საროვოსაკენ
კიევამდე მშვიდობით ჩააღწიეს, ღვთისმშობელს ევედრნენ, იქაურ სიწმინდეებს მიემთხვივნენ და ახალი ცხოვრების კარიბჭესთან მდგომებმა გამოცდილ ხუცესებს უწყეს ძებნა, რათა ბრძნული რჩევა მიეღოთ და მალე შეიტყვეს, რომ კიევიდან ათიოდ ვერსში მდებარე კიტაევოს მონასტერში ჭვრეტის მადლით ცხებული დიდი ხუცესი დოსითე იღვწოდა.
იხილა რა ჭაბუკ პროხორეში ბერმა ღვთის დიდი მადლი, საროვოს უდაბნოსაკენ წასლა უბრძანა და მცნებად დაუდო: - ,,წარვედ, ღვთის ჭურჭელო, და იყვენ იქ. შემწეობითა უფლისათა ადგილი ესე იყოს საშუელი შენი. აწ დასრულდეს მიწიერი გზა შენი. დაე, მოუკლებლად ფიქრობდე უფალზე და ასე მოიხსენებდე მის სახელს: - ,,უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!". მისკენ მიაპყარ გულისყური, ტაძარში თუ მის გარეთ, ყოველგან და ყოველთვის"!
ამ წინასწარმეტყველურმა სიტყვამ არა მხოლოდ პროხორეს სამოღვაწეო ადგილი განსაზღვრა, არამედ მისი უმთავრესი საქმეც, - იესოს ლოცვის შინაგანად აღსრულება... უფალმა თავისი ნება მამა დოსითეს პირით გაუმჟღავნა, მისი სენაკი პროხორესათვის სამონაზვნო ემბაზად იქცა, საიდანაც სხვანაირ ცხოვრებაში შეაბიჯა, თუმცა, მაშინვე როდი მიაშურა საროვოს, არამედ კვლავ მშობლიურ კერას დაუბრუნდა...
თუ რა იყო ამგვარი შეფერხების მიზეზი: - საკუთარი თავის გამოცდა, სურვილი იმისა, რომ დედისათვის განშორება გაეიოლებინა თუ დიდი ხუცესის კურთხევა, არჩევანში დარწმუნებულიყო, არავინ უწყის, მაგრამ მამისეულ სახლში პროხორემ კიდევ ორი წელი გაატარა, სადაც მხოლოდ სხეულით მყოფობდა, სული მისი კი თანდათან უკვდებოდა წუთისოფელს, მაღაზიაშიც მსახურობდა, თუმცა, ვაჭრობაში აღარ მონაწილეობდა, თავისუფალ დროს ლოცვას და ღვთივსათნო წიგნთა კითხვაში ატარებდა და, ბერდიდის კურთხევისამებრ, მისი არსება უწყვეტ ლოცვასა და ღვთის გამუდმებულ ხსოვნაში მდგომარებდა... ამგვარად, სახლი მისთვის მონასტრის წინკარად გადაიქცა.
სულ მალე ეს ჟამიც განილია და პროხორე კვლავ წასასვლელად განემზადა... დედას გამოთხოვების ტკივილი განუახლდა და შვილს ევედრა: - ჯერ დაგემარხე და ამ გზას მერე დასდგომოდიო, მაგრამ ორი წლის წინ პროხორეს გული უკვე დაემარხა მამა დოსითეს კელიაში...
პროხორეს კიევში ორი თანამოაზრე გაჰყვა, სხვა ორი კი უფრო ადრე გავიდნენ სხვა მონასტერში.
წვიმიანი შემოდგომა იდგა, კურსკში ჯერაც თბილოდა, მაგრამ რაც უახლოვდებოდნენ ჩრდილოეთს და ტამბოვის გუბერნიას, მით იგრძნობოდა სიცივე... ზამთარი ახლოვდებოდა და გზა უფროდაუფრო რთულდებოდა... ბერობის მოსურნე ახალგაზრდებს წინ უამრავი სირთულე ელოდათ... განვლეს მთელი გზა და აი, ლოცვით მიადგნენ ტემნიკოვსკის ტყეებს, სადაც უშველებელმა ხეებმა თითქოს სამარადჟამოდ გამიჯნეს მათი წარსული მომავლისაგან...
სადაცაა, იდუმალ საროვომდეც ჩააღწევდნენ...
* * *
აქ მოღვაწე მამათაგან, სავანის ასაღორძინებლად გაწეული დიდი ღვაწლისა და წმინდა ცხოვრების გამო მამა ეფრემი გამოირჩეოდა, რომელიც პროხორეს მისვლამდე ხუთი თვით ადრე აღესრულა...
1778 წლის ოცი ოქტომბრის ბინდში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულის წინა დღეს სამი ახალგაზრდა მიადგა საროვოს კარიბჭეს, რაც შემთხვევითი სულაც არ გახლდათ: - წმინდა ჭაბუკმა მიწიერი დედის ხელიდან ზეციური დედოფლის მკლავებში გადაინაცვლა...
სამრეკლოს კარიდან მონასტრის სიღრმეში შევიდნენ, რომელმაც თითქოს თავისი თბილი ხელები მოხვია ნამგზავრთ...
როგორც იქნა, დიდი ხნის ნანატრი აუხდათ: - უფლის მაძიებლებმა მყუდრო ნავსაყუდელი ჰპოვეს, პროხორეს სულმა - სიხარული და ახლა დავით მეფსალმუნისებრ შეეძლო, ექვა: - ,,...რამეთუ სირმანცა პოვა თავისი თუისისა სახლი... ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა" (ფს. 83, 4, 5).
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი