"რა ვქნა, რომელ გზას დავადგე, მამაო, ცოლი შევირთო თუ მონასტერში წავიდე? გევედრები, ახლავე გამაგებინე ღვთის ნება!.." - შევთხოვდი ოცდაერთი წლის წინ მამა ვიტალის (სიდორენკო) მის საფლავთან დაჩოქილი.
მერე წამოვდექი და წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარს შემოვუარე (მამა ვიტალის საფლავი ამ ტაძრის აღმოსავლეთით, საკურთხევლის წინ მდებარეობს). იქვე, ათ მეტრში, სატრაპეზოსთან, დახმარება მთხოვეს - ტომრები ჩაგვატანინე მეტრომდეო.
გზად თანამგზავრს, რუს ქალბატონს, დეიდა ნინას, გავესაუბრე - გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიდიოდა, ტომრებით კი ავადმყოფებისთვის წვრილად დაჭრილი პური და მოხარშული კარტოფილი მიჰქონდა. თურმე, უკვე ათ წელზე მეტი იყო, დეიდა ნინა მოძღვრის კურთხევით ეკლესიის წინ გლახაკობდა, მოგროვილი ფულით საკვებსა და ტანსაცმელს ყიდულობდა და ხან ბედიანის, ხანაც გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიჰქონდა სნეულთათვის. დამაინტერესა და ბოლომდე გავყევი.
რა საოცარი სიხარულით შეხვდნენ დამშეული ავადმყოფები! მათთვის ყველაფერს ნიშნავდა დეიდა ნინას მიცემული თითო ნაჭერი პური და რამდენიმე კარტოფილი...
მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ამ ამბავს ახსნას ვერ ვუძებნიდი. "მამა ვიტალი, ცხოვრების გზის ჩვენება გთხოვე, შენ კი საგიჟეში გამგზავნე. რით დავამსგავსო დეიდა ნინასას ჩემი ცხოვრება?"
მაგრამ ერთხელაც, ღვთის წყალობით , ჟურნალ "კარიბჭეში" მივედი. აი, მაშინ მოვუძებნე ახსნა მამა ვიტალის სასწაულს - მეც ხომ დეიდა ნინასავით ეკლესიის კარიბჭესთან ვდგავარ და წმინდა მამათა ცხოვრებიდან თუ სწავლებიდან ვითხოვ, ვაგროვებ მასალებს და "კარიბჭის" მეშვეობით ჩემნაირვე ადამიანებს ვურიგებ. ეკლესია კი სულიერი საავადმყოფოა, სადაც მარადისობისთვის ვიკურნებით.
ჩემს მოწოდებულ პურსა და წყალს კურნების ძალა არ აქვს, მაგრამ გვახსოვს მაცხოვრის ნათქვამი: მწყურვალს მისი სახელით ერთი ჭიქა წყალიც რომ მივაწოდოთ, სასყიდელი არ დაგვეკარგება.მამა ვიტალიმ არა მარტო ცხოვრების გზა მაპოვნინა, ჩემი ცხოვრების ნაწილადაც იქცა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი