ძველი სტილით 29 აპრილს (ახ. სტ. 12 მაისს) ეკლესია იხსენიებს ღირს ოპტელ მამას ნექტარიოსს (ტიხონოვი). იგი გახლდათ ღირსი ანატოლის (ზერცალოვი) და ღირსი ამბროსის (გრენკოვი) მოწაფე.
წმინდა ნექტარიოსი დაიბადა ქალაქ ელეცში, ღარიბ ოჯახში. მამა 7 წლისას გარდაეცვალა. გონიერი და ცნობისმოყვარე ბავშვი იყო, მაგრამ გაჭირვების გამო მხოლოდ სკოლის რამდენიმე კლასი დაამთავრა.
მისი ყრმობიდან მხოლოდ ერთი ამბავია ცნობილი. ერთხელ ის დედის ახლოს თამაშობდა, იქვე იჯდა კატა, რომელსაც თვალები უელავდა. ბიჭმა ნემსი აიღო და ცხოველისთვის თვალის გამოთხრა გადაწყვიტა, აინტერესებდა, იქიდან რა ანათებდა. დედამ ხელზე ჩაარტყა და უთხრა:
- რას აკეთებ! თუ კატას ამოთხრი თვალს, თვითონაც უთვალოდ დარჩები.
მრავალი წლის მერე, უკვე მონაზონმა, მამა ნექტარიოსმა გაიხსენა ეს შემთხვევა. სკიტის ჭაზე ტარმახვილი ჩამჩა ეკიდა. ერთმა მონაზონმა ჩამჩა ისე აიღო, რომ წვეტი კინაღამ მამა ნექტარიოსს მოხვდა თვალში-მოასწრო ჩამჩის აცილება. "მე რომ მაშინ კატისთვის თვალი გამომეთხარა, ახლა უთვალოდ დავრჩებოდი,-ამბობდა იგი,-ეტყობა, ეს ასე უნდა მომხდარიყო, რათა გამხსენებოდა ჩემი უღირსობა-აკვნიდან ვიდრე საფლავამდე ღმერთს ყველაფერი აღრიცხული აქვს!
11 წლის ნიკოლოზი (ეს იყო მისი ერისკაცული სახელი) ნოქრად მოეწყო ვაჭარ ხამოვის მაღაზიაში და იქ 17 წელი იმუშავა. უფროსმა ნოქარმა სიძედ მოინდომა. მისი გოგონა ძალზე ლამაზი იყო, ნიკოლოზსაც მოსწონდა. ქორწინებაზე კურთხევის ასაღებად ცნობილ ღვთისმოშიშ დედასთან, ას წელს მიტანებულ სქემმონაზონ თეოქტისტასთან მივიდა, რომელიც სულიერი შვილი იყო წმინდა ტიხონ ზადონელისა. სქემმონაზონმა უთხრა,-ყმაწვილო, წადი ოპტაში, ილარიონთან და ის გეტყვის, რაც უნდა გააკეთოო. ჯვარი გადასახა და სამგზავროდ ჩაიც კი გაატანა. პატრონმა ნება დართო და სამგზავროდ ფული მისცა. დაემშვიდობა ნიკოლოზი თავის საცოლეს და მეტად აღარ უნახავს.
ოპტაში რომ მივიდა, ზაფხული იდგა. გარშემო ისეთი მშვენიერება სუფევდა, თავი სამოთხეში გეგონებოდა. მაგრამ ილარიონი როგორღა ეპოვა, ისიც კი არ იცოდა, ვინ იყო იგი. ჰკითხა ერთ მონაზონს, მას მის უბრალოებაზე გაეღიმა და უთხრა: "კარგი, გაჩვენებ ილარიონს, თუმცა არ ვიცი, სწორედ ეგ თუ გინდა" და მიიყვანა ღირს ილარიონთან, სკიტის ხელმძღვანელთან. ნიკოლოზმა მოუყვა მას დედა თეოქტისტაზე და თავის ბედის გადაწყვეტა სთხოვა. მან ბრძანა: "თვითონ არაფრის თქმა არ შემიძლიან შენთვის, მიდი, მამა ამბროსისთან და რასაც გეტყვის ისე მოიქეცი". მაშინ წმინდა ამბროსისთან იმდენი ხალხი მიდიოდა, რომ ისინი მასთან შეხვედრას კვირაობით ელოდებოდნენ, თუმცა ღირსმა მამამ ნიკოლოზი მაშინათვე მიიღო და მას ორი საათი ესაუბრა. საუბრის შინაარსი წმინდა ნექტარიოსს არასოდეს გაუმჟღავნებია, ერთი კია, ამის მერე ნიკოლოზი სამუდამოდ დარჩა სკიტში და სახლში ერთი დღითაც კი არ დაბრუნებულა.
მონასტერში პირველად ყვავილების მოვლა დაავალეს, მერე კი მნათეობის მორჩილება მისცეს. მნათეობისას ხშირად იგვიანებდა ტაძარში, მოდიოდა დაწითლებული, გამოუძინებელი თვალებით, რაზეც ძმები ჩიოდნენ მამა ამბროსისთან, ის კი ჩვეულებისამებრ გარითმულად პასუხობდა: "აცალეთ, ნიკოლკა გამოიღვიძებს და ყველას გამოადგება".
მამა ნექტარიოსი ჰყვებოდა, რომ მას მოძღვრად წმინდა ამბროსიმ ღირსი ანატოლი (ზერცალოვი) დაუდგინა. მამა ამბროსისთან ის იშვიათად და გამორჩეულ შემთხვევაში მიდიოდა. მამა ამბროსი მისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს იჩენდა. ჰკითხა კიდეც მორჩილმა ამის შესახებ მამა ანატოლის. მან უპასუხა,-ამის მიზეზი შენი მოძღვრისადმი რწმენა და სიყვარულიაო. თუმცა მონასტერში ზოგიერთი განიკითხავდა წმინდა ამბროსის. მორჩილი ნიკოლოზი ყოველთვის ცდილობდა თავისი მოძღვრის დაცვას. ერთ-ერთი ასეთი საუბრის მერე გამოეცხადა სულიერი მამა, ღირსი ანატოლი და მკაცრად უთხრა:-არავის არა აქვს უფლება, თავისი უგუნურობითა და კადნიერებით მოძღვრის მოქმედება განიკითხოს. მოძღვარი თავისი ქცევით პასუხს აგებს ღვთის წინაშე. მის მნიშვნელობას ჩვენ ვერ მივხვდებითო.
ღირსი ნექტარიოსი სკიტში 1876 წელს მივიდა, მანტიით კი 11 წლის მერე შემოსეს. სიბერეში იგონებდა:-ამის მერე "მთელი წელი თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მხრებს ქვემოთ ფრთები მქონდაო. მონაზვნად აღკვეცაზე წმინდა ნექტარიოსი ეუბნებოდა ერთ-ერთ მორჩილს: "როცა მონასტერში მოხვედი და ღმერთს აღთქმა მიეცი, უფალმა ყველა შენი დაპირება მიიღო და ჩაიწერა. შენ კი მონაზვნობა მიიღე. ეს კი მხოლოდ მონასტრული წესია. თუ მონაზვნურად იცხოვრებ, ყველაფერს მიიღებ მომავალ ცხოვრებაში, ხოლო თუ მანტიას მიიღებ და მონაზვნურად არ იცხოვრებ, მას მომავალ ცხოვრებაში გაგხდიან". დედა ა-მ, რომელიც ამ სწავლებას უსმენდა, მოძღვარს შესჩივლა,-ცუდად ვცხოვრობო. მან კი უპასუხა: "როცა რაიმე ხელობას სწავლობენ, ნახელავს თავიდან აფუჭებენ ხოლმე, შემდეგ იუმჯობესებენ ხელს. შენ ჯავრობ, რომ არაფერი გამოგდის. ასე რომ, ჩემო დედაო, როცა უფალი ანგელოზებრივი ხატის ღირსს გაგხდის, მაშინ მადლი ყველაფერში განგაძლიერებს". დედა ა... შეეპასუხა,-მამაო, ახლახან არ თქვით, მანტიისკენ არ უნდა ისწრაფოო? "დედაო, ასეთია სულიერი კანონი: არ უნდა ითხოვო და არც უარი უნდა თქვა",-მიუგო მან.
მონაზვნობას მამა ნექტარიოსი დიდად აფასებდა, ოპტელ მორჩილს, შემდგომში ბერ გიორგის მან უთხრა: "შენ სამი რამის გეშინიან: პირველი-მონაზვნობაზე უარის თქმის შიშია; მეორე-ხელმძღვანელის გეშინია. მესამე-შენი ახალგაზრდობისა გეშინია. რომლისა უნდა გეშინოდეს ყველაზე მეტად? გირჩევ, ყველაზე მეტად მონაზვნობა დაიმარხო, იარაღითაც რომ დაგადგნენ, მონაზვნობაზე უარი არა თქვა".
ღირს ამბროსისა და ღირს ანატოლის მამა ნექტარიოსი მკაცრად ჭეშმარიტი მონაზვნური გზით მიჰყავდათ. ღირსი ნექტარიოსი ასე იხსენებდა მათ ზრუნვას: "ზოგიერთი დრტვინავს მოძღვარზე,-ჩვენ მდგომარეობაში არ შედის, არ გვიღებსო. არ უკვირდებიან საკუთარ თავს და არ ფიქრობს: ხომ არაფერი შევცოდეთო. შესაძლოა მოძღვარი იმიტომ არ მიღებს, რომ ჩემს სინანულს ელის და გამომცდის? მე ცოდვილი, საკუთარ თავზე გეტყვი: მივიდოდი მამა ამბროსისთან. ის კი:-უსაქმოდ რას დადიხარ, სჯობს, შენს კელიაში დაჯდე და ილოცოო. გული კი მეტკინებოდა, მაგრამ არ ვდრტვინავდი, მივიდოდი ჩემს სულიერ მოძღვართან, მამა ანატოლისთან. ის კი განრისხებული მხვდებოდა: "უსაქმოდ რას დაყიალობ? უქმმეტყველებისთვის მოხვედი?" დავბრუნდებოდი კელიაში. იქ კი მაცხოვრის ხატის წინაშე დავემხობოდი და მთელი ღამე ვტიროდი:-უფალო, რა დიდი ცოდვილი ვარ, თუკი მამებიც არ მიღებენ-მეთქი.
ღირს ანატოლიზე (ზერცალოვი) თქვა: "მე მასთან ოცი წელი მქონდა ურთიერთობა და მისი ყველაზე უღირსი შვილი და მოწაფე ვიყავი, რაზეც ახლა ვსტირი". მერე სტუმარს მიუბრუნდა და დაუმატა: "ასე რომ, დედაო, გინდა იყო მონაზონი? მაშინ ყველაზე უკანასკნელ შვილად და ცოდვილად ჩათვალე თავი". მამა ნექტარიოსი მკაცრი იყო, თავისებური. მასთან მიმსვლელთა გულებს გამოსცდიდა და სიხარულსა და ნუგეშს აძლევდა.
ერთი მონაზონი ჰყვებოდა: ერთხელ ბერს უკითხავს,-რას შვრები დედაო, ბედნიერი ხარო? დიახო,-მიუგია თავისი უბრალოებით. კარგი!-უთქვამს, მერე თურმე თავის კელიაში შევიდა, მალე განრისხებული გამოვიდა. მონაზონი მას ამქვეყნიურ საგნებზე ეკითხებოდა, სახლზე და სხვადასხვა რამეზე, თუ როგორ მოქცეულიყო, მოძღვარი კი დუმდა. მერე სხვა მოძღვართან გაგზავნა-ჩემთან ნუღარ ივლითო. მონაზვნის ქვითინს ყურადღება არ მიაქცია მამა ნექტარიოსმა, სხვები მიიღო, ის კი არა. მერე სასოწარკვეთილ ქალს ხელი მოჰკიდა, ხატებთან მიიყვანა და ჰკითხა,-მითხარი, გინდა ზეციურ სასუფეველში მოხვედრა?-თან მუჯლუგუნი ჰკრა. მინდა!-ცრემლები ახრჩობს მონაზონს. "ჰოდა, იცოდე! უკეთესს ნუ ელოდები. მე სხვა გზა არ ვიცი. თუ გინდა, შენ თვითონ მოძებნე",-უთხრა და წავიდა. მეორე დღეს მონაზონს ორი საროველი მამის ცხოვრების აღწერა მისცა წასაკითხად. პირველი მკაცრი იყო, მეორე რბილი. დამწყებთ მკაცრი მამა რბილთან აგზავნიდა, თორემ ისინი ვერ უძლებდნენ ამ სიმკაცრეს. მამა ნექტარიოსსაც, თავისი მოძღვრების მსგავსად, ამ გზით მიჰყავდა თავისი სულიერი შვილები. თითქოს მათ მომავალი უდიდესი განსაცდელებისთვის ამზადებდა. ერთ-ერთ თავის სულიერ შვილს უთხრა: "გარწმუნებ, რომ ჩვენ გამოცდები და მანევრები გვექნება. გამოცდების მერე კი სულიერი სიხარული გვეწვევა". სულიერმა შვილმა შორს დაიჭირა-მამაო, მე უკვე დიდი ვარ, რაღა გამოცდები მექნებაო. მამა ნექტარიოსმა გაუღიმა-არა, აუცილებლად გვექნება გამოცდებიც და გადაბარებებიცო.
თუ რა იყო ეს გამოცდები, ამას შემდგომში გავიგებთ.
მამა ნექტარიოსი მორჩილებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა: "ყველაზე აღმატებული და უპირველესი სათნოება-მორჩილებაა. ეს უმთავრესი შენაძენია ადამიანისთვის. ქრისტე მორჩილების გამო მოვიდა სოფელში და ადამიანის ცხოვრება დედამიწაზე-ღვთისადმი მორჩილებაა..."
როცა წმინდა წერილიდან რაიმე ტექსტს ან მაგალითს მოიხმობდა, ჩვეულებისამებრ, განმარტავდა ხოლმე. მაგალითად: "ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდეს ზრახვასა უღმრთოსა". გარეგნულად ეს ნიშნავს, რომ ნეტარად ცხადდება კაცი, რომელიც გაურბის უწმინდურთა შეკრებებს, არ მონაწილეობს ერეტიკულ და ანტისაეკლესიო სწავლებებში, გულისთქმებს მოსვლა შეიძლება ვერ აუკრძალო, მაგრამ შესაძლებელია მათთან თათბირსა და საუბარში არ შეხვიდე, ამის ნაცვლად თქვა: "უფალო, შემიწყალე!" ვინც ამგვარად იქცევა, იმას ჰქვია კაცი". როცა რაიმე მორჩილებას აძლევდა, დიდი სიზუსტითა და მზრუნველობით ახსნიდა, უჩვენებდა, თუ როგორ შეიძლებოდა მისი უკეთ ასრულება. მაგრამ, რასაც ერთხელ აკურთხებდა, მოითხოვდა მის სასწრაფოდ და ზედმიწევნით ასრულებას.
1898 წელს მამა ნექტარიოსს მღვდლად დაასხა ხელი კალუგის მთავარეპიკოპოსმა. ჰყვებოდა: "როცა მღვდელ¬მონაზვნად მაკურთხა ჩვენმა ეპისკოპოსმა მაკარმა, თავისი მღვდელმთავრული თვალებით დაინახა ჩემი სულიერი მოუწყობლობა და მითხრა პატარა, მაგრამ ძლიერი სიტყვა, იმდენად ძლიერი, რომ დღემდე მახსოვს და სიკვდილამდე არ დავივიწყებ. მიმიხმო საკურთხეველში და მითხრა: ნექტარიოსს, როცა მწუხარე და სასოწარკვეთილი იქნები, როცა დიდი განსაცდელი შეგემთხვევა, მხოლოდ ეს იმეორე: "უფალო, დაინდე, აცხოვნე და შეიწყალე მღვდელ-მონაზონი ნექტარიოსი".
რა განსაცდელებისგან დაიხსნა ამ სიტყვებმა, უცნობია, თუმცა ორიოდ მათგანზე თვითონვე აქვს მოთხრობილი. ერთი მათგანი მას მორჩილობის პერიოდში შეემთხვა: ახალგაზრდობაში მამა ნექტარიოსს მშვენიერი ხმა ჰქონდა, მუსიკალური სმენა კი სიბერემდე შემორჩა. მაშინ სკიტის ეკლესიაში, მარჯვენა კლიროსზე გალობდა. წელიწადში ერთხელ, დიდ მარხვისას, სკიტში მონასტრის რეგენტი მოდიოდა და მონასტრის გუნდისთვის საუკეთესო ხმებს არჩევდა. ძმა ნიკოლოზს (ანუ მამა ნექტარიოსს) სკიტიდან მონასტერში გადასვლა მოუწევდა, რაც არ უნდოდა და რეგენტის და იქ მყოფთა თვალწინ იმდენად ყალბად იწყო გალობა, რომ მის გადაყვანაზე ხმა არავის აღარ ამოუღია.
მეორე განსაცდელი მას უკვე მაშინ შეემთხვა, როცა მღვდელ-მონაზონი და ნახევრად დაყუდებული იყო. მანტიის მიღების მერე თითქმის არ გამოდიოდა თავისი კელიიდან. იყო წლები, როცა სარკმელზე ლურჯი ფერის ქაღალდი ჰქონდა აკრული. მამა ნექტარიოსს უყვარდა კიდეც თქმა, რომ მონაზონს კელიიდან გამოსვლისას ორი გზა აქვს, ან ტაძრისკენ, ან სამარისკენ. მთელი ეს წლები ის სწავლობდა ან კითხულობდა. კითხულობდა წმინდა მამათა ნაწერებს და სასულიერო ლიტერატურას, ასევე სამეცნიერო წიგნებსაც; სწავლობდა მათემატიკას, ისტორიას, გეოგრაფიას, რუსულსა და უცხოურ კლასიკურ ლიტერატურას და მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთ გაეგო მასთან მისული ადამიანებისთვის, რომელთა შორის მრავლად იყვნენ განსწავლულნი. შეისწავლა ლათინური და ფრანგული ენები. ლათინურად ხშირად ციტატებს წარმოთქვამდა. მხატვარ ბოლტოვისგან, რომელიც ოპტაში მამა დანიელის სახელით მონაზვნად აღიკვეცა, ფერწერა ისწავლა.
ამ დროს ღირსი ნექტარიოსი მოგზაურობის და უცხო შორეული ქვეყნების მონახულების სურვილმა შეიპყრო. ბედად, ოპტაში ფლოტიდან მოთხოვნა მოვიდა, რომ მსოფლიო გარშემო მოგზაურობისთვის ერთი მღვდელ-მონაზონი გამოეყოთ. არქიმანდრიტმა მამა ნექტარიოსს შესთავაზა წასვლა. ის სიხარულით დათანხმდა და გამგზავრების წინ მამა იოსებთან შევიდა კურთხევისთვის, მან კი არ აკურთხა. ამგვარად, მამა ნექტარიოსს ოპტაში დარჩენა მოუწია.
მესამედ კი ამგვარი განსაცდელი მოძღვრობისას, 70 წლისას შეემთხვა. მას მოუნდა მოძღვრობისთვის თავი დაენებებინა და მწირობა დაიწყო. "ოღონდ მაშინ უკვე მე თვითონ მივხვდი, რომ ეს საცთური იყო და დავრჩიო",-ჰყვებოდა.
სწავლებისა და სულიერი გაზრდის პერიოდში მამა ნექტარიოსმა სალოსობა დაიწყო. ის კაბის ზემოთ ფერად კოფტას იცვამდა, ტრაპეზზე მოტანილ საჭმელს, მჟავეს, ტკბილსა და მარილიანს ერთ ჯამში ასხამდა. ცალ ფეხზე გრძელყელიან ჩექმას, მეორეზე კი ფეხსაცმელს იცვამდა და სკიტში ისე დადიოდა. უფრო აეჭვებდა მონაზვნებს ის თავისი სათამაშოებით, რომლითაც "ერთობოდა" როგორც ამ პერიოდში, ასევე მოძღვრობისასაც. მას ჰქონდა სათამაშო ავტომობილები, ორთქმავლები, მატარებლები და თვითმფრინავები, ასევე მუსიკალური ყუთები და სასულიერო ფირფიტის დაკვრაც კი მოისურვა, მაგრამ სკიტის ხელმძღვანელობამ ამის ნება არ მისცა. მას აინტერესებდა, როგორ ცხოვრობდა სოფელი. სიცოცხლის ბოლომდე ეცნობოდა თანამედროვე ლიტერატურას და მუდმივად ახალი წიგნების მოტანას ითხოვდა. ინტერესდებოდა, რას სწავლობდნენ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, ყველაფერი იცოდა, რაც აინტერესებდა ინტელიგენციას. მთელი ეს ცოდნა კი ღვთისა და კაცის სამსახურისთვის სჭირდებოდა. ერთხელ, ჯერ კიდევ რევოლუციამდე, მასთან სემინარისტები მივიდნენ მოძღვართან ერთად და რჩევა ჰკითხეს. "ყმაწვილებო,-უთხრა მათ წმინდა ნექტარიოსმა,-თუ ისე იცხოვრებთ და ისწავლით, რომ თქვენი განსწავლულობა არ შერყვნის ზნეობას, ზნეობა კი მეცნიერებას, მაშინ ცხოვრებაში სრულ წარმატებას მიაღწევთ".
ერთხელ მამა ნექტარიოსის მისაღებში ერთი სულიერი შვილი მეორეს ეუბნებოდა: "არ ვიცი, შესაძლოა, საერთოდაც არ მჭირდება ეს განათლება, ამას მხოლოდ ზიანი მოაქვს. ეს ყველაფერი როგორ შევუწყო მართლმადიდებლობას?" ამ დროს კელიიდან მამა ნექტარიოსი გამოვიდა, ეს რომ მოისმინა, თქვა: "ჩემთან ერთხელ კაცი მოვიდა, რომელსაც არ სჯეროდა, რომ წარღვნა მოხდა. მაშინ მოვუყევი, რომ ყველაზე მაღალ მთებში, ქვიშაში ნიჟარებსა და ზღვის ფსკერის სხვა ნარჩენებს პოულობენ და გეოლოგიაც მოწმობს წარღვნაზე-მეთქი, მან დაიჯერა. ხედავ, ზოგჯერ ცოდნაც საჭიროა".
ისტორიაზე ამბობდა: "ის გვიჩვენებს, თუ როგორ ხელმძღვანელობს ღმერთი ხალხებს და ზნეობრივ გაკვეთილებს უტარებს სამყაროს". მათემატიკაზე საუბრისას ხშირად სვამდა ამ შეკითხვას: სამკუთხედი თუ შეიძლება იყოს წრის ტოლიო და ხშირად მოჰყავდა წმინდა მამათა მაგალითი: "ღმერთი-წრის ცენტრია, ადამიანები კი რადიუსები. რაც უფრო უახლოვდებიან ისინი ცენტრს, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. გარეგნულ მუშაკობაზე ის ამბობდა: გარეგანი თქვენ გეკუთვნით, შინაგანი კი ღვთის მადლს. ამიტომაც იმუშაკეთ, იმუშაკეთ გარეგნულად, როცა მასში ყველაფერი გამოსწორდება, მაშინ შინაგანიც აღშენდება.
არ უნდა ველოდოთ სასწაულს. ჩვენ მხოლოდ ერთი სასწაული გვაქვს: საღვთო ლიტურგია. ეს უდიდესი სასწაულია და მას უნდა მივეკრათ.
მამა ნექტარიოსი ფიქრისას ყურადღებას ასწავლიდა: "შეწყვიტეთ ფიქრი და იწყეთ აზროვნება. იფიქრო-ნიშნავს, რომ ფიქრებში უმიზნოდ შესცურო. თავი ანებეთ ფიქრსა და იწყეთ აზროვნება.
ერთხელ თქვა: "ღმერთი არა მხოლოდ ნებას აძლევს, არამედ ადამიანისგან მოითხოვს კიდეც შემეცნებაში წარემატოს. საღმრთო ხელოვნებაში არ არსებობს შეჩერება, ყველაფერი მოძრაობს, ანგელოზებიც ერთ ხარისხში არ რჩებიან, არამედ საფეხურიდან საფეხურზე ადიან, იღებენ რა ახალ გამოცხადებას. თუნდაც კაცმა ასი წელი იცოცხლოს, ახალი და ახალი შემეცნებისკენ უნდა წარვიდეს... შენ კი იმუშავე. შრომაში წლები შეუმჩნევლად გავლენ". როცა ამას ამბობდა, მამა ნექტარიოსს ისე უბრწყინავდა სახე, რომ შეუძლებელი გახლდათ მისი ცქერა".
სხვა დროს კი ბრძანა: "ერთ წინასწარმეტყველს ღმერთი არა ნათელში, არამედ სამკუთხედით გარემოცული ეჩვენა. ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანს არ შეუძლიან მიუახლოვდეს გამოუკვლეველ სიღრმეებს ღვთისას და განიცადოს იგი. ადამიანს ნებადართული აქვს განიცადოს ღვთის გარემო, მაგრამ თუ გაკადნიერდება და ხაზს გადასცდება, მაშინ დაიღუპება ბასრი სამკუთხედისგან".
მამა ნექტარიოსის ყოველი დარიგება მისი შინაგანი ცხოვრების ნაყოფი იყო. მოძღვრის მორჩილების ტვირთვა მისთვის ადვილი არ გახლდათ. 1913 წელს კალუგის ეპარქიის მონასტრების კეთილმოწესემ ოპტელ მონაზვნებს მოძღვრის არჩევა უბრძანა. თავიდან მოძღვრობა შესთავაზეს არქიმანდრიტ აღაპს, რომელმაც საუკეთესოდ აღწერა წმინდა ამბროსი ოპტელის ცხოვრება. მან ადრევე უარი თქვა მღვდელმთავრობაზე და არც მონასტრის მამობას დათანხმდა, მას მხოლოდ რამდენიმე მოწაფე ჰყავდა. მაშინ ძმებმა სთხოვეს, ღირსეული კანდიდატურა დაესახელებინა, მან მამა ნექტარიოსი დაასახელა. ძმებმა მამა ნექტარიოსი მოძღვრად აირჩიეს და მის მოსაყვანად ბერი გაგზავნეს, რადგან იგი თავისი სიმდაბლის გამო ძმათა შეკრებებს არ ესწრებოდა ხოლმე.
-მამაო, კრებაზე გეძახიან.
-ისინი უჩემოდაც აირჩევენ.
-მამა არქიმანდრიტმა გამომგზავნა თქვენთან და მოსვლა გთხოვათ.
მაშინ მამა ნექტარიოსმა სასწრაფოდ ანაფორა ჩაიცვა, ცალ ფეხზე ჩექმა და მეორეზე ფეხსაცმელი და კრებაზე მივიდა.
-მამაო, ძმებმა ჩვენი სავანის მოძღვრად და დამრიგებლად აგირჩიეს.
-არა, მამებო და ძმებო! მე გონებასუსტი ვარ და ასეთი სიმძიმის ტვირთვა არ შემიძლიან.
-მამაო ნექტარიოს, მიიღე მორჩილად.
შემდგომში მამა ნექტარიოსი ამბობდა: "აბა, მე რა მამა ვარ! როგორ შემიძლია ადრინდელ მამათა მემკვიდრე ვიყო? მე სუსტი და უძლური ვარ. მათ მადლის მთელი ქარავანი ჰქონდათ, მე კი პატარა ნატეხი რამ მაქვს".
იგი ასწავლიდა უმიზეზო შიშის დაძლევას. ამბობდა: "ხელები ჯვრის სახედ დაიწყე და სამჯერ წაიკითხე: "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ" და ყველაფერი გაივლის. ამბობდა: "ნუ გეშინიათ! ყველაზე ცუდისგან შეიძლება ყველაზე მშვენიერი რამ გამოვიდეს. იცი, როგორი ტალახიც არის მიწაზე, გგონია, რომ ფეხები საშინლად დაგესვრება, მაგრამ თუ მას ხალხში მოძებნი, შეიძლება მასში დაგდებული ბრილიანტი იპოვო, რომელიც ყელს დაგიმშვენებს".
იგი ასწავლიდა მოწყალების გაცემას, ოღონდ განსჯით, თორემ ამით შეიძლება ვავნოთ ადამიანსო, ამბობდა.
ის განსაკუთრებით ყურადღებიანი იყო თავის მოწინააღმდეგე სულიერი შვილებისა და მასთან მისულ დიდ ცოდვილებთან. ის მათ "ჩემო შვილო", "ჩემო ბატკანოს" ეტყოდა. ალერსიანად ექცეოდა და ბრაზს უცხრობდა, ისინი უდიდესი სიყვარულით უყვარდა. ერთხელ თქვა კიდეც: "შვილო, ჩვენ გვიყვარხართ იმ სიყვარულით, რომელიც არასოდეს შეიცვლება. თქვენი სიყვარული ერთდღიანია, ჩვენი კი დღესაც და ათი წლის მერეც იგივე იქნება".
ერთხელ ერთმა სულიერმა შვილმა ჰკითხა მამა ნექტარიოსს: "მამაო, უნდა ვიტვირთო თუ არა ჩემთან მოსული ადამიანების ტკივილები და ცოდვები, რათა შევუმსუბუქო მათ ტვირთი და ვანუგეშო?". მან უპასუხა: "შენ თვითონვე მიხვდი და ამიტომ გეტყვი, რომ თუ არ იტვირთე, სხვანაირად ვერ შეუმსუბუქებ. ზოგჯერ გრძნობ, რომ ლოდები დაგაწვა-იმდენად დიდი ცოდვა და ტკივილი მოგიტანეს და მართლაც აღარ ძალგიძს მათი ტვირთვა. მაშინ შენი უძლურების მაშველად მოდის მადლი და ამ ქვეყნისგან აღმართულ მთას ხმელი ფოთლის გროვასავით მიმოფანტავს და კვლავ შეგიძლია ადამიანთა მიღება.
ბევრი მამა ნექტარიოსს ნათელმხილველად თვლიდა და მის ყოველ მოძრაობას სიმბოლურად განმარტავდა. ზოგჯერ ეს მას ძალზე ამძიმებდა. გვიამბო: "ზოგჯერ წინათგრძნობა მაქვს და განმეცხადება ადამიანზე, ზოგჯერ არა. ასეთი საკვირველი შემთხვევაც იყო. მოვიდა ჩემთან დედაკაცი და თავის 9 წლის ვაჟზე ბრაზობდა, არაფერს არ მიგონებსო. ვუთხარი: "მოითმინე, ვიდრე 12 წლისა არ გახდება". ეს იმიტომ კი არ ვუთხარი, რომ რაიმე წინათგრძნობა მქონდა, მეცნიერთაგან გამიგია, 12 წლის ბავშვში ხშირად ხდება ცვლილება. ქალი წავიდა. ეს ამბავი დამავიწყდა კიდეც. სამი წლის მერე მოვიდა დედამისი ტირილით:-ჩემი ბიჭი 12 წლის გახდა თუ არა, მოკვდაო. ხალხი ალბათ ფიქრობს, მოძღვარმა იწინასწარმეტყველაო, არადა ეს ჩემი ცოდნისმიერი განსჯა იყო. მე იმის მერე ყოველთვის ვამოწმებდი, ვგრძნობდი თუ არა რაიმეს. არაფერსაც არ ვგრძნობდი!"
ზოგჯერ ღირსი ნექტარიოსი პირდაპირ იტყოდა: "შენთვის ეს დაფარულია, მე კი ვიციო".
მას საოცარი ადამიანური უბრალოება ჰქონდა, გონიერი შორსმჭვრეტელობა, რბილი იუმორი, ღრმა სიბერეშიც კი ბავშვური უბრალოებით იცინოდა.
მამა ნექტარიოსს ძალზე უყვარდა ცხოველები და ჩიტები. კატა ჰყავდა, რომელიც ძალიან უჯერებდა. ამბობდა ხოლმე:-მამა გერასიმე დიდი მამა იყო, ამიტომაც მას ლომი ჰყავდა. ჩვენ პატარები ვართ და კატები გვყავსო და მოჰყვებოდა მშვენიერ ზღაპარს კატაზე, რომელმაც ნოეს კიდობანი გადაარჩინა, როცა არაწმინდა სული შევიდა თაგვში და კიდობნის ფსკერის გახვრეტას ცდილობდა. კატამ ეს თაგვი დაიჭირა და ამის გამო ყველა კატა სამოთხეში შევაო. იუმორი დამახასითებელი თვისება იყო ღირსი ნექტარიოსისა. საოცარი თხრობა იცოდა. ისე დაწვრილებით ჰყვებოდა, თითქოს თვითონ ყოფილიყო მოწმე ამ მოვლენებისა. განსაკუთრებით განმარტავდა წმინდა სახარებას. ამბობდა: "მთელი ჩვენი განათლება წმინდა წერილიდან მოდისო. თავისთან მისულებს ჩააგონებდა: "გიყვარდეთ მიწიერი ბაღები, მაგრამ ზეციერსაც ნუ დაივიწყებთო".
წმინდა ნექტარიოსი ღრმა სიბერეში გარდაიცვალა 1928 წლის 29 აპრილს (ახ. სტილით) 12 მაისს.
მოგონებები მამა ნექტარიოსზე
როცა ის ოპტის სავანის მოძღვრად დანიშნეს, ისე დაიწყო სალოსობა, მოხსნაც კი დაუპირეს. მაშინ ერთ მაღალსულიერ მონაზონს უთქვამს,-თავი ანებეთ, ის წინასწარმეტყველებსო.
ერთხელ მან ხარახურა შეკრიბა: ქვები, მინები, თიხა, მისგან პატარა კარადა გააკეთა და ყველას აჩვენებდა: "ეს ჩემი მუზეუმიაო". მართლაც, შემდგომში ოპტა დიდი ხნის მანძილზე მუზეუმად ჰქონდათ გადაქცეული.
ერთი მონაზონი ჰყვებოდა მისი ერში ცხოვრების პერიოდზე. "მამა ნექტარიოსთან დიდხანს ვსაუბრობდი. მითხრა:
-მთელი სამყაროს მმართველიც რომ ყოფილიყავი, სიმშვიდეს ვერ ნახავდი და თავს უბედურად ჩათვლიდი. თქვენი სული წვალობს, იტანჯება, თქვენ კი ფიქრობთ, რომ შეიძლება ის დააკმაყოფილოთ გარეგნული საგნებით, ანდა ზედაპირული თავდავიწყებით, არა! ეს ის არ არის, ეს არასდროს დაგამშვიდებს... ყველაფერს თავი უნდა დაანებო...
ამის მერე მამა ნექტარიოსი დიდხანს იჯდა თავჩაღუნული, მერე მითხრა:-შენს სიახლოვეს ღვთის მადლს ვხედავ, მონასტერში წახვალო.
-რას ამბობთ, მამაო, მე და მონასტერი? მე ხომ ამისთვის არ გამოვდგები! იქ ცხოვრება არ შემიძლიან.
-არ ვიცი, ეს როდის იქნება, მაგრამ თქვენ აუცილებლად იქნებით მონასტერში.
ოპტაში ყოფნამ უფრო განმაძლიერა. რამდენიმე დღის მერე ალთაიში წავედი და მონასტერში დავსახლდი. მამა ნექტარსიოსის ნათქვამიდან ორი თვის თავზე კი სამონაზვნე სამოსი ჩავიცვი".
მამა ნექტარიოსი ჰყვებოდა: "დიდებული იყო მამა ბარსანოფი! საოცარი სიმდაბლე და მორჩილება ჰქონდა. ერთხელაც, ჯერ კიდევ მორჩილმა, ჩემი კელიის წინ ჩაიარა. ხუმრობით ვუთხარი,-ოცი წლის სიცოცხლეღა დაგრჩა-მეთქი. ის კი დამემორჩილა და ოცი წლის მერე, სწორედ პირველ აპრილს გარდაიცვალა. აი, ასეთი დიდებული მორჩილი იყო".
ერთ-ერთი მისი მოწაფე იხსენებს: მოძღვარმა მითხრა: ჯერ სამოვარი გაწმინდე, მერე წყალი ჩაასხი, ხშირად წყლის ჩასხმა ავიწყდებათ და სამოვარს ისე ანთებენ, ასე სამოვარსაც აფუჭებენ და უჩაიოდ რჩებიან. წყალი აგერ, კუთხეში, სპილენძის დოქში ასხია, აიღე და ჩაასხი. მივედი დოქთან, მძიმე იყო, ორი ვედრო ეტეოდა. ძვრა ვერ ვუყავი. სამოვარის დოქთან მიტანა მოვისურვე. მიმიხვდა მოძღვარი და გამიმეორა: "დოქი აიღე და წყალი სამოვარში ჩაასხი". მამაო, მძიმეა, ვერ დავძარი-მეთქი. მამა ნექტარიოსმა დოქს ჯვარი გადასახა და მითხრა: "აიღე". ავწიე და გაოცებულმა შევხედე მოძღვარს: დოქი საოცრად მსუბუქი მომეჩვენა, თითქოს წონა საერთოდ არა ჰქონდა. სამოვარში წყალი ჩავასხი და დოქი უკანვე დავდგი. მამა ნექტარიოსმა მკითხა: "რაო, მძიმე იყო დოქი?" "არა, მამაო, მსუბუქია". "ასე რომ, ისწავლე ყოველი მორჩილება, რომელიც ჩვენ მძიმედ გვეჩვენება, შესრულებისას ძალზე მსუბუქი ხდება, რადგან ის, როგორც მორჩილება, ისე აღესრულება". მე კი ისევ განცვიფრებული ვიყავი იმით, თუ ერთი ჯვრის ნიშით როგორ დაუკარგა მან სიმძიმე დოქს.
მამა ნექტარიოსის ერთ-ერთი თანამედროვე ჰყვებოდა: "ოპტის უდაბნოში სტუმრობისას ვნახე, თუ როგორ კითხულობდა მამა ნექტარიოსი დაბეჭდილ წერილებს. ჩემთან შეხვედრისას ორმოცდაათამდე დაბეჭდილი წერილი გამოიტანა და გაუხსნელად დაიწყო მათი გადარჩევა. ზოგ წერილზე ამბობდა: "ამას პასუხი უნდა გავცე, ეს კი სამადლობელო წერილია და შეუძლებელია, უპასუხოდ დავტოვოთ". მათ ის არ კითხულობდა, მაგრამ შინაარსს ხვდებოდა. ზოგიერთ მათგანს აკურთხებდა, ზოგიერთს ეამბორებოდა... მამა ნექტარიოსმა წერილები გადაარჩია და მითხრა: "აი, მე, მოძღვარს (ბერდიდს) მეძახიან. აბა, რა მოძღვარი მე ვარ! როცა მამა ბარსანოფივით ყოველდღიურად ას წერილზე მეტს მივიღებ, მაშინ ვიქნები ბერდიდი".
მამა ნექტარიოსმა ჯერ კიდევ ახალგაზრდა დედა ალექსიასა და ქსენიას უწინასწარმეტყველა, წმინდა მიწაზე წახვალთ და იქ ბევრი ბავშვი გეყოლებათო. დედები შეძრწუნდნენ, ისინი ფიქრობდნენ,-ცხოვრება ღვთისთვის მიეძღვნათ და ოჯახი არ ჰქონოდათ.
1933 წელს, როცა ისინი უკვე მართლაც ცხოვრობდნენ წმინდა მიწაზე, რუსულ მონასტერში, მამა ნექტარიოსის წინასწარმეტყველება აცხადდა. მათთან ჯერ რვა წლის გოგონა მოიყვანეს, შემდგომში დედა იოანა, მერე კი-მიტროპოლიტმა ანასტასიმ დედა ალექსიას უთხრა, რომ აღსაზრდელად არაბი ბავშვები აეყვანა. ის იმ პერიოდში ხატებს ხატავდა და ამის დრო არ ჰქონდა, მაგრამ მეუფეს უარი ვერ უთხრა. ამის მერე გაახსენდათ მამა ნექტარიოსის წინასწარმეტყველება.
მეუფე თეოფინე კალუგელს არ სჯეროდა მამა ნექტარიოსის წმინდანობისა, როცა ის ოპტის უდაბნოში მივიდა, მამა ნექტარიოსიც მოინახულა. თუმცა მოძღვარმა მას ყურადღება არ მიაქცია და თავისი თოჯინებით თამაშობდა, რომლებსაც მას ბავშვები აძლევდნენ უდიდესი სიყვარულის ნიშნად. მამა ნექტარიოსმა ერთი თოჯინა ციხეში ჩასვა, მეორეს განაჩენი გამოუტანა, მესამე-სცემა, მეოთხე დასაჯა. მეუფე თეოფანემ იფიქრა, არანორმალურიაო. მაგრამ, როცა ბოლშევიკებმა მეუფე თეოფანე დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს, მაშინ მიხვდა ყველაფერს და თქვა:-შევცოდე ღვთისა და მამა ნექტარიოსის წინაშე. ყველაფერს, რასაც ის ამბობდა, მე მეხებოდა. მე კი ის არანორმალურად ჩავთვალეო. გადასახლებისას მეუფე ძალზე იტანჯებოდა სახლის პატრონისაგან, თუმცა ის არ ჩიოდა.
მამა ნექტარიოსი ამბობდა: "რუსეთი გამოიღვიძებს, მატერიალურად ღარიბი იქნება, მაგრამ სულით მდიდარი. ოპტაში კი შვიდი ლამპარი, შვიდი სვეტი იქნება".
წმინდა ნექტარიოსი 1928 წელს გარდაიცვალა. 1935 წელს მძარცველებმა გათხარეს მამა ნექტარიოსის საფლავი. კუბოში წმინდა ნექტარიოსი უხრწნელად იწვა. ცვილისფერი კანი და რბილი ხელები ჰქონდა. ქრისტიანებმა მამა ნექტარიოსის კუბო ისევ დაბეჭდეს და "წმინდაო ღმერთოს" გალობით დაკრძალეს.
მამა ნექტარიოსის სწავლანი
"იობის მდგომარეობა" კანონია ყოველი კაცისთვის. ვიდრე მდიდარი ხარ, სახელგანთქმული კეთილდღეობით ცხოვრობ, ღმერთი პასუხს გაძლევს. ხოლო როცა კაცი ნაგავზე ზის, ლპება და ყველასგან მიტოვებულია. თვითონ გამოეცხადება ღმერთი ადამიანს და ესაუბრება. კაცი მხოლოდ უსმენს და ამბობას: "უფალო, შემიწყალე!"
ერთ სულიერ შვილს მამა ნექტარიოსმა უთხრა: "ლამპარს მე აგინთებთ, ფითილზე კი თვითონ იზრუნეთო".
ერთხელ ჰკითხეს, როგორ ვილოცოთ მათთვის, ვინც, არ ვიცით, ცოცხლები არიან თუ არა. მამა ნექტარიოსმა უპასუხა: "არ შესცოდავთ, თუ მათთვის, როგორც ცოცხლებისთვის, ილოცებთ. ვინაიდან ღვთის წინაშე ყველა ცოცხალია, ყველა, ერეტიკოსებისა და განდგომილების გარდა, ისინი კი მკვდრები არიან".
იგი ამბობდა: "ბოლო ჟამს სოფელი რკინითა და ქაღალდით იქნება გარშემორტყმული. ნოეს დროსაც ასე იყო, წარღვნა ახლოვდებოდა. ეს იცოდა ნოემ, ადამიანებს ეუბენოდა ამის შესახებ და მათ არ სჯეროდათ. მან მუშები დაიქირავა კიდობნის ასაშენებლად, ისინი კიდობნის მშენებლობისას გასამრჯელოს იღებდნენ, თუმცა ნოესი არ სჯეროდათ და ვერ გადარჩნენ. ის დღეები ჩვენი დროის წინასახეა. კიდობანი-ეკლესიაა, მხოლოდ მასში მყოფნი გადარჩებიან.
მამა ნექტარიოსი სულიერ გზას უწოდებდა მიწის ზედაპირიდან ოცდათ ფუტზე გაჭიმულ ბაგირს. თუ მასზე გაივლი, ყველა აღტაცებულია, ჩამოვარდები და რა სირცხვილია!
ამბობდა: "ადამიანს სიცოცხლე იმისთვის მიეცა, რომ იგი მას ემსახუროს და არა პირიქით-ანუ ადამიანმა თავისი შინაგანი მსხვერპლად არ უნდა შესწიროს გარეგნულს...
მამა ნექტარიოსი ბევრს საუბრობდა ლოცვაზე: "ლოცვით, ღვთის სიტყვით ყოველგვარი არაწმინდება განიწმინდება... ულოცველად სული მკვდარია მადლის წინაშე.
..................................................
* * *
ძველი სტილით 29 აპრილს (ახალი სტილით 12 მაისს) მართლმადიდებელი ეკლესია ასევე იხსენიებს ღირს ამფილოქე პოჩაეველს (+1970)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი