ვისაც ღვთის იმედი გვექნება, გადავრჩებით...
კაპადოკიის წმინდა მიწამ ბევრი წმინდანი უშვა საქრისტიანოს. მათ შორისაა მართალი მამა იერონიმე ეგინელი. იგი სოფელ გელვერში დაიბადა 1888 წელს, რომელიც ერთ-ერთი სულიერი ცენტრი იყო მცირე აზიაში.
ეკლესიებით, კელიებით, ეკვდერებით, მონასტრებით გარშემორტყმული სოფელი ოდესღაც მოსაგრეებით იყო დასახლებული. გელვერის თითოეულ ოჯახში განსაკუთრებული სამლოცველო ოთახი ჰქონდათ, სადაც ოჯახი აღავლენდა ლოცვას. ბასილის (ასე ერქვა ერისკაცობაში) მამა, ანესტისი მეთუნე იყო და ხშირად უხდებოდა სამუშაოდ ოჯახიდან შორს წასვლა. ბავშვების აღზრდის სიმძიმე დედას, ელისაბედს აწვა. ელისაბედი ყოველდღე შვილებს ერთად დააყენებდა და რიგრიგობით ლოცვებს ათქმევინებდა. ხოლო როცა ყველა დაიძინებდა, მიდიოდა კლდეში გამოკვეთილ ერთ ბნელ, უსარკმლო ოთახში და ცრემლმორეული ლოცულობდა. ერთხელ ათი წლის ბასილიმ დედის თვალებზე ცრემლები შეამჩნია და მიზეზი ჰკითხა. დედამ აუხსნა - საუკეთესო ლოცვა ისაა, თან ცრემლები რომ ახლავსო და ურჩია, როცა გაიზრდები, თავი ღმერთს მიუძღვენი, ბერი გახდიო. ასე მოვიქცევიო, - დაჰპირდა შვილი. პატარა ბასილი მიდიოდა მიტოვებულ საყდრებში, მონასტრებსა და სკიტებში და გულმოდგინედ ლოცულობდა. ხშირად წმინდა ტრაპეზის გვერდით ჩაეძინებოდა ხოლმე. ასე ჰბაძავდა მოსაგრეებს, რომლებიც იმ მხარეში ბევრი იყვნენ. განსაკუთრებით ერთი დაამახსოვრდა - დავრდომილი მამა გრიგოლი. როცა მას რაიმე რთულ საკითხზე ჰკითხავდნენ რჩევას, ის ქრისტიანებს სთხოვდა, ერთ-ერთი მთის მწვერვალზე აეყვანათ და რვა დღე დაეტოვებინათ. როცა უკან მოჰყავდათ, სახე შეცვლილი ჰქონდა და უბრწყინავდა, მისი რჩევები კი ნაყოფი იყო სულიწმინდისა.
ბასილის მეზობლად ერთი ღვთისმოშიში კაცი ცხოვრობდა, სახელად მიხაელი, მუშაკი გონიერი ლოცვისა. ეს მამა დღეებსა და ღამეებს ღვთის დიდებაში ატარებდა, ახალგაზრდა ბასილი კი მის მიბაძვას ცდილობდა. სათნოებათა გამო ბასილის მამაოს ეძახდნენ. ხალხის თხოვნით ბასილი დიაკვნად აკურთხეს, სურდათ მღვდლად ხელი დაესხათ, მაგრამ იცოდა, რომ ამას ბევრი შეეწინააღმდეგებოდა და უარი თქვა კურთხევაზე. ბასილის მტრები არ ჩერდებოდნენ, მისი წმინდა ცხოვრებითა და ასკეტური ქადაგებებით გამძვინვარებულებმა, მოკვლაც კი დაუპირეს, მაგრამ ღვთის მადლით გადარჩა. მაშინ მიტროპოლიტის რჩევით, მამა ბასილიმ ათონზე წასვლა დააპირა, მაგრამ მანამდე წმინდა მიწა მოილოცა. ცხრა თვე იცხოვრა იორდანესთან მდებარე წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში, ხშირად ნავით გადალახავდა ხოლმე იორდანეს და წმინდა მარიამ მეგვიპტელის ეკვდერში განმარტოვდებოდა. შემდგომში ყოველთვის გულშეუსვრილი იგონებდა წმინდამიწისეულ შთაბეჭდილებებს და იმ უდაბნოს სიმკაცრეს, სადაც წმინდა მარიამ მეგვიპტელი ორმოცი წელი მოღვაწეობდა. იგი ამბობდა: "თუ ამ დედაკაცმა, უძლურმა ჭურჭელმა, ასეთ სიმაღლეს მიაღწია, რა უნდა ითქვას ჩვენზე? სინანული, მოშურნეობა და ღვთისადმი სიყვარული აძლევს ადამიანებს უდიდეს ძალას. ჩემს გონებას არ შეუძლია იმ ადგილების მიტოვება, სადაც ღირსი დედა ცხოვრობდა. ძალზე მკაცრი ადგილია!"
იერუსალიმიდან მობრუნებული დიაკვანი ბასილი იძულებული გახდა, კონსტანტინოპოლში დასახლებულიყო. აქ მან ბევრი ღირსი მამა ინახულა, იმ დროისათვის ცნობილი მოძღვრები. როცა მან მათ სულის შემუსვრილებაზე, გონიერ ლოცვაზე დაუწყო საუბარი, როგორც ხიბლში ჩავარდნილს, ეჭვით დაუწყეს ცქერა. სულიერ მარტოობაში მყოფმა მისწერა მამა მიქაელს წერილი, რაზეც მოძღვარმა მკაცრად უპასუხა: "შვილო, შენ სცადე, რომ ჯოჯოხეთში ჩაგეგდე. თუ კვლავ მომწერ, რომ ჩემნაირი ადამიანი ვერ ნახე, მაშინ აღარც წერილს მოგწერ და შენს ხსოვნასაც დავივიწყებ. მაგრამ მე წარმოვიდგინე ჩემი ცოდვები და არ მოვიხიბლე". მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა მამა ბასილის ეს სიტყვები და ყოველთვის გაურბოდა შექებას.
დრო გადიოდა. მამა იერონიმე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში დიაკვნად მსახურობდა და ქადაგებდა. ახალი მადლმოსილი მქადაგებლის გამოჩენამ უამრავი ადამიანი მიიყვანა ტაძარში. ბევრს მატერიალურად ეხმარებოდა, ბევრსაც სულიერად. ერთხელ შეიტყო, რომ მისი სიძე კვირაობით ვაჭრობდა და მისწერა: "ჩემო საყვარელო სიძევ, რამდენი კვირადღეა წელიწადში? ორმოცდათორმეტი. რა ისეთ შემოსავალს მოგიტანს წლის 52 დღე? ძალიან გთხოვ, მომწერე და ორჯერ მეტ ფულს გამოგიგზავნი, ოღონდ მაღაზიას ნუ გააღებ კვირაობით და ღმერთიც ყველა სიკეთეს მოგაგებს". სიძე ისე შეძრა ამ წერილმა, რომ მაღაზია კვირაობით აღარ გაუღია.
მამა ბასილი კონსტანტინოპოლში ცხრა წელი მსახურობდა. ამ წლებზე ჰყვებოდა: "ხის ქვეშ მეძინა, რადგან არ დავთანხმდი სასაფლაოს ეკლესიაში მსახურებაზე, ვშიმშილობდი, საშინელ განსაცდელებს დავითმენდი. მაგრამ არასოდეს გულში მწუხარება არ გამივლია. მხოლოდ იმაზე ვზრუნავდი, რომ ჩემი ქრისტე არ გამემწარებინა".
კეთილმოკრძალებულ დიაკვანს სახელი გაუვარდა. ერთხელ მამა ბასილის ერთმა თურქმა მოსამართლესთან წაყოლა სთხოვა. მასპინძელმა ის გულითადად მიიღო და ჰკითხა:
- ბატონო მამაო, მე თურქი ვარ, მუსულმანი. ვეხმარები ქვრივ-ობლებს, ავადმყოფებს, ყველა მარხვას ვინახავ, ვცდილობ, სამართლიანი ვიყო სამახურში. მითხარით, საკმარისია ეს სამოთხეში მოსახვედრად?
ბასილიმ ჰკითხა:
- მითხარით, ბატონო, შვილები გყავთ?
- დიახ, მყავს.
- მონები?
- რა თქმა უნდა.
- შენს ბრძანებებს ვინ უკეთ ასრულებს, შვილი თუ მონა?
- ცხადია, მონები, შვილები ხშირად არ მიჯერებენ.
- მაგრამ თუ შენ მოკვდები, შენი მემკვიდრეები ვინ იქნებიან - მონები, რომლებიც კარგად ასრულებენ შენს ბრძანებებს, თუ შვილები, რომლებიც არ გიჯერებენ?
- რა თქმა უნდა, შვილები.
- ამგვარად, ყველაფერი, რასაც აკეთებ, კარგია, მაგრამ შენ მხოლოდ კარგი მონის პატივს მიაღწიე. თუ გინდა სამოთხე დაიმკვიდრო, მემკვიდრე გახდე ზეციური სასუფევლისა, აუცილებელია შვილი გახდე. ეს კი მხოლოდ წმინდა ნათლისღებით ხდება.
ამ მაგალითმა ისე იმოქმედა მსაჯულზე, რომ მალევე მოინათლა.
1922 წელს მამა ბასილი სამშობლოში დაბრუნდა, გადაწყვიტა, ატიკის მონასტერში დასახლებულიყო, მაგრამ იქაურმა ორმა მოხუცმა მონაზონმა შეხვედრისას ჰკითხა, - ახალი გაზეთები ხომ არ მოგიტანიაო. "რად გინდათ, - გაუჯავრდა ბასილი, - გაზეთები მიწიერ ცხოვრებაზე მოგვითხრობენ. ჩვენ კი სოფელი დავუტევეთ". როგორ შეიძლება დღე ისე გავიდეს, გაზეთები ვერ წავიკითხოთო, - შეწუხდნენ ისინი. იმედგაცრუებული მამა ბასილი მეგობრების დახმარებით ეგინაში გაემგზავრა. იქ სამიტროპოლიტო ტაძარში დიაკვნობდა, ქადაგებდა და თავის ახლობელთან, არქიმანდრიტ პანტელეიმონთან ერთად ქველმოქმედებას ეწეოდა, ჭლექიან ავადმყოფებს უვლიდა. ერთხელ ჭლექით გარდაცვლილი კაცი დამარხა, რომელიც გემბანზე ეგდო და არავინ ეკარებოდა. ამიტომ მამა ბასილი ჭლექით დასნეულდა. ეგინის საავადმყოფოში დააწვინეს და მალე ღვთის წყალობითა და ექიმების ზრუნვით გამოჯანმრთელდა... ექიმებმა საავადმყოფოს მოძღვრობა სთხოვეს. მამა ბასილი დათანხმდა და არა მარტო სულიერად ანუგეშებდა სნეულებს, არც სანიტრობას თაკილობდა და ჭრილობებსა და წყლულებს მკურნალობდა.
ამასობაში არქიმანდრიტი პანტელეიმონი მიტროპოლიტი გახდა და მამა ბასილი მღვდლად აკურთხა. ის ორმოცი დღის განმავლობაში ყოველდღიურად სწირავდა და ამის მერე საღმრთო ლიტურგიაზე თავისი თვალით იხილა, პური და ღვინო როგორ გადაიქცა უფლის სისხლად და ხორცად. დიდი ხნის ცრემლეული ლოცვის მერეღა მიიღო უწმინდესმა საიდუმლომ თავისი ჩვეული სახე და ბასილიმ ზიარება შეძლო. ამის მერე მამა ბასილის ლიტურგია აღარ ჩაუტარებია. მხოლოდ კლიროსზე გალობდა და ქადაგებდა.
1923 წელს მამა ბასილი ათონზე, სიმონპეტრას მონასტერში დიდი სქემით შემოსეს და იერონიმე უწოდეს. ეგინაში დაბრუნებული, ქალაქგარეთ, ხარების სკიტში დასახლდა და მთელი სიცოცხლე მოყვასის სამსახურს დაუთმო.
რთული დრო იდგა საბერძნეთშიც. მამა იერონიმე ხშირად საუბრობდა ანტიქრისტეს მოსვლაზე და ამბობდა, რომ კალენდრის მოსალოდნელი ცვლილება ეკლესიაში სხვა არასასურველ ცვლილებებს მოიტანდა და ტრადიციებს დაშორდებოდნენ. როცა საბერძნეთის ეკლესია ახალ სტილზე გადავიდა, ის არც ერთ ჯგუფს არ მიმხრობია, დარჩა საბერძნეთის ეკლესიის წევრად, მაგრამ ძველი სტილით მსახურობდა.
მამა იერონიმე ხორციელი მკურნალიც იყო, ათონზე მცენარეთა ცნობა ისწავლა და სამკურნალო წამლებს ამზადებდა. მაგრამ მისმა სულიერმა შვილებმა არ იცოდნენ, მათი ჯანმრთელობა მართლაც მამა იერონიმეს ბალახებმა გამოაკეთა თუ ღირსი მამის წმინდა ლოცვებმა. ერთი მორწმუნე ჰყვებოდა, რომ 60 წელი მძიმე ფორმის კანის დაავადება აწუხებდა. ექიმებმა ვერაფერი უშველეს. მამა იერონიმემ მას სალბი მისცა - მხრებსა და წელზე დაიდეო. ქალი რამდენიმე დღეში განიკურნა.
უამრავი ხალხი მოდიოდა მამა იერონიმესთან. მაგრამ ღირსი მამა ერთ საათსაც ვერ ძლებდა ულოცველად, 15-20 წუთი განმარტოვდებოდა ხოლმე თავის საიდუმლო ოთახში და ლოცულობდა. ლოცვის მადლი ეფინებოდა მის სიტყვებს და მისგან ადამიანები სულიერად ნუგეშინისცემულნი მიდიოდნენ. სულიერ შვილთა ურთულეს შეკითხვებს მამა იერონიმე ღვთისადმი ლოცვის მერე პასუხობდა. თვითონ ხშირად ამბობდა: "როცა ჩემი ძმებისთვის ვლოცულობ, გული სისხლით მევსება მათდამი თანაგრძნობით". ამის გარდა ის ჩვეულებისამებრ მსახურობდა საავადმყოფოს ტაძარშიც, გალობდა, სნეულებისგან აღსარებებს იღებდა. დიდი ხნის განმავლობაში ქადაგებდა.
თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობდა, განსაკუთრებით წმინდა ისააკ ასური უყვარდა. თავის სულიერ შვილებს ხშირად ეუბნებოდა: "ერთ დღესაც ნუ ჩააგდებ, ისააკ ასურიდან ერთი გვერდი მაინც რომ არ წაიკითხო. მე ის ძალზე მიყვარს და ჩემს მოძღვრად ვთვლი. როცა წაიკითხავ, ხშირად ჰკითხე საკუთარ თავს: მე კი ვასრულებ ამას? ასე გადახვალ კითხვიდან მოქმედებაზე. კითხვას ნუ შეწყვეტ და სიკეთეც მოვა".
მამა იერონიმეს სახელი გაუვარდა, მასთან უფრო მეტი ახალგაზრდა მოდიოდა. სულიერი შვილები რაღას არ იგონებდნენ, ოღონდ მასთან ყოფილიყვნენ! გოგონები ორი-სამი საათით უკან სწევდნენ საათის ისრებს, "დათქმულ" დროს რომ დაბრუნებულიყვნენ შინ. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მამა იერონიმე ამგვარი რამის ნებას აძლევდა: - ეცადეთ, დრო მოიპაროთ, რათა ის სულიერ საგნებს მიუძღვნათო.
მამა იერონიმემ ბევრი ხელობა იცოდა, მშენებლობა, მეწაღეობა... ეგინის საავადმყოფოდან ორ კილომეტრში ორი კელია და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკვდერი ააშენა. მიუხედავად ასეთი დატვირთვისა, სახელგანთქმულობისა, მამა იერონიმე თავმდაბალ ადამიანად დარჩა. ხშირად ამბობდა: "ვისურვებდი ყველასგან გასათელი მატლი ვყოფილიყავი, ოღონდ ჩემს ქრისტეს არ მოვშორებოდი". როცა ის ამ სკიტში გადავიდა საცხოვრებლად, საავადმყოფოს ეკლესიას თავი ანება. როგორც ვთქვით, იგი არ არჩევდა, ახალმესტილე მოდიოდა მასთან თუ მეძველსტილე. ერთმა სტუმარმა ჰკითხა:
- მამაო, თქვენ მეძველსტილეებთან ხართ?
- დიახ.
- რომელ სინოდთან?
- ყველასთან.
- მაგრამ ისინი ხომ მტრობენ ერთმანეთს?
- მე იქ არა ვარ, სადაც მტრობაა.
მამა იერონიმეს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს - გერმანელების ოკუპაციის დროს მის სახლში ერთი გერმანელი ოფიცერი ცხოვრობდა. მან ბერის კელიაში ყუმბარა დატოვა. მამა იერონიმემ ერთხელ დაინახა, როგორ გადააკეთა მისმა ნაცნობმა ყუმბარა სანთებელად. შინ დაბრუნებისთანავე ამ ყუმბარის გადახერხვა დაიწყო. ის აფეთქდა. მამა იერონიმე მძიმედ დაიჭრა, სმენა და მარცხენა ხელი დაკარგა. მოძღვარი გამუდმებით მადლობდა ღმერთს:
- უფალო, სულ არაფერი მქონია, როცა დავიბადე. შენ შემქმენი და მიბოძე ყოველივე. დაე, დიდებულ იყოს სახელი შენი, დაე, იყოს ჩემზე მადლი შენი. და თუ სასარგებლო იქნება ჩემი სულისთვის, წაიღე მეორე ხელიც.
ერთი წლის მერე მან ძილში უვერცხლოდ მკურნალნი იხილა, ამის მერე სმენა დაუბრუნდა. ამ სასწაულის სამადლობლად თავისი სკიტიდან ორას მეტრში წმინდა უვერცხლოდ მკურნალთა პატარა ეკლესია ააშენა. ამ ამბის მერე მამა იერონიმე პენსიაზე გავიდა და უფრო მეტი დრო დაუთმო ლოცვასა და საღვთო ჭვრეტას. ამ ამბის მერე, ერთხელ თუ რამდენჯერმე, მისი ორი სულიერი შვილი სასაუბროდ მივიდა იმ ეკვდერთან, სადაც მამა იერონიმე ლოცულობდა. შეაღეს კარი და რა იხილეს: მამა იერონიმე მხურვალედ ლოცულობდა და ორივე ხელი ლოცვად ჰქონდა აღპყრობილი. მოკვეთილი ხელი უფრო ძლიერი და ახალგაზრდული ჩანდა (მაშინ მამა იერონიმე სამოცი წლის იყო). მამა იერონიმე მალევე მოვიდა გონს და უთხრა მათ: "ამას დიდ რამედ ნუ მიიჩნევთ. ზეციურ სასუფეველში უფრო დიდი სასწაულები ხდება. ამის შესახებ არავის მოუყვეთო".
მამა იერონიმე თვითონ ხომ მიეცა ლოცვას, თავის სულიერ შვილებსაც უპირველესად გულშემუსვრილ ლოცვას ასწავლიდა:
- ლოცვისას საკუთარ თავს უნდა მივცეთ საშუალება, ღვთის წინაშე გადმოაქციოს ყოველივე, რაც აწუხებს.
თვითონ ცრემლებით ლოცულობდა და მასთან მიმსვლელებსაც ასწავლიდა:
- ნუ შეწყვეტ ლოცვას, ვიდრე ერთ წვეთ ცრემლს არ ჩამოაგდებო.
იგი წინააღმდეგი იყო სწრაფი და ზედაპირული ღვთისმსახურებისა და ხშირად იტყოდა: - თუ თვითონ არ გესმის და ვერ იგებ, რასაც ამბობ, აბა, ამას ღმერთი როგორ შეისმენს?
მამა იერონიმეს მადლი ჰქონდა დაფარულმცოდნეობისა. ერთხელ ერთ სახელოსნოში შევიდა, იქაური მუშები შეაქო, მერე კი მუშაობის სასწრაფოდ შეწყვეტა უბრძანა. სახელოსნოს პატრონი არ დათანხმდა. ერთი საათის მერე ორთქლის ქვაბი აფეთქდა და ყველა მუშამ დამწვრობა მიიღო.
ერთხელ წისქვილში მივიდა და მუშას სთხოვა, ამა და ამ დრომდე ხორბალი დამიფქვიო და წავიდა. მუშა აბუზღუნდა, მერე ღვთისა და ღვთისმშობლის გმობას მოჰყვა. უეცრად იქ მყოფებმა დაინახეს, რომ შემოირბინა მამა იერონიმემ და იმ მგმობელ კაცს უთხრა: "მაპატიეთ, თუ რაიმეთი გაგანაწყენეთ, შეკვეთა უბრალოდ დაივიწყეთ, ნუ გააკეთებთ!" მუშები სინანულში ჩავარდნენ და შენდობა სთხოვეს.
ერთხელაც მამა იერონიმემ დაინახა, რომ ერთი ელექტრიკოსი საშინელ ღვთისმგმობ სიტყვებს ამბობდა, რასაც ყრმობიდან მისჩვეოდა. მასთან მივიდა და უთხრა: "მაპატიე, ძმაო. ვიცი, რომ დაუფიქრებლად წარმოთქვამ ასეთ სიტყვებს, გულით კი კარგი ადამიანი ხარ. გთხოვ, შენს წინაშე დავდგები და ხმამაღლა მლანძღე, ვიდრე არ დაიღლები, ვიდრე არ დაიცლები, შემდგომისთვის რომ არაფერი დაგრჩეს. ღვთისგმობას რა აზრი აქვს? მან მოგვცა ყველაფერი: თვალები, ყურები და ყოველივე, რაც გვაქვს. ნუთუ ჩვენ ის უნდა ვლანძღოთ?" - "მართალი ხარ, მამაო, შემინდე! ასე მეტად აღარ მოვიქცევი", - უპასუხა ელექტრიკოსმა და თავჩაქინდრული წავიდა.
ერთხელ ერთმა ქალმა შესჩივლა, ქმარს უნდა გავეყარო, რადგან სულით დესპოტიაო. მამა იერონიმემ უთხრა:
- მისმინე, დაო, გაყრა არ არსებობს, მხოლოდ სიკვდილი გაჰყრის. შეეცადე, ქრისტე შეიყვარო. ეს სიყვარული გასწავლის მოყვასის სიყვარულს და მოგცემს მოთმინებას. მხოლოდ ქრისტეზე იფიქრე. მისი ჯვარზე მსხვერპლშეწირვა იმიტომ კი არ აღსრულდა, რომ ჩვენ იგი გვიყვარს, არამედ იმიტომ, რომ მან ჩვენ შეგვიყვარა. ილოცე და უფალი შეგეწევა".
მამა იერონიმე გვასწავლიდა, - როცა სულიერს ვეძებთ, ღმერთი იმაზე ცოტა მეტს გვიგზავნის, რასაც ვითხოვდით.
- ადამიანებმა უფრო საქმით უნდა ასწავლონ, ვიდრე სიტყვით.
- კაცთაგან ნუგეშს ნუ ელი. ხოლო თუ რაიმე სანუგეშოს მიიღებ, ორმაგად მწუხარებას მოელოდე. მხოლოდ ღმერთში ეძებე შეწევნა და ნუგეში.
- როცა დილით ვდგები - ყველაფერი ბრწყინავს: მზე ანთებს გარეთ და შიგნით, გულში სიმშვიდეა, ყველა და ყველაფერი მიყვარს და განვადიდებ ღმერთს. მოახლოვდება შუადღე და მოვიღუშები. ყველაფერი მაღიზიანებს. საღამოს კი ჩამობნელდება. აღარავინ მიყვარს, აღარავინ მახარებს და ეს ყველაფერი ერთ დღეში ხდება! თუ ადამიანს შეუძლია უარესობისკენ შეიცვალოს, განა არ შეუძლია უკეთესი გახდეს? დაე, სასოს ნურავინ წარიკვეთს და ნუ დაკარგავს იმედს. ჩვენ, ყველანი, ვისაც ღვთის იმედი გვექნება, გადავრჩებით...
...1966 წელს მამა იერონიმეს მდგომარეობა გაუარესდა და მორწმუნეთა თხოვნით, ათენის საავადმყოფოში დაწვა. მძიმე ხორციელი ტანჯვისას იმეორებდა: - უფალო, ნუ წამიყვან, თუ მთლიანად შენი არ გავმხდარვარ.
მამა იერონიმეს ფილტვების კიბო დაუდგინეს. ეს რომ შეიტყო, თავისი სულიერი შვილის ოთახში გადავიდა საცხოვრებლად. სიცოცხლის ბოლომდე ხალხს ემსახურებოდა. მამა იერონიმე 1966 წელს, 2 ოქტომბერს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!