მონაზვნობის მაძიებლები. მას მერე, რაც მამა ეფრემს მოძღვარი გარდაეცვალა, ერთხანს მარტო ცხოვრობდა. მასთან ბევრი ახალგაზრდა მოდიოდა რჩევისთვის, რომელთაც მონაზვნობა და, რაც მთავარია, ცხონება სურდათ.
"როგორ ვცხონდეთ, მამაო?" - ჰკითხა ერთმა მათგანმა. იგი ბერის უბრალო და სიმდაბლით აღვსილმა პასუხმა განაცვიფრა. "აღსარებითა და ზიარებით. ყველა დანარჩენი ამას მოჰყვება". ამ ახალგაზრდას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა აწუხებდა: სად დასახლებულიყო, უდაბნოში თუ კინოვიაში. მამა ეფრემმა პირდაპირ და გამიზნულად უპასუხა:
- შვილო, რომელ წმინდანს მიაგებ განსაკუთრებულ პატივს?
- წმინდა ნექტარიოსს.
- ჰოდა, მას ასე შეევედრე, - წმინდაო ნექტარიოს, შენ ჩემზე უკეთ იცი, ამ ორი გზიდან ჩემთვის რომელია უკეთესი და ამარჩევინეო. წმინდანი იქითკენ გიბიძგებს, საითაც საჭიროა.
ყმაწვილი გაოცდა. ეგონა, ვიღაც მესამეს უნდა ეჩვენებინა ღვთის ნება მის ცხოვრებაში.
მამა ეფრემი დელიკატური იყო ამ საკითხის მიმართ. როცა საუბარი ეხებოდა მონაზვნურ და ერისკაცულ ცხოვრებას შორის არჩევანს, მამა ეფრემი შემკითხველს დოქიარის მონასტერში გზავნიდა "მსწრაფლშემსმენელად" წოდებულ ღვთისმშობლის ხატთან, რათა შევედრებოდნენ უფლის დედას გულისხმისყოფას, რა გზა აერჩიათ. მამა ეფრემი ხორცშესხმული ქება-დიდება იყო მონაზვნობისა, სიტყვით და საქმით ქადაგებდა ამგვარი ცხოვრების უპირატესობას და ნეტარებას, მაგრამ არასდროს არავის აიძულებდა ბერობას და ყველას თავისი არჩევანის წინაშე აყენებდა. მას სთხოვდნენ, ილოცე, რომ ღმერთმა თავისი ნება გაამჟღავნოსო, იგი ამბობდა: - შვილებო, მე ვილოცებ, მაგრამ დაე უფალმა გაგიმჟღავნოთ თქვენ გზა, რომლითაც ცხონდებით და განადიდებთ მის სახელსო. მაშინაც კი, როცა დაჟინებით სთხოვდნენ პასუხს, იტყოდა, - ღმერთმა რომ მაუწყოს თავისი ნება, არაფერს ვიტყვი, ვინაიდან თუ ასე მოვიქცევი, ეშმაკი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ კაცმა იგი არ შეასრულოს, ეს კი მძიმე ცოდვა იქნებაო.
ერთ ახალგაზრდას უნდოდა, ათონზე შემდგარიყო ბერად, მის მოძღვარს კი სურდა, ეს ახალგაზრდა მთაწმინდის გარეთ, მის მონასტერში დასახლებულიყო. ერთხელაც ორივე მივიდა მამა ეფრემთან და რჩევა ჰკითხა. "მამაო, - აუჩქარებად დაიწყო მამა ეფრემმა, - თქვენმა სულიერმა შვილმა თავისი გულისთქმები და გულის მისწრაფება უნდა მოგითხროთ. ვალდებულია, დამორჩილდეს, თუ თქვენ განსხვავებული აზრი გაქვთ, მაგრამ თუ დროთა განმავლობაში გულისთქმა დაჟინებით თავისას მოუწოდებს, კვლავ უნდა მოგითხროთ აღსარებაში. თუ ეს ასე მოხდება, თქვენ, როგორც მოძღვარი, დარწმუნდებით მისი სიყვარულის სიმტკიცეში. უნდა აღიაროთ, რომ ეს ღვთისგანაა და მისცეთ კურთხევა, სურვილი აისრულოს".
ერთმა ბერმა მისწერა მამა ეფრემის ცხოვრების აღმწერელს: "მამა ეფრემი 1974 წელს გავიცანი. რჩევა მინდოდა მეკითხა - სად მეცხოვრა მთაწმინდაზე. ჯერ ერთი მოძღვარი დავუსახელე. მამა ეფრემი მის განკითხვას მოერიდა და მითხრა: - არ ვისურვებდი, რომ იქ კარტოფილისა და ხახვის სათესად დრო დაკარგოო. სხვა მოძღვრის სახელი ვუხსენე. წადი რამდენიმე დღით, მერე მოდი ჩემთან, ვისაუბროთო. ასეც მოვიქეცი. მოძღვარს ვუთხარი, - გამოცდებისთვის ვემზადები-მეთქი. ხსენებულ მოძღვარზე აზრი სხვადასხვა მონაზონს ვკითხე. ზოგი რას ამბობდა მასზე, ზოგი - რას. ფიქრებარეული კატუნაკში მივედი.
- არა, შვილო, - მითხრა მამა ეფრემმა, - შეცდი, დაბრუნდი უკან და აღარსად წახვიდე. 15 დღის მერე მოხვალ ჩემთან.
მართლაც ასე მოვიქეცი. ამ ორ კვირაში იმ მოძღვრის ახლოს სიმშვიდე ვპოვე. შემდგომში, როცა მამა ეფრემი მოვინახულე და ვუთხარი, კმაყოფილი ვარ-მეთქი, მიპასუხა: - ახლა მამა ეფრემი შენთვის მოკვდა. უკვე მოძღვარი გყავს და მას დამორჩილდიო.
ნელ-ნელა მამა ეფრემის გარშემო პატარა საძმო შეიკრა. 1981 წელს ხუთი ახალგაზრდა ბერი მოღვაწეობდა მის გვერდით. მოძღვარი დაუღალავად არიგებდა მათ და მონაზვნური ცხოვრების არსს უხსნიდა. პირველი, რაც მათ ასწავლა, პრაქტიკული რჩევა იყო: თავი დაეცვათ მთაწმინდის ცივი ქარებისგან, სადაც არ უნდა წასულიყვნენ, გუდაში გამოსაცვლელი პერანგი ჰქონოდათ. "გაოფლიანდები, გამოიცვალე, თორემ მერე ექიმებთან მოგიწევს სირბილი" (ეს რჩევა არც ათონის დღევანდელ ქართველ მომლოცველებს აწყენთ, - კ.კ.). ყველანაირად უფრთხილდებოდა თავის მორჩილებს. ცემენტის ტომარა აუცილებლად ორს უნდა აეწია, თუნდაც ეს მოუხერხებელი ყოფილიყო. ბარვისას შედარებით სუსტებს მიწის მთლიანი ბარისპირით ამოღებას უკრძალავდა. საჭმელთანაც იგივე დამოკიდებულება ჰქონდა, ამოწმებდა რაოდენობასა და ხარისხს, არ დაუშვებდა ზედმეტობას, მაგრამ არც თვითნებურ მარხვას დაუშვებდა. ტრაპეზი ნოყიერი ჰქონდათ, თეფშები კი ყოველთვის ცარიელი უნდა დარჩენილიყო.
ორი სიტყვა ყოველთვის ბაგეზე უნდა ჰქონოდა მონაზონს: "მაკურთხე" - როცა რაიმეს გაკეთება უნდოდა და "შემინდე" - როცა პატიებას ითხოვდა. გონებას კი მუდმივად იესოს ლოცვა უნდა ემეორებინა.
თუ მონაზვნის გული და ფიქრები მშობლებისა და მეგობრებისკენ წარიმართებოდა, უნდა გაეხსენებინა, რომ როცა ის სოფლიდან წამოვიდა, ღმერთმა მის ადგილას ანგელოზი გაგზავნა. ახალბედა მონაზვნების გასამხნევებლად ხშირად ჰყვებოდა ამგვარ ამბავს: "ათონის მთაზე ერთი მამა ცხოვრობდა. მან თავისთან მონაზვნობის მოსურნე ახალგაზრდა მიიღო და ურჩია, აღარ ეფიქრა სოფელსა და ოჯახზე (მას ერში დედა და ორი გასათხოვარი და დარჩა), მათზე ზრუნვა კი ღვთისთვის მიენდო. უბრძანა, - თუ ვინმე ერისკაცი ეწვევა ჩვენს კალივას, არ ჰკითხო, რა ხდება სოფელშიო.
ცოტა ხნის მერე ერთმა გლახაკმა ჩამოიარა. ახალგაზრდა მონაზონმა დაივიწყა მოძღვრის სიტყვა და ჰკითხა, სადაური ხარო. როცა შეიტყო, რომ მისი მშობლიური კუთხიდან იყო, ცდუნებას ვერ სძლია და თავისი ოჯახის ამბავი გამოჰკითხა. შეიტყო, რომ მის ახლობლებს უჭირდათ. დედა ქვრივი იყო, დები კი იძულებული იყვნენ, თავის სარჩენად სხვადასხვა სამუშაო შეესრულებინათ, თანაც განსაცდელი რომ შეხვედროდათ, პატრონი არ ჰყავდათ. ერთადერთმა ძმამ მიატოვა ისინი, - უთხრა გლახაკმა, - მთაწმინდაზე ბერად შედგაო.
გულისთქმებმა გატანჯა ახალგაზრდა მონაზონი. ბერმა მღელვარების მიზეზი ჰკითხა. როცა შეიტყო, დანანებით გადააქნია თავი, - რატომ არ დამიჯერე, შვილო. რატომ ჰკითხეო. მონაზონმა გულისთქმების მოძალებას ვეღარ გაუძლო და თავის სამშობლოში წავიდა. დაღლილი, გზაში მოსასვენებლად ჩრდილში ჩამოჯდა. როცა ჩათვლიმა, მის წინაშე ბრწყინვალე ანგელოზი წარდგა და უთხრა: - როცა შენ მთაწმინდაზე გაემგზავრე, ღმერთმა შენს ადგილას მე გამგზავნა დედაშენის და შენი დების დასაცავად. ახლა, როცა მათზე ზრუნვა შენ გადაწყვიტე, მე მეტად საჭირო აღარ ვარო. მონაზონს შეშინებულს გამოეღვიძა, შეინანა თავისი განზრახვა და მოძღვართან დაბრუნდა მთაწმინდაზე. "შვილო ჩემო, - უთხრა სულიერმა მამამ, - კარგი ქენი, რომ დაბრუნდი. რაც წახვედი, მას მერე განუწყვეტლივ ვლოცულობ, რათა უფალს გულისხმა მოეცა შენთვის და მტრის მახეებს გაქცეოდი". მათ მშვიდად გააგრძელეს მოსაგრე ცხოვრება.
რამდენიმე წლის მერე ერთმა ღვთისმოშიშმა მომლოცველმა მათთან სულიერი სარგებლის მისაღებად შეიარა. საუბრისას აღმოჩნდა, რომ იგი ახალგაზრდა მორჩილის თანამემამულე იყო. მოძღვარმა ჰკითხა თავისი მორჩილის ოჯახზე და პასუხად ღვთის სასწაულის შესახებ მოისმინა. ერთი თანასოფლელი უცხოეთიდან გამდიდრებული დაბრუნებულა. ქვრივის უფროსი ქალიშვილი მოსწონებია და ცოლად შეურთავს. უმცროსი ცოლისდაც გაუმზითვებია. ამგვარად, ღვთის კურთხევამ მოაწია მათ სახლს. გახარებულმა მოძღვარმა მორჩილს უხმო და მოუთხრო, თუ რამხელა კურთხევა მოუტანა უფლის ანგელოზმა მის ოჯახს".
მთელი ეს წლები მამა ეფრემი მუდივად ურჩევდა, სთხოვდა, ტუქსავდა, ამოწმებდა ყველაფერს, რაც ძმობის ლოცვით კანონების შესრულებასთან იყო დაკავშირებული. ყოველთვის ერთსა და იმავე თემას უბრუნდებოდა: "ჩვენ აქ სწორედ ამ ღამისთევის ლოცვისთვის, საბერო კანონებისთვის, ცისკრისა და მწუხრის ლოცვებისთვის მოვედით. თუ მათ დავუტევებთ და ათასნაირი მიზეზებით ნახევარს შევასრულებთ, მაშ, რისთვისღა მოვედით?" ის ამ მხრივ ძალზე მკაცრი იყო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ. თუ კანონიდან რაიმეს ვერ შეასრულებდა, ვალად ჩაიწერდა და მეორე დღეს ასრულებდა.
ასკეტური, მკაცრი, საკუთარ თავში ჩაღრმავებული მოძღვარი ბევრი სიცილისა და ალერსის გამოხატვის უფლებას არ აძლევდა მორჩილებს. ერთმა ფამილარულად "ჩემო ბერიკაცო" უთხრა "დიდბეროს" ნაცვლად და ის მრავალი მეტანიით დასაჯა. რჩევისთვის მოსულთ თბილად და ალერსიანად ხვდებოდა. მაგრამ თავისი ძმობის ყოველდღიურ ცხოვრებაში მკაცრი იყო მცირეოდენი განსაკუთრებული მეგობრობის გამოვლენისას. მეგობრულ, ალერსიან ურთიერთშეხებას ფიქრადაც ვერავინ გაივლებდა!
იმისთვის, რათა ეჩვენებინა, რომ მორჩილება ერთგვარი ფორმალობა კი არ არის, არამედ არსებით სიყვარულთანაა შეუღლებული, ჰყვებოდა:
"ერთი მოძღვარი ჩვეულებისამებრ მწუხრის მერე იღებდა სულიერ შვილს აღსარებისთვის, მერე კი აკურთხებდა და მიდიოდნენ დასასვენებლად. ერთხელ, როცა მორჩილი გულისთქმებს აღიარებდა, ნაჯაფარ მოძღვარს ჩაეძინა. მონაზონი გაჩუმდა და ელოდა მოძღვრის გაღვიძებას, რათა კურთხევა აეღო და წასულიყო დასასვენებლად. დრო გადიოდა, მორჩილი უფრო და უფრო გრძნობდა დაღლას, შვიდჯერ მოისურვა მოძღვარი გაეღვიძებინა, მაგრამ სიყვარული ამის ნებას არ აძლევდა. როგორც იქნა, გაიღვიძა მოძღვარმა და აკურთხა სულიერი შვილი. მეორე დღეს მოძღვარმა მორჩილს ღამეული გულისთქმების აღიარება მოსთხოვა. როცა ყველაფერი შეიტყო, მოძღვარი მოუყვა, რომ იმ ღამეს, როცა მორჩილი აკურთხა და მეორედ ჩაიძინა, იხილა ტახტი, შვიდი გვირგვინი და მოესმა ხმა: ეს ტახტი ეკუთვნის შენს მორჩილს, ხოლო ეს შვიდი გვირგვინი მან ამ საღამოს მოიმუშაკაო".
დანიელის კელიის ახლოს ცხოვრობდა მამა დიონისე, თავის მორჩილებთან - არსენთან და ათანასესთან ერთად. ერთხელ ათანასემ შეწყვიტა მოძღვრის მორჩილება. ხარებობას მამა დიონისემ გადაწყვიტა მეზობელ კალივაში ლოცვაზე წასულიყო. ათანასემ კი სხვაგან წასვლა მოისურვა, მიუხედავად მოძღვრის შეგონებისა, ჩვენთან ერთად იყავი, თორემ ურჩ მორჩილებს ღმერთი ბოროტ ანგელოზებს უგზავნისო. "მერე რა, მოვიდნენ", - თქვა მონაზონმა და წავიდა.
მეორე დღეს ძმებმა იგი ავადმყოფი იხილეს. წმინდა ანას სკიტის ექიმმა გასინჯა და არ იცოდა, რა ექნა მისთვის. მდგომარეობა გაურთულდა, სნეული გულში მჯიღს ირტყამდა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. გარდაცვლილი თავის კელიაში მიასვენეს, მოძღვარმა მას უკვე მიცვალებულს შეუნდო. მამა ეფრემი ჰყვებოდა, რომ როცა იმ დროს წმინდა ანას სკიტიდან კატუნაკისკენ მიდიოდა ხოლმე, ყოველთვის ძლიერ სულიერ ღელვას გრძნობდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი