იოანე ნათელი იქნება ამა სოფლისაო
III საუკუნის შუა ხანებიდან დევნილი ქრისტიანების ნაწილმა თავი სინის მთას შეაფარა. ნაწილი დატყვევებული ქრისტიანებისა აქ სარკინოზებმა მოიყვანეს. IV საუკუნიდან კი, მას შემდეგ, რაც ქრისტიანთა დევნა შეწყდა, სინას უდაბნოში მონაზვნები დასახლდნენ.
მათ ეს ცხელი ქვიშა, მცხუნვარე მზე ძველაღთქმისეულ ამბებს აგონებდათ. მოგზაურები მოგვითხრობენ, სინას ნახევარკუნძულზე ისე ჭირს გაძლება, რომ გარეული ცხოველებიც ვერ რჩებიან დიდხანს და შემთხვევით მოხვედრილნი მაშინვე ცდილობენ იქიდან გაღწევასო. აი, ასეთ პირობებში ღმერთთან სასაუბროდ მიდიოდნენ ღირსი მამა-დედანი. თავიდან ერთი ტაძარი ჰქონდათ, წმინდა ელენე დედოფლის აშენებული, ხოლო როცა ტახტზე იუსტინიანე ავიდა, მან ღირს მამებს 557 წელს მონასტერი აუშენა. სწორედ იმ დროს მოსულა სამოღვაწეოდ სინას უდაბნოში წმინდა იოანე, კიბისაღმწერლად წოდებული, მაშინ ის 16 წლის ყოფილა. მისი წარმომავლობის შესახებ არაფერი იცოდა არც მისმა თანამედროვემ და ცხოვრების აღმწერელმა, რაითელმა ბერმა დანიელმა. თუმცა ფიქრობენ, რომ მამა იოანე იყო ძე ქსენოფონტესი და მარიამისა, რომელთაც ეკლესია 26 იანვარს (ძვ. სტ.) იხსენიებს. როგორც "წმინდანთა ცხოვრება" მოგვითხრობს: მდიდარსა და სახელგანთქმულ კონსტანტინოპოლელ დიდებულს ქსენოფონტეს და მის მეუღლეს მარიამს ორი ვაჟი ჰყავდათ - იოანე და არკადიოსი. მშობლებმა შვილები კარგი განათლების მისაღებად ქალაქ ბირითის (დღევანდელი ბეირუთი) სახელგანთქმულ სასწავლებელში შეიყვანეს. ერთხელ ქსენოფონტე ავად გახდა და შვილები იხმო. როცა მამის გამოჯანმრთელების შემდეგ ძმები გემით ბრუნდებოდნენ სასწავლებელში, საშინელი ქარიშხალი ამოიჭრა. ხომალდი დაიმსხვრა და მეწამულ ზღვაში ჩაიძირა. იოანე და არკადიოსი კი ტალღებმა პალესტინის ნაპირზე სხვადასხვა მხარეს გარიყა. ამ სასწაულებრივი გადარჩენის შემდეგ ძმებს ბერად შედგომის სურვილი გაუჩნდათ და პალესტინის სხვადასხვა მონასტერში დასახლდნენ. არკადიმ სახელად გიორგი დაირქვა. კარგა ხნის შემდეგ ძმები შეხვდნენ მშობლებს და ერთმანეთს. მალე მშობლებიც მონაზვნად აღიკვეცნენ.
16 წლის იყო ხორციელი ასაკით წმინდა იოანე, ხოლო გონების სიბრძნით - ათასი წლისა, რაჟამს თავი თვისი მიუძღვნა დიდ მღვდელთმოძღვარს, "ოდეს შესწირნა ხორცნი მთასა მას სინასა, ხოლო სული მთასა მას ზეცისასა". სიმდაბლითა და მორჩილებით მოუდრიკა ქედი მოძღვარს, რამეთუ "უსიტყველი და ნებისაგან განშორებული სული აქვდა".
მისი მოძღვარი იყო მამა მარტირიოსი, უბრალო, გაუნათლებელი, მაგრამ დიდი სულიერების ბერი. მამა მარტირიოსი ადრე მეწამულ ზღვასთან ახლოს, მამა ანტონის ღრმა უდაბნოში მოღვაწეობდა. ერთხელ თურმე მონასტერს თავს დასხმიან წარმართნი და 6 ბერი მოუკლავთ. მათ შორის ბერი კონონიც, რომელსაც ჰქონია მადლი წინასწარმეტყველებისა. მამა მარტირიოსს დაუკრძალავს მათი წმინდა სხეულები მღვიმეში, შესასვლელი ამოუქოლავს, კირით დაუგოზავს და ზედ მოწამეთა სახელები წაუწერია. ორი დღის შემდეგ მისულა - მხეცებმა ხომ არ გამოთხარესო. კარი ხელუხლებელი დახვედრია, მაგრამ მღვიმეში შესულს მამა კონონისა და მეორე დიდი ღირსი მამის სხეულები იქ ვეღარ უნახავს. შემდეგ კი მამა ანტონის უდაბნოდან სინის მთაზე წამოსულა სამოღვაწეოდ.
20 წლის იყო წმინდა იოანე, როცა მოძღვარმა ბერად აღკვეცა. იმ დღეს მამა სტრატიკეს უთქვამს, - იოანე ნათელი იქნება ამა სოფლისაო. იმავე დღეს ამბა მარტირი, წმინდა იოანესთან ერთად, სინის მთის იღუმენს, წმინდა ანასტასი სინელს ეწვია. წმინდა ანასტასიმ მისვლის უმალ ჰკითხა ამბა მარტირის: - მამაო, ვინ არის ეს ყრმა ანდა ბერად ვინ აღკვეცაო. შენი მონა არის, მამაო, და მოწაფე - ჩემიო. წმინდა ანასტასიმ ბრძანა: - ჰოი, ამბა მარტირი, შენ დღეს აღკვეცე იღუმენი სინისაო. ერთხელ სულიერი მამა-შვილი კედარის უდაბნოში მოღვაწე დიდ მამა იოანეს ეწვივნენ. მამა იოანემ წმინდა იოანეს ფეხები დაჰბანა და ხელზე ეამბორა, მამა მარტირისთვის კი ფეხები არ დაუბანია. როცა სტუმრები წავიდნენ, მამა იოანემ სულიწმინდის მადლით შეიტყო, რომ მისი მოწაფე სტეფანე ამის გამო დაბრკოლებულიყო და უთხრა: - დამიჯერე, შვილო, არ ვიცი, ვინ არის ის ყრმა, მე კი, ვითარცა სინის მთის მამასახლისი, მივიღე და ფერხნი მამასახლისისა დავბანეო. ასეთი იყო წმინდა მამათა წინასწარმეტყველებები წმინდა იოანეზე, რომელნიც გაცხადდა.
19 წელი მორჩილებდა თავის მოძღვარს წმინდა იოანე. როცა მამა მარტირი გარდაიცვალა, დაკრძალა, ხოლო სული მისი, ვითარცა მეოხი და მვედრებელი, მიავლინა ზეცად. თვითონ კი, თავისი მოძღვრისაგან სულიერად გაწვრთნილი, გავიდა უდაბნოში სამოღვაწეოდ, მონასტრიდან ათ კილომეტრში, თულას. ღირსი მამა მხოლოდ დღესასწაულებზე ტოვებდა აქაურობას - მონასტერში მიდიოდა ღვთისმსახურებაზე. 40 წელი იღვაწა თულაში წმინდა იოანემ. ღვთის მძაფრი სიყვარულით, "ვითარცა ცეცხლითა, აღეტყინებოდა მარადის". ვინ გამოთქვას საქმენი მისნი, კაცთა თვალთაგან დაფარულად აღსრულებული სათნოებანი. საჭმელი მისი იყო ძალზე მცირედი, შეურაცხი, სხვა რომ ვერ შეჭამდა, ისეთი. მარადის მარხვით მოამშევდა მუცელს და აღვირს ასხმიდა. უდაბნოში ყოფნით და ადამიანთა უხილავობით ვნებათა ცეცხლის ალნი სრულიად დაშრიტა და ნაკვერჩხალნი მისნი სრულიად მტვრად აქცია. კერპთმსახურებას - ოქროსა და ვერცხლის სიყვარულს - ღვთის სიყვარულითა და უპოვარების სათნოებით სძლია. სულის სიზარმაცე სიკვდილის ხსენებით უჩინო ჰყო. ხოლო სიყვარული ნათესავთა, გინა თუ სოფლისა და მისთა საქმეთა საუკუნო ნეტარების მოგონებით წარდევნა. გულისწყრომის ვნება ადრევე მორჩილებით მოეკლა, ახლა კი დაყუდების და დუმილის სიმრავლით მაჩვენებლობისა და ზვაობის ბადენი განხეთქა. ვინ გამოთქვას ღირსი იოანეს სიმდაბლის საზომი ანდა მისი სრული სიწმინდის სიმაღლე. მისი ცრემლებით მორწყული სენაკი და მცირე მღვიმე კლდეში შეთხრილი, სადაც მეტი მყუდროებისთვის განმარტოვდებოდა, დღემდეა შემორჩენილი. იმდენ ხანს ეძინა, რომ მის გონებას ფრიადი მღვიძარებისგან არა ვნებოდა. ძილის წინ დიდხანს ლოცულობდა. ხელსაქმედ კი წიგნების გადაწერა ჰქონდა, რომლითაც სძლევდა მოწყინებას. ჰქონდა ლოცვა მაღალი და ღვთისადმი ტრფიალება უზომო. დღე და ღამე ქალწულების სიწმინდით განწმენდილი თავის სულის სარკეში "ხედვიდა და არა განძღებოდა შთახედვითა მისითა".
ვინმე ბერი, სახელად მოსე, საღმრთო შურით აღიძრა და მოისურვა მოწაფეობა და მსახურება წმინდა იოანესი. ბევრი ღირსი მამა შუამდგომლობდა მოსეს და მათი თხოვნით წმინდა იოანემ დაიტოვა მოწაფედ. ერთხელ ღირსმა მამამ საბოსტნედ მიწის მოჭრა და მოტანა დაავალა მას. მორჩილიც დიდი მონდომებით ასრულებდა ამ საქმეს. შუადღისას, როცა მზემ ძალზე დააცხუნა, მოსემ ერთი დიდი ქვის ქვეშ ჩრდილს შეაფარა თავი. წამოწვა და მიიძინა. ამ დროს წმინდა იოანე თავის სენაკში ლოცულობდა, თითქოს ძილი მოერია, ჩათვლიმა და იხილა ვინმე მღვდელი დიდებულად მოსილი, რომელმაც აყვედრა ძილისთვის: ჰოი, იოანე, შენ უზრუნველად გძინავს და შენი მოწაფე მოსე კი განსაცდელშიაო. წამოდგა მაშინვე მამა იოანე და ლოცვა დაიწყო. მწუხრის ჟამს მოსეც დაბრუნდა. რაიმე განსაცდელი ხომ არ შეგემთხვაო, - ჰკითხა მოძღვარმა. მოსემ უპასუხა: შუადღისას დიდი ქვის ჩრდილში მივიძინე. უეცრად შენი ხმა გავიგონე, მამაო - მეძახდი. ავდექი და გამოვიქეცი. ამ დროს ის ქვა მოწყდა. ალბათ მომკლავდა, დროზე რომ არ მომესწრო გამოსვლაო. "მდაბალმან გონებითა" ღირსმა იოანემ არაფერი უთხრა მოსეს, თვითონ კი ფარულად ადიდებდა უფალს.
ღირსი მამა იყო "სახე კეთილისა", ამიტომაც მრავალი ვნებათაგან დაწყლულებული მოდიოდა მასთან და კურნებას იღებდა წმინდა იოანეს ლოცვითა და რჩევა-დარიგებით. ერთხელ ბერმა ისააკმა შესტირა, - მამაო, სიძვის ბრძოლები მაქვს და მიშველეო. გაუკვირდა მისი სარწმუნოება მამა იოანეს: დავდგეთ და ორივემ ვილოცოთო, - უთხრა. მოიდრიკეს მუხლნი. როცა გაასრულეს ლოცვა და წარმოდგნენ, ისააკმა სრულიად განკურნებულად იგრძნო თავი, რისთვისაც მადლობდა ღმერთს.
ზოგიერთს შეშურდა მისი და უქმადმეტყველი, მზვაობარი უწოდეს. მაშინ ღირსი მამა დადუმდა. დუმდა ერთი წელიწადი. ამით მისი მაბრალობელნიც კი შეწუხდნენ. მივიდნენ, შენდობა და ამეტყველება სთხოვეს: არ შეიძლება დაიხშოს წყარო მრავალ სულთა სასარგებლოდ აღმომდინარე - ამით "წარწყმდების მრავალთა ცხოვრებაო". ვეღარ გაუძლო ღირს მამათა თხოვნას, დამორჩილდა და კვლავ განაგრძო სხვათა სწავლება.
ხედავდნენ რა მის სათნოებათა სიმრავლეს და მოძღვრების სიღრმეს, შემდგომად 40 წლის დაყუდებისა, 75 წლისა სინის მთის ძმათა წინამძღვრად დაადგინეს. მას მამებმა მეორე მოსე უწოდეს და არც შემცდარან. ვითარცა მოსე ავიდა ნისლით დაფარულ მთაზე და მოიტანა ღვთივდაწერილი სჯულისდება - ათი მცნება, ღვთის სულით მეტყველებდა და წინამძღვრობდა ისრაელს, ასევე ღირსი მამაც, ღვთის სულით განბრძნობილი, მიუძღოდა ახალ ისრაელს - სინის მთის მამათ - აღთქმული ზეციური ქვეყნისაკენ. წმინდა მოსე ვერ შევიდა აღთქმულ მიწაზე, თუმცაღა ორივე მოსე, ძველიც და ახალიც, ახლა ერთად ადიდებენ ღმერთს ზეციურ იერუსალიმში.
ახალარჩეული იყო სინის მთის იღუმენად მამა იოანე, რომ ერთდროულად 600 მწირი ეწვიათ. დიდი ტრაპეზი გაშალა, სტუმრებთან ერთად სუფრასთან სინელი ბერებიც დასხდნენ. მეტრაპეზეებს ხელმძღვანელობდა ვიღაც უცნობი კაცი, რომელსაც ებრაელთა მსგავსი თეთრი ტუნიკი ემოსა. მორჩნენ ტრაპეზობას და უცნობი ტრაპეზის გამრიგე სადღაც გაქრა. ბერებმა ძებნა დაუწყეს. ღირსმა იოანემ მათ უთხრა: - დაანებეთ ძებნას თავი. ის ამ სავანის პატრონი, წინასწარმეტყველი და სჯულისმდებელი წმინდა მოსე იყო და მოემსახურა თავის სტუმრებსო.
მრავალი სასწაული აღესრულებოდა ღირსი მამის ლოცვით. ერთ ზაფხულს მთელ პალესტინაში საშინელი გვალვა დაიჭირა. იქაურებმა მამა იოანეს ლოცვა სთხოვეს. ხელნი აღაპყრო ზეცად წმინდა იოანემ და წამოვიდა ძლიერი წვიმა, რომელმაც დაალბო და ნაყოფიერ ჰყო გვალვისაგან გამოფიტული მიწა.
ოთხი წელი წინამძღვრობდა სინელ მამებს წმინდა იოანე. ერთხელ რაითის უდაბნოდან წერილი მოუტანეს. რაითის მონასტერი ორი დღის სავალზე იყო. მას წინამძღვრობდა ღირსი იოანე, რომელსაც ეკლესია ყველიერის შაბათს იხსენიებს. წმინდა იოანე რაითელს ბევრი რამ შეეტყო წმინდა იოანე სინელის სულიერ ნიჭებზე და მონასტრის მამათა სახელით სთხოვდა, დაეწერა რაიმე ბერთა სახელმძღვანელოდ: "გთხოვთ, რათა მოგვწერო ჩვენ, უსწავლელებს, რაც ღვთის ჭვრეტისას, მსგავსად წმინდა მოსესი, მაგასვე მთაზე გიხილავს. შენს მიერ აღწერილ წიგნში ჩაწერე სწავლანი ახალი ისრაელისთვის, რომელნიც გამორიდებიან სოფლისა ზღვასა და უხილავ ეგვიპტელებს.
...გევედრებით, უფლის მიერ აღწერე კეთილად, ვითარცა დიდმა მოძღვარმა, თუ როგორია მონაზონთა ცხოვრება, რათა იყოს ეს სწავლანი ვითარცა კიბე, ზეცის ბჭემდე ამყვანებელიო".
წმინდა იოანე კრძალვით და მონდომებით შეუდგა საქმეს. რომ არა შიში ღვთისა და დიდი მორჩილება სულიერ ძმათა და მამათა, ალბათ ვერც შეჰკადრებდა ამ სწავლათა აღწერას. ღირსი მამის თვალწინ გაირბინა მათმა ცხოვრებამ, ღვაწლმა, ვნებათა დათრგუნვამ. გაახსენდა თანამედროვე ღირსი მამანი და ეს უძვირფასესი მოგონებები ერთ წიგნად აკინძა ანუ აღმართა ზეცად ამყვანებელ კიბედ. ამ სწავლებათა სათაურიც ღირსი იოანე რაითელის წერილიდან ისესხა - "კიბე" დაარქვა. სწავლებანი ოცდაათი თავისგან - ოცდაათი საფეხურისგან შედგება, შემსგავსებულად უფლის ხორციელი ასაკის წელთა, რამეთუ ოცდაათი წლისამ ნათელ-იღო უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემ. აღსავლის კიბის ოცდაათი საფეხური გამოგვისახა ღირსმა მამამ და გვითხრა, თუ მივაღწევთ კიბის სათავეს, მაშინ ჩვენც ვიქნებით სრული და დაუცემელიო. "კიბე" სამაგიდო წიგნი იყო და არის მონაზონთათვის, მაგრამ მასში ქრისტიანი ერისკაცებიც მრავალ სასარგებლო რჩევას ნახავენ. თუმცაღა, როგორც ამბობენ ღირსი მამები, ერისკაცთა ცხოვრებაც დიდად არ უნდა ჩამოუვარდებოდეს მონაზონთა ცხოვრებას. მართალია, ბერივით უქორწინებლობის აღთქმა არ გვაქვს დადებული ერისკაცებს, მაგრამ სიწმინდე-პატიოსნება ყველას მოგვეთხოვება. პავლე მოციქული ჩვენთვისაც ამბობს, "მარადის ილოცევდითო" და თუ უპოვარებას ჩვენ არავინ გვთხოვს, ის ხომ ვიცით, რომ ვერცხლისმოყვარეობა იგივე კერპთმსახურებაა, რომელსაც ყოველი ქრისტიანი უნდა გაურბოდეს. ხოლო თავი ყველა სათნოებისა, ოცდამეათე საფეხური წმინდა იოანესეული კიბისა, იყო: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული, რომელიც "ყოველთასა დაიმჭირავს და განამტკიცებს", უფროის ყოვლისა კი სიყვარულია.
წმინდა იოანემ თავის "კიბეს" მიუმატა პატარა სწავლებაც "მწყემსთათვის". აქ იგი გვიხატავს იდეალს მონასტრის წინამძღვრისას, რომელიც, მისი თქმით, უნდა იყოს მწყემსიც, მკურნალიც, მზრუნველიც, მასწავლებელიც და მაგალითიც მორჩილთათვის.
წიგნმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იოანე რაითელზე და სხვა ღირს მამებზე. ტკბილი იყო მამა იოანეს მორჩილების ნაყოფი. ხელიდან ხელში გადადიოდა "კიბის" ხელნაწერი.
ოთხი წლის შემდეგ ღირსმა მამამ იღუმენობა თავის ხორციელ ძმას, გიორგის, ჩააბარა, თვითონ კი სენაკში განმარტოვდა. ამ სოფლიდან გასვლის ჟამის მოახლოებისას მოიხმო ძმები, ყველა აკურთხა, მოეფერა, დაარიგა, დაემშვიდობა. იქვე იდგა მისი ხორციელი ძმაც, რომელიც ცრემლად იღვრებოდა და ეუბნებოდა მას: "მიდიხარ იმქვეყნად და მტოვებ მარტოს. ვლოცულობდი, რომ შენზე წინ წავსულიყავი, რადგან უშენოდ არ ძალმიძს ვმწყემსო შენი წმინდა საძმო". ღირსმა მამამ ანუგეშა ძმა: "ნუ წუხხარ და ნაღვლობ. თუ მოვიპოვებ ღვთის წინაშე კადნიერებას, ერთი წელიც ვიყო შენს გარეშეო". ასეც მოხდა: ღირსი იოანეს გარდაცვალებიდან ათი თვის შემდეგ მისი ძმაც წარდგა ღვთის წინაშე. წმინდა იოანეს ხსენება ეკლესიამ 30 მარტს (ძვ. სტ.) დააწესა, მას კიდევ ერთხელ მოვიხსენიებთ წმინდა დიდმარხვის მეოთხე შვიდეულის კვირა დღეს.
დასასრულს, შემოგთავაზებთ დარიგებებს ღირსი მამის წიგნიდან:
* რაჟამს მოგიხდეს გულისსიტყვა განკითხვად მოძღვრისა, ვითარცა სიძვისგან, ილტვოდე მისგან, ნუ დაუჯერებ ამ გველს, არამედ უთხარ: ჰოი, მაცთურო, მე კი არა ვარ მისი მთავარი, არამედ ის არის ჩემი მსაჯული, რამეთუ არა მე - მისი, არამედ მას ჩემი ტვირთი უტვირთავს.
* ანგელოსთა წესი არის ყოვლადვე არდაცემა; კაცთა წესია დაცემა და მეყსეულად ადგომა, რამდენჯერაც არ უნდა შეემთხვეს; ხოლო დაცემა და არწამოდგომა კი ეშმაკთა საქმეა.
* რაჟამს განშორებულნი ვიყვნეთ მოძღვრისაგან ჩვენს წინაშე მის სახეს გამოვიხატავდეთ და ასე ვფიქრობდეთ, ვითომ ჩვენთან იყოს... მოწაფე მზაკვარი იხარებს მოძღვრისაგან მოშორებით ყოფნას, ხოლო რომელიც ჭეშმარიტი შვილია, დიდად უჭირს სულიერი მამისგან მოშორება.
* მონასტერი ცა არის დედამიწაზე, ამისთვის ასეთი ვყოთ გულნი ჩვენნი, ვითარცა ანგელოსნი, რომელნი მსახურებენ უფალსა.
* თუ ძვირის მოხსენე ხარ, ძვირის მოხსენე იყავ ეშმაკთათვის, უკეთუ ემტერები, მტერ იყავ ხორცთა შენთა მარადის.
* გსურს შეიტყო, ხარ თუ არა განთავისუფლებული ძვირის ხსენების ვნებისაგან? ეს გქონდეს ნიშნად: არათუ ოდეს შემაწუხებელისათვის ლოცულობდე, არცა თუ ძღვენს მიართმევდე და პატივს სცემდე, არამედ როცა გესმას, რომ მასზე მოიწია სულიერი ან ხორციელი განსაცდელი, ეს ისე გტკიოდეს და ტიროდე, თითქოს შენ შეგემთხვა; მაშინ იცოდე, რომ განთავისუფლებული ხარ ძვირის ხსენების ვნებისაგან.
* უკეთუ გიყვარს კაცი, ილოცე მისთვის და ძვირს ნუ იტყვი, რადგან ღმერთი შენი ლოცვით შეეწევა მას და შეიწყალებს.
* ვიხილენ კაცნი, რომელთაც სცოდეს ცხადად და შეინანეს ფარულად. ისინი, ვითარცა მეძავნი, განვიკითხეთ, ღვთის წინაშე კი იყვნენ ვითარცა წმინდანი, რადგან სინანულით განწმენდილიყვნენ.
* ნუ მოერიდები მას, რომელიც შენთან სხვაზე ძვირს ზრახვიდეს, არამედ უთხარი: დასცხერი, ძმაო, მე ყოველდღე, მასზე ცუდ საქმეებს ვიქმ და მისი განკითხვა როგორღა შევძლო-თქო. ამის თქმით შენს სულსაც არგებ და მოყვასსაც განკურნავ.
განკითხვა მიტაცებაა უფლის მხოლოდშობილის ძის პატივისა და დამაქცეველია სულისა.
* უხარია ურიას შაბათისა და დღესასწაულის დადგომა, ხოლო ნაყროვან მონაზონს - შაბათისა და კვირისა.
* უკეთუ სხვა ვნების გარეშე, მხოლოდ ამპარტავნებით, ეშმაკი ზეციდან გარდმოვარდა, ამით გულისხმავყოთ, რომ მხოლოდ სიმდაბლით, სხვა სათნოებათა გარეშე, შესაძლებელია ზეცად აღსვლა.
* ყრმასა ამპარტავანსა ბერი ვინმე სულიერი ასწავლიდა. ხოლო მან, ვნებისაგან დაბრმავებულმა, მიუგო: შემინდევ მე, მამაო, მაგრამ არ ვარ ამპარტავანიო. უთხრა მას ბერმა, ყოვლად ბრძენმა: რას ამბობ, შვილო, შეგინდოს შენ უფალმა. ახლა დამარწმუნე, რომ მართლაც ამპარტავანი ხარ, რადგან თვითონვე თქვი, ამპარტავანი არ ვარო.
* ნუ აღიმაღლებ თავს, რაგინდ დიდი მოღვაწე იყო, ჰოი, თიხაო და მიწისაგანო, რამეთუ ზეციდან გარდამოვარდნენ მრავალნი უხორცონი და უნივთონი.