დავით გარეჯელი
დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი თბილისიდან 60 კმ-ზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეს, მდინარე მტკვარსა და იორს შორის მდებარეობს.
კლდის შიშველ მასივში გამოკვეთილ რამდენიმე მონასტერს შორის დავითის ლავრას განსაკუთრებული ადგილი უკავია. არსებობს გადმოცემა, რომ საჩოთირო ისტორიის შემდეგ მამა დავითს დაუტოვებია თბილისი და თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად გარეჯის უდაბნოს მაღალი და შიშველი კლდეებით გარშემორტყმულ მღვიმეში დაყუდებულა.
"აქ პეიზაჟი დრო-ჟამის მიღმაა. მესამე ათასწლეულის ზღურბლზე იგი ალბათ არ განსხვავდება იმისაგან, რაც შოთა რუსთაველს შეეძლო დაენახა ჯირითის დროს. ყვავილებით მოფენილ ველს გადავივლით თუ არა, ძველ და წმინდა ადგილს, დავითგარეჯის ლავრას მივადგებით. ეს ღვთის მადლით მოსილი ერთ-ერთი ადგილია, სადაც აღმოსავლური ბერმონაზვნობის სულიერება ვლინდება", - წერდა დავითგარეჯის მონასტრის სილამაზითა და განუმეორებელი პეიზაჟით აღტაცებული ფრანცისკელი არქეოლოგი მიქელე პიჩირილო.
მონასტრული აგლომერატი გამოკვეთილია ოდესღაც დაცურებული და შუაზე გაპობილი წინა ქედის ორი გიგანტური ქვიშიანი პლატფორმისგან, რომელთა შორისაც დატოვებულია სივრცე დატერასებული ბაღისა და ქვიშნარის ორი დიდი ზოლის კლდოვან კალთებზე გამოჭრილი სენაკებისთვის.
სენაკები და კლდის პატარა სამლოცველოები ერთმანეთს ქვაში ნაკვეთი კიბეებით უკავშირდება. სამონასტრო კომპლექსი შიგნიდან ერთ ნაწილში მაღლივი კოშკით გამაგრებული გალავნის კედლითაა ჩაკეტილი, რომელიც თავშესაფარს წარმოადგენს შორიდან მოსულთათვის.
დღეს აქ ბერმონაზონთა მცირერიცხოვანი ჯგუფი შრომობს, რათა კვლავ საცხოვრებლად ვარგისი გახადოს მონასტერი.
საკურთხეველი კლდის თხემზეა მოთავსებული, რათა საერთო წირვაზე ყველას შეეძლოს დასწრება.
კლდეში გამოკვეთილი დავითგარეჯის სამონატრო კოპლექსის ნაწილს წარმოადგენს უდაბნო.
VII ს-ში შაჰ-აბასის შემოსევის დროს დახოცილი ბერების საფლავზე აგებული სამლოცველოების სანახავად მთის წვერამდე უნდა ავიდეთ და გადავხედოთ აზერბაიჯანის დაბლობს, საიდანაც სპარსი დამპყრობლები შემოდიოდნენ. ჩვენ სწორედ იმ წინა ქედზე ვიმყოფებით, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანისგან გამოყოფს.
კლდოვან კედელზე გამოკვეთილ სენაკებში, რომელთა უმრავლესობას მიწისძვრებისგან, მეწყერებისა და მიტოვებულობისგან ფასადი მორღვეული აქვს, ჯერ კიდევ მოჩანს ფრესკები, რომლებიც შიდა კედლებს სახარებისეული ეპიზოდებით და წმინდანთა ფიგურებით ამშვენებდნენ.
როგორც ეკლესიის მამები გვასწავლიდნენ, დავითგარეჯში სამჯერ ჩასვლა იერუსალიმში მომლოცველობის ტოლფასი ყოფილა.
მონასტრულმა ცხოვრებამ ასეთი ხალხური სიმღერაც შემოგვინახა:
"წმინდა დავითის უდაბნო, გამოკვეთილი კლდესაო,
შიგა სუფევენ ბერები, მადიდებელნი ღვთისაო.
წირვა და ლოცვა იმათი, გალობა გერონტისაო".
ლექსში მოხსენიებული გერონტი ვაჩნაძე განუმეორებელი ხმითა და გალობით იყო ცნობილი. იგი XIX ს-ის დასაწყისში, ღრმა მოხუცებული მიიბარა უფალმა.
დავუბრუნდეთ მამა დავითის დროინდელ ისტორიას. გადმოცემის მიხედვით, მოსაგრე მამებისათვის სასწაულებრივი საზრდელი მიუმადლებია უფალს. ოთხშაბათის, პარასკევისა და სხვა მარხული დღეების გარდა, მონასტერში ყოველდღე მოდიოდნენ თურმე ირმები და თავიანთი რძით კვებავდნენ ღირს მამებს. ამიტომ არის, რომ წმინდა დავითის ხატზე ორი ირემია გამოსახული. არ ჩაივლიდა დღე, რომ რაიმე სასწაული არ დაეშვა უფალს, რის გამოც უდაბნოში ყოველდღიურად იზრდებოდა წმინდა დავითის სასწაულმოქმედების მხილველთა რიცხვი, რაც, ბუნებრივია, მის მოწაფეთა და თანამოღვაწეთა რიცხვსაც ზრდიდა. ნინოწმინდიდან უდაბნოში მოსულა მრავალი სათნოებით შემკული ბერი დოდო გარეჯელი, რომელსაც, მამა დავითის კურთხევით, რაკიღა სამლოცველონი და სადგომნი მორწმუნეებს ვეღარ იტევდნენ, კლდის რქაზე აღუმართავს ეკლესია ღვთისმტვირთველ ქალწულ მარიამის სახელზე. ასე აღმოცენებულა ახალი სავანე დოდოს რქა, პირმშო დავითგარეჯის სავანისა.
ცნობილია ისიც, რომ წმინდა დავითს წილად ხვდა ბედნიერება, მოელოცა იერუსალიმის სიწმინდეები, მაგრამ თავისი უღირსების ღრმა შეგრძნებით იგი დიდხანს მდგარა ქალაქის კარიბჭის ზღურბლთან და ვერ გაუბედავს წმინდა ქალაქში შესვლა. გულმხურვალე ლოცვის შემდეგ, უკან დაბრუნებისას, წმინდა მიწიდან სამი ქვის წამოღება დაუპირებია, მაგრამ იმ წუთებში იერუსალიმის პატრიარქს, ელიას, უფლის ანგელოზი გამოსცხადებია და უთქვამს, საქართველოდან ჩამოსულ მამა დავითს თავისი რწმენით იერუსალიმის მთელი მადლი მიაქვსო. პატრიარქმა რამდენიმე კაცი დაადევნა მას და 2 ქვა დაატოვებინე, მესამე ქვა კი ჩამოიტანა და დღესაც საქართველოში ინახება, როგორც უდიდესი სიწმინდე.
ვიდრე მონასტრის დღევანდელ წინამძღვარს გავესაუბრებოდეთ, ვიმოგზაუროთ დროში და მოვუსმინოთ ამ უდაბნოში რამდენიმე საუკუნის წინათ მოღვაწე მღვდელმონაზონ კალისტრატეს, რომელმაც მრავალი საინტერესო ცნობა შემოგვინახა დავითგარეჯის მონასტრის შესახებ.
"წმინდა და საკვირველთ-მოქმედი დავით, როგორც მყუდროების მოყვარე, განშორდა სოფლის შფოთს და ამბოხებას - დაისადგურა ამა ალაგზედ, სადაც იღვწოდა და აღვიძებდა მოწაფეთა მისთა სარწმუნოების გავრცელებისათვის, რომლისა გამო აღშენდა თორმეტი მონასტერი, რისთვისაც იწოდებოდა ადგილი ესე "მრავალ მთის უდაბნოდ".
კაცი უცნობი და უვალი ამ ადგილებში, მომავალი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ამ უდაბნოში თვალუწვდენელი მინდვრებით სიარულის შემდგომ დაინახავს მთის თავზე ოთხ კუთხიან მაღალ საყარაულო კოშკს, კლდეზე ქვითკირით აშენებულს.
მიუახლოვდება რა ამა მთის ძირს, მოულოდნელად შეხვდება გზის პირას მარჯვნივ აღმართულ, კლდეში გამოკვეთილ ერთს სენაკს და სხვა ასავალ ჩაჭრილ კიბეებს და მოკვეთილ ღარებს, ქვემოთ ამისა ნახავს ორ ჭას, ამავე კლდისგან მოკვეთილს, რომლის ამოკვეთილი ღარების ქვემოთ არიან დარგული ნუშის და ატმის ხეები, თავის დროზე მსხმოიარენი.
კაცი მოსული ამ მთის ძირში უეცრად ნახავს დიდ კარს დაკეტილს, აღმოსავლეთისკენ მხედველს, მცირე კედელს და სახლის კუთხეს, ქვითკირით ნაშენსა, და გაოცდება ამგვარ შემთხვევათათვის ამისთანა უდაბურ ალაგზედ.
აქ, შესავალი კარის თავზედ, მიიქცევენ მნახველის ყურადღებას გამოხატულებანი და ამგვარი წარწერილობა ხუცურის ასო-მთავრულით: "განმიხვენით მე ბჭენი სიმართლისა, შევიდე მას შინა და აუარო უფალსა ესე არს ბჭე უფლისა და მართალნი შევლენ მას შინა ქორონიკონს ტპგ" (383).
ამ ქვაზე არის ამოჭრილი სამი ირემი ნუკრიანი, მაგალითი იმისი, რომ უფალმან იცის პირუტყვთაცა - ნადირთაგან გამოზრდა მოშიშთა მისთა, როგორც იზრდებოდა წმინდა დავით და მოწაფე მისი ლუკიანე; როდესაც აქაურმა ცხელმა ჰაერმა გაახმო ის ბალახიც, რომელთაც ეს მამები ხმარობდნენ საჭმელად, მათ მოითმინეს შიმშილი და წყურვილი; მაშინ ღმერთმა მოუვლინა ირმები, ყოველ საღამოს მოვიდოდნენ, როგორც შინაური საქონელი, მივიდოდა ლუკიანე და მოსწველდა მათ; რძეს მიართმევდა წმინდა დავითს, დასახავდა იგი ჯვარს და შედგებოდა ყველად.
აქვე არის ამოჭრილი ერთი არწივი და მის კლანჭებ ქვეშ სძევს თევზი ორაგული, ნიშნად იმისა, რომ როდესაც ამ უდაბნოს მოღვაწე მამებს ერთ ბზობა დღეს არ ჰქონდათ არც თევზი და არც მხალი, მათ მოახსენეს წინამძღვარს, თუ რითი ინუგეშონ ხორცის უძლურებისათვის; მაშინ უბრძანა მამამ ორ ძმას, რომ გავიდნენ ველზე და მოძებნონ მწვანილი მინდვრისა - ერთი წავიდა ჩიჩხიტურის მხრით და მეორე - დოდოს უდაბნოსკენ. მწვანილის ძებნაში ერთი მათგანის წინ დაეშვა არწივი და დააგდო თევზი, ცოცხალი ორაგული. მაშინ ბერმა სიხარულით ხმა უყო ძმასა თვისსა: "თევზი, თევზი!" წინამძღვარს მიართვეს, რომელმაც ბრძანა: "იოანე მახარებელმა გამოგვიგზავნაო". ამ დროიდან უნდა იყოს ხალხში ხმარებული ის, რომ უქონლობის დროს იტყვიან ხოლმე: "იოანე მახარებელი გამოგვიგზავნის".
ამავე ქვაზე არის ამოჭრილი სახე ორი ყორანისა, რომელთაც მიმფრინავთ ნისკარტით მიაქვსთ ვაშლები. ეს არის სახსოვარი იმისა, რომ ამ ლავრაში იდგა მსხმოიარე ვაშლის ხე, მისი ნაყოფისაგან ტრაპეზობდნენ მონასტრის ძმები.
ერთხელაც ყველა ძმა მიხვდა, რომ ვაშლები ჩუმად იკრიფებოდა ხიდან, მაგრამ ვერა გაიგეს-რა. ბოლოს წინამძღვარმა ინება დარაჯის დაყენება, რომელმაც დაინახა, რომ ორი ყორანი მოვიდნენ, მოსწყვიტეს ვაშლები და შეიტანეს ერთ კლდეში; ცნობისმოყვარე კაცმა ისურვა ნახვა იმ ადგილისა, სადაც ყორნებმა შეიტანეს ვაშლები; აღმოჩნდა, რომ იმ კლდეში ყოფილა მოღვაწე დაყუდებული, რომელიც ყორნებისგან საზრდოობდა. სულიერის სიტკბოებით ეამბორნენ ერთმანეთს და დაიწყეს ბაასი ზეციურ ცხოვრებაზედ. შემდგომ ამ ალაგზედაც გამრავლდნენ მოღვაწეები, გამოკვეთეს ეკლესია და სენაკები, წითელ უდაბნოდ წოდებული, რომელიც სამხრეთისკენ, ბერთუბნისა და დავითის უდაბნოს შორის ორ ვერსზედ მდებარეობს. დღესაც არის ძველი, ჩამოქცეული ეკლესია და სენაკები.
ზემოთ ნახსენები კარის ქვაზედ კიდევ არის ამოჭრილი ორი ლომი, ჯაჭვით დაბმულნი. ეს მოგვაგონებს იმას, რომ ღვთისადმი მინდობილთა დათრგუნონ ლომი და ვეშაპი, როგორც დაიმორჩილა წმინდა დავითმა დიდი და საზარელი იგი ვეშაპი, რომელიც იყო ამ უდაბნოს დიდს ქვემო ხევში და რომელმაც შეუჭამა ირემს ნუკრი; ამიტომ წმინდა დავითმა გამოიყვანა ამ ხევიდან ეს საშინელი გველი, რომლის მნახველი ლუკიანე შიშით თავზარდაცემული დაეცა მიწაზედ; მაშინ დავითმა უბრძანა: "მამაო ლუკიანე! რად შეშინდი ერთის ჭიისაგან, რომელიც განგებულებითა ღვთისათა დაიწვა ცეცხლითა".
მღვდელმონაზონი კალისტრატე საინტერესოდ აგვიწერს ბერთუბანს ციცაბო კლდეებზე აგებული ულამაზესი ტაძრებით, დიდებული პალატებითა და ბერების საცხოვრებელი სენაკებით, რომლებიც მაღლიდან ისე გადმოჰყურებენ ახლომდებარე სავანეებს, როგორც "უხილავი მცველი თვალი ზეციური დედოფლისა". მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია ღვთისმშობლის ეკლესიის ფრესკას, რომელსაც ცოცხლად შემოუნახავს "ჩვენი დიდებული თამარ მეფე, მთელი ტანით, გვერდით მისა - შვილი მისი ლაშა-გიორგი ფშაურის ტანის სამოსით". დასანანია, რომ რამდენიმე წელია, რაც ბერთუბანი თავისი უნიკალური ისტორიული ძეგლებით აზერბაიჯანმა მიისაკუთრა და მსოფლიო მნიშვნელობის ამ უძველეს ქართულ ტაძრებთან დღეს ჩვენი მოსაზღვრე სახელმწიფოს სამხედრო ნაწილებია განთავსებული.
ვესაუბრებით დავითგარეჯის ლავრის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ილარიონს (ჭიღლაძე).
- მამა ილარიონ, თქვენი მონასტერი სასაზღვრო ზონაში მდებარეობს, აზერბაიჯანის საზღვართან. რაიმე პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ ამასთან დაკავშირებით?
- ამ ბოლო დროს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ეგ არის, რომ საზღვარი დღემდე დაუდგენელია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რაც თავისთავად დაძაბულობას წარმოშობს. როგორც იცით, ბერთუბანი იქით მხარეს არის დარჩენილი, ჩვენ იქ ვერ შევდივართ, რადგან აზერბაიჯანის სასაზღვრო შტაბია განთავსებული.
- აქეთ მხარეს ხომ არ გადმოდიან მესაზღვრეები, ხომ არ გაშინებენ და შეურაცხგყოფენ?
- წინა წლებში იყო შემთხვევები, როდესაც მათ მოინდომეს ფრესკების დაზიანება, რამდენიმე ადგილას ცდილობდნენ შეემტვრიათ კარები და სხვა, მაგრამ ბოლო ორი წელია, ასეთი რამ აღარ განმეორებულა.
- მონასტერში ამჟამად რამდენი სასულიერო პირია?
- დავითის ლავრაში 3 მღვდელმონაზონი და 4 მორჩილია. ჩვენი მონასტერი სტავროპიგიალურია და უშუალოდ უწმინდესის დაქვემდებარებაშია.
- ამჟამად რა ხდება მნიშვნელოვანი მონასტერში?
- უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, დავიწყეთ აქაური ფლორის შესწავლა. უნდა გამოვიკვლიოთ, რომელი მცენარეები ეთვისება აქაურ გარემოს, რომ ვიზრუნოთ მათ გაშენებაზე. დავითგარეჯი უდაბნოა და განსხვავებით სხვა მონასტრებისგან კლიმატური თავისებურებებით ხასიათდება, აქ ზაფხული ძალიან ცხელია, ზამთარი კი, მართალია, დიდთოვლიანობით არ გამოირჩევა, მაგრამ საკმაოდ მკაცრი იცის. ამიტომ ვინაიდან ჩვენს გარშემო ხე არ ხარობს, უკვე ზაფხულის და შემოდგომის პერიოდიდან ვიმარაგებთ შეშას ზამთრისთვის.
- ბევრი მორწმუნე ამოდის მოსალოცად?
- კი, ამოდიან თავიანთ მოძღვრებთან ერთად, იხდიან პარაკლისს დავით გარეჯელის საფლავთან.
- რამდენადაც ვიცი, გაიწმინდა დავით გარეჯელის საფლავი ამ რამდენიმე წლის წინ.
- დიახ, უწმინდესი ილია მეორე ჩამობრძანდა და გაიხსნა მამა დავითის საფლავი. მის წმინდა ნაწილებს არ შეხებიან, უბრალოდ გადაიღეს ფოტოზე და კინოკამერით. არსებობს კიდევაც მამა დავითის მთლიანი სხეულის ფოტოსურათი, რომელიც დაუნაწევრებელი აღმოჩნდა და ასევე დარჩა მისი საფლავის გაწმენდის შემდეგაც.
- უწმინდესი ხშირად სტუმრობს თქვენს მონასტერს?
- ბოლოს მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეს ბრძანდებოდა. გარეჯობა ყოველ წელიწადს სხვადასხვა დროს აღინიშნება, რადგან გარდამავალია და ყოველთვის ამაღლების მომდევნო კვირის ხუთშაბათს უწევს. ამაღლების მომდევნო კვირის ოთხშაბათს დოდო გარეჯელს იხსენიებს ჩვენი ეკლესია.
- იმ ადგილს, სადაც დოდო გარეჯელი მოღვაწეობდა, რატომ უწოდებენ დოდოს რქას?
- დოდო გარეჯელი წმინდა დავითის თანამოღვაწე იყო. როგორც ვაზს გამოაქვს რქა, დოდო გარეჯელმაც ასევე გამოიღო რქა დავით გარეჯელის მოღვაწეობის მეშვეობით, და ამიტომაც ეწოდება იმ ადგილს დოდოს რქა.
- მადლობას მოგახსენებთ, რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბროდ.