იოსებ ალავერდელი
გვესაუბრება ღირსი იოსებ ალავერდელის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი იოსები (ღვინიანიძე):
- ღირსი მამა იოსებ ალავერდელი ცამეტ ასურელ მამათაგანია, რომელნიც ღვთისმშობლის კურთხევით მოვიდნენ საქართველოში იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით. მოვიდნენ, რათა ბერმონაზვნური ცხოვრება აეღორძინებინათ. იმ დროს საქართველოში მონაზვნური წესით მცხოვრებნი უკვე იყვნენ. მათი აქ ჩამოსვლით კი მოხდა მონაზვნური წესით მცხოვრებთა გამრავლება, "უდაბნოების ქალაქებად ქცევა". ისინი, მოძღვრის კურთხევით, ქართლ-კახეთში გაიფანტნენ.
ღირსი მამა იოსები ალაზნის ჭალაში გაუვალ უღრან ტყეში მოვიდა და დაემკვიდრა.
სახელი "ალავერდი", ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ადგილმდებარეობასთან არის დაკავშირებული. ზოგი მას აქ გავრცელებული ბალახის სახელს უკავშირებს.
ერთხელ ღირს მამა იოსებს ტყეში გადაეყარა სანადიროდ გამოსული ადგილობრივი მთავარი. მაშინ გაცხადდა მისი აქ ყოფნა და დაიწყო მასთან ერთად ცხოვრების მსურველთა მოსვლა. ასე დაარსდა მონასტერი. აშენდა მცირე ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისა, დაარსდა საეპისკოპოსო კათედრა და პირველი მღვდელმთავარი ღირსი მამა იოსებ ალავერდელი გახდა. ის იყო მონასტრის პირველი წინამძღვარიც. მას შემდეგ იწოდებიან ალავერდელი მღვდელმთავრები ამბა ალავერდელად, როგორც მონასტრის წინამძღვარნი. XI საუკუნეში, კახეთის მეფე კვირიკე დიდის დროს, აშენდა ეს დიდებული ტაძარი, რომელიც მნახველს განაცვიფრებს თავისი სიდიადით, სილამაზით, სიმსუბუქით, გრანდიოზულობით. კახეთის შემოერთების შემდეგ დავით აღმაშენებელმა გუმბათი დაადგა და დაასრულა ტაძარი. ამის გამო ალავერდი ერთიანი საქართველოს სიმბოლოდ იქცა. ალავერდიდან დაიწყო კახეთის აჯანყება სპარსელების წინააღმდეგ ბიძინა, შალვა და ელიზბარის მეთაურობით და განიდევნენ სპარნი. ამიტომ არის ასე ძვირფასი ქართველისთვის ალავერდი.
ბევრი სიწმინდე ინახება ალავერდში. ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, რომელიც ღირს მამასთან ერთად არის დასვენებული. ბოლო არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა დაადგინა ღირსი მამის საფლავის ადგილი. აქ ტრაპეზის ქვეშ ასვენია დიდმოწამე დედოფალ ქეთევანის წმინდა ნაწილები.
მონასტერმა გამოიარა ლეკიანობა, რუსეთის იმპერიის ბატონობის ხანა, საბჭოთა პერიოდი, რომელიც ყველაზე მძიმე იყო მონასტრისთვის - დარბევა, ძარცვა, დევნა, შევიწროება მონაზვნებისა. საეკლესიო ნივთები, ხატები, ჯვრები და სხვა ძვირფასეულობა მაშინდელი მთავრობის მიერ ყაჩაღურად იქნა გატანილი. ამ მოვლენებს მსხვერპლად შეეწირა მაშინელი ეპისკოპოსი პიროსი, ცემაით მოკლეს იმის გამო, რომ არ დათანხმდა, ნებაყოფილობით ჩაბარების აქტზე ხელი მოეწერა. "ნატანჯი მონასტერიო", - თქვა მეუფესთან საუბარში ერთმა სტუმარმა მეუფემ, რომელიც აქ მოღვაწეობდა ადრე. მართლაც ბევრი ტანჯვა-ვაება გამოუვლია 14 საუკუნის განმავლობაში.
ასეთი მონასტერი დახვდა ამბა ალავერდელ მიტროპოლიტს, მეუფე დავითს 1993 წელს. ყველაფერი თვითდინებაზე იყო მიშვებული. ღირსი მამის დღესასწაული აღინიშნებოდა მონასტრისთვის შეუფერებელი წესით. მონასტრის ეზოში იკვლებოდა საქონელი, იშლებოდა სუფრა, რომელიც ღრეობად იყო ქცეული და ბევრჯერ ჩხუბით მთავრდებოდა.
ხალხს დაკარგული ჰქონდა შეგნება იმისა, თუ როგორ უნდა მოპყრობოდნენ სიწმინდეს და უმეცრებით თავს იდებდნენ დიდ ცოდვას.
***
ეპარქიაში მოსვლის დღიდან მეუფის ყოველდღიური საფიქრალ-საზრუნავი იყო, როგორმე მოეხერხებინა შეცვლა გარშემო მყოფთა ცნობიერებისა. იყო დიდი წინააღმდეგობები. ვერ ხვდებოდნენ, არ ესმოდათ, რისთვის იყო საჭირო ცვლილებები. როცა მეუფე იწოდება ამბა ალავერდელად და წინამძღვარია მონასტრისა, აუცილებელია მონასტრული ცხოვრება. მეუფეს თვრამეტი წლის განმავლობაში ამაზე ზრუნვა არ შეუწყვეტია. ყოველდღიური რუდუნებით, ღვთისადმი ვედრებით და იმედით გადიოდა ყოველი დღე. 2005 წელს თბილისის ნათლისმცემლის მონასტრიდან ალავერდში ორი მონაზონი გადმოიყვანა. დადგინდა ტიპიკონი და იწყო ცხოვრება მონასტერმა თავისი წეს-განგებით.მას შემდეგ მონასტერს არ შეუწყვეტია მოქმედება. ყველაფრის თავიდან დაწყება რთული და ძნელი იყო. მეუფისგან დიდ სულიერ თუ ფიზიკურ შრომას მოითხოვდა, მაგრამ ლოცვით მოზიდული მადლი, ღვთის შეწევნით და ღირსი მამის მეოხებით, ყველა სიძნელეს ძლევდა. ექვსი წლის გამავლობაში ბევრი რამ შეიცვალა სასიკეთოდ.
მოწესრიგდა გარემო, დალაგდა, დაწყნარდა. მონასტრის ცხოვრების წესიც გაიმართა. მონასტერი ცოცხალი ორგანიზმია, ერთობაა მრავალი სულისა ერთ სხეულში. მოვიყვან მეუფის, ჩვენი წინამძღვრის, მინაწერს ერთ-ერთი მორჩილის რვეულზე, რომელიც სრულად გამოხატავს ჩვენი ერთობის არსს, მიზანს და მოწოდებას. "ღვთის შეწევნითა და კურთხევით, ჩვენ ისეთ ცხოვრებას ვიწყებთ, რაზეც მამები ამბობენ - ანგელოზთა სადარი და მტრისა განმაცოფებელი გზა ეკლიანი და ვიწრო უსისხლო მოწამეობის - მორჩილების. "მე გამოგირჩიეთ და არა თქვენ, - ამბობს უფალი, - რომელიც შემომიდგეს, ბნელსა არა ვიდოდეს"... განსაცდელი მრავალია, ბრძოლა - ძნელი. მხედართმთავარი უძლეველი გვყავს - ქრისტე. მას უერთგულე. ჯილდო ერთია, ბრწყინვალე, მათთვის, ვინც დაითმენს"... მოძღვრის ერთგულება გზაა ჩვენი სულის ცხონებისა, რომელიც გადის მის უცილობელ მორჩილებაზე, რათა გვერდით ვედგეთ და ვუმსუბუქებდეთ მას ჯვარს წინამძღვრობისას.
***
ტკივილი და გულისტკენა ბევრი აქვს მეუფეს ჩვენგან, ურჩობით. მონასტერი ოჯახია, სადაც სიხარულიც ბევრია და მწუხარებაც. "ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ეს ყოველივე შეგეძინოს თქვენ". ასე ვცდილობთ ვიცხოვროთ.უფალი ყოველივეს კეთილად და სიბრძნით განაგებს. ყველაფერში მისი ხელი ჩანს - ყოველივეს დროულად გვაძლევს, მწუხარებას მოგვივლენს თუ გვანუგეშებს, სიყმილში გვამყოფებს თუ დაგვაპურებს. უფალი ანუგეშებს მეუფეს იმით, რომ მისი დაფარული სულიერი შრომა და ღვაწლი ხორცს ისხამს და ხილული ხდება. მრავლდება მონასტრის საძმო. სულ ცოტა ხნის წინ ორი მორჩილი აღკვეცა მეუფემ - მამა ზოსიმე და მამა გერასიმე. დაგვიბრუნდა ძმა წასული მონასტრიდან - "დაკარგული კრავი".
იზრდება მონასტერში ყოფნის მსურველთა რაოდენობა. მეუფე არავის უკრძალავს, მონასტერს შეეწიონ რაიმეთი - შრომით, ცოდნით, შეძლებით. მიდგომა მისი ასეთია - საქმე უნდა აკეთოს საქმის მცოდნემ, პროფესიონალმა. ამიტომაც მის წამოწყებულ ყოველ საქმეს - რესტავრაცია იქნება ეს თუ მეღვინეობა, მეფუტკრეობა თუ მემინდვრეობა, მცოდნის ხელი ატყვია.
***
სარესტავრაციო სააგენტოს დაფინანსებით რესტავრაცია ჩაუტარდა საეპისკოპოსო სასახლის უნიკალურ შენობას, აღდგა XI საუკუნის ისტორიული მარანი, სადაც უკვე მეოთხე წელია, ქვევრებში ვარგდება ღვინო ძველი ტრადიციული წესით, რამაც ხელი შეუწყო მხარეში ამ საქმის აღორძინებას. ჩვენმა წარმატებამ ბევრ სპეციალისტს თუ მოყვარულს იმედი გაუჩინა, რომ ამ საშვილიშვილო საქმეს გადაშენება არ ემუქრება. ეკლესია, როგორც ყოველთვის, ეროვნული ღირსების, თვითმყოფადობის დამცველი, დღესაც ამისთვის იღვწის. ის, რომ ეს ყველაფერი აქ დაიწყო და მეუფე უდგას მას სათავეში, კანონზომიერად მიმაჩნია. აბა, სად უნდა დაწყებულიყო ამ საქმის აღორძინება, თუ არა მეღვინეობის ტრადიციულ კუთხეში და მონასტერში.***
არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩნდა VIII-XI საუკუნეების ორი მარანი. მარნის აღდგენაში დაგვეხმარა კომპანია "ბადაგონი". ღმერთმა დალოცოს ეს ხალხი. ასევე გვეხმარებიან ისტორიული, ნანგრევებად გცეული, პალატად მოხსენებული შენობის აღდგენაში, სადაც განთავსდება სიძველეთსაცავი. აქ დაცული იქნება ის საეკლესიო სამსახურო ნივთები, ხატები, რომლებიც წინა საუკუნის დასაწყისში გაიტანეს ჩვენი მონასტრიდან, სხვა ეკლესიებიდან და ახლა სხვადასხვა მუზეუმშია გაფანტული. აქ მათი შენახვის, დაცვის, ტემპერატურული რეჟიმის, კლიმატის დაცვის პირობა შეიქმნება. მოეწყობა სასტუმრო მეცნიერთათვის. იქნება ლაბორატორიები და სახელოსნოები ექსპონატებზე სამუშაოდ. ქალბატონი მეცნიერებისთვის იგეგმება მონასტრის გარეთ სასტუმრო სახლის აშენება. მშენებლობა თითქმის დასრულებულია, მაგრამ ამ საერთო შეჭირვებამ შეგვაფერხა. ღვთის წყალობით, იმედი გვაქვს, ეს საქმეც კეთილად დასრულდება. ***
საქართველო აგრარული ქვეყანაა, ქართველი კაცი ყოველთვის მიწათმოქმედი იყო. მონასტერი ამ საქმიანობის აღორძინებით მაგალითის მიმცემია, რათა ხალხს მოუნდეს, მიუბრუნდეს თავის ძირძველ, მამაპაპისეულ საქმიანობას. მაგალითის მიცემა იყო მეღვინეობის აღორძინება, მონასტერში მარნის აღდგენა, საფუტკრე მეურნეობის შექმნა. სავაჭრო პალატამ თავის ყოველწლიურ შემაჯამებელ კონკურსში ერთ-ერთ გამარჯვებულად დაგვასახელა და 2010 წელს გადმოგვცეს სპეციალური დიპლომი მაღალესთეტიკური მეურნეობის შექმნისთვის. უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტმა ილია II-მ, მეუფე დავითი საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის ცენტრის თავჯდომარედ დანიშნა ამ მიმართულებით მისი ენერგიული მუშაობის გამო.
ვცდილობთ, დავნერგოთ მეფუტკრეობაში თანამედროვე მეთოდები, ოღონდ ჩვენთვის მისაღები და საჭირო. საფუტკრე მეურნეობას ჰქვია "თაფლიკაცი". აქ დასაქმებულნი არიან ერის ადამიანები, მრევლი. გვაქვს თანამედროვე მოწყობილობა, დანადგარები, თაფლის დასაწური, ცვილის გამოსარჩევი, ფიჭის საბეჭდი. საფუტკრეში ვგეგმავთ შეხვედრებს მეფუტკრეებთან, სკოლის მოსწავლეებთან, შემეცნებით ტურებს. მუშავდება მეფუტკრეობის ელექტრონული პროგრამა, რომელიც შეუმსუბუქებს შრომას მეფუტკრეს და უფრო ნაყოფიერს გახდის მას.
მოგვყავს მარცვლეული კულტურები. ვცდილობთ ქართული ჯიშების დანერგვას და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის დამზადებას. ვფიქრობთ მებაღეობის, მეხილეობის განვითარებას. აქაც აქცენტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე იქნება. ვგეგმავთ მესაქონლეობას. მეუფისთვის მთავარია, კარგი მაგალითი მივცეთ სხვებს. თუ ბევრი მოგვბაძავს, ეს ჩვენი საერთო გამარჯვება იქნება.
მონაზვნისთვის კი მთავარი საქმე სულიერი, დაფარული ღვაწლია, საკუთარ ცოდვებზე ტირილია. ღმერთმა ეს შეგვაძლებინოს.