არქიმანდრიტი ანდრია (ტარიადისი) იხსენებს:
- ჩვენი ოჯახი თბილისში, მესამე მასივში ცხოვრობდა. ერთხელ ჩვენი მეზობლის ბიჭები - დაინტერესდნენ ეკლესიური ცხოვრებით და მკითხეს - ღმერთი თუ გწამსო. მწამს-მეთქი. ერთ-ერთს სახარება ჰქონდა და მისი კითხვა დავიწყეთ. უფრო ღრმად რომ ჩავწვდომოდი სახარებისეულ სიბრძნეს, სიონის ტაძრის ეზოში მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა. თან მსახურებას ვესწრებოდი. პირველი აღსარება მამა ზურაბ ანთაძეს ჩავაბარე. უწმინდესს მაშინ პირველად შევხვდი. მუშაობაში ჩართულ ახალგაზრდებს მარტყოფში, მონასტრის მშენებლობაზე წასვლა შემოგვთავაზა (ამ დროს მარტყოფში გავიცანი მეუფე იობი (ელგუჯა) და მისი და სამონაზვნე შუშანიკი (ნინო), მაშინ ერის ადამიანები იყვნენ). ეს ადგილი მოგვეწონა და უწმინდესმა ლოცვა- კურთხევა მოგვცა დასარჩენად გამიხარდა და ჩემი ეკლესიური ცხოვრებაც ასე დაიწყო. მერე გამახსენდა რომ ბებიაჩემის პაპა ანდრია (კიურჯიევი) მღვდელი იყო. მამა ანდრია წალკაშია დასაფლავებული. ამბობენ, მას უხრწნელი ხელი აქვსო...
თავიდან მე დავდიოდი სიონის ტაძარში და შემდეგში ჩვენმა ოჯახმა წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარში მამა ანტონ გულიაშვილთან დაიწყო სიარული, ამ პერიოდში ძალიან მიყვარდა სიარული. ბეთანიის მონასტერში ვრჩებოდი ხოლმე და ვშრომობდი შეძლებისდაგვარად. ჩემი შუათანა ძმა, მამა აბიბოსი ჯარიდან რომ ჩამოვიდა მეზობლის შემოთავაზებით მივიდა მამა ვიტალისთან (სიდორენკო). მამა ვიტალიმ მას ლოცვანის წიგნი გამოუგზავნა.
ცოტა ხანში ჩემმა მშობლებმაც ალექსანდრე ნეველის ტაძარში, მამა ვიტალისთან დაიწყეს სიარული. მე კი ავიღე ლოცვა კურთხევა და წავედი მორჩილად წალკაში მამა დიმიტრისთან, ახლა უკვე სქემარქიმანდრიტ საბასთან. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ უწმინდესსმა ფოკაში წასასვლელად კურთხევა მომცა. ორნი გაგვგზავნა.
მაშინ ფოკაში ორი ვაგონი იდგა და იქ ვცხოვრობდით 1988 წლიდან 1991 წლამდე, აღსარების ჩასაბარებლად ჩამოვდიოდი მამა ვიტალისთან, მაშინ ფოკაში იყო ძალიან რთული პერიოდი იმ დროს დიდ სიხარულს განვიცდიდი რომ მოვდიოდი თბილისში უწმინდესთან და მამა ვიტალისთან. შემდეგ ათონის მთაზე წასვლის სურვილი გამიჩნდა და ავიღე ლოცვა- კურთხევა უწმინდესისგან, სამი თვის განმავლობაში მონასტერს ვარჩევდი და ბოლოს ათანასე ათონელის ლავრაში გავჩერდი. ფინანსური პრობლემა შემექმნა და ამიტომ ერთი თვით ტრაპეზარად დამნიშნეს, მერე ერთმა ბერმა მორჩილად დარჩენა შემომთავაზა.
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მსოფლიო პატრიარქს გაუგზავნეს წერილი და ოფიციალურად მიმიღეს მორჩილად ათანასე ათონელის ლავრაში. მამა პაისი ცხოვრობდა ათონის მთის ცენტრში - კარიესთან. თავის პატარა სენაკში ეკლესია ჰქონდა. სითბოთი და სიყვარულით იღებდა მიმსვლელს. საუბარში ისე გაიღიმებდა, თითქოს შინაგანად რაღაცას გრძნობდა და თან ნუგეშით გავსებდა - ათონის მთაზე წასვლამდე ზაგორსკის მონასტერში მოვხვდი არქიმანდრიტ ნაომთან. მაკურთხა, მივსულიყავი მამა პაისისთან და რასაც მეტყოდა, ისე მოვქცეულიყავი. როცა მივედი მამა პაისისთან, უკვე ცხრა თვე მონასტერში მორჩილებას ვასრულებდი. ვკითხე, როგორ მოვქცეულიყავი. მითხრა, - შენი ადგილი საქართველოშია.
აქ ბევრი მამაა, შენ კი საქართველოში უფრო მეტ საქმეს გააკეთებ, იქ უფრო სჭირდებათ ბერებიო. - ათონელი მამები საქართველოს ნაკლებად იცნობდნენ. თავიდან მკითხეს, საიდან ხარო. რომ ვუთხარი, ფოკიდან, წმინდა ნინოს მონასტრიდან-მეთქი მათთვის არ იყო ცნობილი წმინდა ნინოც კი და რომ მოუყევი წმინდა ნინოს ცხოვრება დაინტერესდნენ. ათონზე გავიცანი მოხუცი მოღვაწე მამა მაქსიმე.
მას ნანახი ჰყავდა ათონზე მოღვაწე ბოლო ქართველი მამები. მამა მაქსიმე ივერიის მონასტერთან ახლოს ცხოვრობდა, ძალიან უხაროდა, როცა ათონზე ქართველების ჩამოსვლის ამბავს გაიგებდა. ხშირად იხსენებდა იოანე ღვთისმეტყველის სენაკში ქართველების ცხოვრებას. წუხდა, რომ რაღაც პრობლემების გამო დატოვეს წმინდა მთა და საქართველოში დაბრუნდნენ. უყვარდა საქართველო. ბეთანიის მონასტერიც მოულოცავს და უწმინდესსაც შეხვედრია. მამა მაქსიმე 85 წლის გარდაიცვალა.
ჩემს მშობლებს ბერად და მონაზვნად აღკვეცა სურდათ და ეს მამა ვიტალის უთხრეს. მან უწმინდესთან გაგზავნა. უწმინდესმა შესთავაზა მამაჩემს რომ გამხდარიყო სასულიერო პირი. და მამაჩემი გიორგი უწმინდესმა მალე დიაკვნად აკურთხა. ცოტა ხანში მღვდლად დაასხეს ხელი და გაგზავნეს წალკის რაიონის სოფელ ბეშთაშენის ეკლესიაში. ერთი წლის შემდეგ უწმინდესმა მშობლებს ბერობის და მონაზვნობის კურთხევა მისცა. მამა ვიტალიმ აღკვეცა მამაჩემი კონსტანტინეს სახელით. და დედაჩემი ელენეს სახელით. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედაჩემი აღიკვეცა დიდ სქემაში და გახდა სქემონაზონი ევგენია.
ამ დროს ჩემი ძმა, მამა აბიბოსი, და ის მორჩილი, რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობდა ფოკაში, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მამა ვიტალიმ სიონის ტაძარში ბერად აღკვეცა. მამა ვიტალი 1992 წელს გარდაიცვალა. ერთი წლის მერე ჩამოვედი საქართველოში და უწმინდესის კურთხევით, 1994 წელს მეუფე დანიელმა სვეტიცხოვლის ტაძარში აღმკვკვეცა ბერად მე და ჩემთან ერთად ახლანდელი: არქიმანდრიტი მიქაელი(შიომღვიმის წინამძღვარი), მეუფე ისაია, იღუმენი ელისე(რომელიც იყო ფოკის წინამძღვარი) და მისი ძმა არქიმანდრიტი ბენიამინი (მარტყოფის წინამძღვარი), აღკვეცის დროს მამაჩემა მამა კონსტანტინემ გადამაფარა მანტია, და როცა ანდრია დამარქვეს, მამას ცრემლი მოერია, _ პაპის სახელი ჩემზე გადმოვიდა.