* * *
ტყეში, სენაკიდან მონასტრამდე გზასთან გრანიტის უზარმაზარი ლოდი იდო... მამა სერაფიმე აქ ყოველ ღამე მიდიოდა, ფეხზე მდგომი ან დაჩოქილი და ხელაპყრობილი განუწყვეტლივ ღაღადებდა: ,, - ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს!" მეორე ქვა კი სენაკში შეიტანა და ლოცვას დღისით მასზე განაგრძობდა. ამ საოცარ ღვაწლში გაატარა ათასი დღე და ამდენივე ღამე, ოდენ ძალების მოსაკრებად და საკვების მისაღებად თუ შეისვენებდა... ათასი დღე და ათასი ღამე... კი გვსმენია და წაგვიკითხავს, მაგრამ ჩავღრმავებივართ? ან კი შეიძლება, ის გავისიგრძეგანოთ, რაც საკუთარ თავზე არ გვიწვნევია?! ამგვარი ღვაწლი ხომ ადამიანურ ძალებს აღემატება. მოდით, საკუთარი თავი ამ დიდი მამის სიახლოვეს უხილავად წარმოვიდგინოთ:
...ღამეული ბინდი ჩვეულებრივ მოკვდავში შიშს ბადებს, მუხლმოდრეკილ განდეგილს კი არა აშინებს, მხოლოდ დაუდუმებლად მოუხმობს ზეცას: - ,,ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს და შემიწყალე!"... ნადირნი უახლოვდებიან, მლოცველს აშკარა სიკვდილი ელის, მაგრამ იგი არ კრთება, პირიქით, შესაძლოა, სურს კიდეც, მათ ლუკმად იქცეს, რომ ცოდვები გამოისყიდოს... და მხეცნიც ისე უქცევენ გვერდს, თითქოს უხილავიაო...
...შემოდგომა ახლოვდება, გარეთ წვიმაა, ტალახი, სიცივე... ტყე ხმაურობს, გააქვს და გამოაქვს ზამთრისპირული... ვინ არ ინატრებს ამ დროს თბილ განსასვენებელს, წმინდანი კი, მთლად სველი, სხეულს თბილი სინანულით ითბობს...
მერე ზამთარი დგება, ყინვა ხეებს აღრჭიალებს, ნეტარს სხეული ეყინება, ხელ - ფეხს ვეღარ იმორჩილებს, ძვლები უჭახჭახებს, მაგრამ ქვიდან ჩამოსვლის უფლება არ აქვს... ღამეული დაღლილობა ეს - ესაა, ძალას წაართმევს, - ყინვაში ხომ მეტად ერევა სხეულს ბურანი, მაგრამ იგი კვლავ სჯაბნის ბუნების კანონს და მეტი შემართებით ლოცულობს...
როგორიღა იყო ამასობაში ბოროტის შემოტევები, მეტი გაავებით რომ ეკვეთებოდა თავის მეტოქეს?!
...ფეხები დაუსივდა და ასტკივდა, წყლულები გაუმიზეზდა, თითქოს უსისხლო ხელის მტევნებიც აღარ ერჩოდნენ, მაგრამ მას უფლისგან შენდობის მიღება სწყუროდა...
წარმოსადგენადაც მძიმეა ასეთი ღვაწლი ათასი ღამის მანძილზე, რომელიც დღისით სენაკში გრძელდებოდა...
რაღა თქმა უნდა, მამა სერაფიმე ყოველივეს გულდასმით მალავდა, თუმცა, ტამბოვის ეპისკოპოსმა ამის შესახებ მაინც შეიტყო და იღუმენ ნიფონტს დაეკითხა, რომელმაც უპასუხა:
,, - მამა სერაფიმეს ცხოვრება და ღვაწლი ჩვენთვის ცნობილია, მის ფარულ საქმეებზე და ქვაზე ათასდღეღამიანი ლოცვის შესახებ კი არა ვიცით რაო!"
აღსასრულის წინ ღირსმა სერაფიმემ რამდენიმე თანამოძმეს საიდუმლოდ გაუმხილა ყოველივე, რამაც იმდენად განაკვირვათ, შეჰბედეს: ,, - ეს ხომ ადამიანურ ძალებს აღემატებაო!"
,, - წმინდა სვიმეონ მესვეტე თავის სვეტზე 47 წლის მანძილზე იდგა და ჩემი გარჯა იმასთან რაღა მოსატანიაო?!" - იტყოდა.
Mმოსაუბრე დაეკითხა: ,, - მამაო, აშკარად ღვთის მადლი შეგეწიათო, რაზეც ხუცესმა მიუგო: ,, - ასეა, სხვაგვარად ამას ადამიანური ძალა არ ეყოფოდაო!"
გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე წმინდა ხუცესმა თავის მორჩილ იოანეს ამ ქვის მოძებნა დაავალა, თუმცა, ამას დიდი შრომა და ხანგრძლივი ძიება დასჭირდა, - ქვა ფოთლებსა და მტვერს დაეფარა, მოგვიანებით მამა სერაფიმეს თაყვანისმცემლებმა ლოდიდან მცირე ნატეხთა მომტვრევა იწყეს და სანუგეშოდ და ამ დიდი ღვაწლის სახსოვრად თან მიჰქონდათ. ასე განიფანტა ეს წმინდა ნამსხვრევები მთელ რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ და მათ ისევე ვეთაყვანებით, როგორც ხატებს, ხან კი წყალში დებდნენ და ამ წყალს საკურნებლად იღებდნენ.
ამ ქვის ნარჩენები დივეევოსა და საროვოში ინახებოდა, სენაკის ქვა კი, რაზეც ნეტარი ლოცვებს დღისით აღავლენდა, მთლიანად დივეევოში გადააბრძანეს.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი