მეუფე მოშურნედ შეუდგა მსახურებას. მრავალი საეპარქიო საქმე დააწვა 70 წლის ბერის მხრებს. ეკლესიები დანგრეული იყო, ხალხი - გაღატაკებული, მღვდელსახურთა რაოდენობა საკმარისი არ იყო, ხელისუფლება ნებისმიერ ღონეს ხმარობდა, რათა რომელიმე ტაძარი დაეხურა. მაგრამ, ხანდაზმული ასაკისა და მორეული ავადმყოფობის მიუხედავად, ღვთის მოსაგრე მთელ ძალასა და ენერგიას ახმარდა ეპარქიაში წესრიგის დამყარებას.
როგორც ჩანს, ადგილობრივ ხელისუფლებას როდი გაუხარდა ცნობილი მთავარეპისკოპოსი-ქირურგის ჩამოსვლა. იგი მიწიერ პატივს არ ეძიებდა და ქედს არ იხრიდა ძალაუფლების წინაშე, რაც გამომჟღავნდა კიდეც მეუფის ყირიმში ჩასვლისთანავე. სიმფეროპოლში ჩასვლისას არ გამოცხადდა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის რწმუნებულთან, ი. ჟდანოვთან, მდივანი გაუგზავნა და კათედრაზე თავისი ჩასვლა აუწყა. გაცოფებულმა რწმუნებულმა მღვდელმთავრის პირადად გამოცხადება მოითხოვა. მეუფე მივიდა. მძიმე საუბარი გაიმართა. მღვდელმთავარი მოითხოვდა, მისთვის სახელითა და მამის სახელით კი არ მიემართათ, არამედ წესისამებრ: "მეუფე" ანდა "მაღალყოვლადუსამღვდელოესო".
მთავარეპისკოპოსი ლუკა რწმუნებულთან შეუთანხმებლად ნიშნავდა, ათავისუფლებდა, გადაანაცვლებდა სასულიერო პირებს. როდესაც რწმუნებულმა მღვდელმთავარზე გავლენის მოხდენა სცადა და მისი საქმიანობის დევნა დაიწყო, მეუფემ საჩივარი გაგზავნა მოსკოვში - ყირიმის რწმუნებული ხალისით ხურავს და უხალისოდ ხსნის ტაძრებსო. სოფელ საბჭოთაში მეუფემ ეკლესიის მამასახლისი გაათავისუფლა. იგი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობდა და ეკლესიაში უმსგავსობას სჩადიოდა... როგორც მოსკოვში ი. ჟდანოვის მოხსენებიდან ჩანს, მთავარეპისკოპოსი მცირეოდენი კანონიკური დარღევებისთვის ხარისხს ხსნიდა, ათავისუფლებდა, ერთი სამრევლოდან მეორეში გადაჰყავდა ისე, რომ მღვდელმსახურთა სურვილსა და აზრს არც ითვალისწინებდა. იმ მოძღვრებს კი, რომლებიც ციხეში ანდა გადასახლებაში უსამართლოდ იტანჯებოდნენ ქრისტესთვის, იახლოებდა და საუკეთესო სამრევლოებში ნიშნავდა. რწმუნებული ი. ჟდანოვი და ა. იარასნსკი მეუფეს ახასიათებენ როგორც პატივმოყვარესა და ამპარტავანს. მაგრამ წმინდა მამის ცხოვრება ადასტურებს, რომ პატივმოყვარე ვერ იქნებოდა ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ძალა და მსახურება საკუთარი თავის სრული უარყოფითა და თავგანწირვით მოყვასის მსახურებას შეალია.. ამპარტავანი ვერ იქნებოდა ქირურგი, რომლისთვისაც თითოეული ადამიანი ღვთის ტანჯული ქმნილება იყო, რომელსაც მისი დახმარება ესაჭიროებოდა. მაგრამ საბჭოთა მოხელეებისთვის გაუგებარი იყო ის, რომ პატივმოყვარეობა როდი ამოძრავებდა მღვდელმთავარს, როდესაც შესაფერის მოპყრობას ითხოვდა, არამედ ეს იყო იმ მადლმოსილი მსახურების განსაკუთრებულობა, რომელიც მას, როგორც მოციქულთა მემკვიდრეს, დაეკისრა. შემორჩენილია მეუფის წერილი პროტოპრესვიტერ ნიკოლაი კოჩიცკისადმი, სადაც განსაკუთრებით წარმოჩენილია წმინდა მამის თავმდაბლობა. "გამოგიტყდებით, თავს უხერხულად ვგრძნობ იმით, რომ თქვენ ჩემზე ძალზე მაღალი წარმოდგენის ხართ. ვფიქრობ, მეტისმეტად აზვიადებთ, როდესაც რუსეთის ეკლესიის იერარქებს შორის თითქმის პირველ ადგილზე მაყენებთ. მე ცოტას თუ ვიცნობ მათგან, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის ბევრია ჩემზე ძლიერი რწმენაში, ღვთისმოსაობაში, მართლმადიდებლობაში, სიყვარულში, უფრო მაღალზნეობრივი თვისებები გააჩნიათ, რაც მე ესოდენ მაკლია".
მეუფემ პატრიარქს სთხოვა, შუამდგომლობა გაეწია ხელისუფლების წინაშე, რათა მორწმუნეებს უფლება მისცემოდათ, კვირა დღესა და დღესასწაულებზე ეკლესიაში წასულიყვნენ. მან უწმინდესი პატრიარქის, ალექსი I-ისგან მიიღო ნება, რომ ადგილზე გადაეწყვიტა ეს პრობლემა. მეუფე ლუკამ წერილობითი ბრძანება მისწერა მამასახლისებს, რომ შეეგროვებინათ, კონკრეტული წარმომადგენლებიდან განგებ ვინ უშლიდა ხელს მორწმუნეებს ტაძარში სიარულში სხვადასხვა საბაბით, რათა შემდგომ უფლებამოსილ პირთა წინაშე მათი საკითხი დაეყენებინა.
ღვთის მოსაგრე ყურადღებას აქცევდა საეკლესიო კეთილმოწესეობას: "დიდმარხვა ახლოვდება, ამიტომ კეთილმოწესე მამებს გთხოვთ, ყველა მღვდელმსახურს შეახსენოთ, რომ მარხვის დღეებში აუცილებლად გამოიყენონ აღსარებაზე წმინდა იოანე მმარხველის კანონი და ყურადღება მიაქციონ ამ კანონის შესრულებას". "ზოგიერთი მღვდელი ნათლავს მოზარდებს, ახალგაზრდებს, ქალიშვილებსა და ზრდასრულ ადამიანებს მოუმზადებლად, მოსანათლთა მიერ ქრისტიანული სწავლების ელემენტარული საწყისი წესების ცოდნის გარეშე. მღვდლებს დანაშაულად ჩავუთვლი, თუ ისინი მონათლავენ ვინმეს, თუ არ ეცოდინება მრწამსი (რწმენის სიმბოლო) თავისი განმარტებით, ათი მცნება და ცხრა ნეტარება, უმთავრესი ლოცვები. ამის გარეშე არ მონათლონ ცნობიერ ასაკს მიღწეული ადამიანები, ნათლიებად არავითარ შემთხვევაში არ იყვნენ ურწმუნონი და მოუნათლავი ბავშვების პატრონნი".
"ძალზე ვწუხვარ და იტანჯება ჩემი გული; ვამჯობინებდი, თვით მე ვყოფილიყავი ქრისტესაგან განშორებული (რომ. 9,2-3), ვიდრე ვხედავდე იმას, როგორ განეშორება ანგარების გამო მცირედმორწმუნე სამწყსო ქრისტესი (ზოგიერთი თქვენგანი) მაცხოვარს, მის რწმენასა და სიყვარულს. განა არ არის მღვდელმსახურება საერთოდ და, განსაკუთრებით, ჩვენს დროში, ღვთის სიტყვას მოწყურებული შეწუხებული და ტანჯული ხალხისათვის მსახურების მძიმე ღვაწლი? განა ბევრი მღვდელმსახური თვლის თავის მიზნად ასეთ მსახურებას? განა არ უყურებენ ღვთის მსახურებას, როგორც არსებობის, მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების წყაროს? ხალხი ძალიან მგრძნობიარედ ამოიცნობს ხოლმე ასეთებს. რა ვუყოთ ასეთ მღვდელმსახურებს? ვცდილობ, შევარცხვინო, შევურხიო გულის საუკეთესო მხარეები, სხვა სამრევლოში გადავიყვანო მკაცრი გაფრთხილებით; თუ იქაც არ გამოსწორდა, გავათავისუფლებ და დაველოდები, სანამ უფალი მის ადგილას მწყემს კეთილს გამომიგზავნის.
მძიმე განსაცდელები და ვნებები გადაიტანა ჩვენმა ეკლესიამ რევოლუციის დროს და, რასაკვირველია, არცთუ უდანაშაულოდ. დიდხანს, ძალზე დიდხანს გროვდებოდა ხალხის რისხვა მღვდელმსახურებზე.
მწუხარებითა და სასოწარკვეთილებით ვხედავთ, რომ ასეთი ბევრია და რევოლუციამ მათ ვერაფერი ასწავლა. ძველებურად, უფრო მეტიც, ძველზე უარესად ავლენდნენ ისინი სასყიდლით დადგინებულის სახეს, სასყიდლით დადგინებულის და არა მოძღვრისა, ადრინდელივით სწორედ მათ გამო მიდიან ადამიანები სექტაში საკუთარი თავის დასაღუპავად".
მთავარეპისკოპოსი ლუკა თვითონ გულმოდგინედ აღასრულებდა ღვთისმსახურებას და იმავეს მოითხოვდა მღვდელმსახურთაგანაც. იგი მღვდლებს უნერგავდა, რომ მათ უფლება არ ჰქონდათ, შეემოკლებინათ ღვთისმსახურება, კეთილმოწესეთა კრებებს ატარებდა, რათა სამრევლოების მდგომარეობა განეხილათ და მნიშვნელოვანი საეკლესიო საკითხები გადაეწყვიტათ. მეუფე განსაკუთრებით ცდილობდა იმ მღვდელმსახურთა გონს მოყვანას, რომლებიც წყლის გადავლებით ნათლავდნენ. ილინსკის ტაძრის წინამძღვარს, გ. საკის მან ნახევარი წლით აუკრძალა მღვდელმსახურება გადავლებით მონათვლისა და ნათლობის საიდუმლოს შემოკლებით აღსრულებისათვის, სათადარიგო წმინდა ნაწილების შენახვისათვის შინ, რომელიც ტაძრიდან ორ ნაბიჯზე მდებარეობდა და სამოქალაქო სამოსის ჯიუტად ტარებისათვის.
მკაცრი იყო მეუფე უდები მღვდელმსახურების მიმართაც. არაერთგზის შეეკითხა იგი მათ მრისხანედ: "რა პასუხს გავცემ თქვენ გამო ღმერთს?" მაგრამ გაჭირვებულს, მისი უღირსების მიუხედავად, მუდამ შეეწეოდა. ყირიმის ეპარქიაში იყო შტატგარეშე მღვდელი გრიგოლ ალეინიკოვი, რომელიც თავისი მშფოთვარე ახალგაზრდობის წლებში ათი წელი განმაახლებლებთან იყო, 1942 წელს მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაასხეს ხელი. სამღვდელო მოვალეობის დაუდევრად აღსრულებისათვის იგი არაერთგზის გაათავისუფლეს მეფსალმუნის ხარისხამდე ჩამოქვეითებით; კარგა ხანს მემთვრალეობის გამო მღვდელმსახურება აკრძალული ჰქონდა. მაგრამ როდესაც მოხუცებულობაში ყოველგვარ საარსებო წყაროს მოკლებული სრულიად მარტო დარჩა (შვილები არ ჰყავდა, ცოლი 1942 წელს მოუკლეს), წმინდა ლუკას შეებრალა და უწმინდესი პატრიარქისგან მისთვის პენსიის დანიშვნას ცდილობდა.
განსაკუთრებულ ეპისტოლეებს უგზავნიდა წმინდა მამა მღვდლებსა და დიაკვნებს, რათა მათ ხალხის განსწავლის მოვალეობა არ დავიწყებოდათ. თავად უდიდესი მქადაგებელი იყო; მისი ქადაგებების თითქმის 11 ტომია შეკრებილი. უწმინდეს პატრიარქ ალექსი I-ს უნდოდა, წმინდა სინოდის მორიგ სხდომაზე შეეტანა წინადადება მეუფე ლუკასთვის ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხის მინიჭების თაობაზე. ყირიმში ჩამოსვლისთანავე ლუკა აშკარად სისტემატურად ქადაგებს თანაგრძნობას მეფისადმი და სიძულვილს საბჭოთა წყობისა და მისი ხელმძღვანელობისადმი. "ლუკას მთელი რელიგიური საქმიანობა აშკარად გამოხატულ ანტისაბჭოთა ხასიათს ატარებს. ყირიმის განსაკუთრებული მდგომარეობის გამო აუცილებლად მიგვაჩნია, შესაბამისი ორგანოების მეშვეობით ლუკა ყირიმიდან მოვაშოროთ". მაგრამ მდევნელი ვერ ხვდებოდა, რომ ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1950 წლის 27 ოქტომბერს, საბჭოთა სხდომაზე იგი თვითონ იტყოდა საბოლოო სიტყვას სასჯელის წინ.
ამ დასმენასთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულმა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭომ მოსკოვის საპატრიარქოსაგან მოითხოვა, ვოინო-იასენეცკისთვის ქადაგება აეკრძალათ. მეუფე ესაუბრა უწმინდეს პატრიარქ ალექსი I-ს. მთავარეპისკოპოსი შეჰპირდა, ნელ-ნელა აღეკვეთა ქადაგებები სადაგ დღეებში, კვირას და დღესასწაულებზე კი წმინდა წერილის განმარტებით შემოიფარგლებოდა. მაგრამ გ. კარპოვი აგრძელებდა წმინდა მამის დევნას და სტალინისადმი მიწერილ წერილში "შესაფერის მომენტში შესაბამისი საბაბის მოძებნის შემთხვევაში მის დაპატიმრებას" მოითხოვდა.
მთავარეპისკოპოსის ქადაგებები იმ დროისათვის ძალზე თამამი იყო. იგი უშიშრად გამოთქვამდა თავის აზრებს აქტიური საკითხების შესახებ: "ახლა ჩვენი ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან. კარგია, რომ სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში, მაგრამ ადრე ეკლესია ხელისუფლების, მეფის ხელში იყო, მეფე კი რელიგიური იყო, იგი ტაძრებს აშენებდა, ახლა კი ასეთი ხელისუფლება აღარ არის. ჩვენი ხელისუფლება ათეისტური, ურწმუნოა. ახლა მხოლოდ ერთი მუჭა მორწმუნე რუსი ხალხი დარჩა და ისინი სხვების უკანონობას ითმენენ. მეტყვით, რომ ხელისუფლებამ თქვენ, ქრისტიანებს, ზიანი მოგაყენათ. რასაკვირველია, მოგაყენათ. მაგრამ გაიხსენეთ ძველი დრო, როდესაც ქრისტიანთა სისხლი მდინარეებად იღვრებოდა. ამით ხომ ქრისტიანული რწმენა მტკიცდება. ეს ყოველივე ღვთისგანაა". მეუფე ანუგეშებდა უღმერთოთაგან ტანჯულ მორწმუნე ერს და 1947 წლის 9 ნოემბერს ქადაგებაში მომვალში მწუხარებათა განქარვება იწინასწარმეტყველა: "თუ მკითხავთ, როდის შეწყდება ეს დევნა და კარგი ცხოვრება დადგება, გეტყვით, რომ განვლილი 30 წელი ძალზე მცირე დროა. კიდევ ათეული წლები გაივლის, სანამ ჩვენი ცხოვრება სრულიად ნორმალური გახდება".
1955 წლის ივნისის ეპისტოლეში მეუფე ეპარქიის მღვდელმსახურებს მოუწოდებდა, გამუდმებით ექადაგათ ღვთის სიტყვა: "თუ მღვდელი თავისი ცხოვრების ძირითად საქმედ თავისი გულისა და გონების ქრისტეს სწავლებით აღვსებას გაიხდის, მაშინ გულიდან ამოსულს ბაგენი აღმოთქვამენ. მოძღვრის სულში დავანებული სულიწმინდა, როგორც თავის ტაძარში, თვით იქადაგებს მისი მოკრძალებული ბაგეებით".
ომის შემდგომ, როდესაც ეკლესიას მღვდელმსახურთა მწვავე ნაკლებობა ჰქონდა, ბევრი ადამიანი თავს მღვდლად ასაღებდა. ბევრს ან მღვდელმთავრისგან ჰქონდა აკრძალული მსახურება, ან მონასტრიდან გამოიქცა, ანდა უბრალოდ, მატყუარა იყო. მეუფე ლუკამ ბრძანება გასცა, ასეთი პირები თემში არ მიეღოთ და მისთვის ეცნობებინათ. მან სამრევლოებში ცნობები გაგზავნა, სადაც ჩამოთვლილი იყო გარდაცვლილ მღვდელმსახურთა სახელები, რომლებიც ყირიმის ეპარქიაში მსახურობდნენ. ეს ღვთისმოსავი ტრადიცია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღემდეა შემორჩენილი, როდესაც ღვთისმსახურებაზე მოიხსენიებენ გარდაცვლილ კლირიკოსთა, ბერთა და მონაზონთა სახელებს დიდი ხნის დანგრეული და განადგურებული მონასტრებიდან. მეუფე მკაცრი იყო თავისი სამწყსოს ჭირვეულ შვილებთანაც. მაგრამ თუ იგი ცოდვილის სინანულს ხედავდა, ამცირებდა ზიარებიდან განყენების ვადას. სამი თვეც არ გასულა, რომ წმინდა მამამ გულმოწყალედ მიიღო მის ფეხებთან დაცემული ცოდვილების გულწრფელი სინანული და სრულად შეუნდო მათ.
ხრუშჩოვმა ეკლესიის წინააღმდეგ მორიგი ბრძოლა წამოიწყო და ანტირელიგიური პროპაგანდის ახალი ტალღა წამოვიდა. წმინდა ლუკამ ქადაგებით მიმართა დაბნეულ და შეშინებულ სამწყსოს. "ნუ გეშინინ, მცირე სამწყსოვ", - ასე ეწოდება ქადაგებას, რომელიც მან 1954 წელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულზე წარმოთქვა: "ათეიზმის პროპაგანდის წარმატების მიუხედავად, ყველგან და ყოველთვის შემორჩებოდა ხოლმე ქრისტეს მცირე სამწყსო; ასეა ახლაც. თქვენ, ყველა თქვენგანი, რომელნიც მისმენთ - ხართ მცირე სამწყსო. იცოდეთ და გჯეროდეთ, რომ ქრისტეს მცირე სამწყსო დაუმარცხებელია, მას ვერაფერს მოუხერხებ, მას არაფრის ეშინია, რამეთუ უწყის და მუდამ ინახავს ქრისტეს: "კლდესა ზედა დავაფუძნო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". თუკი თვით ჯოჯოხეთის ბჭენიც კი ვერ მოერევიან ქრისტეს ეკლესიას, რისი უნდა გვერიდებოდეს, რისთვის უნდა ვშფოთავდეთ და რაზე უნდა ვმწუხარებდეთ?! არაფერზე! ქრისტეს მცირე სამწყსოვ, ქრისტეს ჭეშმარიტი სამწყსო ყოველგვარი პროპაგანდისაგან ხელშეუხებელია".
რასაკვირველია, ქადაგებისას ასეთი გამბედაობა არ მოეწონებოდათ ეკლესიის მორიგი დევნის ორგანიზატორებსა და აღმასრულებლებს. ნიკიტა ხრუშჩოვმა, რომელიც არაერთგზის ისვენებდა ყირიმის სამთავრობო აგარაკებზე, ერთხელ თავის დაახლოებულ პირებს უთხრა: "მომაცილეთ ეს ბებერი". ისინი შეეცადნენ ამის გაკეთებას საეპარქიო მდივნის მეშვეობით და მას წარმატების შემთხვევაში ჯილდოს შეჰპირდნენ. მდივანი, მღვდელი თეოდორე სემენენკო, განათლებული ღვთისმეტყველი იყო. მან არ უღალატა მეუფეს და განსაცდელს არ შეეპუა.
1946 წელს სიმფეროპოლში ჩასულ მეუფეს იმედი ჰქონდა, მისი ცოდნა და გამოცდილება ქირურგიაში საჭირო იქნებოდა. 1946 წლიდან პროფესორი ვოინო-იასენეცკი ქალაქ სიმფეროპოლის ჰოსპიტლის კონსულტანტი იყო, დიდი სამამულო ომის ინვალიდთა ჰოსპიტალს ეხმარებოდა. 1947 წლის დასასრულამდე იგი, როგორც ქირურგი და პროფესორი, კითხულობდა მოხსენებებს, ლექციებს ექიმებისთვის, ოპერაციას უკეთებდა ავადმყოფებსა და დაჭრილებს. რწმუბული ი. ჟდანოვი მეუფე ლუკას სამედიცინო მოღვაწეობას ახასიათებდა, როგორც აქტიურს.
მეუფე მუდამ ესწრებოდა ქირურქიული საზოგადოების კრებებს, სადაც სამოქალაქო და სამხედრო ექიმები მოდიოდნენ, ყურადღებით უსმენდა მათ მოხსენებებს, გამოსვლებს, ყოველთვის შეჰქონდა აუცილებელი შესწორებები. მას სურდა, თავისი გამოცდილება გადაეცა, ადამიანების სიყვარული და თავისი საქმე ესწავლებინა.
ერთხელ კრებაზე ერთმა სამხედრო ექიმმა მეუფეს ჰკითხა: "ასეთ სპეციალისტსა და ქირურგს როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ იმისი, ვინც არასოდეს არავის უხილავს - ღვთისა?"
- გწამთ სიყვარულის?
- დიახ.
- გჯერათ გონების?
- დიახ.
- გინახავთ გონება?
- არა.
- აი, ასევე არ მიხილავს უფალი, მაგრამ მწამს, რომ იგი არსებობს.
გამოქვეყნდა მისი სამი უკანასკნელი სამედიცინო გამოკვლევის შედეგები. პროფესორი ლექციებს ანაფორითა და პანაღიით კითხულობდა. მას ურჩიეს, მოხსენებები და ლექციები სამედიცინო თემაზე სამღვდელმთავრო კი არა, სამოქალაქო სამოსით წაეკითხა. წმინდა ლუკამ კატეგორიული უარი განაცხადა. მას ლექციების წასაკითხად აღარ იწვევდნენ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში