ქრისტიანობა მიწიერი დიდებისგან განშორებაა. ქრისტიანობა თავმდაბლობაა
მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა გიორგის დღესასწაულს წლის განმავლობაში ორჯერ აღნიშნავს:
6 მაისს - წმინდა გიორგის გარდაცვალების დღეს და 23 ნოემბერს - ბორბალზე წამების დღეს.ჩვენთვის წმინდა გიორგი აღმატებული წმინდანია. წმინდა გიორგი - ქართული მებრძოლი ქრისტიანობის კულტია. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები: "მებრძოლი ქრისტიანობა ქართული კულტურის შინაგან თვისებას ასახავს, რაც წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის განგმირვაშია ხორცშესხმული".
***
"ქართველობა გააერთიანა ქრისტიანობამ, კერძოდ, წმინდა გიორგის კულტმა. სამურზაყანოდან საინგილომდე ყველგან მისი ტაძრებია, ყველგან თაყვანს სცემენ მას. მართლაც და რა უნდა იყოს უფრო დიდი ემბლემა ჩვენი ერის სულისა, ვიდრე თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, ვეშაპის განმგმირველი?"***
"ქრისტიანული წმინდა გიორგი ისტორიულად არსებული პიროვნებაა და ამავე დროს, არის მიწიერი სახე იმავე სულიერი არსებისა, მიქაელ მთავარანგელოზისა, დრაკონის დამთრგუნველი. ეს სახე და ეს კულტი იყო ყველაზე მახლობელი ქართული მოდგმისათვის. საქართველოში ქრისტიანობამ მიიღო გიორგიანობის სახე".***
"ქართველისათვის წმინდა გიორგი სიმბოლოა მებრძოლი ქრისტიანობისა, სიმბოლო თავად ღვთისა, ძალისმიერ, მებრძოლ ასპექტში, ბოროტების დამთრგუნველ ასპექტში. წმინდა გიორგიმ ქართველი ხალხის წარმოსახვაში შეიერთა ყოველივე ის საუკეთესო, რაც მოიტანა ქრისტიანობამ".***
"ქართული ქრისტიანობა, თავისი არსით, არის სამხედრო ქრისტიანობა. ეს არის მოყმეთა, მებრძოლთა ქრისტიანობა და ასევე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის ერთი მთლიანი სულიერი ორდენი წმინდა გიორგისა".***
"წმინდა გიორგი თვით საქართველოს სიმბოლოა, გამუდმებით მტერთან მებრძოლის, ბნელეთის ძალებზე გამარჯვებულის".***
"ქართული ცნობიერების საფუძველია ქრისტიანულ ღირებულებათა პრიორიტეტი, სულიერის მატერიალურზე მაღლა დაყენება, ღვთის და ერისათვის თავგანწირვა და მარტვილობა, ქრისტიანული რაინდობა. ამ მახასიათებლების მიხედვით უწოდეს უცხოელებმა ქველ ქართველებს გეორგიანნი, რამეთუ საქართველოს აღიქვამდნენ როგორც წმინდა გიორგის ერთიან ორდენს. ეს არის ჭყონდიდლურ-აღმაშენებლური მსოფლმხედველობა".***
"ქართული ცნობიერების ხატია წმინდა გიორგი, ბოროტების ძალთა წინააღმდეგ ამხედრებული. ამიტომ არის იგი გერბი საქართველოსი. ეს არის მოწამეობრივი იდეალის მსახურება, მებრძოლი სიკეთე, მებრძოლი ქრისტიანობა... სწორედ ამიტომ შეერთდნენ და შეკავშირდნენ დღეს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტების მსოფლიო ძალები. ამიტომ ცდილობენ ისინი დღეს საქართველოს სულიერად დაპყრობას, მის გადაგვარებას და განადგურებას".***
რას ნიშნავს "თეთრი გიორგი" და წმინდა გიორგის სახელობის რამდენი ეკლესიაა საქართველოში? ამ კითხვაზე სიონის ტაძრის დეკანოზი ამირან ამირანაშვილი მოგვიგებს:- წმინდა გიორგი მართმადიდებლური სამყაროს, მართლმადიდებლური სამოციქულო, ჩვენი კათოლიკე ეკლესიის, მსოფლიო მართლმადიდებლების და ზოგადად ქრისტიანების უდიდესი წმინდანია. წმინდა გიორგი იმპერატორის კარზე მხედართმთავარი იყო. მას, როგორც ნიჭიერ ადამიანს, ყველა მონაცემი ჰქონდა იმისა, რომ ყველაზე წარჩინებული მამაკაცი ყოფილიყო, მაგრამ წმინდა გიორგიმ ჭეშმარიტების, რწმენის და ქრისტიანობის გზა აირჩია.
გიორგის იმპერატორი საკუთარ ტახტსაც კი სთავაზობდა. თუ დიოკლეტიანეს ქალიშვილს შეირთავდა, ის ბუნებრივად დიდი იმპერიის მმართველი გახდებოდა. ამით კი იმპერატორს ქრისტიანობასთან ბრძოლაში დაეხმარებოდა. მაგრამ პირიქით მოხდა. ქრისტიანობასთან ვითომდა მებრძოლი გიორგი ქრისტიანობის დამცველ წმინდა გიორგიდ გადაიქცა.
ამიტომ იმპერატორმა წმინდა გიორგის განსაცდელები მოუწყო. მისი სამაგალითოდ დასჯისათვის შეიქმნა წამების ისეთი იარაღები, რომლებსაც კაცობრიობა არც კი იცნობდა.
საოცრება ის იყო, რომ ყოველი აღსრულებული მოწამებრივი აქტის შემდეგ, როდესაც წმინდა გიორგი სისხლისგან დაცლილი და მკვდარი ეგონათ, აღმდგარი და მთელი სხეულით ხვდებოდათ - ცეცხლშენთებულ მოთუხთუხე კუპრით სავსე ქვაბში ჩაუშვებდნენ ცოცხალ კაცს, ის კი უვნებელი რჩებოდა. გამოიგონეს საწამებელი ბორბალი, რომელზეც დანები სხვადასხვა მხარეს იყო განლაგებული. თითქმის გაშიშვლებული წმინდა გიორგი ჩამოკიდებული ჰყავდათ, დანები კი ქვემოდან სერავდნენ, სისხლისგან იცლებოდა და ეწამებოდა. ყოველი ასეთი წამების შემდეგ წმინდა გიორგი სულთან ერთად აღმდგარი და გამთლიანებული ხვდებოდათ.
ამის შემხედვარე ათასობით ადამიანი მოექცა და შეუდგა ქრისტეს გზას. თითქმის ნახევარი იმპერია ქრისტიანად მოინათლა. ამ ღვთაებრივი სასწაულებით წმინდა გიორგიმ დიოკლეტიანე და წარმართული მრავალღმერთიანობა დაამარცხა.
წმინდა გიორგისთვის არ არსებობდა არავითარი მეფური და მდიდრული. შეიძლება გაგვიკვირდეს, როგორ თქვა უარი ამხელა იმპერიაზე. მაგრამ ქრისტიანობა მიწიერი დიდებისგან განშორებაა. ქრისტიანობა თავმდაბლობაა. იგი იყო მონა ღვთისა და არა მონა მეფისა და ვინმე იმპერატორისა. ყველა მართლმადიდებელი ადამიანი თავმდაბალი უნდა იყოს. წმინდა გიორგი ვაჟკაცობის, თავმდაბლობის და თავგანწირვის მაგალითი გახლდათ. მაცხოვარმა გიორგის სახით მოგვცა უდიდესი გმირი. ადამიანი, რომელიც ეძიებდა სიკვდილს ქრისტესთვის და შეეწირა კიდევაც მას.
- ჩვენთან ორი გიორგია. წარმართული თეთრი გიორგი ყოველთვის გვყავდა, არ დაგვიკარგავს. მისგან პატარ-პატარა დეტალები წმინდა გიორგის შეერწყა. ამ ორი გიორგის შერწყმა ნათლად ჩანს ფრესკებზეც. ჩვენი ფრესკოლოგები და ძველი მხატვრები ხატავდნენ თეთრ ცხენზე ამხედრებულ, ხელშუბიან წმინდა გიორგის, რომელიც განგმირავს გველეშაპს - ბოროტების, ცთომილების და უარყოფითი ძალების სიმბოლოს.
***
ქართულ ხატწერაში ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი გახლავთ ის, თუ როგორ არის წმინდა გიორგი ამხედრებული ცხენზე და შუბით ხელში დამარცხებული გველეშაპი მიჰყავს დიოკლეტიანეს ქალიშვილთან, სასახლის წინ. ე.ი. წმინდა გიორგი იმდენად დათრგუნავს ბოროტებას, რომ გველეშაპს კი არ კლავს და განგმირავს შუბით, არამედ მასაც ჩართავს და დადებით კონტექსტში აამოქმედებს და თითქოს კარგი დაცვასავით, მომავალ დედოფალთან მიჰყავს.***
მხოლოდ საქართველოშია ასეთი მიდგომა წმინდა გიორგისადმი. აქ დიდი სიბრძნეა ჩადებული: ქართული აზროვნებისთვის დამახასიათებელია ბოროტების არა მოკვდინება, არამედ ამ ბოროტების სიკეთეში გადაყვანა და დადებით კონტექსტში გამოყენება.- ამბობენ, საქართველოში წმინდა გიორგის სახელობის იმდენი ტაძარია, რამდენი დღეც არის წელიწადშიო. სინამდვილეში ალბათ ბევრად მეტია. თითქმის ყველა სოფელშია წმინდა გიორგის საყდარი. ისეთი სიმრავლე ეკლესიებისა, რამდენიც საქართველოშია, მსოფლიოში არც ერთ მართლმადიდებელ ქვეყანაში არ არის.
ლეგენდის თანახმად, გიორგის სხეული ღმერთმა 360 ნაწილად დაყო და განაბნია. ამ ადგილებში კი აშენდა ტაძრები. მრავალი ისტორიული წყარო (კათოლიკე მისიონერების და რუსი ელჩების ჩანაწერები, ქართველ ისტორიკოსთა თხზულებები) მოგვითხრობს, თითქოს ცხოველები თავიანთი ნებით მიდიოდნენ წმინდა გიორგის ტაძრებში შესაწირავად. თავდაპირველად ირემი მოდიოდა, მაგრამ ადამიანებმა წაბილწეს იგი - გასინჯეს მისი სამსხვერპლო ხორცი და წმინდანმა ირემი ხარით შეცვალა. ამ სიუჟეტში ასახულია უძველესი მითოლოგიური წარმოდგენების ტრანსფორმაცია - ველური ბუნების სულის გარდაქმნა კულტურული მეურნეობის (მესაქონლეობის) მფარველად.
***
წმინდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან უძლიერესთაგანია შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესია. გადმოცემით, ერთხელ, ურჯულო მტრის შემოსევისას, ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი დაბანაკებულა იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმინდა გიორგის ეკლესია იყო აგებული და გულმხურვალედ შევედრებია წმინდა მოწამეს შეწევნას მოსალოდნელ ბრძოლაში. გამთენიისას ყველას უხილავს მთის წვერიდან შურდულივით დაშვებული მხედარი. ამ საოცარ სანახაობას თავზარი დაუცია მომხდურისთვის და გაქცეულა. გამხნევებულ ქართველებს დაუმარცხებიათ მტრის განახევრებული ლაშქარი. ომის შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი ერთიანად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმინდა გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას - შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესიას.***
- საქართველოში ინახება წმინდა გიორგის მუხლის თავი. ადრე იგი სიონში იყო დასვენებული. იმერეთის ბაგრატიონთა მიერ აგებულ ჩხარის წმინდა გიორგის ეკლესიაში ინახებოდა წმინდა გიორგის ნეკი. რამდენიმე წელიწადია, რაც ეს სიწმინდე, სავარაუდოდ, ბათუმის ეპარქიაში გადაბრძანდა. ამაზე ჩხარელებს გული სწყდებათ, მაგრამ თუ ღმერთმა და წმინდა გიორგიმ ინება, ეს სიწმინდე ისევ დაბრუნდება ამ ტაძარში, რომელიც უკვე აღდგენილია.დაცულია წმინდა გიორგის საწამებელი იარაღები - ჯაჭვები, ბორბალი. ძირითადი ნაწილი იტალიაშია. მომლოცველთა თქმით, ამ სიწმინდეების შეხებას უდიდესი სასწაულები მოჰყვება.
წმინდა გიორგის საქართველოში არაერთი ლექსი მიუძღვნეს:
"წმინდაო გიორგი, დიდების მხედარო,
ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი,
შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია,
იხსენი სამკვიდრო შენი გეორგია.
დიდების უფალი მართალთა მწედ არი,
წმინდაო რაინდო, გველი არ დაინდო,
მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!"
უმშვენიერესია ხალხური პოეზიის ეს ნიმუშიც:
"წმინდა გიორგი ცხენზე ზის,
ქვეშ უქრის ნიავქარია,
მხარზედა ჰკიდავნ მათრახი,
სამოცდასამი მხარია.
ვისაც დაუქნევს, დააჩნევს -
ცხენზე დაკრული მწარია.
შამაუარა საყმოთა,
სულ შააგროვა ყმანია,
უგულოს გული ჩაუდგა,
წელზე შააბა ხმალია".
თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, სიმართლისა და გამარჯვების სიმბოლო, ქართველი კაცის სანუკვარი იდეალების გამოხატულებად იქცა. ამიტომ არის მოფენილი საქართველოს ყველა კუთხე წმინდა გიორგის სახელზე აშენებული ეკლესია-ტაძრებით, რომელთა კედლებს ამშვენებენ მისი ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი უძველესი ფრესკები, ოქრო-ვერცხლით მოჭედილი მისი ხატები და უნიკალური ჯვრები. ამიტომ არის, რომ უძველესი დროიდან დაწყებული სულ ბოლო ხანებამდე გრძელდებოდა წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ძეგლების შექმნა. ქართულად ნათარგმნია სხვადასხვა პერიოდში შექმნილი წმინდა გიორგის ოთხი "წამება", სამი შესხმა, შვიდი საგალობელი და სასწაულების რამდენიმე ციკლი. გარდა ამისა, თვით ქართველებსაც შეუქმნიათ წმინდა გიორგის შესახებ ათეულობით პროზაული და პოეტური თხზულება.
ძველ საქართველოში წმინდა გიორგის უდიდესი პოპულარობისა და მისი თაყვანისცემის ყველაზე ნათელი დასტური ის თხზულებებია, რომლებიც ქართველ მწერლებს მიუძღვნიათ მისთვის.
საქართველოში წმინდა გიორგიზე შექმნილი ყველა თქმულება, ლეგენდა, ლექსი თუ პოემა ბიზანტიური მწერლობიდან თარგმნილ თხზულებებს ემყარება. ეს ნაწარმოებები უმეტესად საეკლესიო შინაარსისაა და შექმნილია სასულიერო პირების მიერ.
წმინდა გიორგის კულტი ფართოდაა წარმოდგენილი ჰიმნოგრაფიულ მწერლობაში. საგალობლების რიცხვი ბიზანტიურ მწერლობაში ცამეტია, ხოლო ქართულად ნათარგმნია შვიდი, ერთი შექმნილია იოანე მინჩხის მიერ.