წმინდა გერმანე ქალაქ კონსტანტინოპოლში დაიბადა. მამამისი იუსტინე, პატრიცის საპატიო ხარისხის მფლობელი, ერთ-ერთი უპირველესი სენატორი იყო და ყველას აღემატებოდა.
მისი შურდა კონსტანტინე პოგონატს (მეფობდა 668-686 წლებში) და ამის გამო მოაკვლევინა იგი, როცა სამეფო ტახტზე ავიდა.
კონსტანტინემ სახელგანთქმული სენატორის მკვლელობა არ იკმარა და იუსტინეს ვაჟის, მაშინ ჯერ კიდევ ყრმის, ნეტარი გერმანეს დასაჭურისება და ეკლესიის სამსახურში გადაცემა ბრძანა. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ეშინოდა, როცა გერმანე გაიზრდებოდა და სენატორის წოდებას მიიღებდა, მამის მკვლელობის გამო, შური არ ეძია პოგონატის ოჯახზე. სასულიერო პირთა დასში ამგვარად ჩარიცხული გერმანე ანგელოზივით ცხოვრობდა. სოფლისა და ყოველგვარი ამსოფლიური ამაოებისაგან განრიდებულს გონება მთლიანად ღვთისკენ ჰქონდა მიპყრობილი, მუდმივად უფალს ადიდებდა და დღედაღამ საღვთო წიგნებს გულდასმით შეისწავლიდა, საიდანაც მან შეიცნო სიღრმე სიბრძნისა და აღმოავსო საღვთო მოძღვრებათა ცხოვრების წყაროდან, რომლითაც უკვე მასწავლებლის და მოძღვრის ხარისხში მყოფმა დაარწყულა ეკლესია ქრიტესი. როცა წმინდა გერმანემ სრულყოფილების წლებს მიაღწია, მას, როგორც სათნოებით კანდელივით ბრწყინვალე კაცს, ქალაქ კიზიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. აქ ის უწმინდეს პატრიარქ კირუსთან ერთად მონოთელიტობის ერესს (მწვალებლობა, რომელიც გავრცელდა VII საუკუნეში ბიზანტიის ეკლესიაში, და ქრისტეში მხოლოდ ერთი ნების - ღვთაებრივი ნების არსებობის მწვალებლურ აზრს ავითარებდა, კონსტანტინოპოლში 681 წ. მოწვეული VI მსოფლიო კრების განსჯის საგანი გახდა. კრებამ დაგმო მაკარი ანტიოქიელის ეს მოძღვრება, რომლის მიზანი იყო მოეგვარებინა მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების დავა ბიზანტიის სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად. მონოფიზიტებს უნდა დაეთმოთ და ეღიარებინათ ქრისტეში ორი ბუნება, ხოლო დიოფიზიტებს - ქრისტეში ერთი ნებისა და ერთი მოქმედების არსებობა, რასაც მონოთელიტობა ეწოდა).
კრებამ ნათლად ჩამოაყალიბა, რომ ქრისტეში არის ორი ბუნება და ორი ნება, ადამიანური ნება უთმობს, მაგრამ არ ეწინააღმდეგება, არ ებრძვის ღვთაებრივს, არამედ ექვემდებარება უფლის ყოვლისშემძლე ნებას. ეპისკოპოსი გერმანე ერეტიკოსებს ებრძოდა, რის გამოც ის პატრიარქთან ერთად იდევნებოდა ურჯულო მეფე ფილიპეს მიერ. წმინდა კირუსი გადასახლებაში გარდაიცვალა 712 წელს. მოკვდა მისი მდევნელი მეფე ფილიპეც. სამი წლის მერე, არტემის მეფობისას, რომელსაც ანასტასი II ეწოდა, მორწმუნე ერის გასახარად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე წმინდა გერმანე ავიდა. ის იყო ღირსეული კაცი, საღვთო მადლით ავსებული, რაც იმითაც გამომჟღავნდა, რომ იგი მომავალს სჭვრეტდა და წინასწარმეტყველებდა. ასე, მაგალითად, როცა ის თავის მსახურებისას, პირველად საზეიმოდ შეჰყავდათ წმინდა სოფიას ტაძარში, ხალხით გარშემორტყმულს, რომელთაც ახალარჩეული პატრიარქის ხილვა სურდათ, მიუახლოვდა ორსული ქალი, სახელად ანა და უთხრა:
- აკურთხე, მამაო, ჩემს წიაღში ჩასახული ყრმა.
პატრიარქმა შეხედა, შინაგანი თვალებით განჭვრიტა მომავალი, და უთხრა:
- დაე, გაკურთხოს უფალმა, წმინდა პირველმოწამის ლოცვით.
ამ სიტყვებით იწინასწარმეტყველა, რომ ანას ვაჟი შეეძინებოდა და ის წმინდა პირველმოწამე სტეფანეს სეხნია იქნებოდა. ამასთან, მან თავისი წინასწარმეტყველება სასწაულითაც დაამტკიცა. როცა გერმანე ამას ამბობდა, მის ბაგეთაგან სიტყვებთან ერთად ცეცხლის ალიც გამოვარდა, რომელიც ქალმა იხილა და შემდგომში ყველას ფიცით არწმუნებდა, ამ სასწაულმა მტკიცედ დამარწმუნა მღვდელმთავრის წინასწარმეტყველებაშიო. მართლაც ანას შეეძინა ვაჟი და მას სტეფანე დაარქვა. როცა სტეფანე გაიზარდა, ბერად აღიკვეცა და ავქსენტის მთაზე ღვთისმოშიშად მოსაგრეობდა. შემდგომში ის ქრისტეს სახელის აღმსარებელი გახდა. წმინდა ხატების თაყვანისცემისთვის მოწამებრივად ევნო, ურჯულო მეფის კონსტანტინე კოპრონიმოსის დროს. თვითონ კოპრონიმოსზეც, ბერძენთა იმპერატორ ლეონ ისავრიელის ვაჟზეც იწინასწარმეტყველა წმინდა გერმანემ. მან თქვა, რომ იგი მართლმორწმუნეთა საშინელი მდევნელი და ჯალათი იქნებოდა. თავისი ნათლობის დროს, რომელიც უწმინდესმა პატრიარქმა გერმანემ შეასრულა, კონსტანტინემ საკუთარი განავლით შებილწა წმინდა ემბაზი. მაშინ წმინდა გერმანემ ახალნათელღებულზე თქვა:
- ეს ყრმა როცა დაკაცდება, დიდ ბოროტებას მოუტანს ქრისტიანებს და მთელ ეკლესიას: ეკლესიის სიწმინდეს შებილწავს ერეტიკოსობით და მრავალი ქრისტეს კეთილმორწმუნე მონათა სისხლს დაღვრის.
კონსტანტინეს შემდგომში კოპრონიმოსი ეწოდა, რაც "ნეხვიანს, განავლიანს" ნიშნავს. შემდგომში წმინდა გერმანეს წინასწარმეტყველება ზედმიწევნით ასრულდა: კოპრონიმოსმა მრავალი აწამა წმინდა ხატების თაყვანისცემისთვის, რომელთა შორის იყო ზემოხსენებული სტეფანე.
ხატმებრძოლობის ერესი კოპრონიმოსის მამის, ლეონ ისავრიელის დროს დაიწყო. ამ ერესში ჩაფლული ლეონი ცდილობდა, თავის ხალხში გაევრცელებინა ერესი. მან პროვინციებში გაგზავნა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ეკლესიებიდან წმინდა ხატები გამოიტანეს, ფეხით გათელეს და დაწვეს, რამეთუ ის წმინდა ხატებს კერპებად თვლიდა და მის თაყვანისმცემლებს - კერპთაყვანისმცემლებად.
წმინდა პატრიარქი გერმანე მხნედ შეეწინააღმდეგა ერეტიკოს მეფეს. მან არაერთხელ გააგზავნა მეფესთან სასულიერო პირები, კეთილგონიერი და პატიოსანი კაცები, თვითონაც მიდიოდა მასთან და არიგებდა, რომ დაეტოვებინა ბოროტი განზრახვა; მაგრამ წმინდა გერმანეს შეგონებას არანაირი წარმატება არ ჰქონია.
ერთხელ პატრიარქმა უთხრა მეფეს:
- მომისმენია ერთი წმინდა კაცის წინასწარმეტყველება, რომ ოდესმე წმინდა ხატების თაყვანისცემის გამო ატყდება მართლმადიდებელთა დევნა. დაე, ეს შენი მეფობის ჟამს ნუ მოხდება.
- რა დროს და ვისი მეფობისას იქნება? - ყურადღებით ჰკითხა იმპერატორმა.
- მეფე, რომელსაც კონონი ერქმევა, დაიწყებს დევნას წმინდა ხატების გამო, - უთხრა წმინდა გერმანემ.
- ჩემი სახელია კონონი, - უპასუხა ლეონ ისავრიელმა, - ეს სახელი ნათლისღებისას მომცეს, ლეონი კი შემდგომში მიწოდეს. ამიტომაც წინასწარმეტყველება ჩემი მეფობის დროს უნდა აღსრულდეს.
- არა, მეფეო, - შეეწინააღმდეგა წმინდა გერმანე, - დაე ნუ იქნება ეს, დაე, ნუ მოხდება ამგვარი ბოროტება შენი მეფობისას. რამეთუ ამ ბოროტების მოსურნე ანტიქრისტეა, მტერია ღვთაებრივი ხორცშესხმისა. მეფეო, ამასთან გაიხსენე ისიც, სამეფო ტახტზე ასვლის წინ ფიცი დადე, რომ დაიცავდი უწმინდესი რწმენის უბიწოებას, არ დაარღვევდი წმინდა მოციქულთა და ღვთივსულიერ მამათა გარდამოცემიდან და ქრისტიანული რწმენის საწინააღმდეგოდ ახალს არაფერს შემოიტანდი.
მეფე უსმენდა უწმინდეს პატრიარქს, ხან სირცხვილს გრძნობდა, ხანაც მძვინვარებდა, ცდილობდა, პატრიარქის წინააღმდეგ რაიმე ეპოვა, რომ ტახტიდან დამნაშავესავით მოეცილებინა და არა როგორც ჭეშმარიტების აღმსარებელი. თავისი ბოროტი სურვილის განხორციელებისათვის თანამზრახველიც იპოვა, გერმანეს მოწაფე, ხუცესი ანასტასი. ანასტასის, იუდას ზნეობის კაცს, მეფე პატრიარქობას დაჰპირდა მას მერე, რაც გერმანეს განდევნიდა. მანაც თავის მხრივ მეფეს აღუთქვა, რომ ერესის გავრცელებასა და წმინდა ხატების განადგურებაში დახმარებოდა.
ამიტომ ანასტასი აშკარად გადაემტერა წმინდა გერმანეს, მის პატრიარქობიდან ჩამოგდებამდეც კი. წმინდა გერმანემ განჭვრიტა სულით მისი ბოროტი განზრახვა და ხვედრი, რაც ელოდა და უწინასწარმეტყველა ანასტასის ამგვარ ვითარებაში.
ერთხელ წმინდა გერმანე სამეფო პალატში შედიოდა, ანასტასი ამაყად მისდევდა მას და უკან გერმანეს შესამოსლის კიდეს დააბიჯა ფეხი. "ნუ ჩქარობ, - უთხრა მას წმინდა გერმანემ, - მოვა დრო, როცა შენ ბრბოთი გარშემორტყმულს ყვირილით წაგიყვანენ დიპინში (მოედანი, საჯარო თავშეყრის ადგილი).
თუმცა იმ დროს არც ანასტასიმ და არც სხვებმა, ვინც ეს მოისმინა, ყურადღება არ მიაქციეს წმინდა გერმანეს ნათქვამს და უკვე შემდგომში გაახსენდათ, როცა წინასწარმეტყველება აღსრულდა, რაზეც ქვემოთ მოგითხრობთ.
წმინდა გერმანე, როგორც ქრისტეს კარგი მეომარი, უშიშრად და მამაცურად ებრძოდა ერეტიკოსებს ღვთის სიტყვის მახვილით. ერთხელ მან საეკლესიო მსახური გაგზავნა მეფესთან და დააბარა:
- არ გეკადრება, მეფეო, უწესოდ ამაღლდე წინაშე შენი შემოქმედისა, რომელმაც გიბოძა სიცოცხლე და მეფობა, შენ არ გაქვს უფლება, როგორც ამბობენ, შეძრა უძრავი; წესი არ არის გადალახო ძველ დროში წმინდა მამების მიერ დადგენილი საზღვრები. კაცობრივი სახით, რომელიც ღვთის სიტყვამ ყოვლადწმინდა მარადის ქალწულისგან მიიღო, განქარდა ეშმაკთა მსახურება და კერპთაყვანისცემა. დაფაზე საღებავებით გამოსახული ხატი, მსგავსი ქრისტეს კაცობრივი სახისა და მისი გამოუთქმელად მშობლის თაყვანსაცემად მოგვეცა, ჯერ კიდევ 725 წლის წინ, როცა უფალი ჩვენი კაცის სახით მოგვევლინა დედამიწაზე. უფლის ამაღლების შემდეგ, იმ სისხლმდინარე დედაკაცმა, რომელიც იესოს სამოსის კიდეზე შეხებით განიკურნა, ამის სამადლობელოდ მაცხოვრის გამოსახულება შექმნა. მანამდე კი თვით უფალმა ტილოზე გამოსახა თავისი ღვთაებრივი სახე და ედესში გაუგზავნა ავგაროზს. წმინდა ლუკა მახარებელმა დახატა ყოვლადწმინდა ქალწულ ღვთისმშობლის გამოსახულება. ამიტომაც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას გამართულმა ღვთაებრივმა კრებებმა ბრძანეს არა ხატების განადგურება, არამედ მათი თაყვანისცემა. ამიტომაც იცოდე, მეფეო, შენ თუ ხატმებრძოლობის დოგმატის განმტკიცებაში დაეხმარები, მე პირველი წავალ ამის წინააღმდეგ. მზად ვარ, სისხლი დავღვარო ჩემი ქრისტეს ხატისთვის, რომელმაც თვითონ დაღვარა სისხლი, რათა განეახლებინა დაცემული ხატი ჩემი სულისა. ნათელია, რომ ქრისტეს ხატის შეგინება აღიწევა მის პირველხატამდე, ქრისტემდე, ისევე, როგორც მის წინაშე გამოხატული პატივისცემა. ამიტომაც, ჩვენ, ქრისტეს ერთგულ მონებს, გვმართებს, მოვკვდეთ კიდეც ჩვენი უფლის პატივისმიგებისთვის.
სხვა დროს კი წმინდა გერმანე ასე ეუბნებოდა მეფეს:
- თუ მე ვარ იონა, გადამაგდეთ ზღვაში, რამეთუ საეკლესიო კრების გარეშე არა მაქვს უფლება, რაიმე დავაკანონო, რაც რწმენას ეხება.
როცა პატრიარქმა დაინახა, რომ ვერაფერს აკეთებდა ერესიდან მეფის ჩამოსაშორებლად, ღვთაებრივ საკურთხეველში პატრიარქის ტახტზე დადო თავისი ომოფორი და დაუტევა პატრიარქობა. მეფე ძალზე გაბრაზდა წმინდა გერმანეს კადნიერად ნათქვამ სიტყვაზე, თითქოს საომრად შეიარაღებული მეომრები გაგზავნა, რომელთაც სცემეს წმინდა გერმანეს და უპატიოდ გამოაგდეს საპატრიარქო სახლიდან. წმინდა გერმანე თავის მონასტერში დაბრუნდა. იქ მონაზვნებთან ერთად მყუდროებაში განვლო დარჩენილი ცხოვრება და 740 წელს 96 წლისა მშვიდობიანად მიიცვალა უფლისა მიმართ. ის ხორას მონასტერში დაკრძალეს, კონსტანტინოპოლის ჩრდილოეთით.
წმინდა გერმანე ცნობილია, როგორც საეკლესიო მწერალი, ამას მოწმობს VII მსოფლიო კრების მიერ წმინდანთა დიპტიქში მისი სახელის შეტანა. წმინდა გერმანეს თხზულებები თავისი შემადგენლობით სხვადასხვაგვარია. მას ეკუთვნის: წმინდა წერილის ყველაზე რთული ადგილების განმარტება, მეშვიდე მსოფლიო კრებაზე წაიკითხეს მისი სამი ეპისტოლე ხატთა თაყვანისცემაზე. მას ეკუთვნის ბევრი სულის მარგებელი ქადაგება ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებაზე, მის მიძინებაზე, ხარებაზე, ტაძრის სატფურებაზე და ღვთისმშობლის სარტყლის დადებაზე... წმინდა გერმანემ ბევრი ნაშრომი დაგვიტოვა, რაც ღვთისმსახურებას ეხება, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ლიტურგიის განმარტება.
წმინდა გერმანეს გაძევების შემდეგ მეფემ საპატრიარქო ტახტზე ზემოხსენებული ანასტასი აიყვანა, რომელიც მასთან ერთად ეკლესიიდან ყრიდა წმინდა ხატებს და განამტკიცებდა ხატმებრძოლობის ერესს. წმინდა გერმანეს წინასწარმეტყველება მასზე შემდეგნაირად ასრულდა. როცა უწმინდური ლეონ ისავრიელი მოკვდა, მეფობა მისმა ვაჟმა კონსტანტინე კოპრონიმოსმა მიიღო, რომელიც ტახტიდან ჩამოაგდო ლეონის სიძემ არტავასდმა. ამაში მას ეხმარებოდა პატრიარქი ანასტასი, რომელმაც მეფის გვირგვინი დაადგა არტავასდსა და მის ვაჟს. მაგრამ სამი წლის შემდეგ კოპრონიმოსმა შეკრიბა დიდი ლაშქარი და კონსტანტინოპოლი აიღო. თავისი სიძე არტავასდი და მისი ვაჟები, თავისი დისშვილები, დააბრმავა და არტავასდის მომხრე ბევრი დიდებული ამოხოცა. კონსტანტინეს ბრძანებით, პატრიარქი ანასტასი გააშიშვლეს და საჯარო ადგილას, მოედანზე, მთელი ხალხის წინაშე სცემეს. შემდეგ კი ვირზე უკუღმა შესვეს და მთელი ქალაქი შემოატარეს. ასე ასრულდა წმინდა გერმანეს წინასწარმეტყველება. უბედურ მეფე კოპრონიმოსს ანასტასის ტახტიდან ჩამოგდებაც უნდოდა, მაგრამ სხვა მისნაირი მოშურნე ხატმებრძოლი ვერ ნახა და საპატრიარქო ტახტზე დატოვა, სადაც მან 24 წელი დაყო. სიცოცხლის ბოლოს მას სნეულება შეეყარა, რომელსაც "კორდასპოსს" ეძახიან. ბაგეები, რომლითაც ის წმინდა ხატებსა და თავის მასწავლებელს ლანძღავდა, ჩირქით ევსებოდა. იგი საბოლოოდ ამ ავადმყოფობით გარდაიცვალა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი