ერთხელ ვალენტინ ვოინო-იასენეცკიმ ეპარქიის კრებაზე წარმოთქვა სიტყვა ტაშკენტის ეპარქიის მდგომარეობის შესახებ. კრების შემდეგ მმართველმა მღვდელმთავარმა, ტაშკენტისა და თურქესტანის ეპისკოპოსმა ინოკენტიმ (პუსტინსკი) პროფესორს უთხრა: "ექიმო, თქვენ მღვდელი უნდა იყოთ!" ვოინო-იასენეცკი თავის მემუარებში იხსენებს: "მღვდლობა აზრადაც არ მომსვლია, მაგრამ მაღალყოვლადუსამღვდელოესი ინოკენტის ნათქვამი ისე მივიღე, როგორც მღვდელმთავრის პირით წარმოთქმული ღვთის ბრძანება; ამიტომ წუთითაც არ დავფიქრებულვარ, ისე მივუგე: კეთილი, მეუფეო! ვიქნები მღვდელი, თუკი უფალს ასე სურს!"
"დიაკვნად კურთხევიდან ერთი კვირის შემდეგ, 1921 წელს, მაცხოვრის მირქმის დღესასწაულზე ეპისკოპოსმა ინოკენტიმ მღვდლად დამასხა ხელი და მომიწია სამედიცინო ფაკულტეტზე ლექციების კითხვასთან ერთად მღვდლობა შემეთავსებინა", - წერს ვოინო-იასენეცკი. ყოვლადუსამღვდელოესმა ინოკენტიმ, რომელიც თვითონ იშვიათად ქადაგებდა, ტაძრის მეოთხე მღვდლად დამნიშნა და ქადაგება დამავალა. ამასთან, მან პავლე მოციქულის სიტყვები მითხრა: "თქვენი საქმე მონათვლა კი არა, მახარებლობაა".
და აი, იმ საშინელ დროს, როდესაც ზოგიერთი მღვდელმსახური რეპრესიების შიშით განიმოსა, პროფესორი ვოინო-იასენეცკი, რომელიც ღვთის მოწოდებას დაემორჩილა, მღვდლად ეკურთხა. ძალზე წარმატებულად მიდიოდა მისი მოღვაწეობა. ტაშკენტის უნივერსიტეტის გახსნის ერთ-ერთი ინიციატორიც გახდა.
მამა ვალენტინმა ხმა აღიმაღლა ისეთ ორგანიზაციაზე, რომელსაც "ცოცხალი ეკლესია" ერქვა. მათ დაიკავეს ტაძრები, ღვთისმსახურებასა და საეკლესიო ცხოვრებაში მიუღებელი სიახლეები შემოიტანეს. მამა ვალენტინი თავის სულიერ შვილებს მუდამ განამტკიცებდა რწმენაში და ამ ორგანიზაციის მიერ დაკავებულ ტაძრებში სიარულს კატეგორიულად უკრძალავდა. ქრისტიანის მოვალეობაა, არა ეცდუნოს და არ მიიღოს ის ერესები და განხეთქილებები, რომლებიც მუდამ არსებობდა ეკლესიაში, რამეთუ ეშმაკი დასაბამიდან ცილს სწამებს ღვთის ქმნილებას. მრევლის იმ წევრებს, რომლებიც განდგომილებთან ლოცვას ბედავდნენ, მამა ვალენტინი აღსარებიდან და ზიარებიდან განყენებით დაემუქრა. "ცოცხალი ეკლესიის" ორგანიზაციის წარმომადგენლები ყველა მხრიდან უტევდნენ. გაურკვეველი გახდა ტაშკენტის ეპისკოპოსის ადგილსამყოფელი. ყველა შიშით მოელოდა ტაშკენტში დანიშნულ "განახლებულთა" მღვდელმთავარს. ამ გაურკვევლობაში ხმა აღიმაღლა ყველასთვის საყვარელმა მოძღვარმა მამა ვალენტინმა. ვაგზლის ტაძრის წინამძღვართან, მამა მიქაელ ანდრეევთან ერთად გააერთიანა პატრიარქ ტიხონის ერთგული მღვდლები და ტაძრების მამასახლისები, მოიწვიეს სამღვდელოებისა და ერისკაცთა კრება, რათა უმღვდელმთავროდ დარჩენილი ეპარქიის საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგების საკითხი განეხილათ. ამავე კრებაზე თურქესტანის სასულიერო პირებმა, რომლებმაც იცოდნენ მამა ვალენტინის სულიერი ცხოვრების სიმაღლე და მისი მოშურნეობა მართლმადიდებლობის დასაცავად, იგი 1923 წლის 31 მაისს ტაშკენტის კათედრის მღვდელმთავრად აირჩიეს. ტაშკენტში გადმოსახლებულმა უფის ეპისკოპოსმა ანდრიამ მოიწონა ეს არჩევანი, ჩუმად აღკვეცა მამა ვალენტინი ბერად და მას ლუკა უწოდა.
მეუფე ლუკას დაპატიმრების მეორე დღესვე ქალაქსა და ტაძრებში გავრცელდა მისი ანდერძი. მღვდელმთავარი მორწმუნეებს განდგომილებისა და განხეთქილების საცდურისაგან იცავდა: "მტკიცედ და განუხრელად აღსასრულებად გიანდერძებთ: უყოყმანოდ იდექით იმ გზაზე, რომელზეც მე დაგაყენეთ. დაემორჩილეთ ძალას, თუ იგი ძალით შეეცდება ტაძრების წართმევას და მათ გარეულ მხეცს გადასცემს, რომელიც ღვთის დაშვებით აღზევდა ჩვენი ტაძრის საკურთხეველში.
გარეგნული ღვთისმსახურებით ნუ მოიხიბლებით და მხეცის მიერ აღსრულებულ შერყვნილ "მსახურებას" ღვთისმსახურებად ნუ მიიჩნევთ. იარეთ ტაძარში, სადაც მსახურობენ ღირსეული მღვდლები, რომლებიც მხეცს არ ემორჩილებიან. თუ ეს მხეცი ყველა ტაძარს დაეპატრონება, ჩათვალეთ, რომ ღმერთმა ტაძარს განგაშორათ და ღვთის სიტყვის მოსმენის შიმშილს განიცდით.
მხეცსა და მის მსახურებასთან არანაირი ურთიერთობა არ იქონიოთ და მათთან კამათით თავს ნუ დაიმცირებთ. ღვთის მიერ ჩვენი ცოდვებისათვის დადგენილი ხელისუფლების წინააღმდეგ ნუ აღდგებით და ყველაფერში დაემორჩილეთ მას. სამოციქულო ხელისუფლების ძალით, რომელიც უფალი ჩვენი იესო ქრისტესგან მებოძა, ვუბრძანებ თურქესტანის ეკლესიის თითოეულ მრევლს, მკაცრად და შეურყევლად დაიცვას ჩემი ანდერძი. ეკლესიისგან განდგომილებსა და მხეცთან თანალოცვაში მონაწილეებს ღვთის მრისხანებითა და სასჯელით ვემუქრები".
ეპისკოპოსი ლუკა ეჭვმიტანილი იყო "ორენბურგელ კონტრრევოლუციონერ კაზაკებთან კავშირსა და ინგლისელთა სასარგებლოდ ჯაშუშობაში თურქეთის საზღვრის მეშვეობით".
გამოძიების დასრულების შემდეგ ტაშკენტის საპატიმროს უფროსმა მეუფე, როგორც პოლიტიკური პატიმარი, მოსკოვში გადაგზავნა. ეპისკოპოსი ერთი კვირის მერე ბუტირსკის ციხეში ჩასვეს, სადაც დაახლოებით ორი თვე დაჰყო. მან იშოვა სახარება გერმანულ ენაზე და ღვთის სიტყვის წაკითხვისას დიდ ნუგეშს იძენდა.
მეუფე ლუკა ენისეისკში გადაასახლეს. იქ ერთ-ერთ სახლში დაბინავდა და იქვე დაიწყო ღვთისმსახურების აღსრულება. რადგან ადგილობრივი მღვდლები განმაახლებელთა განხეთქილების მომხრეები იყვნენ, ენისეისკის ტაძარში მეუფე არ დადიოდა. "ერთ-ერთ დღესასწაულზე, - იხსენებს მეუფე, - სასტუმრო ოთახში შევედი ლიტურგიის დასაწყებად და მოულოდნელად მოპირდაპირე კართან უცხო მოხუცი ბერი დავინახე. როგორც მერე გავიგე, ბერი ქრისტეფორე. ჩემს დანახვაზე გაშეშდა. მითხრა, - კრასნოდარში ხალხს არ სურს ურთიერთობა მოღალატე მღვდლებთან და ქალაქ მინუსინსკში გამგზავნეს, კრასნოდარის სამხრეთით, სადაც მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ცხოვრობს. მაგრამ მასთან არ წავედი, რადგან რაღაც ძალამ ენისეისკში თქვენთან მომიყვანაო.
- რატომ გაოგნდი ჩემს დანახვაზე? - ვკითხე მას.
- ათი წლის წინანდელი სიზმარი ახლაც ცხადად მახსოვს. ვიხილე, რომ უფლის სახლში ვიყავი და უცხო მღვდელმთავარი მღვდელმონაზვნად მაკურთხებდა. როდესაც დაგინახეთ, გიცანით - ის მღვდელმთავარი თქვენ იყავით.
ბერმა ჩემს წინ დიდი მეტანია აღასრულა, ლიტურგიაზე კი მე მას მღვდელმონაზვნად დავასხი ხელი. ათი წლის წინ მე ჩვეულებრივი ქირურგი ვიყავი, არც მღვდლობაზე ვფიქრობდი და არც მღვდელმთავრობაზე. ასეთი ამოუცნობია უფლის გზანი".
ენისეისკში ჩასვლისთანავე ვოინო-იასენეცკი საავადმყოფოს მთავარ ექიმს წარუდგა: "მე ტაშკენტის უნივერსიტეტის პროფესორი ვოინო-იასენეცკი ვარ, ბერობაში ლუკა". ახალგაზრდა ექიმმა ვერც კი დაიჯერა, რომ მის წინ ასეთი ცნობილი ადამიანი იდგა. პროფესორმა მას ოპერაციის გაკეთების უფლება სთხოვა. წარმატებული ოპერაციის შემდეგ ქირურგ-ეპისკოპოსს ხალხი მეზობელი სოფლებიდან მოაწყდა. უფასოდ გაკეთებული ოპერაციებით მეუფე უსიტყვოდ ამხელდა ახალგაზრდა ექიმების ანგარებას. განკურნებულთა მადლობას კი ასე პასუხობდა: "თქვენ უფალმა განგკურნათ ჩემი ხელით, ილოცეთ მის წინაშე".
ხალხისთვის უანგარო მსახურებისთვის შურიანი ექიმების მიერ წაქეზებულმა ხელისუფლებამ ეპისკოპოსი ლუკა დააპატიმრა და ანგარაში გადაასახლა.
მძიმე და მწარე იყო მეუფე ლუკას აღმსარებლობითი გზა. რაც უფრო საშინელ სასჯელებს ადებდნენ, მით მეტი მადლი გარდამოდიოდა ტანჯულისათვის ნუგეშისსაცემად. ჩვენთვის ცნობილი არ არის შინაგანი ლოცვისა და მარხვის ის ღვაწლი, რომელსაც წმინდა მამა აღასრულებდა. არსენ კუზმას ძე კონსტანტინოვი იმ მხარეში დიდად ღვაწლმოსილი ადამიანი იყო. იგი ტუნდრაში მგზავრობდა, მოსკოვის ნედლეულის საწარმოსთვის ბეწვეულს ამზადებდა. ერთხელ პლახინოში ეპისკოპოს ლუკას შეხვდა თავის ქოხში. დიდხანს ისაუბრეს. მეუფემ კონსტანტინოვს უთხრა: "უფალმა მაუწყა, რომ ერთი თვის შემდეგ ტურუხანსკში ვიქნები". როგორც ჩანს, მან მეუფეს არ დაუჯერა, წმინდა მამამ კი უთხრა: "ვხედავ, რომ ურწმუნო ხართ. ჩემი სიტყვები დაუჯერებლად გეჩვენებათ, მაგრამ სწორედ ასე მოხდება". ასე დააჯილდოვა უფალმა მჭვრეტელობით თავისი მოსაგრე.
***
წმინდა აღმსარებლის მდიდარი სულიერი სამყარო ვლინდება წერილებში, რომლებსაც ეპისკოპოსი ლუკა თავის შვილებს სწერდა. ციმბირში პირველი გადასახლებიდან იგი უფროს ვაჟს, მიქაელს სწერდა: "ვღელავ შენ გამო, ამ ასაკში, როდესაც ყველაზე მეტად გესაჭიროება ჩემი განსაკუთრებული აღმზრდელობითი ყურადღება, დიდი ხანია, ჩემგან მოცილებული ხარ და საკუთარ თავს ხარ მინდობილი. არასდროს ყოფილა გარემოს მაცდუნებელი გავლენა ისე საშიში, როგორც ახლა; სუსტი, გამოუცდელი სულები არასდროს ყოფილან ცდუნებულნი. სამწუხაროდ, უნდა გითხრა, რომ ჩემს შვილებს შორის ყველაზე ნაკლებად გიყვარს სიკეთე, ყველაზე მეტად შეგიძლია, ეცდუნო. არ ვიცი, შესაძლოა, იმან, რაც განვიცადე და ახლაც განვიცდი, შენზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა და ღვთისმოშიშება ჩაგინერგა. ღმერთმა ქნას, რომ ეს ასე იყოს... როდესაც საშინელება ზნეობაზე ზეიმობს, არ აღენთება იგი გულისწყრომით ბოროტების წინააღმდეგ, არ აღფრთოვანდება მშვენიერების, სიკეთის, ამაღლებულის შესახებ საუბრისას. ნუთუ წინანდებურად ბოლომდე ეგოიზმში ხარ ჩაფლული? შენს წერილებში მეტისმეტი პატივმოყვარეობაა, ეს კი ძალზე ახლოა ეგოიზმთან. არ არის შენში ღრმა სერიოზულობა, რომელიც აუცილებლად იბადება არაეგოისტ ადამიანში, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავით არაა დაკავებული და ბოლომდე შეიგრძნობს სხვისი ტანჯვის სიმძიმესა და ადამიანური ყოფიერების უღიმღამობას. არც ერთი წუთით არ დაგავიწყდეს, რომ ეპისკოპოსის, ქრისტეს აღმსარებლის შვილი ხარ, გახსოვდეს, რომ ეს უდიდეს პასუხისმგებლობა გაკისრებს ღვთის წინაშე". გაგრძელება შემდეგ ნომერში