ეკლესიას ყოველთვის ჰყავს და ეყოლება მნათობნი, რომელთაც ისეთი ნაშრომი დატოვეს ან იმგვარი რამ მოიმოქმედეს, რომ მათ სახელებს მსოფლიო ეკლესია საუკუნოდ, ვიდრე მეორედ მოსვლამდე, შემოინახავს.
სწორედ ამ მასშტაბის მოღვაწე გახლავთ წმინდა ანდრია კრიტელი მთავარეპისკოპოსი, რომელიც დაიბადა 680 წელს. მისი სამშობლო სახელგანთქმული დამასკო გახლავთ. ანდრია იერუსალიმელადაც მოიხსენიება და ამის თაობაზე გესაუბრებით.
წმინდანის მშობლები ღვთისმოსავი, კეთილშობილებით გამორჩეული გიორგი და გრიგორია ყოფილან. ბავშვი 7 წლამდე ყველას მუნჯი ეგონა და ამის გამო უზომოდ წუხდნენ მშობლები, რომელთა ერთადერთი ნუგეში უფალი იყო.
7 წლის თავზე წმინდანი ტაძარში მიიყვანეს საზიარებლად და ღვთის ამოუცნობი სასწაულის მომსწრე შეიქნა ყველა, ვინც კი საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდა. იმ დღის შემდგომ უკვე პატარა ანდრია სკოლაშიც მიუყვანიათ.
ბიჭი გასაოცრად ნიჭიერი და შრომისმოყვარე ყოფილა, საკვირველად იოლად ითვისებდა ყველა საგანს. განსაკუთრებით კი - ფილოსოფია იტაცებდა. კარგი მასწავლებლების ხელში მოხვედრილი კარგი შეგირდი განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩეოდა, რის გამოც ძალიან მალე ბრძნადმეტყველიც კი იყო. ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ყველას მუნჯი ეგონა.
ანდრია სიყმაწვილის წლებშივე დიდი ინტერესით ცდილობდა, საღვთო წერილის და წმინდანთა ნაშრომების შინაარსს ჩასწვდომოდა. ამ ყველაფერმა ისე გაიტაცა, რომ სხვა აღარაფერი აინტერესებდა წმინდა წიგნთა გარდა. მთელი სამყაროს სიბრძნე ახალგაზრდა ანდრიას ცნობიერებაში სამყაროს შემოქმედი ღმერთის ირგვლივ ბრუნავდა.
ყველას ახსოვდა ის სასწაული, რომელიც რამდენიმე წლის წინ საღმრთო ზიარების შემდგომ აღსრულდა ტაძარში და წმინდანი ამეტყველდა. ეს ყველაფერი თავადაც კარგად ახსოვდა და ყოველდღე მადლობას სწირავდა შემოქმედს იმისათვის, რაც მის ცხოვრებაში აღსრულდა.
ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ანდრიამ გაანდო მშობლებს, რასაც ფიქრობდა და უთხრა, თუ წინააღმდეგნი არ იქნებოდნენ, ღვთისთვის მიეძღვნა თავი. მშობლებიც ქრისტიანები იყვნენ და შვილის ამგვარი თხოვნა არ გაჰკვირვებიათ. მიიღეს გადაწყვეტილება და მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავის მცველთა გუნდში ჩარიცხეს.
ამ დროს იერუსალიმის პატრიარქი იყო უწმინდესი, საღმრთო მადლით აღვსილი კაცი, სახელად - თეოდორე, რომელმაც დიდი სიხარულით მიიღო ახალგაზრდა და სულიერად იშვილა.
ძალიან მალე ახალგაზრდა ანდრია პატრიარქმა თეოდორემ მონაზვნის ანგელოზებრივი სქემით შემოსა და სული თვისი სათნოებათა ჭურჭლად ჰყო.
ახლა უკვე დიაკვნად დაასხა ხელი პატრიარქმა და ყველას მოუთხრობდა ანდრიას შესახებ, რათა მაგალითი ყოფილიყო იგი ყველასთვის, ასაკის მიუხედავად.
წმინდა პატრიარქმა მიაბარა სული თვისი უფალს და მღვდლად აღარ დაუსხამს ხელი წმინდა ანდრიასთვის და ვიდრე იერუსალიმის ტახტზე ახალი პატრიარქი არ აღსაყდრდა, ნეტარი მნედ მსახურობდა.
წმინდა ანდრია განაგებდა იერუსალიმის ეკლესიას. მას ასაკი არ აძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ იერუსალიმის პატრიარქი გამხდარიყო. რეალურად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ბერ-დიაკონი ანდრია იღებდა, განკარგავდა ყველა ფინანსურ და ეკონომიკურ შეთანხმებას ეკლესიის საკეთილდღეოდ. ყველა იმდროინდელი პროგრესული სიახლის ღვთივსულიერი ნოვატორი იყო წმინდა ანდრია.
ეს იყო დრო, როდესაც მეფე კონსტანტინემ, მეფე ჰერაკლეს შვილიშვილმა, კონსტანტინოპოლში VI მსოფლიო საეკლესიო კრება მოიწვია, რომელიც მიმართული იყო მონოთელიტების ერთ-ერთი მწვალებლობის წინააღმდეგ. კრებამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა მონოთელიტობას და მსოფლიო ეკლესიებს ეუწყათ ამის შესახებ, მათ შორის იერუსალიმის ეკლესიასაც.
ამგვარი დადგენილების გამოქვეყნება იყო ძალიან კარგი, რადგან ერეტიკოსებს ხალხი ხშირ შემთხვევაში შეცდომაში შეჰყავდათ. ახლა კი კრების დადგენილება იცოდა ხალხმა კონკრეტული სწავლების შესახებ.
იერუსალიმის ეკლესიაც უერთდებოდა კრების გადაწყვეტილებას, ამიტომ გახდა კონსტანტინოპოლში ჩასვლა აუცილებელი და ადგილზე ამ ყოველივეს ოფიციალური დადასტურება. იერუსალიმის ეკლესიამ ეს მისია მიანდო სწორედ წმინდა ანდრიას, რომელიც ორ სასულიერო პირთან ერთად ჩავიდა კონსტანტინოპოლს, სადაც მსოფლიო კრებაზე იერუსალიმის ეკლესიას წარმოადგენდა.
კრების დასრულების შემდგომ წმინდანი იერუსალიმში აღარ დაბრუნებულა, რადგან კონსტანტინოპოლში დარჩენა და მონაზვნური მოღვაწეობის გაგრძელება ამჯობინა. თანმხლები სასულიერო პირები კი დაბრუნდნენ და მოახსენეს ადგილობრივ ეკლესიას წმინდა ანდრიას გადაწყვეტილება. განმარტოვდა ანდრია კონსტანტინოპოლის მახლობლად და მთელ დროს საღვთო წერილის კითხვაში, ანალიზში, მყუდროებაში, მარხვასა და ლოცვაში ატარებდა.
იმ რეჟიმის შემდეგ, როგორშიც წმინდა ანდრია იერუსალიმის საპატრიარქოში ცხოვრობდა, ახლა ნამდვილ ნეტარებაში იყო - აკეთებდა საქმეს, რომლისთვისაც მოწოდებული იყო, რაც სიამოვნებდა, ყველა ამქვეყნიური საზრუნავისგან თავისუფალი იყო. სამწუხაროდ, ეს დრო დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, რადგან მაშინ ასეთი, ეკლესიის მოწყობა-განვითარების შესაძლებლობების მქონე ადამიანი ძალზე ცოტა იყო.
წმინდა ანდრიას მადლმოსილება და ძალა შეუმჩნეველი არ დარჩენია სამეფო კარს და ეკლესიის მმართველობას და იგი აიძულეს კონსტანტინოპოლის ეკლესიის აშენება-აღორძინებაში ჩაბმულიყო. წმინდანმა შექმნა ისეთი ფინანსური მექანიზმი, რითაც შესაძლებელი გახდა მოხუცების, ობოლი ბავშვებისა და ავადმყოფების უზრუნველყოფა.
იმ დროსაც და დღესაც ასეთი ქმედება იყო და არის სათნოების მწვერვალი. ვინც გაჭირვებულ ადამიანს ეხმარება, უპირველესად, ეხმარება საკუთარ თავს და ამის შემდეგ სხვას. მალე დღის წესრიგში დადგა წმინდა მამის დაწინაურების საკითხი. მისი შესაძლებლობები სცილდებოდა იმ საქმეებს, რასაც ის აკეთებდა, ამიტომ გამოარჩიეს ეპისკოპოსად და კუნძულ კრეტის მთავარეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
სწორედ ამ კუნძულის სულიერი აღორძინება და სიმტკიცე, ეკლესიის განვითარება და ძლევამოსილება უკავშირდება წმინდა მამის სახელს. ის, რაც დღეს კუნძული კრეტაა, წმინდა მამის, ანდრიას დამსახურებაა.
ამ მიწაზე ჩასვლისთანავე ახალმა მღვდელმთავარმა ადგილობრივი საეკლესიო კრება მოიწვია, იქაურ სამღვდელოებას შეხვდა, გაარკვია მათი და მოსახლეობის ურთიერთდამოკიდებულება, მატერიალური თუ სულიერი მდგომარეობა.
წმინდანს ესმოდა, თუ რა იყო მღვდელმთავრის უპირველესი მოვალეობა. უსმენდა ხალხსაც და სამღვდელოებასაც და პრობლემები თავისდაუნებურად გვარდებოდა.
როცა ჰარმონია არსებობს ერსა და ეკლესიას შორის, მაშინ უფალი დგას ჩვენ შორისო, - ხშირად იმეორებდა წმინდა მამა.- მღვდელი უნდა ემსგავსოს სარკეს და ეს ხდება მაგალითი. თუ ჩვენ პირნათლად ვასრულებთ იმას, რისთვისაც ვართ მოწოდებულნი, ხალხი არასოდეს დადგება სხვა მხარეს. თუ ერთმანეთის არ გვესმის, ვერასოდეს აღორძინდება ვერც ეკლესია და ვერც ხალხი, ცალ-ცალკე ეს წარმოუდგენელია. მღვდლისთვის უმთავრესია, იცოდეს მღვდლობა, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. მღვდელს მღვდლობა მიანიჭებს საღვთო ნათელს, მღვდელს ისე არაფერი ეხმარება, როგორც მღვდლობის ცოდნაო, - იტყოდა.
წმინდანი თავად იყო ღვთისმსახურების მაგალითი, დააარსა მონასტრები, დადგინდა ღვთისმსახურების საზოგადო შინაგანაწესი. ყველა ემსახურებოდა საზოგადო წესს და აღიკვეთა ქაოსი და გაუგებრობა, რაც მანამდე იყო გამეფებული კუნძულ კრეტაზე.
გარდა ღვთისმსახურებისა, ქრისტიანები მღვდლისგან ისმენდნენ ღვთის სიტყვას. ზნეობრივად აღორძინდა კუნძულის მოსახლეობა, ეძებდნენ იმ გზებს, რაც კუნძულზე მცხოვრებთათვის იყო უმთავრესი. ამ ყოველივეს კი წმინდანი თავის სამღვდელოებასთან ათანხმებდა. გარკვეულ დროს უთმობდნენ ბავშვებთან, ახალგაზრდებთან და ხანდაზმულებთან ურთიერთობას და ღვთის კურთხევამაც არ დააყოვნა.
წმინდა მამა ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე. გამოსცა არაერთი ღვთივსულიერი ნაშრომი თუ სწავლება. მხოლოდ დიდმარხვაში საკითხავი ცნობილი ანდრია კრიტელის საგალობლების ტექსტი რად ღირს!
ნეტარი მამა იმ მსოფლიო მნიშვნელობის ჰიმნოგრაფთა რიცხვს განეკუთვნება, წმინდა ეკლესიას უკვდავი საგალობლები რომ შემოუნახეს. ამ გზით წმინდა მამა არა მარტო კრეტის სულიერი მოძღვარი იყო, არამედ უკვე მსოფლიო ეკლესიის საკუთრება გახდა და ასე იქნება უკვდავყოფილი მისი სახელი, ვიდრე იარსებებს კაცობრიობა და მართლმადიდებლობა.
ღირსი მამა ხშირად თვითონ უვლიდა ავადმყოფებს, უდიდესი სიყვარულით ემსახურებოდა თითოეულ მათგანს, ამიტომ მოჰმადლა უფალმა ღმერთმა ნიჭი სიბრძნისა და გონიერებისა, ნიჭი მოყვასის სიყვარულისა და ნიჭი ღვთისა. წმინდანი კუნძულელებისათვის ნამდვილი მზრუნველი მამა იყო. წმინდა მამა გახლდათ ჭეშმარიტი მწყემსმთავარი.
აქ კი იმ მრავალრიცხოვან სასწაულთაგან მცირედს გავიხსენებთ, წმინდა ანდრიას მეოხებით რომ აღსრულდა:
ერთხელ ბარბაროსებმა კუნძულ კრეტის დაპყრობა და მიწასთან გასწორება განიზრახეს. კუნძული დაიპყრეს, მაგრამ სხვა ვერა ავნეს რა, რადგან წმინდა მამის ლოცვით არა მხოლოდ შეჩერდნენ, წმინდა მამამ იმდენი მოახერხა, რომ მტერი სიბრძნით დაატყვევა.
ღვთივ ნაბოძები კაზმული სიტყვით ისეთი შიში ჩანერგა მათ გულში, რომ არც ერთ იქაურს თმის ერთი ღერიც კი არ ჩამოვარდნია. ისინი არავის გაუყრია კუნძულიდან, ნელ-ნელა არაორგანიზებულად მიდიოდნენ და დაისაჯნენ, რადგან უმრავლესობა აღელვებულმა ზღვამ შთანთქა, ნაწილი კი ქრისტიანებთან შეტაკებისას ამოწყდა. რომ არ ყოფილიყო წმინდა ანდრია, კუნძულს განადგურებისგან ვერაფერი იხსნიდა.
იყო კიდევ ასეთი შემთხვევა: კუნძულს გვალვა განადგურებით ემუქრებოდა. თუ ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდებოდა საშინელი სიცხეები, ყოველი ცოცხალი გახმებოდა. უმოსავლოდ დარჩენილი იქაურები კი შიმშილით სიკვდილისთვის იყვნენ განწირულები.
გამოსავალს ისევ წმინდანმა მიაგნო: - აღაპყრო ხელები ზეცად და შეჰღაღადა უფალს. უფალმაც თავისი ღირსეული შვილის ლოცვა შეისმინა და ისეთი წვიმა წამოჟუჟუნდა, რომ მთელ კუნძულზე სიცოცხლის სურნელი დატრიალდა. წმინდა ანდრია ხალხთან ერთად უზომოდ ბედნიერი იყო და ჰმადლობდა მოწყალე ღმერთს აღსრულებული სასწაულისთვის.
ისევ სასწაულზე შევჩერდებით: კუნძულზე მალარია გაჩნდა და ხალხი ერთიმეორის მიყოლებით იხოცებოდა. კრეტელები შიშმა და უიმედობამ მოიცვა, რადგან საშველი არსაიდან ჩანდა. ერთადერთი ნუგეში ისევ უსაყვარლესი მწყემსმთავარი, წმინდა ანდრია იყო, რომელმაც ცრემლებით ითხოვა უფლისგან, აერიდებინა მისი სამწყსოსთვის ეს საშინელება. სასწაულმა არ დააყოვნა და მეორე დღესვე შეწყდა ავადმყოფობა.
იმდენად დიდია ამგვარი სასწაულების რიცხვი წმინდანის ცხოვრებაში, რომ მათი ჩამოთვლა შეუძლებელია, რადგან ამას ტომებიც კი არ ეყოფა. მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ, როდესაც კრეტიდან აუცილებელ საქმეზე კონსტანტინოპოლს გაემგზავრა, უდიდესი პატივით მიიღეს სამეფო ქალაქში წმინდანი. ადამიანები მისი მხოლოდ ნახვითაც კი იღებდნენ შვებას. პატრიარქიც, მეფეც, დიდებულებიც, ყველა ბედნიერი იყო წმინდა ანდრიას კონსტანტინოპოლში ყოფნით.
ყველაფერს აქვს დასასრული და წმინდა მამამ თავისი აღსასრული წინასწარ განჭვრიტა, ვიზიტი დროზე ადრე შეწყვიტა და რაც შეიძლება მალე სამწყსოსთან დაბრუნება გადაწყვიტა. უნდოდა, თავის ეპარქიაში აღსრულებულიყო და არა მის გარეთ. ავიდა გემზე, რომელიც კრიტზე მიიყვანდა, მაგრამ როცა კუნძულ მიტილინს მიუახლოვდა, მოულოდნელად ეკიპაჟმა გემის ცოტა ხნით იქ გაჩერება გადაწყვიტა.
წმინდანმა იკითხა, თუ რა ეწოდებოდა იმ ადგილს, სადაც იმყოფებოდნენ. უპასუხეს, ერეოსს უწოდებენო. წმინდა ანდრიამ კი მიუგო: "აქ, ამ ადგილას უნდა დავუბრუნო უფალს თავისივე ხატება, რომელიც მომცა თვითონ, როცა შთამბერა სიცოცხლის სული. ვგრძნობ, აქ, ამ ადგილას მივებარები ისევ ჩემს უფალს საუკუნოდ".
ასეც მოხდა, სახე გაებადრა სიხარულისა და ბედნიერებისაგან. საღვთო მადლით აღვსილი უსაზღვრო სიხარულს აფრქვევდა გარშემო მყოფებში, ვინც კი შეესწრო ამას. წმინდა მამის წმინდა ნაწილები წმინდა მოწამე ანასტასიას სახელობის ტაძარში გადაასვენეს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დღემდე იქ უნდა იყოს მორწმუნე ქრისტიანების სანუგეშოდ, როგორც უძვირფასესი საუნჯე, რომელიც არის მკურნალი და აღმავსებელი საღვთო მადლით ჩვენ ცოდვილთა.
ქრისტესმიერი სიყვარულით, პროტოდიაკონი მირიანი. ამინ!
.............................
ტროპარი
კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ანდრია, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი
დაბერე მაღლად საყვირსა საღმრთოსა გალობათასა, და გამოჩნდი მნათობად სოფლისა, ყოვლად ელვარედ მნათობი ნათლითა სამებისათა, ყოვლად ღირსო ანდრია, ვინა ყოველნი გიღაღადებთ: მეოხებად ნუ დასცხრები წინაშე უფლისა ჩუენ ყოველთათჳს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი