* * *
ასე განვლო უდაბნოში ცხოვრების თორმეტმა წელმა. მამა ესაიამ სხეულებრივი სისუსტის გამო მონასტრის წინამძღვრობაზე უარი თქვა და მოახლოებული აღსასრულისთვის იწყო მზადება, იქაურმა ძმებმა კი მის ნაცვლად მამა სერაფიმეს დადგენა გადაწყვიტეს... მისთვის ეს მესამე შეთავაზება იყო, რომელიც კვლავ მშვიდად უარყო, მაშინ ძმობამ მონასტრის ახალ წინამძღვრად იკონომოსი ნიფონტი აირჩია..
მომდევნო 1807 წელს მამა ესაიამ მშვიდობით მიაბარა სული უფალს...
მამების წასვლამ თითქოს დააობლა, - სავანის ახალი წინამძღვარი მისთვის სულიერად უცხო იყო და მანაც, არსენი დიდისა და იოანე მდუმარის მსგავსად, ახალი ღვაწლი, - მდუმარება იტვირთა... მოკლე ხანში იმ მცირერიცხოვან სტუმრებსაც აღარ ენახვებოდა, ხოლო თუ ვინმეს ტყეში წააწყდებოდა, მიწაზე პირქვე დაეცემოდა და მანამ არ ადგებოდა, სანამ მარტო არ დატოვებდნენ... აღარც მონასტერს აკითხავდა ხშირად, ხან თვით სადღესასწაულო დღეებშიც არ ჩანდა, საკვებს სავანიდან კვირაში ერთხელ აწვდიდნენ, - მორჩილი სენაკის შესასვლელში იტყოდა: - ,,ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა უფალო იესო ქრისე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ!", მამა სერაფიმე კი გულში დაასრულებდა: - ,,ამინ!" და კარს აღებდა, სახეს მიწამდე დახრიდა, მორჩილი კი მის ფერხთით დაიხრებოდა და საკვებს შესასლელში, მაგიდაზე უტოვებდა, ნეტარი კი ან პურს დადებდა სიახლოვეს, ან - კომბოსტოს და ამით ანიშნებდა, რაც სჭირდებოდა.
ამგვარ ღვაწლში ნეტარმა სამ წელიწადს იცხოვრა, სრულმა მდუმარებამ მისი განმარტოება დააგვირგვინა, ამიტომ რაც აქამდე მის ცხოვრებას აღავსებდა, მეტად გაძლიერდა და გაღრმავდა...
წინ ორმაგი ღვაწლი ელოდა: - მდუმარება, მაგრამ არა უდაბნოში, ასერიგად რომ შეიტკბო, არამედ - გაცილებით რთულ ვითარებაში, - მონასტერში... უდაბნოში თექვსმეტწლიანი ცხოვრების შემდგომ იგი, ღვთის განგებით, კვლავ სავანეს დაუბრუნდა...
დაყუდება
მონასტერში ხილულად დაყუდებით მისი უდაბნოში ყოფნის პერიოდი გასრულდა და ახალი, ქვეყნიური მსახურების ჟამი დაიწყო...
უდაბნოს დატოვება და მონასტრის სენაკში განმარტოება წუთისოფელთან ურთიერთობის ერთგვარი ფორმა გახლდათ, - მისი აქაური ყოფა თავისთავად იყო ქადაგება. გავა ხუთიოდე წელი და ღირსი სერაფიმე სრულებით მიატოვებს ცხოვრების ამ წესს და სამოციქულო ღვაწლს ღიად იტვირთებს. საკუთარი ნებით იგი უტკბეს უდაბნოს და მდუმარებას არც არასოდეს დაუტევებდა, მაგრამ უფალმა სხვაგვარად ინება.
დაყუდება, ერთი მხრივ, მისი განვლილი ცხოვრების შედეგი გახლდათ, მეორე მხრივ კი - სხვა, მოციქულებრივი ღვაწლისათვის მზადება.
ასე დაიწყო მისი ბერული ცხოვრების მესამე, კვლავ თექვსმეტწლიანი მინაკვეთი, რომლიდანაც პირელი ხუთი წელი სრულ დაყუდებაში განლია, დანარჩენი დრო კი ადამიანთა სამსახურს მიუძღვნა.
მისი შინაგანი და გარეგანი ცხოვრება უწინდებურად გრძელდებოდა, იმ განსხვავებით, რომ ნეტარი აღარავის იღებდა და არც არავის ესაუბრებოდა, აღარც ფიზიკურად შეეძლო შრომა ძველებურად და თითქმის მთელ დროს ლოცვასა და წმინდა წიგნთა კითხვას ანდომებდა.
როგორც დივეევოს მემატიანე იგონებს, განდეგილი სახეს ტილოთი იფარავდა, რომ არავინ ეხილე და საკვები სენაკში მუხლებზე მდგომს შეჰქონდა. საზრდელს იხმევდა, მომაგრდებოდა და ჭურჭელს კვლავ თავის ადგილას აბრუნებდა, იმ ძველ მამათა მსგავსად, სახეს კუნკულით რომ იფარავდნენ, ამაოება რომ არ ეხილა...
ცოტა გვიან, როდესაც ბერმა დაყუდების ღვაწლი შეარბილა და ხან ფარულად ტყეშიც გადიოდა ხოლმე, მხოლოდ ბალახით იკვებებოდა, რის შესახებაც ერთ - ერთ დივეევოელ მონაზონს, სერაფიმას გაუმხილა
ის, თუ რამდენ ხანს უთმობდა ბერი ძილს, არავინ უწყის, სავარაუდოდ, ალბათ, იმდენს, ,,მეგობარი" სხეულისათვის სულის მსახურებაში ხელი არ შეეშალა და უკიდურესად არ დაეუძლურებინა.
თუ მოღვაწეობის დასაწყისში, მისივე მოწმობით, ოდენ 4 საათი ეძინა, - საღამოს 10 - დან ღამის 2 - მდე, სავარაუდოდ, მოგვიანებით ამ დროს კიდევ უფრო შეამცირებდა.
ერთი გადმოცემით, ტანზე მძიმე ჯაჭვს ატარებდა, წელზე კი - რკინის ქამარს, რომელმაც კიდევ უფრო მოსდრიკა... სხვებს სხეულის მსგავსი მეთოდებით ზომაზე მეტად დათრგუნვას არ ურჩევდა და ვნებებთან ოდენ სულიერ ბრძოლას უანდერძებდა.
ისეთი უჩვეულო სახე ჰქონდა, გეგონებოდათ, კანის ქვეშიდან მადლმოსილი ნათელი იფრქვეოდა, თვალებში კი სიმშვიდეც ედგა. წმინდა ზიარება მისთვის უდიდესი ნუგეში გახლდათ. სადღესასწაულო და კვირა დღეებში, სადილის ჟამნის შემდგომ მღვდლები მის კელიაში რიგ - რიგობით აზიარებდნენ, რომ დაყუდების აღთქმა არ დაერღვია... ამ დროს სამონასტრო მანტიით იმოსებოდა, უხეში ტილოს ოლარსა და სამაჯურებს იკეთებდა, წმინდა ნაწილთა ხილვისას პირქვე დაემხობოდა და უდიდესი კრძალვით და სიხარულით ეზიარებოდა.
სხვა დღეებში კი ანტიდორის ნაწილს მიართმევდნენ.
ნეტარი გარკვეულ დროს ფიზიკურ გარჯასაც უთმობდა. სენაკში დიდ მეტანიებს აღასრულებდა, ხოლო თუ რამდენს, ოდენ ღმერთმა უწყის.
მამა სერაფიმემ თავისთვის მთლიანი მუხის ხისგან საკუთარი ხელით გამოთალა კუბო საფარებლითურთ და სენაკის შესასვლელში დადგა, რომ სიკვდილი მუდამ ხსომებოდა. ბერებს კი სთხოვა: - ,,ძმანო, რომ გარდავიცვლები, გთხოვთ, ჩემს კუბოში ჩამასვენოთო!", რაც აღსრულდა კიდეც.
ამგვარ მკაცრ ღვაწლში წმინდანმა 5 წელიწადს იცხოვრა, არავის იღებდა, არავის ესაუბრებოდა და კელიის კარს მხოლოდ მის საზიარებლად მოსულ მამებს თუ განუხვნიდა.
ამგვარ დაყუდებაში სერაფიმე საროველმა თხუთმეტწელიწადნახევარი იღვაწა.
იყო დღეები, როდესაც ბერის სტუმართა რიცხვი ორიათასს აღწევდა...
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი