წმინდა ბასილი დიდი
14 იანვარს (ძველი სტილით - 1-ლი იანვარი) ქრისტიანული ეკლესია წმინდა ბასილი დიდის ხსენებას აღნიშნავს.
მართლმადიდებლობის სვეტი, ეკლესიის ღმრთივსულიერი მოძღვარი ბასილი დიდი კეთილშობილი და მართლმორწმუნე მშობლების შვილი იყო. იგი დაიბადა კაპადოკიის ქალაქ კესარიაში დაახლოებით 330 წელს, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს. მამამისსაც ბასილი ერქვა, დედას - ემილია. სარწმუნოების პირველი თესლი ბასილის სულში ბებიამ, მაკრინემ ჩააგდო. წმინდა ბასილი დიდის მამა მჭევრმეტყველებისა და ფილოსოფიის მასწავლებელი იყო. იგი ქრისტიანობის გარდა საერო მეცნიერებებსაც ასწავლიდა შვილს. 14 წლის ბასილის მამა გარდაეცვალა და ორი-სამი წელი ნეოკესარიის მახლობლად, ქალაქგარეთ გაატარა ბებიის, მაკრინეს მამულში, რომელიც შემდგომში მონასტრად გადაკეთდა. აქედან ბასილი ხშირად დადიოდა კესარიაში დედისა და და-ძმის მოსანახულებლად.
მაკრინეს სიკვდილის შემდეგ 17 წლის ბასილი კესარიაში დაბრუნდა და სხვადასხვა მეცნიერების შესწავლას შეუდგა. მალე კონსტანტინოპოლს გაემგზავრა, სადაც იმ დროს გამოჩენილი სოფისტი ლიბანიოსი ცხოვრობდა, მაგრამ არც იქ გაჩერებულა დიდხანს - ათენში გადავიდა, რომელიც მთელი ელინური სიბრძნის დედად ითვლებოდა. აქ იგი სახელგანთქმულ წარმართ მასწავლებელს, ევბულეს და სხვა ცნობილ რიტორებს უსმენდა. ამ დროს ბასილი უკვე 26 წლისა იყო. ათენში მან მხოლოდ ორი გზა იცოდა: ეკლესიისა და სკოლის. აქვე დაუმეგობრდა გრიგოლ ღვთისმეტყველს, რომელიც იმ დროს ათენში სწავლობდა. მათ ძმებივით შეიყვარეს ერთმანეთი და ეს სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვათ. ბასილიმ შეისწავლა გრამატიკა, რიტორიკა, ასტრონომია, ფილოსოფია, ფიზიკა, მედიცინა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მაგრამ იგრძნო, რომ საერო განსწავლულობა ქრისტიანული სურლყოფის მაძიებელს ბევრს ვერაფერს მისცემდა, ამიტომ გადაწყვიტა იმ ქვეყნებში გამგზავრებულიყო, სადაც ქრისტიანი მოღვაწეები ცხოვრობდნენ და მათგან ესწავლა ქრისტიანობა - მეცნიერებათა მეცნიერება.
ამრიგად, გრიგოლი ათენში დარჩა და უკვე თვითონ ასწავლიდა რიტორიკას. ბასილი კი ეგვიპტეში გაემგზავრა, სადაც იმხანად ბერმონაზვნობა ყვაოდა. აქ იგი არქიმანდრიტ პორფირის სახლში საღვთისმეტყველო თხზულებათა მდიდარ ბიბლიოთეკას წააწყდა და მთელი წელი ღვთისმეტყველების შესწავლაში გაატარა. ეგვიპტეში ბასილიმ გაიცნო მრავალი დიდი მოღვაწე: მაკარი დიდი და მაკარი ალექსანდრიელი, პაფნუტი, პავლე და სხვები. ეგვიპტიდან პალესტინასა და მესოპოტამიაში გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად და იქაურ მოღვაწეთა ცხოვრების გასაცნობად, მაგრამ გზად ათენში შეიარა - სურდა, ენახა თავის მასწავლებელი ევბულე, ქრისტეს სჯულზე მოექცია იგი და ამით გადაეხადა ის სიკეთე, რაც მას გაუკეთა.
ევბულეს ბასილი ქალაქგარეთ წააწყდა, სადაც იგი სხვა ფილოსოფოსებს რაღაც მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრებოდა. ბასილის არ გაუმჟღავნებია თავისი ვინაობა, ისე ჩაება კამათში, სადავო საკითხიც გადაჭრა და ახალი კითხვაც დაუსვა ყოფილ მასწავლებელს. მსმენელებს გაუკვირდათ, ვინ უნდა ბედავდეს სახელგანთქმულ ევბულესთან პაექრობასო. ამაზე ევბულემ თქვა: ეს ან რომელიმე ღმერთია, ანდა ბასილიო.
მაშინ ბასილიმ გაუმჟღავნა თავისი ვინაობა, ევბულემ კი გაუშვა მოწაფეები და ბასილი შინ მიიწვია, სადაც სამი დღე საუბარში გაატარეს, ხშირად ჭამა-სმაც ავიწყდებოდათ. ევბულემ ჰკითხა ბასილის, შენი აზრით, რა არის ფილოსიფიის არსიო. "ფილოსოფიის არსი, - მიუგო ბასილიმ, - არის ის, რომ ადამიანს სიკვდილის ხსოვნას ანიჭებს". ბასილიმ მასწავლებელი დაარწმუნა, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა. ევბულემ ბასილისთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტა. მათ გაყიდეს თავ-თავიანთი ქონება და იერუსალიმისკენ გაემგზავრნენ. ანტიოქიაში ბასილიმ მოინახულა თავისი მასწავლებელი ლიბანიოსი. ლიბანიოსმა ყურადღებით მოუსმინა და თქვა: ჯერ არ მოსულა ამ სიტყვის მიღების დრო, მაგრამ დადგება ჟამი, როდესაც ქრისტიანობას წინ ვერაფერი აღუდგებაო.
იერუსალიმში მათ მოილოცეს წმინდა ადგილები, შემდეგ კი წარუდგნენ ეპისკოპოს მაქსიმეს და სთხოვეს, იორდანეში მოენათლა ისინი. მაქსიმემ აღასრულა თხოვნა. ბასილი და ევბულე ერთი წელი დარჩნენ იერუსალიმში, მერე კი ანტიოქიაში გაემგზავრნენ, სადაც მთავარეპისკოპოსმა მელეტიმ ბასილი დიაკვნად აკურთხა.
ცოტა ხნის შემდეგ ბასილი ევბულესთან ერთად კაპადოკიაში დაბრუნდა. როდესაც კესარიას მიადგნენ, მთავარეპისკოპოს ლეონტის ეჩვენა, რომ ქალაქს უახლოვდებოდა კაცი, რომელიც შემდგომში მისი მთავარეპისკოპოსი გახდებოდა. ლეონტიმ უხმო მთავარდიაკონს, ეპისკოპოსებსა და რამდენიმე მორწმუნეს და სთხოვა, ქალაქის აღმოსავლეთ კარიბჭესთან დახვედროდნენ და პატივით მიეგვარათ მისთვის ორი მგზავრი, რომლებიც ქალაქში შემოვიდოდნენ. მათ შეასრულეს მღვდელმთავრის ბრძანება და მიეგებნენ ევბულესა და ბასილის. ლეონტი განაცვიფრა მათმა ნახვამ - სიზმარში სწორედ ეს ორი კაცი იხილა. მთავარეპოსკოპოსი ესაუბრა მგზავრებს და გაოცებული დარჩა მათი სიბრძნით. სტუმრები თავისთან დაიტოვა და განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდა, თუმცა ბასილი აქაც ისეთივე ცხოვრებას განაგრძობდა, როგორიც ეგვიპტისა და პალესტინის მონაზვნებისგან ისწავლა.
ლეონტის შემდეგ კესარიის მთავარეპისკოპოსი გახდა ევსევი, რომელმაც ბასილი მღვდლად აკურთხა. ბასილი მთელ ნიჭსა და შრომას ამ მსახურებას ახმარდა, დაუღალავად ქადაგებდა, ბევრს ზრუნავდა თავისი სამწყსოსთვის და მალე ისეთი დიდება მოიხვეჭა, რომ თვით მთავარეპისკოპოსი დაჩრდილა. ამ უკანასკნელს შურმა სძლია და მტრულად დაუწყო ყურება ბასილის. ეს რომ შეიტყო, ბასილიმ მიატოვა კესარია და პონტოს მონასტერში დაიწყო მოღვაწეობა, სწორედ იქ, სადაც ადრე ბებიამისის, მაკრინეს მამული იყო. ეს განმარტოებული და მყუდრო ადგილი ისე მოეწონა, რომ გადაწყვიტა, სამუდამოდ იქ დარჩენილიყო. იგი მკაცრად მოღვაწეობდა, მხოლოდ პურითა და წყლით საზრდოობდა, მანტიის ქვეშ ძაძები ეცვა, რათა მისი მოღვაწეობა კაცთათვის სახილველი არ ყოფილიყო. ასეთი მარხვით ბასილი გახდა და დაუძლურდა. არასოდეს ანთებდა ცეცხლს.
მონასტერში სხვა ბერებიც შემოიკრიბა, მათ შორის თავისი მეგობარი, გრიგოლ ნაზიანზელი. აქ ისინი ერთად ლოცულობდნენ, ერთად კითხულობდნენ საღვთო წერილს და წმინდა მამათა ნაწერებს, აქვე დაწერეს მონასტრული ცხოვრების წეს-განგება, რომელსაც დღესაც ეყრდნობა აღმოსავლეთის ეკლესია. ბასილი და გრიგოლი ფიზიკურადაც შრომობდნენ: შეშა მოჰქონდათ, ქვებს ამუშავებდნენ, ნაკელი გაჰქონდათ, შრომით ხელები დაეკოჟრათ. მათ სამყოფელს არც სახურავი ჰქონდა, არც ჭიშკარი, პური კი ყოველთვის ისეთი ძველი ჰქონდათ, რომ ძლივს ღეჭავდნენ.
მაგრამ დადგა დრო, როდესაც ორივეს მოუხდა მონასტრის დატოვება ეკლესიის საჭიროებისთვის, რომელსაც იმ დროს მწვალებლური განხეთქილებები არყევდა. გრიგოლი, მამის თხოვნით, ნაზიანზში გაემგზავრა. ბასილი კი ევსევიმ მიიწვია კესარიაში, სადაც არიანელები მძლავრობდნენ. ბასილი ჩავიდა კესარიაში და მაშინვე შეუდგა დაუღალავ მოღვაწეობას მართლმადიდებლობის დასაცავად: თავისი ქადაგებებითა თუ თხზულებებით ებრძოდა არიოზის ცრუ მოძღვრებას.
მალე ევსევი აღესრულა და მთავარეპისკოპოსის ტახტზე ეპისკოპოსთა კრებულმა ბასილი დაადგინა. ბასილი წარმატებით მართავდა ქრისტეს ეკლესიას. მას სიცოცხლეშივე მიაგებდნენ უდიდეს პატივს, როგორც ღმრთივგანბრძნობილ მამას, სამწყსოსთვის მზრუნველ მღვდელმთავარს და მრავალი საღვთისმეტყველო შრომის ავტორს.
ბასილი დიდი რვა წელი მართავდა კესარიის ეკლესიას. მას ჯანმრთელობა ისედაც სუსტი ჰქონდა და მკაცრმა მოღვაწეობამ კიდევ უფრო შეურყია. მალე ბასილიმ აღსასრულის მოახლოება იგრძნო. კესარიაში ცხოვრობდა ერთი ებრაელი ექიმი, იოსები. ის შეუცდომლად არკვევდა ავადმყოფის გარდაცვალების დროს 3-5 დღით ადრე. ბასილის ძალიან უყვარდა იგი, ხშირად იწვევდა სასაუბროდ და ურჩევდა, ქრისტეს სჯულზე მოქცეულიყო, მაგრამ იოსები უარზე იდგა და ამბობდა, რა სჯულისაც დავიბადე, იმ სჯულისა მინდა მოვკვდეო. მაშინ ბასილიმ უთხრა: "მერწმუნე, შვილო, არც მე და არც შენ არ მოვკვდებით, ვიდრე წყლისა და სულისგან არ იშვებიო". სწორედ მას უხმო ბასილიმ სიკვდილის წინ და ჰკითხა, - რას იტყვიო. ექიმმა უპასუხა, მზის ჩასვლამდე აღესრულებიო. ბასილიმ მიუგო, - რას იზამ, ხვალამდე რომ ვიცოცხლოო? ეს შეუძლებელია და თუ ასეთი სასწაული მოხდა, შევასრულებ შენს სურვილს და ნათელვიღებო. ბასილი ევედრა უფალს, დილამდე გაეგრძელებინა მისთვის სიცოცხლე. დილით იოსებს ცოცხალი დახვდა. იოსები მუხლებზე დაემხო და აღიარა, რომ ქრისტე ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია და სთხოვა ბასილის, მეც და მთელი ჩემი ოჯახიც ეკლესიის წევრებად მიგვიღეო. ბასილიმ თვითონ ჩაატარა უკანასკნელი ლიტურგია და მონათლა იოსები, რომელსაც იოანე უწოდა, მერე ყველა დალოცა, დაემშვიდობა, მადლობა შესწირა ღმერთს ყოველივესთვის და მშვიდობით აღესრულა 379 წლის 1-ლ იანვარს, იმპერატორ გრაციანეს მმართველობის დროს, 49 წლისა. იგი დიდი პატივით დაკრძალეს. ყოველი მხრიდან მოდიოდნენ არა მარტო ქრისტიანები, არამედ იუდეველები და წარმართებიც.
ბასილი დიდის თავი ათონის მთაზე, ათანასე დიდის ლავრაშია დასვენებული, სხეული კი ჯვაროსნებმა წაასვენეს ფლანდრიაში, მაგრამ ამჟამად მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის.
"დიდი", "ეკლესიის დიდება და მშვენება", "სოფლის თვალი და მნათობი" - ასე განადიდებდნენ წმინდა მღვდელმთავარს მისი თანამედროვენი და მომდევნო თაობები.
მე-4 საუკუნეში წმინდა ბასილი დიდმა წერილობით ჩამოაყალიბა ლიტურგიის სახე. იგი იაკობ მოციქულის ლიტურგიის შემოკლებული ვარიანტია. წმინდა იოანე ოქროპირმა, იმის გამო, რომ კონსტანტინოპოლის მცხოვრებლები იღლებოდნენ წმინდა ბასილი დიდის ლიტურგიის ხანგრძლივობით, შემოიღო შემოკლებული მსახურება. წმინდა იოანე ოქროპირის ლიტურგია მართლმადიდებლურ ტაძრებში მარხვის გარდა მთელი წლის განმავლობაში აღესრულება. დიდმარხვაში იგი მხოლოდ შაბათობით, ხარებასა და ბზობის კვირაში ტარდება. წელიწადში ათჯერ სრულდება წმინდა ბასილი დიდის წირვა, მათ შორის წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეს.