ანგელოზებრივი ხარისხი
1786 წელს, მარიამობის მარხვის დასასრულს იღუმენმა პახომმა პროხორე ბერად სერაფიმეს სახელით აღკვეცა, რაც ებრაულად ,,ცეცხლოვანს" და ,,განმატფობელს" ნიშნავს და ეს სულაც არ გახლდათ შემთხვევითი. მისმა ცეცხლოვანმა არსებამ სრულებით შეიფერა იგი და გაამართლა კიდეც თავისი მწველი სიყვარულით, თავი იოლად და სიხარულით დაუხარა აღმკვეცს, წუთისოფელთან განშორებაზე ფიქრითაც კი არ შეურყვნია ეს ზეციური ქორწინება და ვითარცა მწიფე ნაყოფი, ისე მიეცა შემოქმედს.
,, დედაო, - მოგვიანებით უთხრა დივეევოს მონაზონ პრასკოვიას, - ფიქრითაც კი აროდეს გავსულვარ მონასტრიდანო."
წინ დიდი გზა ელოდა... ყოველმა მონაზონმა უწყის, თუ რა მოშურნეობასა და სიხარულს აღანთებს ახლადაღკვეცილის გულში ღვთის მადლი, სწორედ ამგვარი ცეცხლით იწვოდა სერაფიმეს მხურვალე არსებაც, თუმცა, თავის შინაგან ცხოვრებაზე საუბარს მუდამ გაურბოდა და სხვებსაც ურჩევდა: ,, საჭიროების გარეშე ნურავის გაუხსნით გულს, რადგან ათასიდან ერთი თუ შეძლებს თქვენი საიდუმლოს შენახვასო" და თუ მორჩილებისას განმარტოებასა და მდუმარებას ეძლეოდა, აღკვეცის შემდგომ მთლად მიეცა ამ სათნოებებს.
* * *
აღკვეციდან მცირე ხანში, 1789 წლის 9 ნოემბერს ნეტარს დიაკნად დაასხეს ხელი, წესი ვლადიმირის ეპისკოპოსმა ვიქტორმა აღასრულა, - საროვოს უდაბნო იმ დროს ამ ეპარქიას ეკუთვნოდა.
ახლადაღკვეცილის ასეთი სწრაფი დაწინაურებით მამებმა სერაფიმესადმი ის მოწიწება და უღრმესი პატივისცემა გამოხატეს, რომელიც მორჩილად ყოფნისას დაიმსახურა. თითქოს მასზე დაიწერაო: - ღვთის მადლის უბიწო ჭური...
მამა პახომი, ჩვეულებისამებრ, ძალზე მკაცრი, დიდ სიყვარულს გამოხატავდა თავისი საოცარი სულიერი შვილისადმი. ,, ნეტარ მამებს, ღვთის წმინდა კაცებს, მამა პახომს და მამა იოსებს საკუთარი სულივით ვუყვარდიო," - იტყვის შემდეგ წმინდანი.
მამა პახომი მონასტრიდან ისე არ გავიდოდა, სერაფიმე თან არ ეახლა, მით უფრო, თუ ღვთისმსახურების აღსასრულებლად მიდიოდა.
ღვთის განგება კი თავის კეთილადმძლე მხედარს მჭვრეტელობითი ღვაწლისათვის ამზადებდა.
თუ რაოდენ ზეციური ცხოვრებით ცხოვრობდა ტაძარში და, მით უფრო, წირვის წინ, მისივე ნათქვამი მეტყველებს: ,, -ანგელოსთა დარად რატომ ადამიანსაც არ ძალუძს, განუწყვეტლივ მსახურებდეს უფალსო?!" ტაძარში მას არც დასვენება ახსოვდა, არც საკვები...
წირვისას ანგელოსთ ხედავდა: - ,,სახე უელავთ, ტანად კი თეთრი ან ოქროვანი სამოსელი მოსავთ, მათ გალობას კი ენა ვერ აღწერსო," - ამბობდა.
გამოუთქმელი აღტაცება დაუფლებია მამა სერაფიმეს და იმგვარი სიხარული, უდიდეს წმინდანებსაც რომ იშვიათთ სწვევიათ: ,, - დიდი ხუთშაბათის წირვა დღის ორ საათზე დაიწყო, დიაკვნის შემოსვლისას, მცირე გამოსვლისა და ძველი წინასწარმეტყველების წაკითხვის შემდგომ, როდესაც წარმოვთქვი: - ,,უფალო, აცხოვნე კეთილმსახურნი და ისმინე ჩვენი!"- მეთქი და შემდეგ, სამეუფო კარში შესულმა გავაგრძელე: - ,,უკუნითი უკუნისამდე!", უეცრად მზის სხვივივით სინათლემ აღმავსო, რომელშიც უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ზეციური დიდებით მოსილი, მთავარანგელოსთა, ქერუბიმთა და სერაფიმთა თანხლებით ვიხილე, რომელიც ამბიონს მიუახლოვდა, თავისი წმინდა ხელნი აღაპყრო და დაგვლოცა, შემდეგ კი სამეუფო კანკელის მარჯვნივ დაბრძანებულ თავის ხატში შებრძანდა...
მე, მტვერი და მიწა, უფლის განსაკუთრებული კურთხევის ღირსი შევიქენი და გული მისდამი სიყვარულით აღმენთოო..."
ამ დროს გარეგნულად ძალზე შეიცვალა და ამ საღვთო ხილვით განკვირვებული ადგილიდან ვეღარ იძვროდა...
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი