"ხშირად საფლავთან მარტომყოფი ვესაუბრები მამა ვიტალის საერთო შეწევნისთვის, წარმოვთქვამ იესოს ლოცვასა და "ღვთისმშობელო ქალწულოს", - ამბობს ნანა, - ჩემს თვალწინ უამრავი სასწაული ხდება. ქალმა, რომელსაც შვილი არ უჩნდებოდა, რწმენით ილოცა მამა ვიტალის საფლავთან და შედეგმაც არ დააყოვნა - პატარა შეეძინა... ჩიყვით დაავადებული გოგონა, საოპერაციოდ გამზადებული, მამა ვიტალის საფლავთან ლოცვისა და მის საფლავზე დანთებული კანდელიდან ზეთის ცხების შემდეგ სრულიად განიკურნა".
ალექსანდრე ნეველის ტაძარში, თავისი მოძღვრის საფლავთან, ხშირად ტრიალებს სქემმონაზონი ელისაბედი (ორლოვა), რომელიც დღემდე მამა ვიტალის კურთხევებს ასრულებს და სულიერი მამის მოძღვრებების მორჩილებაშია. იგი 18 წელი იყო მისი სულიერი შვილი. როდესაც მამა ვიტალი ავადმყოფობდა, პროფესიით ექთანი დედა ელისაბედი ყველა საჭირო პროცედურას უტარებდა. დედაომ უამრავი საგულისხმო რამ მოგვითხრო მისი ცხოვრებიდან.
- მამა ვიტალის ბავშვობაზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი...
- მისი ბავშვობის შესახებ მეც ბევრი არაფერი ვიცი.
მამა ვიტალი დაიბადა 1928 წელს კრასნოდარის მხარის სოფელ ეკატერინოვკაში, ნიკოლოზ და ალექსანდრა სიდორენკოების ღარიბ ოჯახში. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებისგან. სკოლაში წარმატებული მოსწავლე ყოფილა. როგორც მამაო ამბობდა, როგორც კი გამართული კითხვა უსწავლია, მისი საკითხავი წიგნი სახარება გამხდარა.
მამა ვიტალიმ იმდენად შეიგრძნო ლოცვის ძალა და მადლი, რომ ყველაფერზე უარი თქვა, რაც ლოცვაში ხელს უშლიდა. იგი გულში განუწყვეტლივ წარმოთქვამდა იესოს ლოცვას. ერთხელაც, კლუბში რომ შევიდა, ვეღარ შეძლო იესოს ლოცვის წარმოთქმა და მიხვდა, რომ იქ სიარული საჭირო არ იყო. თანატოლთა მსგავსად, კეპი უკუღმა დაიფარა და ლოცვა კვლავ ვეღარ შეძლო, რამაც მიანიშნა, რომ სამოსით თავმომწონეობა სულს არ რგებდა.
მამა ვიტალი ხელმოკლედ ცხოვრობდა. სოფლის ტაძარში ღვთისმსახურებას ესწრებოდა, შუა კვირაში დღესასწაულის გამო სამუშაოს აცდენდა და ხშირად უხელფასოდაც ტოვებდნენ. ეს მამა ვიტალის დიდ ოჯახურ პრობლემებს უქმნიდა.
თამბაქოს შესახებ ერთხელ მამაომ მიამბო: "უსახსრობის გამო ბებიამ თამბაქო მოიყვანა გასაყიდად. რადგან მოწევა დიდი ცოდვაა, გადავწყვიტე, მცენარისთვის წყალი დამესხა და დამელპო, რისთვისაც დედამ სასტიკად დამსაჯა და ცემით სიკვდილის პირას მიმიყვანა".
მამა ვიტალის ცხოვრებაში მისი პირველი სასწაულის შესახებაც არის მოთხრობილი: ჯერ კიდევ ცხრა წლის ასაკში ვიტალის კოლმეურნეობის ნახირის მწყემსვა დაავალეს. მან საქონელი საძოვარზე გარეკა და სახარების კითხვას შეუდგა. ძროხებმა ზომაზე მეტი მარცვლეული შეჭამეს და დაცვივდნენ. შორიახლო მყოფმა ბრიგადირმა ყვირილი ატეხა: "ნახირი იღუპებაო!" მამა ვიტალიმ თითოეულ ძროხას ჯვარი გადასახა და საქონელი ფეხზე წამოაყენა.
ისიც ვიცი, რომ მეშვიდე კლასში სკოლიდან გააძევეს ერთადერთი ფრაზის გამო. როდესაც ნეკრასოვის ლექსის "რკინიგზის" წასაკითხად გამოიძახა მასწავლებელმა, ვიტალიმ განაცხადა: "სამყაროში არის მეფე, იგი დაუნდობელია - ეს სტალინია".
- როგორ იხსენებდა მამა ვიტალი მონასტერში ყოფნის პერიოდს?
- მამა ვიტალი მიწიერზე არასდროს ამყარებდა იმედებს, ამიტომაც 16 წლისამ თავისი პასპორტი დახია. მას ღვთისმსახურება მონასტერში სურდა და გლინის უდაბნოში წასვლა გადაწყვიტა, რომელიც კურსკის ეპარქიის მიყრუებულ ტყეებში მდებარეობს. ამ სავანეში მაღალსულიერი მამები მოღვაწეობენ. მონასტერში მყოფი მოღვაწეების (სქემარქიმანდრიტ სერაფიმეს, სქემიღუმენ ანდრონიკეს, სქემმონაზონ სერაფიმეს) ხელმძღვანელობით დაიწყო მონასტრული ცხოვრება. მისი სულიერი მოძღვარი მამა სერაფიმე (რომანცოვი) იმდენად მკაცრი და მომთხოვნი იყო, რომ მონატრის წევრები "მესვეტეს" უწოდებდნენ.
მამა ვიტალის გლინის უდაბნოს დატოვება და ტაგანროგის მონასტერში მოღვაწეობის გაგრძელება მოუწია, რადგანაც ხელისუფლებამ უსაბუთო პირებზე კონტროლი გაამკაცრა. მამა ვიტალიმ იცოდა, რომ უდაბნოს გზა ყველასთვის არ იყო და მრევლს მოძღვრავდა: "საჭიროა, ერში უდაბნოსავით იცხოვრო - ქუჩაში სიარულის დროს აქეთ-იქით კი არა, ფეხქვეშ უნდა იყურო, უფრო მეტად მდუმარებაში იყო, ამაოდმეტყველებაში ნუ ჩავარდები და იესოს ლოცვა აღასრულე". შინაგან საქმეთა ორგანოების წარმომადგენლები ავიწროებდნენ უდაბნოში მყოფ ბერებს, ამას დაერთო ისააკის მძარცველთა მიერ მკვლელობის ამბავიც და მამა სერაფიმემ ვიტალი თბილისში, მეუფე ზინობთან გამოგზავნა. ასე დასრულდა მისი ათწლიანი ყოფნა უდაბნოში.
- რა იყო უმთავრესი მოძღვრება მამა ვიტალისთვის?
- მისი მთავარი მოძღვრება უქმე დღეების პატივისცემა და საკვებთან მოპყრობის წესები იყო. მუდამ არიგებდა მრევლს, რომ საღამოს ლოცვის დროს მუშაობა არ შეიძლება - როცა ადამიანი არ იცავს დღესასწაულებს, სულიერად მძიმდება. აქედან მომდინარეობს ყოველგვარი ავადმყოფობაცო. მამა ვიტალი უქმე დღეებში წყალსაც კი არ უსხამდა ყვავილებს.
კურთხევა მისცა სულიერ შვილებს, კერძის მომზადების წინ ლოცვა წაეკითხათ, სადილი ბოლომდე შეეჭამათ, არ გადაეყარათ, თორემ განსაცდელში ჩავარდებოდნენ და სულიერი მდგომარეობა დაუმძიმდებოდათ.
ყველა ადამიანში ქრისტეს ხედავდა, მიუხედავად იმისა, ღარიბი იყო თუ მდიდარი. სულიერ შვილებს ასწავლიდა, თითოეული კაცი ქრისტედ მიეღოთ და ღვთის წყალობა ექნებოდათ, უსიყვარულობა კი მათ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახებოდა. ეს მისი ერთ-ერთი ძირითადი მოძღვრება იყო...
- როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მრევლთან, საზოგადოდ, მოყვასთან?
- უზომოდ მოწყალე იყო. მამა ვიტალი გაჭირვებულ მრევლს (თუ მათზე უკეთესი ეცვა) აცმევდა. ყოველთვის ჰქონდა გამზადებული ხელმოკლეთათვის ხურდა ან კანფეტები. ასწავლიდა, ყველა ადამიანი ერთია. როდესაც ავადმყოფობდა, მოსანახულებლად მისულ მრევლს წამოუდგებოდა და ებაასებოდა. მათი წასვლის შემდეგ კი მოიწყენდა, რადგანაც მრევლის უდიდესი სიყვარული ჰქონდა.
პასპორტის უქონლობის გამო მამა ვიტალის ხშირად სცემდნენ და ტანჯავდნენ მილიციაში, მაგრამ მაჭირვებლებს მუდამ ძმებად მოიხსენიებდა და სიყვარულით პასუხობდა. თუმცა ამდენ გვემას უკვალოდ არ ჩაუვლია და თეძოს ძვალი გაუტყდა. დაზიანებულ ადგილას ჭრილობა გაუჩნდა. უკანასკნელი სტადიის ტუბერკულოზით დაავადდა, ფილტვების დაშლა დაეწყო და გამოჯანმრთელების იმედი აღარ იყო. სხეულითღა იყო მიწაზე. როდესაც ოპერაცია გაუკეთეს, უგონოდ იყო. როგორც თვითონ აღნიშნა გამოჯანმრთელების შემდეგ, სასუფეველში ყოფილა, მაგრამ მისი სულიერი შვილები ტიროდნენ და მხურვალედ ლოცულობდნენ, ამიტომაც უფალმა შეისმინა მათი ვედრება და შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად მამაომ 14 წელს კიდევ იცოცხლა.
- მონასტერში მოღვაწე ბერს უდიდესი გამოცდილება ექნებოდა მორჩილებისა. ალბათ სულიერ შვილებსაც უზიარებდა გამოცდილებას და რჩევა-დარიგებებს აძლევდა...
- მამა ვიტალი მართლაც დიდ მორჩილებაში ცხოვრობდა. დაკისრებულ მორჩილებას უაღრესი მოშურნეობით აღასრულებდა, რაშიც ეხმარებოდა ღირსი სერაფიმე საროველის სიტყვები: "მორჩილება ყოველივეზე აღმატებულია, მარხვასა და ლოცვაზეც კი, მას არათუ თავი უნდა ავარიდოთ, არამედ პირიქით, უნდა ვისწრაფოდეთ მისკენ!"
მან თავმდაბლობის ისეთი გზა აირჩია, რომელიც ხშირად სალოსობას უტოლდება. უარს ამბობდა ტრაპეზზე და ნარჩენებს ჭამდა. გამხდარი, ჩამოძონძილი კაბით შემოსილი ბერის გარეგნობაში იყო რაღაც, რაც საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა ყველა შემხვედრზე და სამუდამო კვალს ტოვებდა მათ გულში. მამა ვიტალი სწრაფად და მსუბუქად მოძრაობდა. სულიერი შვილები გაკვირვებით შეჰყურებდნენ, ფრთები ხომ არ აქვს შესამოსლის ქვეშო. ყველას ემსახურებოდა, ეხმარებოდა... მის თითოეულ სიტყვასა თუ მოძრაობაში მოყვასის განუსაზღვრელი სიყვარული გამოიხატებოდა.
სულიერ შვილებს ეუბნებოდა, სულიერი ადამიანები მუდამ იქნებიან, მაგრამ მორჩილნი - აღარო. მორჩილთათვის სასუფევლის კარი ღიაა. როცა ადამიანი მორჩილებაშია, მასში სულიერი მკურნალობა მიმდინარეობს, კაცი მომთმენი ხდება და სულიერი თვისებები ყალიბდებაო. ამ ყოველივეს საქმით ასწავლიდა ხალხს, თვითონვე იყო მაგალითი და მაღალი სულიერების წყალობით ცოცხლად ცხოვრობდა ღმერთთან.
- ახლა დიდმარხვის პერიოდია. რას ქადაგებდა მამა ვიტალი მარხვის შესახებ?
- საკუთარ სხეულთან მამა ვიტალის ნამდვილი ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული. "ნინევიელების მაგალითიდან ვიცით, რომ არაფერი ისე არ ეხმარება მონანიე ცოდვილს ღვთის წყალობის მოპოვებაში, როგორც მარხვა, და არაფერი ისე არ მოაკვდინებს სულს, როგორც ნაყროვანებაო", - ამბობდა მორჩილი ვიტალი. სოკოს მოგროვებისას ჭიანებს არ ყრიდა და ხარშავდა, რამაც აღაშფოთა მისი თანამესენაკე, რომელსაც პასუხად მიუგო, ნაყროვანება - შინაგანი მატლი გაცილებით საშიშიაო.
- დედაო, ცნობილია, რომ მამა ვიტალი გულთამხილაობის საოცარი ნიჭით იყო დაჯილდოებული...
- მამა ვიტალის შეეძლო, ჩამოეთვალა მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის ქუჩები და იქ მცხოვრები ადამიანების რიცხვი. ამ ნიჭს სულიერების განსაკუთრებულ გზაზე შემდგართა დასახმარებლად წარმართავდა.
ერთ-ერთი მონაზონი ანა იხსენებს, რომ სადილის შემდეგ ღვინო დარჩათ და მათაც ბოლომდე გამოცლა გადაწყვიტეს. რამდენიმე დღეში მამა ვიტალის ღია ბარათი მიიღეს, რომელზეც გაშლილი მაგიდა, ბოთლები და ჭიქები ეხატა, მეორე გვერდზე კი "ღვინის მსმელები" ეწერა.
მამა ვიტალი თხრობის დროს ყველაფერს მარტივად ხსნიდა. ერთხელ დეტალურად აღუწერა მონაზვნებს მათთვის უცნობი ტაძრის მიდამო - სად და რა გზით უნდა მისულიყვნენ, სად რა სიწმინდე ინახებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სქემარქიმანდრიტი ვიტალი იმ ტაძარში ნამყოფიც კი არ იყო, თუმცა ყველაფერი იცოდა. საყვედურობდა ხალხს, ახსნის უნარი არ გაქვთო, ადამიანებს რომ გააგებინოთ, გიჭირთო. როდესაც სულიერი შვილი ზღვიდან ჩამოუვიდა, ჰკითხა, როგორ დაისვენე, მომიყევი, როგორი იყო ზღვაო. ზღვა, როგორც ზღვა, ისეთი იყოო, - უპასუხა მან, მამა ვიტალიმ კი აუხსნა, რომ ზღვა მზიან ამინდში ღია ფერისაა, ღრუბლიან დღეებში მონაცრისფრო ხდება. ხატოვნად დაუხატა ყოველივე და სულიერი შვილიც დაეთანხმა: "მართალი ხარ, მამაო, სწორედ ეგეთი იყოო!" ამით მამა ვიტალი ითხოვდა, ადამიანები უფრო გულიანები, ყურადღებიანები ყოფილიყვნენ და არა ზედაპირულნი.
ერთხელ, როდესაც გავიფიქრე, რამდენი რამ იცის მამა ვიტალიმ-მეთქი, მიპასუხა, მე არაფერი ვიცი, ამ ყველაფერს ღმერთი მაძლევსო.
ჩემი და რუსეთიდან იყო ჩამოსული (იქ მოღვაწე მონაზონია). ტაძარში მცირე წყლის კურთხევა მიმდინარეობდა. იგი ფიქრობდა, სამი შეკითხვა დაესვა მამა ვიტალისთვის: პირველი - როდის გამგზავრებულიყო რუსეთში, მეორე - რა ტრანსპორტით... მაგრამ მესამე კითხვა დაავიწყდა და ვეღარ გაიხსენა. მამა ვიტალიმ მის ფიქრებს ჯვარზე მთხვევის დროს უპასუხა და სთხოვა, ბოლო კითხვა გაეხსენებინა: "მესამე რა მკითხე, ვერ გავიგეო!"
იგი ძალიან ბევრს ჭვრეტდა წინასწარ. ისეთი სიყვარულით გამხელდა, იმ დროს გერჩია, მიწა გაგხეთქვოდა - ამ სიყვარულიდან დიდი სითბო მოდიოდა და გრცხვენოდა ჩადენილი საქციელისა. მამა ვიტალი სულიერ შვილებს ეუბნებოდა: "სიყვარული რომ გქონდეთ, კედლები ერთმანეთს დასცილდებოდნენ და შეგეძლებოდათ, ყოველთვის ჩემთან ყოფილიყავით და დაგენახეთო". ეს ფრაზა მისი მჭვრეტელობის საიდუმლოს, სიყვარულის გაშიფვრა იყო.
- მამა ვიტალიმ თბილისში ყოფნის პერიოდში უამრავი სასწაული აღასრულა, რომელთაგან ძალიან ცოტაა ცნობილი მრევლისთვის...
- დიდუბელებს დღესაც ახსოვთ ეს ამბავი: 1990-იან წლებში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, მამა ვიტალიმ ფეოდოროვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი აიღო, ორი მონაზვნისა და მღვდლის თანხლებით, რომელთაც იესოს ლოცვის წარმოთქმა დაავალა, ღია ადგილას დადგა, ხატი მაღლა ასწია და ჭურვებს ჯვარს სახავდა. ჭურვები ჰაერში ფეთქდებოდა და ადამიანებისთვის უსაფრთხო ხდებოდა.
მამა ვიტალი უფლის წინაშე განსაკუთრებულ მეოხებას არც გარდაცვალების შემდეგ აკლებს მოყვასს. "რომ მოვკვდები, მოდით ჩემს საფლავზე და მიამბეთ ყველაფერი, როგორც ცოცხალს. მე დაგეხმარებით".
უფალმა თავისი რჩეულის ღვაწლი მისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ გზაზეც წარმოაჩინა. 1993 წლის 1 დეკემბერს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა მამა ვიტალი. უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მისი დაკრძალვის დღეს, 5 დეკემბერს, სიტყვა წარმოთქვა, შემდეგ კი შენდობის ლოცვა მამა პავლე კოსაჩს გადასცა, რათა მამა ვიტალისთვის ხელში ჩაედო. ამ დროს მისი ხელის დიდი თითი გაიშალა. მამა პავლემ ლოცვის ფურცელი ხელისგულზე დადო და ხელიც კვლავ შეიკრა. მოძღვარმა წამოიყვირა: "თვითონ გამომართვაო!" ეს ფაქტი დაადასტურეს მღვდელმა მიქაელ დიდენკომ და იქვე მდგომმა მონაზვნებმა. აღსანიშნავია, რომ 6 დეკემბერს წმინდა ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეა, მანაც ხომ იგივე სასწაული ჩაიდინა თავისი გარდაცვალების დროს. ტაგანგორიდან ჩამოსულმა მამა ვიტალის სულიერმა შვილმა, ლარისამ, რომლის მოძღვარიც 14 წლიდან იყო სქემარქიმანდრიტი ვიტალი, ამ მოვლენის შემდეგ მოძღვრის სიტყვები გაიხსენა: "როდესაც მოვკვდები, ისე შეწუხდებით, რომ მე საფლავიდან ხელს გამოვწევო". ნათქვამის არსს თავიდან ვერ მიხვდნენ, თორემ ოპერატორი სასწაულს მაშინვე დააფიქსირებდა და სრულყოფილი ვიდეომასალაც გვექნებოდა.
მამა ვიტალის გარდაცვალების მერე ერთ-ერთი ეპისკოპოსი მის ღვაწლში დაეჭვდა და ძილში იხილა - ღვთის საკურთხეველთან მდგომი წმინდა იოანე ნათლისმცემელი და ღირსი სერაფიმე საროველი მამა ვიტალის უხმობდნენ, რათა მათთან ერთად ემსახურა უფლისთვის.
სქემარქიმანდრიტი ვიტალის მიწიერი გარდაცვალების შემდეგ მისი სიყვარული განუწყვეტლივ კვლავ მიწაზეა და წმინდა პავლე მოციქულის სიტყვისაებრ: "სიყვარული არასადა დავარდების!"
მამა ვიტალიმ შესანიშნავი სწავლება, "სულიერი ანდერძი" დაგვიტოვა: "შეიყვარეთ მოყვასი და შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს! სულ ეს არის. ასე ცოტას ელის ჩვენგან უფალი. ამაშია ჩვენი სამოთხე, ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ ვნებებში აღმგარი მაცხოვრის სიყვარულში!"
გისურვებთ თქვენ და "კარიბჭის" მკითხველს, უფლის მადლით, აღდგომის სიხარულით აღვსებას.
ესაუბრა
თამთა გოგიჩაშვილი
თამთა გოგიჩაშვილი