წმინდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი
12 დეკემბერს საქართველოს ეკლესია წმინდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელს მოიხსენიებს.
ნეკრესელი ეპისკოპოსი აბიბოსი ერთ-ერთი იყო იმ ცამეტ ასურელ მამათაგან, რომლებიც VI საუკუნეში ღვთისმშობლის მოწოდებით ჩამოვიდნენ საქართველოში ღირსი იოანე ზედაზნელის მეთაურობით. "ღვთისსათნონი, ნათელნი სოფლისანი, ჭურნი რჩეულნი, სავსე ნელსაცხებელთა, ზეცისა კაცნი და ქვეყანისა ანგელოსნი", - ამ სიტყვებით ამკობს მემატიანე საქართველოს განმანათლებელ წმინდა ასურელ მამებს, რომელთა სახელსაც უკავშირდება ბერ-მონაზვნური ინსტიტუტის დაფუძნება და მონასტრული წესის დამკვიდრება ქართულ საეკლესიო ცხოვრებაში.ასურელ მამებს პირველი მონასტერი საქართველოში ზედაზნის მთაზე დაუარსებიათ, სადაც იოანე ზედაზნელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად. თავიდან მათ შორის ყოფილა წმინდა აბიბოსიც. მოგვიანებით კი, ევლავიოს კათალიკოსის და წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით, იოსებთან, სტეფანესა და ზენონთან ერთად, მამა აბიბოსი კახეთში გადასულა სამოღვაწეოდ. წმინდანი ნეკრესს ჩასულა მოციქულებრივი ღვაწლის აღსასრულებლად. იგი დაუღალავად იღვწოდა თავის ეპარქიაში, რომ იმხანად დამკვიდრებულ ცეცხლთაყვანისმცემლობას ჭეშმარიტი სარწმუნოებით შებრძოლებოდა. ერთხელ, როდესაც ნეკრესელი მღვდელმთავარი შეესწრო, თუ როგორ აიძულებდნენ მოგვები ქართველებს ცეცხლის თაყვანისცემას, ვეღარ მოითმინა, წარმართული რიტუალის დროს ცეცხლს წყალი დაასხა და ჩააქრო. განრისხებულ მოგვებს ამის გამო წმინდა მამა შეუპყრიათ და ნაცემ-ნაგვემი, ცოცხალმკვდარი ჩაუგდიათ დილეგში.
წმინდა აბიბოს ნეკრესელი შავი მთის სასწაულმოქმედის, ღირსი სვიმეონ მესვეტის მეგობარი იყო, რომელსაც ღვთისგან ეუწყა მისი წამებისა და დაპატიმრების შესახებ და მღვდელმთავრისთვის გასამხნევებლად თავისი კვერთხი და ევლოღია გამოუგზავნია. ეპისტოლესა და ძვირფას საჩუქარს ძლიერ გაუხარებია და სულიერად განუმტკიცებია მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის თავდადებული ნეკრესელი ეპისკოპოსი. ქართველ სასულიერო პირებს გათავისუფლებაც შეუთავაზებიათ წმინდა აბიბოსისათვის, მაგრამ მას არ მიუღია ეს წინადადება. მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში დიდხანს ავედრებდა თურმე უფალს საქართველოს გადარჩენასა და ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებას. სიკვდილის წინ უთხოვია, წმინდა შიო მღვიმელის ნახვის უფლება მიეცათ. სულიერი ძმის მოკითხვითა და ლოცვის ძალით გამხნევებული მღვდელმოწამე რეხში შეხვედრია სპარსეთის მარზაპანს, რომელსაც სამსჯავროზე წარმდგარი ნეკრესელი ეპისკოპოსისთვის მრისხანედ უკითხავს: "რაისთვის მოგვიკალი ჩვენი ღმერთი", რაზედაც ნეტარ აბიბოსს მშვიდად უპასუხნია: "მე ღმერთი კი არ მომიკლავს, მხოლოდ ცეცხლი დავშრიტე, ცეცხლი ღმერთი კი არ არის, ბუნების ნაწილია, რომლისგანაც შედგება ღვთის მიერ შექმნილი სამყარო, ცეცხლი, რომელიც შეშის დაწვით წარმოიქმნება, მცირედმა წყალმა ჩააქრო, რადგან წყალი მასზე ძლიერი აღმოჩნდაო". განრისხებულ სპარსელებს ქვით ჩაუქოლავთ წმინდა მამა და უპატიოდ დაუდგიათ ქალაქგარეთ ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად. შუაღამისას ბერ-მონაზვნებს მოუპარავთ წმინდა მღვდელმოწამის ცხედარი და სამთავისის მონასტერში დაუკრძალავთ, სადაც მრავალი სასწაული და სარწმუნოებრივი კურნება მომხდარა. ქართლის ერისთავის, სტეფანოზის, დროს, კათოლიკოს თაბორის კურთხევით, წმინდა აბიბოს ნეკრესელის უხრწნელი ნაწილებისთვის მცხეთის სამთავროს მონასტერში, წმინდა ტრაპეზის ქვეშ მიუჩენიათ სამუდამო განსასვენებელი.