წმინდა მამები ამბობენ, რომ ოჯახი ღვთისგან კურთხეულია. ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ოჯახს შექმნის. კიდევ უფრო ბედნიერია, თუ უფალს შესწირავს თავს, მონასტრულ ცხოვრებას აირჩევს და გახდება უფლის რჩეული ჯარისკაცი. თანამედროვე მამებისგანაც გამიგონია, ბერ-მონაზვნობის ჯვარი მძიმეა, მაგრამ ტკბილიო. სიტკბო და სიყვარული კი უფალთან ყოფნაში, უფალთან თანაზიარობაში გამოიხატება. ტკბილი და მადლით სავსეა თავად ურთიერთობა ბერ-მონაზვნებთან. თითქოს მათი ენატკბილად მოუბარი ბაგეებიდან თავად უფალი გვაუწყებს ცხოვრების გზას. მართლაც, რამდენად დიდი მადლი ტრიალებს იმ ოჯახში, სადაც მშობელი ლოცვა-კურთხევას აძლევს თავის ნაშობს და მას უფლისთვის წირავს. კიდევ უფრო მადლიანია ის ოჯახი, რომელშიც თითოეულ წევრს გადაუწყვეტია, უფლის სამსახურში გალიოს ცხოვრება. მადლობა უფალს, რომ რამდენიმე წლის წინ გავიცანი ბორჯომის ეპარქიაში მოღვაწე არქიმანდრიტი ანდრია (ტარიადისი). მოძღვრის დედაა მონაზონი ელენე, მამაც სასულიერო პირი გახლდათ, მღვდელმონაზონი კონსტანტინე. ერთ-ერთი ძმა კი ათენში, წმინდა პანტელეიმონის ტაძრის მოძღვარი, არქიმანდრიტი აბიბოსია. ათენში გამგზავრებამდე მამა ანდრიას ვთხოვე მამა აბიბოსთან დაკავშირება. მინდა ჩვენი ჟურნალის საშუალებით უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ, განსაკუთრებით მამა აბიბოსს, რომლის ლოცვა-კურთხევით და მზრუნველობით მოვილოცე ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები. მამა აბიბოსთან საუბრებმა უფალი სხვაგვარად დამანახა და გამაძლიერა. ის მართლაც საკუთარი ცხოვრებით ქადაგებს მართლმადიდებლობას, ღვთისა და მოყვასის სიყვარულს. ცდილობს, ყველასგან დაფარულად აღასრულოს სიკეთე და დახმარების ხელი გაუწოდოს თითოეულ ღვთის შვილს.
მამა აბიბოსი და მისი ოჯახის წევრები მამა ვიტალის (სიდორენკო) სულიერი შვილები არიან. როცა მამა აბიბოსმა მითხრა, მამა ვიტალი იყო ჩვენი მოძღვარიო, ვუთხარი, - მამაო, ათენში წამოსვლამდე ალექსანდრე ნეველის ტაძარი და მამა ვიტალის საფლავი მოვილოცე-მეთქი. მამა ვიტალიმ ხომ დაგვიბარა, გარდაცვალების შემდეგ მოდით ჩემს საფლავთან და გულისნადები გამიზიარეთო. მეც მუხლმოდრეკილმა ვთხოვე საბერძნეთში წასვლის სურვილის განხორციელება. რას ვიფიქრებდი, რომ მის სულიერ შვილთან ვთხოვდი შეხვედრას.
ახლა კი მამა აბიბოსს დავუგდოთ ყური.
ღვთისკენ მოქცევა
- ყველა ადამიანს თავისი ცხოვრების გზა აქვს. შეიძლება თავადაც არ იცოდეს, ისე წარიმართოს მისი მომავალი. როცა ჯარში ვიყავით მე და ჩემი უფროსი ძმა, მშობლებთან მხოლოდ მამა ანდრია ცხოვრობდა. ერთ დღეს მამა ანდრიას გზაში მათხოვარი შეხვდა. შინ დაბრუნებულმა მამას აღტაცებით უთხრა, - მგონი, წმინდანი ვნახეო. მამამ - თუ ასეა, მოიყვანე და ჩვენთან იცხოვროსო. მართლაც ასე მოხდა. ორი წელი ცხოვრობდა ჩვენს სახლში ის ადამიანი. მამა ამბობდა, - ჩემი შვილები ჯარში არიან. მე აქ შევინახავ მათხოვარს და ღმერთი კიდევ იქ მიხედავს ჩემს შვილებსო. იმ დროს შემობრუნდა ეკლესიისკენ ჩვენი ოჯახი. ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ მეც მივყევი ოჯახის კვალს. მათი ცხოვრების წესი სიხარულს მანიჭებდა. ბებია ძალიან მორწმუნე ქალბატონი გახლდათ. სოფელში წირვა-ლოცვა არ მიმდინარეობდა, მაგრამ ყოველ კვირას დადიოდა ეკლესიაში, სანთლებს ანთებდა, ლოცულობდა, მარხულობდა. ბებია ამბობდა, - ჩემი გარდაცვალების შემდეგ ღმერთი შეგეწევათო. ეკლესიში ჩემი ოჯახის სიარულით, რაც მაკლდა, ბებიას გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეივსო. დავიწყე რელიგიური წიგნების, განსაკუთრებით - ეგნატე ბრიანჩანინოვის მეხუთე ტომის კითხვა ბერმონაზვობის შესახებ. მერე დავინტერესდი, შეიძლება თუ არა, ადამიანმა იცხოვროს ისე, რომ ღმერთს თავი შესწიროს. როცა დაოჯახება ვახსენე, მამამ მითხრა, ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ ცოტა ხანი გავიდეს და მერე ღმერთი გამოაჩენს, რა უნდა გააკეთოო. დედას კი ჰქონდა ჩემი ბერად წასვლის სურვილი. ერთი წელი ვფიქრობდი, როგორ მეცხოვრა, რა გამეკეთებინა. უმაღლესი განათლება არ მიმიღია, თუმცა მშობლებს ამის სურვილი ჰქონდათ. ერთხანს რუსეთში ნათესავებთან წასვლა და იქ სტომატოლოგობის შესწავლა მინდოდა. ეკლესიური ცხოვრების დაწყების შემდეგ ვფიქრობდი, კარგია, ასე რომ მოხდეს, მაგრამ მჭირდება კი-მეთქი? სინდისი მამხელდა, რომ ბერობაზე უარს ვამბობდი.მაშინ მხოლოდ ბეთანიის მამათა მონასტერი ფუნქციონირებდა და გვიხაროდა მე და ჩემს ტოლებს იქ წასვლა, დარჩენა და მამების გვერდით დგომა, დახმარება. ჩემს ძმას, მამა ანდრიას და მის მეგობრებს, რომლებიც ღვთისკენ მოექცნენ, სურვილი გაუჩნდათ, ბერმონაზვნურ ცხოვრებას უფრო ღრმად გასცნობოდნენ და წავიდნენ რუსეთში, რადგან მაშინ იქ უფრო იყვნენ გამოცდილი ბერ-მონაზვნები და მონასტრული ცხოვრება აწყობილი ჰქონდათ. რუსეთში მოღვაწე მამები, ბერდიდები, საქართველოდან ჩასულ ბიჭებს ეუბნებოდნენ, ჩვენ თქვენთან, მამა ვიტალისთან მოვდივართ და თქვენ აქ რად ჩამოდიხართო. მაშინ გადავწყვიტე მამა ვიტალისთან წასვლა.
მამა ვიტალის დედა სერაფიმა უვლიდა. მისი დახმარებით დადიოდა, ტაძარშიც მას დაჰყავდა ხოლმე.
როცა ალექსანდრე ნეველის ტაძარში მივედი, გამოვიდა ერთი მოძღვარი და უეცრად ყველა მისკენ წავიდა. გაკვირვებული გულში ვფიქრობდი, - რა ხდება-მეთქი. რომ ვიკითხე, - მითხრეს, მამა ვიტალიაო. მამა ვიტალის ასეთი ჩვევა ჰქონდა: მასთან მისულ ყველა ადამიანს პირჯვარს გადასახავდა და მხრებსა და ხელზე ემთხვეოდა ხოლმე. ხოლო თუ შინ მიიღებდა სტუმარს, მეტანიას უკეთებდა შეხვედრის წინ და დამშვიდობებისას. როცა მამა ვიტალის პირველად შევხვდი და ამგვარად მოიქცა, სახტად დავრჩი. საკუთარ თავს ვეუბნებოდი - შენ ხელზე გკოცნიან და რას უყურებ, ლოცვა-კურთხევა მაინც აიღე-მეთქი. მამა ვიტალის გზაში დავეწიე, ხელზე ვემთხვიე და კურთხევა ვთხოვე. მერე კი შინ წამოვედი. ამ შთაბეჭდილებით ვიყავი დიდი ხნის განმავლობაში. ამ მდგომარეობის გადმოცემაც რთულია.
მამა ვიტალის დამოძღვრა
მამა ვიტალის მთელი ყურადღება სიყვარულზე ჰქონდა გადატანილი და თავადაც ყველა ადამიანს დიდი სიყვარულით ეგებებოდა. წმინდა სერაფიმე საროველს ბაძავდა. როცა მამა ვიტალის ვკითხე, - როგორ ხედავთ ადამიანს-მეთქი, მიპასუხა, როგორც ღვთის ანგელოზსო. როცა ადამიანს მიიჩნევ ღვთის ანგელოზად, მაშინ, რა თქმა უნდა, მეტანიასაც გაუკეთებ და ფეხებსაც დაბან. ალბათ, რწმენის მიხედვით არჩევდა მამა ვიტალი სულიერ შვილებს. დიდუბეში, სადაც ცხოვრობდა, მარტო ის მიდიოდა, ვისაც ლოცვა-კურთხევა ჰქონდა. როცა მამა ვიტალისთან მომიწია მისვლა, ჩემს წამოსაყვანად თავისი მონაზონი გამოგზავნა, - აკაკი მომიყვანეო. ვკითხე, როგორ უნდა მოვიდე ხშირად თქვენს სანახავად-მეთქი. მარტო თავმდაბლობითო. ვიცოდი, მასთან მისვლამდე მთელი გზა სინანულით უნდა გამევლო, რადგან მამა ვიტალი ყველაფერს კარგად ხედავდა და გრძნობდა. ქვეცნობიერად მეშინოდა, რომ ჩემს გულისნადებს ნათლად დაინახავდა.
მამა აბიბოსი, მეუფე პროკოფი, მამა ანდრია და დედა ელენე
რა შემძინა მამა ვიტალისთან ურთიერთობამ? მაგაზე არ მიფიქრია. ის იმდენად მიუწვდომელი იყო, რომ მის დონემდე მისვლა შეუძლებელია.
ხშირად მიწევდა მამა ვიტალისთან ყოფნა მისი ავადმყოფობის დროსაც. გრძნობდა თავის აღსასრულს. თავიდან არ მესმოდა მისი საუბრის არსი. მერე, რომ წავიკითხე სქემოსნების ცხოვრება, ჩემთვის ნათელი გახდა, თუ რას ამბობდა მამა ვიტალი. როცა მასთან მისული ადამიანი საუბარს დაიწყებდა, ის პასუხობდა, თან მაგალითებით ელაპარაკებოდა. ერთმა ჰკითხა, - როგორ შეიძლება კაცმა ილოცოს, თან სხვა საქმე აკეთოსო. მან ამგვარად აუხსნა, - დილით რომ გაიღვიძებ, ადგები, ჩაიცვამ, თან შენს გვერდით მყოფს ხომ ესაუბრები? ეს კიდევ ნიშნავს, რომ ერთი საქმე მეორეს ხელს არ უშლისო. მამა ვიტალიმ წინასწარ იცოდა, მოძღვარი რომ გავხდებოდი. მისთვის ჩემი სურვილის გაცხადება მოულოდნელი არ ყოფილა.
შეხვედრა ჩვენს პატრიარქთან
ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო, როცა სიონში წირვა-ლოცვას ვესწრებოდი და უწმინდესს დავინახავდი. თითქოს ვხედავდი დედამიწაზე მყოფ ანგელოზს. მის ქადაგებას მეგობრები ერთმანეთს ვუზიარებდით. მაშინ ცოტა ხალხი დადიოდა ტაძარში და თუ ვინმე გამოჩნდებოდა, თუნდაც ახალგაზრდა, ყველა თვალში მოსახვედრი იყო. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული ეკლესიურ ცხოვრებაში და ვცდილობდით, რაც დასახმარებელი და გასაკეთებელი იყო ეკლესიის გარშემო, იქ ვყოფილიყავით. ღმერთმა წყალობა მომცა, რომ ხშირად მქონოდა უწმინდესთან ურთიერთობა. მართლაც საოცარი ადამიანია ჩვენი პატრიარქი.როცა სიონის ტაძარში მსახურების დროს ვუყურებდი მის გვერდით მყოფ სტიქაროსნებს, ვფიქრობდი, რა ბედნიერები არიან-მეთქი. მე ეს მიუწვდომლად მიმაჩნდა. ერთ დღეს წირვაზე პატრიარქმა საკურთხეველში მიხმო სტიქაროსნის პირით. მეგონა, დახმარება თუ სურდათ და გამიხარდა. "რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს". პატრიარქთან შემიყვანეს. დაბნეულობისგან არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მერე მითხრეს, - დაიჩოქეო. დავიჩოქე. უწმინდესმა დამლოცა და სტიქარი ჩამაცვეს. უწმინდესმა მკითხა, - ოდესმე იფიქრებდი, რომ სტიქარის ჩაცმა მოგიწევდაო? თან დაამატა, მალე იყოს შენი წინსვლაო. გაკვირვებული ვფიქრობდი, არაფერი ვიცი და რა წინსვლაზეა საუბარი-მეთქი. "შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღვთისათვის".
რადგან პატრიარქმა მითხრა, შენი წინსვლისა იყოსო, ცოტა შევშინდი, მალე არ მაკურთხონ-მეთქი. საამისოდ მხოლოდ რწმენა მქონდა, სხვა მხრივ ღვთის წესებში ჩახედული არ ვიყავი. ადამიანი შენებურად განსაზღვრავ და ღვთის ნებას თავად ვერ გამოხატავ. უწმინდესმა საპატრიარქოში მომცა ოთახი და მითხრა, - ჩემთან იყავი მორჩილადო. მაშინ მამები არ იყვნენ და ფაქტობრივად პირველი მორჩილი მე გახლდით. რა თქმა უნდა, იქ ყოფნის დროს ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. წარმოიდგინეთ, გაყინული რომ შეხვიდე ოთახში და იქ გაგათბონ, მშიერ-მწყურვალი დაგაპურონ. ვგულისხმობ სულიერ საკვებს. ძალიან დიდი სითბო და სიყვარული ვიგრძენი. ლოცვის დროს ყოველთვის უწმინდესის გვერდით ვიყავი. სულიერად თუ მჭირდებოდა კიდევ დახვეწა, მამა ვიტალი მეხმარებოდა.
თავიდანვე დიდი სიყვარული გვქონდა უწმინდესისა. შინ ჩარჩოებს ვაკეთებდი ხოლმე, ხელსაქმედ მქონდა მიღებული. უწმინდესს ვთხოვე, საპატრიარქოში სადურგლოში მემუშავა. გაუხარდა და კურთხევა მომცა. მას შემდეგ ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა უწმინდესთან. მერე სტიქარიც ჩამაცვეს. ასე დაიწყო ჩემი სასულიერო ცხოვრება. როცა გავიგებდით დედაქალაქში რომელიმე სასულიერო პირის ჩამოსვლას, ვცდილობდით, მასთან მივსულიყავით და მის სამსახურში ვყოფილიყავით, ლოცვა-კურთხევა მიგვეღო და მადლი შეგვეძინა.
სქემარქიმანდრიტი საბა (მამა დიმიტრი), წალკიდან რომ მოდიოდა თბილისში, ჩვენს ოჯახში რჩებოდა, რაც ძალიან გვახარებდა ხოლმე.
ოჯახის მოქცევა ეკლესიისკენ
ვიდრე საპატრიარქოს სადურგლოში დავიწყებდი მუშაობას, მანამადე მოგვიწია სიონის მაცხოვრის ხატის ჩარჩოს გაკეთება. ჩვენი ოჯახი უდიდეს სიხარულს განიცდიდა, როცა ვინმეს ეხმარებოდა. როცა უწმინდესმა დაგვავალა ჩარჩოს გაკეთება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა განცდა გვექნებოდა. მამამ ჩარჩო რომ მიუტანა, პატრიარქი აღფრთოვანებული დარჩა თურმე ნახელავით. ის მამა ანდრიასა და ჩემგან კარგად იცნობდა დედას და მამას. თუ რაიმე დახმარება სჭირდებოდა, ვცდილობდით, მის გვერდით ვყოფილიყავით. ცხადია, როცა შვილები ღვთისნიერ საქმეს აკეთებენ, ეს ნაყოფია ოჯახისა. როცა მამა საბა ჩამოდიოდა ჩვენთან და საპატრიარქოს სტუმრობდა, აღტაცებას ვერ მალავდა ჩვენი ოჯახის გამო. იმ დროს ცოტა ხალხი დადიოდა ეკლესიაში, მით უმეტეს, მთელი ოჯახი რომ ვიდექით მსახურებაზე, ეს თვალშისაცემი იყო.ერთ დღეს უწმინდესმა დაიბარა მამა და დიაკვნად კურთხევა შესთავაზა. მამა ტიროდა ამის გაგონებაზე. მერე უწმინდესმა თქვა, - იმდენი იტირა, მეც ამატირაო. ალექსანდრე ნეველის ტაძარში აკურთხეს მამა დიაკვნად. მას რელიგიური განათლება არ ჰქონდა, მაგრამ ცხოვრების წესით ქადაგებდა მართლმადიდებლობას. ნაყოფი შემსრულებლისა არის საკუთარი ცხოვრების წესი.
მახსოვს, ოჯახის წევრები ერთად რომ ვდგებოდით სალოცავად. ლოცვების შემდეგ კურთხევას ვიღებდით მშობლებისგან, ეს მამა ვიტალიმ გვასწავლა... ჩვენი ოჯახიდან პირველი მამა დაადგა სასულიერო გზას. რამდენიმე ხანში ბერად აღკვეცეს და გახდა მღვდელმონაზონი კონსტანტინე. ალექსანდრე ნეველის ტაძრიდან მამა წალკის რაიონში, სოფელ ბეშთაშენში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად აკურთხეს. იქ მსახურობდა სიცოცხლის ბოლომდე, 1994 წლამდე. მერე დედაჩემი აღკვეცეს მონაზვნად, უწოდეს ელენე.
ვფიქრობდი, რომ თუ ღვთის ნება იქნება, მეც ბერად აღმკვეცენ-მეთქი. მართლაც, 1992 წელს სიონის საკათედრო ტაძარში ბერად აღვიკვეცე მამა ვიტალის ხელით, რასაც დიაკვნად და მღვდლად კურთხევა მოჰყვა. ცოტა ხანს კარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ვმსახურობდი, ასევე მცხეთაში, წმინდა ეკატერინეს (ოლღას) დედათა მონასტერში. ათონის მთაზე ორი თვე ვცხოვრობდი. მამა ანდრია, ბერად აღკვეცამდე, ერთი წელი ათონზე, წმინდა ათანასე ათონელის ლავრაში მოღვაწეობდა. ვიდრე ათონზე წავიდოდა, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ფოკაში, ფარავნის ტბასთან მდებარე მამათა მონასტერში მოღვაწეობდა. მაშინ დედათა მონასტერი არ იყო დაფუძნებული. დღეს რომ ღია ტრაპეზია, იქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ბერად აღკვეცეს.
ათონის მთაზე ყოფნის დროს მამა ანდრიამ წამიყვანა ბერი პაისის სანახავად. მან მამა ანდრიას უთხრა, - საქართველოში უნდა დაბრუნდეო. ძალიან უბრალო ბერი იყო მამა პაისი. როგორც ახლობელს, ისე ეგებებოდა თითოეულ ადამიანს და დიდ სულიერ რჩევა-დარიგებას აძლევდა. ვიდრე მასთან მისული საკუთარ პრობლემებზე დაუწყებდა საუბარს, ბერი პაისი წინასწარ ამბობდა მათ გულისნადებს. ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე. როგორ მოვიქცე-მეთქი, რომ შევეკითხე, მიპასუხა, - იპომონი ანუ მოთმინებაო.Aადამიანი მუდამ რაღაცის ძიებაშია და მოთმინება ყოველთვის სწორ გზას გვიჩვენებს. საერთოდ, ყველა საქმეში სასარგებლოა მოთმინება. ბერი პაისი ისე დაგმოძღვრავდა, სულიერად დაგაპურებდა. ამგვარად, წამოვედი საქართველოში. მამა ვიტალი გარდაცვლილი იყო - 1992 წელს აღესრულა, მამაჩემი, მამა კონსტანტინე, - 1994 წელს. მამის გარდაცვალების შემდეგ ბეშთაშენელებმა მოითხოვეს ჩემი გამწესება წმინდა ნიკოლოზის ტაძარში. წალკაში მოღვაწეობის შემდეგ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით საბერძნეთში წამოვედი. ძალიან მინდოდა, ბერძნული ენა მესწავლა. დიდი სურვილი მქონდა, წმინდა ბასილი დიდი, წმინდა იოანე ოქროპირი დედანში წამეკითხა. როცა საქართველოში საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი ქრისტოდულოსი ბრძანდებოდა, ჩემი გულისწადილი გავუმხილე. მირჩია, უწმინდესისგან ამეღო კურთხევა და უნივერსიტეტში ჩარიცხვაში დამეხმარებოდა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევის შემდეგ წავედი საბერძნეთში. სწავლასთან ერთად ვმსახურობდი ათენის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში, სადაც დღესაც ვაგრძელებ მსახურებას. ყოველი თვის პირველ კვირას წირვა-ლოცვას ქართულად აღვასრულებთ.
- მამაო, რას უსურვებთ საქართველოში მცხოვრებ ქართველებს?
- ღმერთმა გააძლიეროს და დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი. უფალმა მისი წმინდა ლოცვით დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და გააბრწყინოს სრულიად საქართველო.