ღირსი მელეტიოსი
ღირსი მელეტიოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენი ქართველი ემიგრანტი მეგობრისგან, ესმა ღონიაშვილისგან გავიგე.
ღირსი მელეტიოსი დაიბადა 1035 წელს კაპადოკიის სოფელ მუტალასკაში. მის მშობლებს იოანე და სოფიო ერქვათ. დედ-მამა ზრუნავდა ერთადერთი შვილის სათანადოდ აღზრდა-განათლებისთვის. ბიჭს ღვთის სიყვარულისკენ სწრაფვა თავიდანვე ეტყობოდა. პატარა მელეტიოსი ცდილობდა კარგად ესწავლა, მაგრამ წერა უჭირდა. ამ სისუსტისგან იხსნა დიდმა რწმენამ. ბავშვს ძალიან უნდოდა, ესწავლა წერა, ამიტომ ერთ დღეს, საღვთო ლიტურგიის დაწყებამდე, შეიპარა ტაძრის საკურთხეველში იმ ურყევი რწმენით, რომ ღმერთი წმინდა საიდუმლოს შესრულების დროს ნაკლს გამოუსწორებდა.Aასეც მოხდა. წირვის დასრულების შემდეგ იგრძნო, რომ გონება გაეხსნა. მას მერე თავდაუზოგავად სწავლობდა, თამაშიც ავიწყდებოდა ხოლმე. ზუსტად რა განათლება მიიღო, უცნობია. ცნობილია ის, რომ შეისწავლა საღვთო ჭეშმარიტება. პატარა მელეტიოსი უფალმა დააჯილდოვა სიბრძნითა და გონიერებით. მშობლები წუხდნენ, როცა საათობით დაჩოქილ მლოცველ შვილს უყურებდნენ. ლოცვაში ღრმად წასულს არც მათი ძახილი ესმოდა, გულმოდგინედ მარხულობდა, შუაღამისას დგებოდა სალოცავად. შეშინებულ მშობლებს რწმენა შეუმცირდათ და გადაწყვიტეს, 16 წლის მელეტიოსის დაქორწინება.
მოვიდა დრო, მელეტიოსს თავისი ცხოვრებით დაემტკიცებინა, ვინ უფრო უყვარდა - უფალი თუ ეს ქვეყანა. ქორწილისთვის მზადება მას ვერ დააბრკოლებდა. გრძნობდა, რომ ის უფლის მსახური გახდებოდა, ამიტომაც ერთ დღესაც დაუკითხავად წავიდა სახლიდან და წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის მონასტერს მიაშურა. ყმაწვილი იღუმენთან მიიყვანეს. ღრმა პატივისცემით და უფლის სიყვარულით ანთებულმა მელეტიოსმა იღუმენს სთხოვა, მონასტერში დაეტოვებინა, რათა შესდგომოდა ბერულ ცხოვრებას... იღუმენი შეაშფოთა ყმაწვილის ასაკმა, მაგრამ მის თვალებში ამოიკითხა სიმტკიცე და გამოსაცდელი დროით დათანხმდა. იმ დღიდან სამი წელი გავიდა. იღუმენი მუდმივად ფრთხილი თვალით აკვირდებოდა. ყველა ხედავდა, რომ მელეტიოსი მკაცრი ბერული ცხოვრებით ცხოვრობდა. მონასტრის წევრები მოკრძალებით ექცეოდნენ, როგორც წმინდანს, ისე უყურებდნენ, მაგრამ ეს მას არ სურდა. ამგვარი განსაკუთრებული პატივისცემა ხელს უშლიდა წინსვლაში. ამიტომ გადაწყვიტა, მოელოცა რომის წმინდა ადგილები, თესალონიკში მისი საყვარელი წმინდანის, წმინდა დიმიტრის საფლავი. იღუმენის ხელდასხმით ასეც მოიქცა. წმინდა დიმიტრის საფლავიდან მომავალმა იგრძნო, უკან ვიღაც მოჰყვებოდა. დაინახა - მის გვერდით ახალგაზრდა მოაბიჯებდა. მგზავრმა ჰკითხა, - სად მიდიხარო. იესუსალიმში უფლის საფლავის მოსალოცად, შემდეგ კი რომში წმინდა პეტრეს საფლავზეო.
- ამჯერად გადადე მოგზაურობა. ჯერჯერობით არ არის დრო, რომში წახვიდე, რადგან სხვა წმინდანები უნდა მოინახულო. დიდმოწამე გიორგი საბერძნეთში, თივასთან ახლოს გელოდება და მზად აქვს შენთვის თავშესაფარი, - უთხრა მგზავრმა და გაუჩინარდა.
მელეტიოსი აკვირდებოდა იმ მხარეს, სადაც ანგელოზი დაიკარგა. ფიქრობდა, ნეტავ, რა მელისო, მაგრამ იცოდა, რომ ყველა სიძნელეს უფალი დააძლევინებდა.
მელეტიოსმა ათენისკენ გასწია. მოილოცა ღვთისმშობელი პართენონზე და გაემართა თივაში, წმინდა გიორგის მონასტერში.
მისი ასკეტური ცხოვრება, ჩუმი ღვაწლი დიდხანს არ დარჩენილა დაფარული მოსახლეობისგან. როგორც კი მიხვდნენ, ვინ იყო, ყველა სტუმრობდა. კაბადოკიური მეტყველება მელეტიოსს ხელს არ უშლიდა ხალხთან ურთიერთობაში, რადგან უფალი ეხმარებოდა. თიველები გაოცებულნი იყვნენ მისი წმინდა ცხოვრებით. ერთხელ თანასოფლელი ქალი წმინდანს ცუდი გულისთქმით მიუახლოვდა, მაგრამ წმინდანი მიუხვდა და მკაცრად მოიშორა. მერე საკუთარი თავი მძიმედ დაისაჯა, თითქოს დამნაშავე იყო, ქალი ცდუნებაში რომ ჩავარდა.
***
მკაცრი იყო წმინდა მელეტიოსი, მსახურებასა და ცხოვრებაში კი უმანკო. ნელ-ნელა დაიწყო მოსახლეობამ მასთან დაახლოება. ზოგიერთმა მის მსგავსად ბერული ცხოვრების დაწყება მოინდომა. როდესაც მონასტრის საძმო განამტკიცა, წმინდანმა გადაწყვიტა, წასულიყო რომში წმინდა პეტრეს და პავლეს საფლავების მოსალოცად. ერთ დღეს დაემშვიდობა საძმოს, რომლებმაც გზა დაულოცეს და მალე დაბრუნება უსურვეს. ეს მოხდა 1070 წელს. მელეტიოსი სამი წლის შემდეგ დაბრუნდა წმინდა დიდმოწამე გიორგის მონასტერში.მონასტერი თითქოს ისევ გათბა უცნაური ცეცხლით, მამობრივი სიყვარულის ცეცხლით, ისევ დაუბრუნდა ძველი ცხოვრების რიტმს. როცა მამა მარკო გარდაიცვალა, მონასტერი გლოვამ მოიცვა. მოვიდა ტრაპეზის დრო, მაგრამ არავის ჰქონდა არც ტრაპეზის გაშლის და არც ჭამის სურვილი. როდესაც უნდა წაეკითხათ მიცვალებულთა პარაკლისი, ერთი ძმა წავიდა ღირს მამასთან და თვალცრემლიანმა სთხოვა: - მამაო, უთხარი მამა მარკოს, თქვას ლოცვა, დალოცოს ტრაპეზიო.
ღირსმა მელეტიოსმა მიმართა მიცვალებულს:
- შვილო მარკო, დაილოცე.
მოხდა სასწაული! მიცვალებულმა, რომელიც მიჩვეული იყო მორჩილებას, გაახილა თვალები, ასწია ხელი, გამოსახა ჯვარი და ხმამაღლა დაილოცა. ბერები გაოცდნენ, ხან წმინდანს უყურებდნენ, ხან ბერ მარკოს, რომელიც დალოცვის შემდეგ ისევ მიიცვალა. ღირსი მელეტიოსი მძიმედ დაავადდა, საშინელი ტკივილები ტანჯავდა. ბერებმა ექიმი მიუყვანეს. ავადმყოფმა ექიმს უთხრა, - სამ დღეში გარდავიცვლებიო. ასეც მოხდა.
***
ერთ დღეს ღირს მელეტიოსს ბერმა ნიკოდიმოსმა წინამძღვრობაზე კურთხევა სთხოვა. წმინდანმა იცოდა თავისი სულიერი შვილების აზრი და უარი უთხრა. ნიკოდიმოსი აძალებდა, წმინდა მამა კი უარს ეუბნებოდა. ნიკოდიმოსმა ერთ დღეს დაუკითხავად დატოვა მონასტერი და წავიდა თივაში, სადაც მღვდლად დაასხეს ხელი. იმ წლებში საშინელი გვალვა იყო თივაში. მრევლი, მღვდლითურთ, შევიდა მონასტერში და ითხოვა დახმარება. ღირსმა მელეტიოსმა ნიკოდიმოსს შეხედა. მკაცრად დაუყვირა, გახადა ანაფორა და მძიმე ეპიტიმია დაადო. თიველები გაწყრნენ, მიატოვეს წმინდანი, მოძღვარს კი ანაფორა ისევ ჩააცვეს და უკან გაბრუნდნენ. თივამდე არ იყვნენ მისულნი, რომ მოწმენდილი ლურჯი ცა უცებ მოიქუფრა, ატყდა ჭექა-ქუხილი. ელვამ გააპო შეშინებული მომლოცველების ჯგუფი, მაგრამ მხოლოდ უღირსი მღვდლის სიცოცხლე შეიწირა. მალე ციდან წამოვიდა ნანატრი წვიმა და დედამიწამ მიიღო საჩუქარი.როგორ დაივიწყებდნენ თიველები ამ ამბავს, უფრო სწორად, სასწაულს. ამიტომ ყველა წმინდანს აკითხავდა რჩევა-დალოცვისთვის. ერთ დღეს ერთმა თიველმა კაცმა წმინდანს სთხოვა, დაელოცა მისი ერთადერთი გასათხოვარი ქალიშვილი. ღირსმა მელეტიომ უთხრა, - ნუ ჩქარობ მის გათხოვებას, რადგან ერთი თვის შემდეგ ცის პატარძალი გახდება, თუ ქალწულებას შეინარჩუნებსო.
მამას ძლიერ ეტკინა გული, მაგრამ მიიღო წმინდანის რჩევა და შეაჩერა ნიშნობა. ერთი თვის შემდეგ გოგონა გარდაიცვალა და მამამ მისი მზითევი ღარიბებს დაურიგა.
ღირსი მამა გულის სიღრმეში დარდობდა, რომ მის გარშემო ასეთი ხმაური იყო ატეხილი, ბევრი ცდილობდა მასთან მიახლებას. ამიტომ გადაწყვიტა, წასულიყო უფრო მშვიდ ადგილას. წმინდა მამამ 50 წლის ასაკში დატოვა მონასტერი რვა ბერთან ერთად.
ასე წმინდად ცხოვრობდა ღირსი მელეტიოსი. 1105 წლის პირველ სექტემბერს უფალმა მისი სული 70 წლის ასაკში მიიწვია ნამდვილ ციურ სამშობლოში.