"აბო ჩამომავლობით არაბი იყო. მას არავითარი კავშირი, არავითარი დამოკიდებულება, არავითარი ნაცნობობა და ნათესაობა არა ჰქონდა რა საქართველოსთან, შესაძლოა, არც კი გაეგონა ქართველის სახელი. მაგრამ სამშობლო ქალაქ ბაღდადში უცბად გაჩნდა ქართლის გამგე ნერსე. უნდა ვიცოდეთ, რომ აბოს დროს ქართლი ეჭირათ მაჰმადიანებს. ისინი ვერ შეურიგდებოდნენ იმ გარემოებას, რომ ქართლის გამგებელი მტკიცე ქრისტიანი იყო. დაუყოვნებლივ დაასმინეს ხალიფასთან და მანაც დაიბარა ბაღდადში. ნერსე საპყრობილეში ჩააგდეს. აბო თვალს ადევნებდა ნერსეს ცხოვრებასა და ყოფაქცევას. იგი მოხიბლული შეიქნა ამ უცხო ტყვის სარწმუნოებრივი სიმტკიცით, ანგელოზებრივი სიმშვიდით, უზომო სასოებითა და კეთილობით.
საღვთო განგებამ აკმარა ნერსეს ტანჯვა და ტყვეობა, მისი მაწამებელი ხალიფი მოკვდა და ახალმა ნება დართო სამშობლოში დაბრუნებისა. ამ გარემოებამ ცხადი გახადა ნერსეს გავლენა აბოზე. აბომ იგრძნო, რომ მისი ცხოვრება ბაღდადში ნერსეს გარეშე აუტანელი იქნებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, შელეოდა ყველაფერს - მშობლებსაც, ნათესავებსაც, სამშობლოს სიყვარულსაც და მხურვალედ სთხოვა ნერსეს, ნუ დამტოვებ სიბნელეში, წამიყვანე შენს სამშობლოში და მიყოლიე შენს მსახურთა რიცხვშიო. აბომ ქართლში მოსვლის უმალ ხელი მიჰყო ქართული ენის შესწავლას და, როგორც მოწყურებული ირემი - წმინდა წყაროს, ისე დაეწაფა ძველსა და ახალი აღთქმის საღმრთო წერილის წიგნების კითხვას. ჯერ ისევ მოუნათლავს აბოს კაცი ვერ უსწრებდა თბილისში წირვა-ლოცვაზე მისვლას და არაფერს არ სტოვებდა სახარება-სამოციქულოდან გაგონებულს, რომ არ გამოეკითხა და არ შეეგნო მისი აზრი.
ბოროტი მაჰმადიანები არა სცხრებოდნენ. მათ ხელახლა დაუწყეს დევნა მორწმუნე ნერსეს. ნერსე იძულებული შეიქნა, სამშობლოდან გაქცეულიყო თავის მოუშორებელ მეგობარ აბოსთან ერთად. მათ თავი შეაფარეს ხაზარეთში, სადაც აბომ მიიღო წმინდა საიდუმლო ნათლისღებისა და ბოლოს - აფხაზეთში. აფხაზეთში მაღალი ქრისტიანული ცხოვრებისთვის დიდად შეიყვარეს აბო. სხვათა შორის, ბედნიერად სთვლიდნენ აბოსთან ყოფნას და მისი ბრძნული ბაასის სმენას აფხაზეთის კათალიკოსი და მთავარი. როდესაც დევნილ ნერსეს ნებართვა მოუვიდა თბილისში დაბრუნებისა, აფხაზთა მთავარი შეეხვეწა აბოს: დარჩი ჩემთან, ნუ წაჰყვები ნერსეს თბილისში, თორემ იქ გაბატონებული მაჰმადიანები კეთილს არ დაგაყრიანო.
აბო ხალისით გაემგზავრა თბილისს, მაგრამ სულ მალე გამართლდა აფხაზთა მთავრის შიში. გონებადახშულ მაჰმადიანებს ეკლად ეძგერათ გულში აბოს ქრისტიანობა. მათ დააბეზღეს წმინდა თავიანთ უფროსთან. უფროსმა ყოველი ზომები მიიღო, რომ აბოს უარი ეთქვა ქრისტიანობაზე, მრავალი ტანჯვა მიაყენა მას, ბევრნაირად აწამა, მაგრამ როდესაც დარწმუნდა, ქრისტეს სიყვარულის გამო სულ არაფრად აგდებს წამებასო, თავი მოჰკვეთა და ქრისტიანებს რომ თავიანთი ჩვეულებისამებრ პატივი არ ეცათ მისი გვამისათვის, ნავთით დააწვევინა იგი და ნაცარი და ძვლები წმინდანისა გადააყრევინა ქართველთა იორდანეში - მდინარე მტკვარში.
სახსოვრად დიდებული მოწამისა დღეს თბილისს არა მოეპოვება რა, გარდა სულ მცირე საჯვარესი მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მეტეხის ციხის დაბლა, კლდეში!"
***
ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, იმ ადგილზე, სადაც ქრისტიანობისთვის თავდადებულ ადამიანებს აწამებდნენ, ეკლესიებს აგებდნენ. XVIII საუკუნემდე წმინდა აბოს წამების ადგილას რაიმე ნაგებობის არსებობის შესახებ ცნობა არ მოგვეპოვება, თუმცა, ცნობილია, რომ კრწანისის ომში დამარცხებულმა ერეკლე II-მ სწორედ ამ ადგილას აღმართულ ჯვართან ილოცა.ჯვრის ადგილას შემდეგ ნიში ააგეს. 1882 წელს მიხეილ საბინინმა გაამშვენა ეს ადგილი და მანვე შექმნა წმინდანის ხატი, რომელიც ნიშში დაასვენეს (ამჟამად იგი მეტეხის ტაძარშია დაბრძანებული).
50-იან წლებში მტკვარზე ახალი ხიდი აიგო. ნიშის ადგილი კომუნისტებმა ააფეთქეს, მიწით დაფარეს და იქ ხეები დარგეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 1994 წლიდან წმინდა აბო თბილელის მარტვილობის ადგილას მისივე სახელობის ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს. რადგან ტაძარი შემოწირულობებით შენდება, მისი დასრულება დღემდე ვერ მოხერხდა. შესაძლოა თბილისის მფარველის, წმინდა აბოს სახელობის ტაძარი მისივე ხსენების დღეს 21(8) იანვარს გაიხსნას. აბო თბილელის სახელობის ტაძარს ოთხი ავტორი ჰყავს: ბიბლიოგრაფი ია გორგიშელი, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან აბაშიძე და არქიტექტორები: კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონი (მენაბდე) და რევაზ ჯანაშია.
ტერიტორიის გაწმენდისას მათ მიწის ზედაპირზე მცირედ ამოზიდულ აგურის კედლის ფრაგმენტს მიაკვლიეს, სამი მეტრის სიღრმეში კი აღმოჩნდა წმინდა აბოს ნიშის ნაშთი. მოჭრეს მიწაყრილით დაფარულ ადგილას ამოზრდილი მომცრო ნაძვი. გადანაჭერის ჭრილში ჯვრის გამოსახულება გამოჩნდა. ამჟამად ის კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარშია.
მეტეხის ტაძრის ქვეშ, კლდეზე მიდგმული ორნავიანი მცირე ზომის ბაზილიკა გრიგოლ ხანძთელის პერიოდის, VIII საუკუნის, ამ ტიპის ტაძრების ანალოგია.
წმინდა აბოს ტაძრის არქიტექტორმა რევაზ ჯანაშიამ გვითხრა:
- ტაძრის სამხრეთი ნაწილი კლდეზეა მიბჯენილი. მიწისქვეშა სამუშაოებისას მცირე ზომის გამოქვაბულს მივაკვლიეთ. შესაძლოა, ეს ის დილეგი ყოფილიყო, სადაც წმინდანის ნაწილები დაწვეს. ის ადგილი პატარა თაღით გადავხურეთ. სადაც ადრე ნიში იყო, შევინარჩუნეთ და დასავლეთ კარიბჭეში განვათავსეთ. იქვე იქნება აბო თბილელის მოზაიკური ხატი. ტაძარი შიგნიდან და გარედანაც შეულესავი დარჩება. ერთადერთი, შეიძლება მხოლოდ საკურთხეველი მოიხატოს. ნიჩბისის ქვით აშენებული ტაძრის კანკელი მწვანე ტუფისა იქნება. პატრიარქის კურთხევით, ტაძარს დაბალი კანკელი დაამშვენებს.
- ბატონო რევაზ, ტაძარი ძალიან მცირეა, რამდენ მორწმუნეს დაიტევს?
- ტაძარი მართლაც პატარაა, სულ 20-22 კვადრატული მეტრი, დაახლოებით 40-50 კაცს დაიტევს. პატრიარქის კურთხევით, აბოს ტაძარი მონასტერი უნდა იყოს, ერთი ბერის მონასტერი. ახლა ვაპირებთ ერთი სენაკის აგებას. მოეწყობა სატრაპეზოც. ტაძრის მშენებლობის შემდეგ დადგენილია მიმდებარე ტერიტორიის გამშვენება. ტაძარი გარედან კანდელებით იქნება განათებული.
- თქვენ მრავალი პროექტის ავტორი ბრძანდებით...
- 90-იან წლებში სამების ტაძრის საპროექტოში, ბატონ არჩილ მინდიაშვილის დახმარებით, სამების ტაძრის მშენებლობაში ვმონაწილეობდი. 5-6 წელი ვიმუშავე სამების ტაძრის მშენებლობაზე. შემდეგ საპატრიარქოსთან არსებული ხუროთმოძღვრების ცენტრში გადმოვედი. 100-ზე მეტი ტაძარი მაქვს დაპროექტებული, მათგან თბილისში - დაახლოებით 30. მათ შორისაა დავით წინასწარმეტყველის, ორმოც მოწამეთა, 31-ე ქარხანაში - წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ვაზისუბანში - ცხრა ყრმა კოლაელთა, გლდანში - წმინდა გიორგის ეკლესია. სენაკში აშენდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, ზესტაფონში - სამი ტაძარი, ეკლესია აიგო ხულოშიც. სამტრედიაში შენდება დავით აღმაშენებლის სახელობის დიდი ტაძარი, დედოფლისწყაროში ახლახან აიგო ეკლესია, დმანისში ვაშენებთ აღდგომის სახელობის ტაძარს. მალე მონასტრის მშენებლობა დაიწყება ხობში, სოფელ პირველ მაისში. მამათა მონასტერი გალავნით შემოიზღუდება, სადაც სენაკები განთავსდება. იქვე მოეწყობა საპატრიარქო და საეპისკოპოსო რეზიდენციები. ასე რომ, ღვთის წყალობით, საქართველოში არ დარჩენილა კუთხე, სადაც ჩემი დაპროექტებული ტაძარი არ იდგეს. აბო თბილელის, ცხრა ძმა კოლაელთას და დავით წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრები მსოფლიოში არ არსებობს. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მათი დაპროექტება მე მარგუნა.