პიროს ბრეთელი
იოანე ზედაზნელის მიერ მამათა "განტევების" შემდეგ ბრეთი ერთ-ერთმა ცამეტ ასურელ მამათაგანმა წმინდა პიროსმა აირჩია სამოღვაწეოდ.
მცირე ეკლესიის აგებაც მისი ღვაწლის ნაწილია. ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ "დვანის წყლის აღმოსავლეთით არს ბრეთის მონასტერი, უგუნბათო, რომელ ქმნა პიროს იგ (13) მამათაგანმა და დაფლულ არს იგიცა მუნვე. არს აწ ხუცის ამარ". დიდი მამისადმი სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად ხალხი საყდარს მამა პიროსის ეკლესიას უწოდებს.მამა პიროსმა ბრეთი ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო ცენტრად აქცია. სწორედ ბერებისა და მონასტრის არსებობას უკავშირდება სოფლის სახელწოდება - ბერეთი-ბრეთი. სოფლის ცენტრში, პიროსის ეკლესიის გვერდით, დგას VIII-IX ს.ს-ის წმინდა გიორგის სახელობის საყდარი. მის მახლობლად მიკვლეულია ნასოფლარი. ცნობილია ბრეთის XI ს-ის ვერცხლის საომარი ჯვარი და XIII ს-ში ტყავზე შესრულებული სახარება. ტაძრის დიდი სიწმინდეა წმინდა პიროსის საფლავი.
ტოპონიმი ბრეთი აქ მონასტრის დაარსების შემდეგდროინდელია. ბრეთი ბერეთიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ეს კი, თავისთავად, მონასტრის სიდიდეზე, ბერთა სიმრავლეზე მიგვანიშნებს. თუმცა ეკლესიის ირგვლივ დღეს სხვა სამონასტრო ნაშთების კვალი არსად ჩანს, მაგრამ ადრე აქ "საძმო სამარხები" ყოფილა.
დღეს არსებული ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია VIII-IX ს.ს-ისაა. თუმცა იგი ერთბაშად არ აუგიათ. მისი ჩრდილო მინაშენი თავდაპირველად მამა პიროსის ეკლესიას (ეკვდერს) წარმოადგენდა. სწორედ ის უნდა ყოფილიყო პიროსის დროინდელი. ეს მცირე ზომის ერთნავიანი ნაგებობა ადრევე დანგრეულა, მაგრამ მისი ნაშთები მაინც შეუნარჩუნებიათ, შეუკეთებიათ და დაუკავშირებიათ ძველისთვის.
ბრეთის სავანემ კომუნისტური რეჟიმის დროს შეწყვიტა ფუნქციონირება. ტაძარი სურსათის საწყობად გადააქციეს. XX ს-ის ბოლოს წმინდა პიროსის ეკლესიის სახურავი ჩამოიქცა, ინტერიერი მიწითა და ქვით ამოივსო.
ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის იობის ლოცვა-კურთხევით, 1997 წელს ბრეთის წინამძღვრად არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი) დაინიშნა. მამა ზაბულონის ძალისხმევით, სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა - გაიწმინდა და მოეწყო ტაძრის ეზო. ეკლესიის გარშემო შემოიჭრა მიწა და ფართო გარშემოსავლელი გაკეთდა. მონასტერი დამშვენდა რიყის ქვის გალავნით, ჩაიდგა კრამიტის სახურავიანი ძველქართული ჭიშკარი, აშენდა სამრეკლო.
გაიწმინდა ტაძრის შიდა სივრცე, აღდგა ჩაქცეული კამარები და დარღვეული კედლის წყობა, იატაკი ფილებით დაიფარა, ძვირფასი ქვით მოპირკეთდა წმინდა პიროსის საფლავი. ტაძარი მოიხატა კიდეც. 1998 წელს გაიხსნა დიდი ტაძარი. ამ ტაძრისთვის საგანგებოდ დაიწერა წმინდა გიორგის ხატი, რომელშიც დიდმოწამის მუხლის ძვლის ნაწილია ჩაბრძანებული. განახლდა ასევე წმინდა პიროსის ეკლესიის ტრაპეზი.
***
2003 წლის 14 აგვისტოდან ბრეთში დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. ოთხი წლის განმავლობაში საცხოვრებელი შენობის უქონლობის გამო მონასტერი ერთ-ერთი სოფლის მკვიდრის მიერ დათმობილ სახლში ფუნქციონირებდა. მოგვიანებით მონასტერს საკუთარი შენობა გადაეცა. კეთილმოეწყო საცხოვრებელი, მოწესრიგდა ეზო და რიყის ქვის მაღალი გალავნით დამშვენდა.ამჟამად დედათა მონასტერში ხუთი წევრი მოღვაწეობს. წინამძღვარი, მონაზონიAანგელინა (2003 წლიდან მორჩილი ლია მონასტრის კეთილმოწესედ განაწესეს, 2004 წლის 23 დეკემბერს აღიკვეცა მონაზვნად ანგელინას სახელით და დადგინდა მონასტრის წინამძღვრად. წელს, 27 იანვარს, ოქროს ჯვრის ტარების უფლება მიანიჭეს), მონაზონი ნეონილა, მონაზონი თომაიდა, მონაზონი დინარი, მორჩილი ქეთევანი.
მონასტერში ფუნქციონირებს ძველი ქართული საეკლესიო გალობისა და ხელსაქმის შემსწავლელი წრეები. ქარგვის, ქსოვისა და ჭრა-კერვის შესწავლა ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია. დედების სურვილია, რომ მომავალში მონასტერში გაფართოვდეს თექის შესწავლა, შეიქმნას ქვის მოზაიკისა და მედავითნეობის წრეები. ღვთის წყალობით, მომავალში აშენდება ახალი სენაკები, გაფართოვდება სატრაპეზო. ტაძარში ჩაშენებული სამრეკლოს ნაცვლად, გალავნის წყობაში კარიბჭე-სამრეკლო აღიმართება.
წმინდა პიროს ბრეთელის მიერ დაფუძნებულ მადლიან მონასტერში დედების მიერ აღვლენილი ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს.