები) და დიოფიზიტები (ე.ი. ორბუნებიანები), ანუ მართლმადიდებლები. მონოფიზიტები შერიგების პირობად საკითხს აყენებდნენ სამ სასულიერო პირზე, რომლებიც IV კრებაზე იქნენ გასამართლებულნი. ესენი იყვნენ: თეოდორე მოფსუეტელი, ივა ედესელი და თეოდორიტე კვირელი. კრებაზე საზეიმოდ იქნა დამტკიცებული რა ქალკიდონის კრების ყველა დადგენილება, მიმდინარე კრების მე-5 და მე-8 სხდომებზე, დაამხეს ზემოხსენებული მონოფიზიტები და მათი თხზულებანი, რომლებითაც ისინი ნესტორის ცრუ მოძღვრებას ესარჩლებოდნენ. ამასთან, კრებამ დაამტკიცა წინა მსოფლიო კრებათა დადგენილებანიც.

* * *

VI მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668-685) ბრძანებით 680 წელს, ქალაქ კონსტანტინოპოლში. კრებას ესწრებოდა 168 მამა. კრების მიზანი იყო მწვალებელ მონოთელიტების დამხობა, რომლებიც მონოფიზიტების შემდეგ გაჩნდნენ და სახელმწიფოში რელიგიურ განხეთქილებას ქმნიდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ იესო ქრისტეში იყო ერთი, ღვთაებრივი ნებისყოფა.

"ამან წმიდამან კრებამან სარწმუნოებით და მოწყალედ შეიწყნარა ებისტოლე წმიდისა და ნეტარისა აგათონ ჰრომთა პაპისაჲ, მოწერილი ღვთისმსახურისა მეფისა… კონსტანტინესა, რომელსა შინა წერილ არს სახელდებით განკუეთაჲ და განყრაჲ ყოველთაჲ, რომელთა ქადაგეს ერთი ნებაჲ და ერთი საქმე განკაცებისა განგებულებასა შინა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა ეგრეთვე სახედ" (მცირე სჯულისკანონიდან).

ტრულის კრების კანონები. V და VI მსოფლიო კრებებზე განიხილებოდა მხოლოდ დოგმატური საკითხები და დისციპლინარული კანონები მას არ გამოუცია, მაგრამ VI მსოფლიო კრებიდან 10 წლის შემდეგ, 691 წლის 1 სექტემბერს იმპერატორ იუსტინიანე II-ის მოწვევით სასახლის ტრულის ("გუმბათის") პალატაში შეიკრიბა 227 მამა - კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის პატრიარქებისა და რომის პაპის ლეგატების თავმჯდომარეობით. კრების სხდომები გაგრძელდა ზუსტად 1 წელი, 692 წლის 31 აგვისტომდე და თავისი მოღვაწეობა გამოამზეურა საეკლესიო-დისციპლინარული კანონებით. ამ V-VI-ედ წო¬დებული კრების 102 კანონს მართლმადიდებლურ ეკლესიაში აქვს მსოფლიო კრებათა კანონების ავტორიტეტი.
..........
სტატიის წყარო:

მსოფლიო საეკლესიო კრებები და მათი კანონები

(მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
03.06.2022
ძველი სტილით 22 მაისს (6 ივნისი) ეკლესია მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებას იხსენებს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat