გადასახლების ვადა 1933 წლის მაისში მთავრდებოდა, მაგრამ მეუფე ნოემბრამდე დატოვეს. მოსკოვში იგი მხოლოდ ნოემბრის ბოლოს ჩავიდა და მაშინვე გამოცხადდა მიტროპოლიტ სერგის ნებრათვით აღჭურვილი ზედამხედველობის კანცელარიაში. "მისმა მდივანმა მკითხა, - ხომ არ გსურთ, ერთ-ერთი თავისუფალი კათედრა დაიკავოთო. ღვთის მიერ მიტოვებულმა და გონებადაბნელებულმა ჩემი მძიმე ცოდვა კიდევ უფრო გავაღრმავე ურჩობით ქრისტეს მცნებისადმი: "დამწყსე ჩემი ცხოვარნი", საშინელი პასუხით - "არა".
პროფესორს სურდა, ჩირქოვანი ქირურგიის ინსტიტუტი დაეწესებინა, სურდა, მძიმე შრომით დაგროვილი უზარმაზარი გამოცდილება სხვებისთვისაც გაეზიარებინა. დრო გადიოდა, ჯანმრთელობა უარესდებოდა - იგი უკვე 56 წლის იყო.
ჯანდაცვის სამინისტროში გადასახლებიდან დაბრუნებულ ეპისკოპოსს უარი უთხრეს. იგი გზაჯვარედინზე აღმოჩნდა. "მიტროპოლიტ სერგისთან სადილის დროს ერთმა მღვდელმთავარმა ყირიმში წასვლა მირჩია. გავიზიარე მისი რჩევა და ფეოდოსიაში გავემგზავრე... ბინძურ სასადილოში ვიკვებებოდი, გლეხის სახლში ვათევდი ღამეს და ბოლოს ახალი უგუნური გადაწყვეტილება მივიღე - არხანგელსკში დავბრუნდი". მალე მან ანდიჟანის პატარა საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა. აქ არა მხოლოდ ოპერაციებს ატარებდა, არამედ ქირურგიის კურსსაც კითხულობდა სპეციალისტებისთვის. სინდისი არ ასვენებდა - სამღვდელმთავრო მსახურებაზე უარის თქმის გამო აწვალებდა აზრი, რომ ღმერთი განარისხა. იშვიათი ტროპიკული დაავადება, რომელსაც თვალის უჯრედის აშრევება ახლდა თან, ღვთის სასჯელად მიიღო. "თვალის ოპერაციის შემდეგ თვალახვეული ვიწექი, - წერს იგი "მემუარებში", - გვიან ღამით უეცრად კვლავ შემიპყრო ჩირქოვან ქირურგიაში მუშაობის გაგრძელების სურვილმა. ვფიქრობდი, ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარიატისთვის მიმეწერა ამის შესახებ; ამ აზრით ჩამეძინა. ჩემმა მაცხოვნებელმა უფალმა არაჩვეულებრივი წინასწარმეტყველური ზმანება მომივლინა, რომელიც ახლაც კი, მრავალი წლის შემდეგ, სრული სიცხადით მახსოვს. მესიზმრა, რომ ვიყავი პატარა, ცარიელ ტაძარში, სადაც მხოლოდ საკურთხეველი იყო მკვეთრად განათებული. კედელთან დაბრძანებული იყო ლუსკუმა რომელიღაც ღირსი მამის წმინდა ნაწილებით, რომელსაც მძიმე ხის თავსახური ჰქონდა. საკურთხველში ტრაპეზზე იდო ფართო დაფა შიშველი გვამით. ტრაპეზის გვერდებში და უკან სტუდენტები და ექიმები იდგნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. მე მათ ამ გვამზე ანატომიის ლექციას ვუკითხავდი. უეცრად მძიმე დარტყმისგან შევკრთი. შემობრუნებულმა დავინახე, რომ ლუსკუმის თავსახური აიხადა, მიცვალებული წამოჯდა, ჩემკენ შემობრუნდა და საყვედურით მიმზერდა. საშინელებისაგან გამომეღვიძა... ჩემთვის გაუგებარია ის ფაქტი, რომ ამ საშინელმა სიზმარმაც კი ვერ მომიყვანა გონს". წერილობით თუ სიტყვიერადაც მონაზონ სოფია მურავიოვას მეშვეობით სქემოსან მთავარეპისკოპოს ანტონს (აბაშიძე) ვთხოვე, გამოეთქვა თავისი მოსაზრება ჩემი სინდისის ქენჯნასთან დაკავშირებით საეკლესიო მსახურების მიტოვებისა და ქირურგიაში დაბრუნების გამო. მან წერილობით მიპასუხა მღვდელ სერგი ალექსანდროვის სახელზე - "დამამშვიდა". ლოცვებში სინანულით, გულმოდგინედ ვთხოვდი უფალს შენდობას ქირურგიაში ამ ორწლიანი მუშაობისთვის, მაგრამ ერთხელ ჩემი ლოცვა შეაჩერა არამიწიერი სამყაროს ხმამ: "ამას ნუ შეინანებ!" მივხვდი, რომ ჩემი "ჩირქოვანი ქირურგიის ნარკვევები" უფალს სათნოეყო, რამეთუ მნიშვნელოვანწილად გაზარდა ქრისტეს სახელით ჩემი აღმსარებლობის ძალა და მნიშვნელობა გაცხარებული ანტირელიგიური პროპაგანდის ჟამს".
1935-36 წლებში ვოინო-იასენეცკი ტაშკენტში დასახლდა. მის განკარგულებაში აღმოჩნდა სასწრაფო დახმარების ინსტიტუტის მთავარი საოპერაციო. მეუფის უფროსი შვილი მიქაელი ტაჯიკეთში, სტალინაბადში ექიმი-მეცნიერი იყო; ალექსი ლენინგრადში სწავლობდა და მუშაობდა. ტაშკენტში ცხოვრობდა ქალიშვილიც თავის ოჯახთან ერთად. მეუფესთან პატარა "მონასტერი" იყო: მონაზვნები: ლუკია ვერხოტუროვა და ვალენტინა ჩერკაშინა და ბერი მელეტი რუკოსუევი, რომელიც 50 წლის განმავლობაში კრასნოდარის ეპისკოპოს ამფილოქეს (სკვორცოვი) მესენაკე იყო, მეეზოვედ მუშაობდა და მეუფესთან ცხოვრობდა. ისინი წმინდა მამისგან სულიერ საზრდოს იღებდნენ.
***
დადგა 1937 წელი, სასულიერო პირებისა და ერისკაცთა მასობრივი დაპატიმრების პერიოდი. ჩეკისტები მივიდნენ ვოინო-იასენეცკის სახლში და დააპატიმრეს. გამომძიებელმა ეჭვმიტანილი დაკითხა. უზბეკეთის უშიშროების კომიტეტის არქივში შემოინახა საგამომძიებლო საქმე. მის ერთ-ერთ გვერდზე ფოტოებია. ჭაღარათმიანი სამოცი წლის ბერი ფართო და ხშირი წვერით გადაღებულია პროფილსა და ანფასში. მეორე ფოტოზე იგივე ბერი მოკლედ შეჭრილი თმით, უწვერულვაშო, გამოუთქმელი ტანჯვით აღსავსე ჭკვიანი თვალებით. ეს ღვთის მოსაგრე ლუკაა, აღმსარებელი, მართალი, დევნილი და ნაწამები ქრისტეს მიმდევრად ყოფნის უფლებისათვის. ეპისკოპოს ლუკასთან ერთად იმავე საქმეზე დააპატიმრეს ტაშკენტისა და შუა აზიის მთავარეპისკოპოსი ვალენტინი (ლიახოცკი), ტაშკენტის სასაფლაოს ტაძრის რამდენიმე მღვდელი, მათ შორის დეკანოზი მიქაელ ანდრეევი და ამავე ტაძრის პროტოდიაკონი იოანე სერედა. ყველა დაადანაშაულეს "კონტრრევოლუციური საეკლესიო-საბერო ორგანიზაციის" ჩამოყალიბებაში, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლებასთან ბრძოლა, არსებული წყობილების დამხობა და კაპიტალიზმისკენ დაბრუნება ჰქონდა მიზნად დასახული. ყველაზე საშინელი ბრალდება იყო ჯაშუშობა საზღვარგარეთის ქვეყნების სასარგებლოდ. გამომძიებლები მეუფე ლუკას აქტიურ კონტრრევოლუციურ მოქმედებებში, კაზაკებთან ურთიერთობაში, ჯაშუშობასა და საოპერაციო მაგიდაზე ავადმყოფების მკვლელობაში სდებდნენ ბრალს.ეპისკოპოსმა ლუკამ გააპროტესტა მღვდელმთავრობიდან, ქირურგიიდან, სამეცნიერო საქმიანობიდან ძალადობით მოცილება, ოჯახს, თავისუფლებასა და პატივს მოწყვეტა, შიმშილობა დაიწყო და თავი დამნაშავედ არ ცნო. კარცერი, ცემა, დამცირება და დაცინვა დაითმინდა უღმერთოთაგან პროფესორ-ეპისკოპოსმა. "ჩეკისტები ერთმანეთს ცვლიდნენ, არც დღე და არც ღამე ძილის საშუალებას არ მაძლევდნენ. კვლავ შიმშილობა დავიწყე და მრავალი დღის განმავლობაში ვშიმშილობდი. ამის მიუხედავად, კუთხეში დგომას მაიძულებდნენ, მაგრამ მალე ძალაგამოცლილი ვეცემოდი.
მკვეთრად გამოხატული მხედველობითი ჰალუცინაციები დამეწყო. ხან მეჩვენებოდა, რომ ოთახში ყვითელი წიწილები დარბოდნენ, მე კი მათ ვიჭერდი; ხან საკუთარ თავს უზარმაზარი ორმოს პირას ვხედავდი, რომელშიც მკვეთრი ელექტრონული ფარნებით განათებული ქალაქი მოჩანდა, ნათლად ვგრძნობდი, რომ ჩემს ზურგზე, პერანგის ქვეშ, გველი დაცოცავდა. ჩემგან განუწყვეტლივ მოითხოვდნენ ჯაშუშობის აღიარებას, პასუხად კი მხოლოდ ვითხოვდი მიეთითებინათ, რომელი სახელმწიფოს სასარგებლოდ ვჯაშუშობდი. ამაზე, რასაკვირველია, ვერ მპასუხობდნენ. დაკითხვა 13 დღე გრძელდებოდა. არაერთხელ მიმიყვანეს წყლის ონკანთან, სადაც თავს ცივი წყლის ჭავლის ქვეშ მაყოფინებდნენ. სამი კვირის განმავლობაში სკამზე ჯდომისას უმძიმესი ფსიქიკური დეპრესიის, დროსა და სივრცეში ორიენტაციიის დაკარგვის, ჰალუცინაციის, კისრის კუნთების დამბლისა და ფეხების უდიდესი შეშუპების მდგომარეობამდე მივედი. ტანჯვა ისეთი აუტანელი იყო, რომ ამაოდ ვცდილობდი მისგან თავის დახსნას (არა თვითმკვლელობის გზით) მთავარი არტერიის გადაჭრით. გამომძიებელ კირილოვს შევთავაზე, დაეწერა აღიარება, სადაც ყველაფერი სრული სიცრუე იქნებოდა"...
***
თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, მეუფე სიღატაკის ზღვარზე იყო, მის ოჯახს ხშირად აუცილებელიც კი არ ჰქონდა და მაინც ხშირად ეხმარებოდა გადასახლებულ მღვდელმთავრებსა და მღვდლებს, ფულს უგზავნიდა მათ. ფულს უგზავნიდა იგი ეპისკოპოს ევგენის (კობრანოვი). ყოველთვიურად 50 მანათს უგზავნიდა ეპისკოპოს იოსებს (ჟევახოვი) ანუ ეპისკოპოს იოსებ ჯავახიშვილს (წმინდა იოსებ ჯავახიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ), რომელსაც არხანგელსკში გადასახლების დროს შეხვდა. რამდენჯერმე დაეხმარა ორ გადასახლებულ ეპისკოპოსს - მაკარის (კარმაზინი) და პორფირის (გულევიჩი). გადასახლებულ მღვდელს, მარტინ რიმშეს, რომელიც კრასნოიარსკის მახლობლად ცხოვრობდა, მეუფე რეგულარულად მატერიალურ დახმარებას უწევდა. 1936 წელს მონაზონ სოფიას მეშვეობით ფული გაუგზავნა სქემოსან ეპისკოპოს ანტონს (აბაშიძე) კიევში. მეუფე ლუკა ღრმად იყო დარწმუნებული, რომ საეკლესიო ოპოზიცია და განხეთქილება, რომელიც მიტროპოლიტებმა კირილემ (სმირნოვი) და იოსებმა (პეტროვიხი) მოაწყვეს, დამღუპველი იყო მათთვისაც და ცდუნებული სამწყსოსთვისაც და არ ამართლებდა მათ წინააღმდეგობას პატრიარქ ტიხონის მიმართ. მაგრამ წმინდა მამის მოწყალე გული მაინც ეხმარებოდა მათ გადასახლებაში. მეუფე ლუკა მესამედაც მოხვდა გადასახლებაში. 1942 წელს დასრულდა გადასახლების ვადა. იმავე წელს პატრიარქის რწმუნებულმა, მიტროპოლიტმა სერგიმ ეპისკოპოსი ლუკა მთავარეპოსკოპოსის ხარისხში აიყავნა და კრასნოდარის კათედრაზე დანიშნა. ღვთის ნებითAდა წმინდა სინოდის ლოცვა-კურთხევით, მეუფე საეკლესიო ცხოვრებას დაუბრუნდა, პარალელურად აგრძელებდა ქირურგიულ საქმიანობას.
გაგრძელება შემდეგ ნომერში