* * *
წმინდანის დიაკვნობისას მომხდარმა ამ შემთხვევამ კი სამუდამოდ დააკავშირა ნეტარი მისივე სულიერ ქმნილებას, - დივეევოს:
1789 წლის ივნისის დასაწყისში მამა პახომი და მამა ესაია დაბა ლემეტში მონასტრის კეთილისმყოფელ თავად ალექსანდრე სოლოვცოვის დაკრძალვაზე მიდიოდნენ. როგორც სჩვეოდა, იღუმენმა იეროდიაკვანი სერაფიმე იახლა. გზად დივეევოში თემის დამფუძნებელი მონაზონი ალექსანდრა (ერში - აღათია მელგუნოვა) მოინახულეს, რომელსაც ღვთისგან საკუთარი აღსასრულის დრო ეუწყა და მამებს შვიდგზის ზეთისცხება სთხოვა. გამომშვდობებისას კი დედაო მამა პახომს ევედრა, დივეევოელი დედები ობლად არ გაეტოვებინა, რაზეც მისი წინასწარმეტყველური პასუხი მიიღო: ,, დედაო, ღვთისმშობლის მსახურებისა და შენი ანდერძის აღსრულებაზე უარს როგორ ვიტყვი, მაგრამ არ ვუწყი, იმ დრომდე ვიცოცხლებ თუ არა... აი, იეროდიაკვანი სერაფიმე კი, რომლის სულიერებაც შენთვის ცნობილია, იმ დროს უცილობლად მოესწრება და ეგ დიდებული საქმეც მას ანდეო".
დედა აღათიამ მიუგო: ,, - მე ოდენ ვითხოვ, დედა ღვთისა კი თავად განაწესებს ყოველივესო!"
ბერებმა იქაურობა დატოვეს და გამობრუნებისას, 13 ივნისს დედა ალექსანდრას დაკრძალვას მიუსწრეს, მისი სულის საოხად ლიტურგია აღასრულეს და შინ უნდა დაბრუნებოდნენ, ძლიერი წვიმა რომ წამოჟუჟუნდა, რის გამოც მამა პახომი იქვე შეჩერდა, დიაკვანი სერაფიმე კი მიცვალებულის სულის მოსახსენებელ ტრაპეზზეც არ დარჩენილა, თავსხმა წვიმაში ისე გაბრუნდა ფეხით მონასტერში.
თუმცა, ბევრმა არც უწყის კიდევ უფრო საკვირველი და საგულისხმო ფაქტი: - დივეევოს სავანის სულიერი მშობელი, ღირსი მამა სერაფიმე საროველი ამ ორი შემთხვევის შემდგომ დივეევოში აღარასოდეს ჩასულა და იქაურობას თორმეტიოდე ვერსის მანძილიდან, საროვოდან მართავდა, რაც სხვათათვის შეუძლებელი და წარმოუდგენელი იქნებოდა...
* * *
ბერად აღკვეციდან შვიდმა წელმა განვლო, მამა პახომის აღსასრული ახლოვდებოდა, მას კი თავისი უსაყვარლესი სერაფიმეს ხილვა სურდა შესაბამის სამღვდელო ხარისხში. თანამოძმეებთან ერთად, რომელნიც სერაფიმეს წმინდა ცხოვრებისა და ღვაწლის მოწმენი იყვნენ, ტამბოვის ეპისკოპოს თეოფილესთან უშუამდგომლა, რომ მისთვის მღვდელმონაზვნად დაესხათ ხელი და 1793 წლის 15 სექტემბერს მან ახალი წყალობა მიიღო...
განვლილმა შვიდმა წელიწადმა მისი არსება უდაბნოსაკენ მეტად მისდრიკა, ამასთან, მეგობრებიც ერთურთის მიყოლებით ემოწაფებოდნენ იქაურობას, რამაც ამა სოფლის ამაოებაზე უფრო ღრმად დააფიქრა. დიდი ხანი იყო, რაც მეუდაბნოეობა სურდა, ჯერ კიდევ მორჩილობისას იღუმენ ნაზარის, მარკოზ მდუმარისა და მეუდაბნოე დოროთეს მაგალითებით წაქეზებული ხან იღუმენისაგან კურთხევას გამოითხოვდა და ტყეში განმარტოვდებოდა, სადაც მცირე სენაკი მოიწყო და დროს განუწყვეტელ ლოცვასა და ღვთის ხსოვნაში ატარებდა, სანამ ლოცვა - სუნთქვად არ ექცა... ყოველვეს თან დაურთო განსაკუთრებული მარხვა, - საზრდელს დღეში მხოლოდ ერთხელ იხმევდა, ისიც - ოდენ წყალსა და პურს, ოთხშაბათსა და პარასკევს კი ამაზეც უარს ამბობდა. თუმცა, ახალგაზრდა სულისათვის ეს ოდენ პირველი გამოცდილება გახლდათ... მონასტერში თექვსმეტწლიანი განუწყვეტელი ღვაწლის წყალობით სულიერი ფრთები გაუმაგრდა და ზეციური კაცი უფალთან განსამარტოებლად გაფრინდა...
* * *
მამა პახომი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, სერაფიმე გვერდიდან არ მოსცილებია მოძღვარს და სამი წლის მანძილზე უდიდესი სიყვარულით მსახურებდა...
ერთ დღეს მოძღვრის სახეზე ღრმა ნაღველი შენიშნა და დაეკითხა: ,, - წმინდა მამაო, რა გადარდებთო?
- დივეევოს დედებზე ვნაღვლობ, შვილო, ჩემს შემდეგ მათზე ვიღა იზრუნებსო?!"
მაშინ სერაფიმემ, ჩვეულებისამებრ, ძალზე მორჩილმა და დედათა მიმართ განსაკუთრებულად ფრთხილმა, მოძღვარს მისი საქმის გაგრძელება აღუთქვა, რაც უდავოდ სულიწმიდის შთაგონება და ღვთისმშობლის ნება იყო... მამა პახომიმ ძალზე გაიხარა და მადლობის ნიშნად თავის სულიერ შვილს ეამბორა, მალე კი, 1794 წლის 6 ნოემბერს, სული მშვიდობით მიაბარა უფალს.
მწარედ დაიტირა მოძღვარი ნეტარმა და მისი დაკრძალვის შემდგომ მონასტრის ახალი წინამძღვრის, მამა ისაიასაგან უდაბნოში გასვლის ნებართვა და კურთხევა მიიღო.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი