ერთხელ ბერ სერაფიმეს სენაკის სიახლოვეს მხეცის ყმუილი მოესმა, შემდეგ - ვითომდა ადამიანთა ბრბომ კარი ჩამოუღო და მლოცველის ფერხთით იმხელა ხის კუნძი დასცა, რვა კაცმა შემდეგ ძვრა ძლივს უყო...
სხვა დროს კი დღისითაც, განსაკუთრებით კი - ღამეული ლოცვისას იხილა, თუ როგორ ირღვეოდა ოთხივე მხრიდან სენაკი და იქიდან კბილებდაღრჭენილი, საშინელი მხეცები საზარელი ღრიალით ესეოდნენ...
ხან კი თავღია კუბო ეჩვენებოდა, რომლიდანაც მიცვალებული დგებოდა...
ამგვარ თავდასხმებს რომ არ ეპუებოდა, ეშმაკმა უარესი გააფთრებით შეუტია: - ღვთის დაშვებით ჰაერში აღიტაცებდა და იატაკს ისეთი ძალით ანარცხებდა, რომ არა მფარველი ანგელოსის შეწევნა, მრთელი ძვალი არ შერჩებოდა, თუმცა, ვერც ამით სძლია...
მტრის ყოველ თავდასხმას, ხილვას და ცთუნებას ბერი ჯვრის ნიშნით და ლოცვით მუსრავდა. შემდგომ კი, უფლის შეწევნით, ხანგრძლივ მშვიდობაში მყოფობდა.
ბოროტება ვერასოდეს ძღება მოღვაწეთა ტანჯვით და გამოცდით და თუ სულიერად ვერ დასცა, ხორციელად წაეტანება:
ეს ამბავი უდაბნოში ცხოვრების მეათე წელიწადს, 1804 წლის 12 სექტემბერს მოხდა: - მამა სერაფიმე ტყეში შეშას ამზადებდა, სამი უცნობი გლეხკაცი რომ მიუახლოვდა, რომლებმაც უტიფრად მოსთხოვეს, ,, - შენთან საერონი დადიან და ფული მოაქვთ, მოგვეციო!
- არავისგან არაფერს ვიღებო, - უთხრა ბერმა, მაგრამ არ დაუჯერეს და თავს დაესხნენ... ნეტარი დიდ ფიზიკურ ძალას ფლობდა, თან ხელში ნაჯახი ეჭირა და, რაღა თქმა უნდა, თავდაცვაც შეეძლო... მოგვიანებით იხსენებდა, რომ ამ აზრმა გონებაშიც გაუელვა, თუმცა, მყის მაცხოვრის სიტყვა გაიხსენა: -,,...ყოველთა რომელთა აღიღონ მახუილი, მახუილითა წარწყმდენ" (მთ. 26, 52), ნაჯახი ძირს მშვიდად დაუშვა და თავდამსხმელებს მშვიდად უთხრა: - ,,რაც გსურდეთ, ის მიყავითო..!"
მაშინ ერთმა იმათგანმა მის ნაჯახს ხელი დაავლო და გლუვი პირით თავში ჩასცხო... ნეტარს პირიდან და ყურებიდან სისხლი წასკდა, გრძნობადაკარგული დაეცა, მაგრამ ბოროტმოქმედებმა გვემა არ შეწყვიეს და სენაკისკენ წაათრიეს, რამდენადაც ეგონათ, - გონს მოვა და თავად გამოგვიჩენს ფულსო... ხელ - ფეხი შეუკრეს და მთელი სენაკი გადააქოთეს: - ჯერ ღუმელი გატეხეს, შემდეგ - იატაკი აჰყარეს, მაგრამ ვერა იპოვეს და უეცრად იმგვარი შიში დაეცათ, უკანმოუხედავად გაიქცნენ...
გონს მოსულმა ხელ - ფეხი ძლივს გაიხსნა, უფალს მადლობა შესწირა და ბოროტმოქმედთა შენდობა სთხოვა. მეორე დილით დიდი გაჭირვებით ჩააღწია მონასტრამდე... წირვა იდგა... მისი ნაგვემი სახის დანახვაზე ძმები შეძრწუნდნენ: - თმა - წვერი და სამოსი მთლად გასისხლიანებოდა და გამტვეროდა, სახე და ხელები კი - იარებით დაფარვოდა, ბაგეებსა და ყურებზე სისხლი შეხმობოდა, კბილები - ჩამსხვრეოდა... მოძმეთა კითხვებს დუმილით პასუხობდა და წირვის დასრულების შემდგომღა უამბო ყოველივე სულიერ მოძღვარს და მონასტრის წინამძღვარს, რომელთაც სავანეში დატოვეს... ნეტარმა რვა დღე - ღამე საშინელ ტანჯვაში გაატარა, - არც საკვები მიუღია, არც წყალი და არც უძინია...
მამა ესაია მისმა მდგომარეობამ შეაშინა და სამედიცინო დახმარებისათვის ხალხი არზამასში გაგზავნა, საიდანაც სამი ექიმი და ამდენივე თანაშემწე მოავლინეს. როგორც გასინჯვისას აღმოჩნდა, ავადმყოფს თავი ჰქონდა გატეხილი, ნეკნები - ჩამსხვრეული, გულ - მკერდი - ჩაჩეჩქვილი, აღარაფერს ვამბობთ კბილებსა და სხვა მოტეხილობებზე, დაჟეჟილობებსა თუ ჭრილობებზე... ამასთან, რამოდენიმე სასიკვდილო ჭრილობაც აღმოუჩინეს, რამაც ექიმები გააოცა: - ამ იარების პატრონი ცოცხალი როგორღააო?!
გასინჯვამდე მამა სერაფიმე გონს იყო, შემდეგ ¬- გონება დაკარა და საოცარი ხილვის ღირსი გახდა: - საწოლის მარჯვნიდან ყოვლადწმინდა დედა კვლავ პეტრე და იოანე მოციქულებითურთ მიუახლოვდა, მარჯვენა ხელი მკურნალებისკენ მიმართა და ბრძანა: - ,,რატომ ირჯებით?", შემდეგ უწმინდესი თვალები მამა სერაფიმეს მიაპყრო და ადრე ნათქვამი სიტყვები გაიმეორა: - ,,ესე ჩვენი მოდგმისა არს!"
ხილვა დასრულდა თუ არა, წინამძღვარიც შემობრძანდა და ექიმებმა სნეულისათვის ,,სისხლის გამოშვება", იარების სპირტით დამუშავება და საფენების დადება შესთავაზეს, მაგრამ ნეტარმა უარი თქვა და თავი სრულად მიანდო უფალს და მის ყოვლადწმინდა დედას.
Uუეცრად გული უჩვეულო სიხარულმა აღუვსო, რამაც ოთხ საათს გასტანა, საღამოს ყველას გასაოცრად ლოგინიდან წამოდგა, 9 საათისთვის კი პური და კომბოსტოს მწნილი ითხოვა, მომაგრდა და თანდათან მომჯობინდა, მაგრამ თავდასხმისას მიყენებული იარები სიცოცხლის ბოლომედ გაჰყვა. ამ ამბამდე ტყეში, შეშის ჩეხვისას ხის ქვეშ მოჰყვა და მოიდრიკა, ამ შემთხვევამ კი მთლად მოხარა წელში და სიარულისას ან თოხს ეყრდნობოდა, ან - ნაჯახს.
მალე თავდამსხმელებსაც მიაგნეს და დასჯაც განიზრახეს, რომ მამა სერაფიმემ ამ გლეხთა პატრონს სთხოვა, დამნაშავეთათვის შეენდოთ, - ,,წინააღმდეგ შემთხვევაში საროვოს უდაბნოს დავტოვებ და სხვა ადგილას გადავალო", - განუცხადა წინამღვარს.
თუმცა, ოდენ ჭირთათმენასა და ღვაწლში როდი განილეოდა მისი დღენი, - უფალმა აუწერელი ნუგეშიც სცა. აქ მხოლოდ მოკლედ მოგითხრობთ, თუ როგორ მორჩილებდნენ ამ ღვთისკაცს პირუტყვნი და ქვეწარმავალნი:
- მის სენაკთან, წმინდა ვლასის მსგავსად, ღამ - ღამობით ათასგვარი ცხოველი თუ ქვეწარმავალი იყრიდა თავს, რომელთაც ნეტარი თავის მწირ ტრაპეზს უნაწილებდა. მთავარდიაკვანი ალექსანდრე, რომელიც მამა სერაფიმეს ყველაზე ხშირად ნახულობდა, ერთხელ დაეკითხა: - მამაო, სად შოულობთ ამდენი სულდგმულის დასაპურებლად საკმარის პურსო?
- კალათში მუდამ იმდენს ვპოულობ, რამდენიც მათ გამოკვებას ეყოფაო, - მიუგო.
საყოველთაოდაა ცნობილი ამბავი, თუ როგორ აპურებდა ნეტარი დათვებს.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი