წმინდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი პალესტინაში დაიბადა, სამარიის საზღვრებში, ქალაქში, რომელსაც ადრე სიქემი ერქვა, შემდგომში ნეაპოლის ფლავიას და ახლა ნაბლუსს ეძახიან.
მამამისი წარმართთა შორის ცნობილი იყო, თვითონ წმინდა იუსტინეც მონათვლამდე წარმართი გახლდათ. სიყრმიდანვე ჭეშმარიტებისა და სწავლის მოყვარული, მახვილი გონების წყალობით ყველა მეცნიერებაში წარემატა, რასაც კი წარმართულ სკოლებში ასწავლიდნენ. ორატორობის ხელოვნებას დაეუფლა და ფილოსოფიისკენ იგრძნო მისწრაფება. თავიდან ერთ სტოიკოს ფილოსოფოსს დაემოწაფა, რათა მათი მოძღვრების არსი გაეგო. იუსტინეს სურდა, მეტი შეეტყო ღმერთზე, მაგრამ სტოიკოსი არ ცნობდა ღმერთს. იუსტინე ერთ თერაპევტს შეხვდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მან სწავლების საფასურზე დაუწყო ლაპარაკი, წმინდა იუსტინემ დატოვა ის და პითაგორელ მასწავლებელთან მივიდა. მან ურჩია, - ჯერ ასტრონომია, გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა და სხვა მეცნიერებები უნდა შეისწავლოო. ამათ შესასწავლად მთელი ცხოვრება დამჭირდებაო, - გაიფიქრა ჭეშმარიტების მაძიებელმა და ახლა პლატონის მოძღვრების მიმდევარს დაემოწაფა, რომელიც დაჰპირდა, რომ ხილულ საგანთა მსგავსებით უხილავ საგანთა შეცნობას და იდეათა გაგებით ღვთის გაგებამდე მიიყვანდა. იუსტინემ მასთან სრულყოფილად შეისწავლა პლატონის დოგმატები, მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანული ღვთის შემეცნება ამ გზით ვერ შეძლო.
ერთხელ ქალაქგარეთ, ზღვის პირას განმარტოებით დასეირნობდა, გონებაში სხვადასხვა ფილოსოფიურ მოძღვრებას განსჯიდა. ანაზდად ერთი ჭაღარა ბერიკაცი დაინახა და ყურადღებით დააკვირდა. მან ჰკითხა, - განა მიცნობ, რომ ასე დაჟინებით მიცქერიო?
- არ ვიცი, - უპასუხა იუსტინემ, - მაგრამ მიკვირს ასეთ უდაბურ ადგილზე თქვენი ხილვაო.
ახლობლებს ველოდებიო, - მიუგო მოხუცმა და კითხვა შეუბრუნა, - შენ აქ რაღას აკეთებო.
იუსტინემ მიუგო: - ვსეირნობ, რათა ხელი არავინ შემიშალოს ფილოსოფიაზე ფიქრშიო.
- და რა სიკეთეს შეიძენ ამ ფილოსოფიით?
- ფილოსოფია განმანათლებელია გონებისა, წინამძღოლი და დამრიგებელი ყოველგვარი განსჯისა, ხელმძღვანელია ცხოვრებისა, ვინც მას შეიცნობს, როგორც სარკეში, ხედავს თავის უმეცრებას და სხვების შეცდომებს. ამიტომაც თითოეულმა უნდა შეისწავლოს ფილოსოფია, რათა იცოდეს, რა მოუტანს სიკეთეს და რა - არა, რას უნდა გაჰყვეს და რისგან უნდა შეიკავოს თავი.
- მაგრამ ფილოსოფია ბედნიერებას მოუტანს ადამიანს? - ჰკითხა ბერიკაცმა, - რა არის ფილოსოფია და რას ნიშნავს მისეული ბედნიერება?
- ფილოსოფია - ეს არის გულისხმისყოფა ყოველივე არსებულისა და ჭეშმარიტების შეცნობისა. სიბრძნის გულისხმისყოფას მოაქვს ფილოსოფოსისთვის ბედნიერება.
- თუ ჭეშმარიტება სწორი ფილოსოფიური მსჯელობით შეიცნობა, მაშ, რაღას იტყვი ღმერთზე?
- იგია არსება ყოველთვის უცვალებელი, ყოველთვის ერთი და იმავე მდგომარეობაში მყოფი, პირველმიზეზი ყოველგვარი ქმნილებისა.
- მითხარი, თუ არსებობს ისეთი გონება, რომლითაც შეიცნობა როგორც ღვთაებრივი, ისე კაცობრივი საგნები?
- რა თქმა უნდა, არსებობს, - მიუგო იუსტინემ.
- მითხარი, ნუთუ ერთი და იგივეა: გულისხმაყო ღმერთი, ანდა გულისხმაყო მუსიკა, არითმეტიკა, ასტრონომია ანდა სხვა მსგავსი?
- სულაც არა. სხვა რამეა ღვთის შეცნობა, სხვაა - იცოდე რაიმე ხელოვნება.
მართალი ხარ, ზოგიერთ ცოდნას - სმენით - ან რაიმე საგნის საკუთარი თვალებით ნახვის მერე შევიცნობთ... მაგალითად, ვინმემ რომ გთხრას, ინდოეთში დადის მხეცი, რომელიც არც ერთ სხვა მხეცს არ ჰგავსო, თუ მას საკუთარი თვალით არ ნახავდი, არც არაფერი გეცოდინებოდა მასზე, სხვათა მონაყოლი რომ არ მოგესმინა. ელინ ფილოსოფოსებს თუ შეუძლიათ სწორად იფიქრონ ღმერთზე და მასზე თქვან რაიმე არსებითი, თუ მათ ის საერთოდ არ უნახავთ, არ მოუსმენიათ და, შესაბამისად, არაფერი იციან მასზე?
იუსტინემ უპასუხა: - საღმრთო ძალი ხორციელი თვალებით არ იხილვება. ღმერთს შეიძლება მხოლოდ გონებით მივწვდეთ, - ასე ამბობს პლატონი, რომლის მიმდევარიც მე გახლავარ.
- ნუთუ არის ჩვენს გონებაში რაიმე ძალა ამგვარი თვისებებით, ამდენად ძლიერი, რომლის საშუალებითაც უხილავის მიწვდომას შევძლებთ? - იკითხა ბერიკაცმა.
- დიახ, პლატონი მას გონების თვალს ეძახის. მისი სწავლებით იგი მიეცა ადამიანს იმ მიზნით, რომ, სიბრძნისმოყვარეობის მოძღვრებით განწმენდილმა და განათლებულმა, შეძლოს თვით გონებით მისაწვდომი ღვთაებრივი ჭეშარიტება შეიმეცნოს, მიზეზი ყოველ საგანთა. ამ ჭეშმარიტებას განსაზღვრული სახე არ აქვს, იგი ყველა არსებაზე აღმატებული, მიუწვდომელია, გამოუთქმელი, შეერთება სილამაზისა და კეთილმშვენიერებისა. თვითონ ამ არსების მიერ კეთილშობილ სულებში თავიდანვე შთანერგილია მისი შეცნობის სურვილი - რამეთუ მას უყვარს, როცა კაცთა სულნი მას შეიცნობენ და ჭვრეტენ.
- თუკი პლატონი ასე ასწავლის, როგორც შენ აღიარებ, მაშინ თვითონ რატომ ვერ შეიცნო, რატომ ვერ მისწვდა საღმრთო ჭეშმარიტებას? იგი ამტკიცებდა, რომ ღმერთი უხილავი და მიუწვდომელი იხილვება ქმნილებაში, ზეცაში, ვარსკვლავებში, ხეებსა და ქვებში, ადამიანთა მსგავსად ნაკვეთში და თაყვანს სცემდა მათ, როგორც ღმერთს და სიცრუედ ხდიდა საღმრთო ჭეშმარიტებას, კერპთმსახური იყო და სხვასაც ამას ასწავლიდა. პლატონსა და სხვა ელინ ფილოსოფოსებს არ ჰქონდათ სწორი გონება, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის შეცნობას შეძლებდა. ადამიანის გონებას, რომელიც სულიწმინდით არ არის დამოძღვრილი და რწმენით განათლებული, სრულად არ ძალუძს შეიცნოს და გულისხმაყოს ღმერთი.
მოხუცის ნათქვამით გაოცებულმა იუსტინემ ჰკითხა:
- თუ პლატონსა და სხვა ფილოსოფოსებში არ არის ჭეშმარიტება, მაშინ სად შეიძლება ვნახო ასეთი ჭეშმარიტების მასწავლებელი?
მაშინ ბერიკაცმა წმინდა წინასწარმეტყველებზე მოუთხრო:
- ძველ დროში, ფილოსოფოსების უწინარეს, იყვნენ წმინდა, მართალი და ღვთის სათნო კაცნი, რომლებიც ღვთის სულით იმას წინასწარმეტყველებდნენ, რაც ახლა აღესრულება. მათ წინასწარმეტყველებს ეძახდნენ. ისინი სხვებზე ადრე ჩასწვდნენ ჭეშმარიტებას და ადამიანებს აუწყეს, არავის წინაშე არ იდრეკდნენ ქედს. ერთი სიტყვითაც არ განდგომიან ჭეშმარიტებას, ამაო დიდებას არ შეეძლო მათი ძლევა, რადგან რაც ესმოდათ და ჭვრეტდნენ საღვთო გამოცხადებისას, იმას უშიშრად ამბობდნენ. ვინც მათ ნაშრომებს რწმენით კითხულობს, გაუნათლებს გონებას ჭეშმარიტების შემეცნებისას. მათ სწამდათ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, შემოქმედი ყოველი არსებისა, და აუწყებდნენ ამ სოფელში მისი ძის, უფალ იესო ქრისტეს მოვლინებას.
დიდი ხნის საუბრის მერე უცნობმა ბერიკაცმა უთხრა იუსტინეს:
- უწინარეს ყოვლისა, გულმოდგინედ შეევედრე ჭეშმარიტ ღმერთს, რომ განგიღოს ნათლის კარები, რამეთუ მხოლოდ მას ძალუძს ჭვრიტოს და მიხვდეს ღვთაებრივს, ვისაც თვითონ ღმერთი გამოუცხადებს. ის კი ყველას განუმჟღავნებს ჭეშმარიტებას, ვინც მას ლოცვით ეძებს და მას სიყვარულით უახლოვდება.
ბერიკაცი გაშორდა იუსტინეს და უხილავი შეიქნა. წმინდა იუსტინე ჰყვება, - რაღაც ცეცხლი აენთო ამ დროში ჩემში და ააგიზგიზა სული ჩემი ღვთისკენ სწრაფვაში; გამიძლიერდა სიყვარული წმინდა წინასწარმეტყველებისა და ქრისტეს სხვა მეგობართა მიმართ. ვფიქრობდი ბერიკაცის სიტყვებზე და შევიცანი, რომ მისეული ფილოსოფია ერთადერთი და ჭეშმარიტი იყო. ვიწყე წინასწარმეტყველთა და მოციქულთა წიგნების კითხვა და მათგან ნამდვილი ფილოსოფოსი გავხდი ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანი.
ქრისტიანულთან ერთად იუსტინე სიბილას წიგნებსაც კითხულობდა და აოცებდა მათი სრული თანხმობა უფლის ქალწულისგან განკაცებაზე, მის ჯვარცმაზე, მომავალ სამსჯავროსა და ხილული სამყაროს აღსრულებაზე. ნელ-ნელა იხრებოდა სული მისი ქრისტიანობისკენ და განიკითხავდა ელინთა მრავალღმერთიანობას. იმ დროს სასტიკად იდევნებოდა ქრისტიანობა. წარმართები ათასნაირ ბინძურ ცილს სწამებდნენ მათ - თითქოს ღამისთევისას ორგიებს მართავდნენ, მხეცივით კაცის ხორცს ჭამდნენ და სხვა. თავიდან ეს ბრალდებები იუსტინესაც აბრკოლებდა, მაგრამ მერე განსაჯა: გარყვნილ, ბილწ ადამიანს არ ძალუძს ქრისტეს მოწაფეობა, ვერ შეძლებს უშიშრად უერთგულოს ქრისტეს, - ფიქრობდა იუსტინე. მარხვითა და ლოცვით თანდათან მოაუძლურა ხორცი. ძალზე შეუყვარდა ქრისტიანები, დაუახლოვდა მათ და მოინათლა კიდეც. იგი მტკიცე მცველი გახდა ქრისტეს რწმენისა. კაცთა სულების ცხონებისათვის მიმოივლიდა სხვადასხვა ქვეყნებს. ერთხელ ფილოსოფოსის სამოსით მოსილი რომში მივიდა და იერარქ მარკიანეს შეხვდა. იუსტინემ თავის წიგნებში ამხილა მისი ცრუ მოძღვრება. რომში ამ დროს ცხოვრობდა წარმართი ფილოსოფოსი ცინიკოსი კრისკენტი, უდიდესი მტერი ქრისტიანობისა. კრისკენტი თვითონ ბილწად და ურჯულოდ ცხოვრობდა და ქრისტიანები სძულდა უმწიკვლო ცხოვრების გამო. შურდა იუსტინეს სახელისა, რაც მას თავისი ღვთისმბრძნობელი საუბრებითა და უბიწო ცხოვრებით ჰქონდა გავარდნილი რომაელთა შორის და ცდილობდა, მის წინააღმდეგ ხალხი აემხედრებინა. წმინდა იუსტინე ამბობდა:
- მე მზად ვარ ვეწამო ქრისტეს რწმენისთვის და დავითმინო სიკვდილი ურწმუნოთაგან, რომელიც ალბათ ამ კრისკენტისგან მომეწვევიაო.
იმ დროს ანტონინე პიუსი მეფობდა (138-161წ.წ.). მას არ სძულდა ქრისტიანები, მაგრამ წინამორბედ მეფეთა ბრძანებების მიხედვით მის დროს ქრისტიანებს მაინც ხოცავდნენ და დევნიდნენ, მათი ქონების ხელში ჩასაგდებად ბილწად ირჯებოდნენ.
რომში ამ დროს ერთი ამბავი მოხდა: ერთმა წარმართმა დედაკაცმა იწამა ქრისტე, შეუდგა ღვთივსათნო ცხოვრებას. მისი წარმართი ქმარი ხორციელ სიბილწეში იყო ჩაფლული. ქალმა სცადა მისი ჭეშმარიტი რწმენისკენ მოქცევა, მაგრამ ვერაფერს გახდა. გადაწყვიტა, გაყროდა და უბიწოდ ეცხოვრა. ქმარმა შეიტყო, ვინც მოაქცია მისი ცოლი ქრისტიანობაზე, წავიდა და პტოლომეოსს (ასე ერქვა იმ ქრისტიანს) უჩივლა. პტოლომეოსი შეიპყრეს და სიკვდილით დასჯა განუჩინეს. ამ უსამართლო სასამართლოზე ლუკიანემ ამხილა ქალაქისთავი: "რა დანაშაულისთვის სჯი ამ უბრალო კაცს? მას არც უმრუშია, არც უძალადია, არც მოუკლავს და არც უქურდია, არც სხვა დანაშაული ადევს კისერზე. მისი დანაშაული ის არის, რომ თავს ქრისტიანად აღიარებს".
- რაო, შენც ქრისტიანი ხომ არ ხარ? - მრისხანედ ჰკითხა ქალაქისთავმა.
- დიახ, - აღიარა ლუკიანემ.
ქალაქისთავმა მისი მოკვლაც ბრძანა. მაშინ ქალაქისთავის მამხილებლად მესამე ქრისტიანი წამოდგა. ისიც სიკვდილით დასაჯეს.
ნეტარმა იუსტინემ ამ უსამართლო მკვლელობის შემდეგ დაწერა "ქრისტიანობის აპოლოგია", მიართვა მეფეს, მის ძეთ, სენატის წევრებს და განემზადა ქრისტესთვის მოწამეობისთვის.
მეფემ ყურადღებით წაიკითხა გრაგნილი, გაოცდა ქრისტიანი ფილოსოფოსის სიბრძნით და შეაქო გონიერებისთვის. ამ გრაგნილში იუსტინე ამხელდა წარმართული ღმერთების სიცრუეს და ნათლად გამოხატავდა ქრისტეს ყოვლისშემძლეობას, ამტკიცებდა, ქრისტიანებზე გამოთქმული ბრალდებები ცილისწამებაა, ისინი მართალნი და პატიოსანნი არიანო. მეფემ ბრძანა, ქრისტეს სახელის აღიარებისთვის არავინ დაესაჯათ და არც მათი ქონება ხელეყოთ. წმინდა იუსტინემ მეფის ეს ბრძანება, მისივე ნებართვით, აზიაში წაიღო, სადაც განსაკუთრებით დევნიდნენ ქრისტიანებს. ფილოსოფოსის სამოსლით, რომელიც სიკვდილამდე ეცვა, ჩავიდა ეფესოში და გამოაცხადა მეფის ნება. შეწყდა დევნა და ქრისტეს ეკლესიაში სიმშვიდემ დაისადგურა. სწორედ ეფესოში შეხვდა იგი იუდეველ რაბინ ტრიფონს, კამათისას სძლია მას ძველაღთქმისეული მაგალითებით. ეფესოში წმინდანმა დიდხანს დაყო და იტალიაში დაბრუნდა. გზად ყველგან ქადაგებდა და მრავალ ელინსა თუ იუდეველს ქრისტესკენ მოაქცევდა. როცა ის რომში ჩავიდა, მის წინააღმდეგ აღდგა ძველი მტერი, ფილოსოფოსი კრისკენტი და როცა იუსტინემ იგი კამათში დაამარცხა, კრისკენტიმ ცილი დასწამა და დააჭერინა. სასამართლომ წმინდა იუსტინეს დანაშაული ვერ აღმოუჩინა. კრისკენტის ეშინოდა, რომ წმინდა იუსტინეს გაათავისუფლებდნენ, ამიტომაც მოაწამვლინა იგი.
ეს მოხდა დაახლოებით 165-166 წლებში. წმინდა იუსტინეს ხსენება ქრისტეს ეკლესიამ 1-ელ ივნისს დააწესა (ძვ.სტ.).
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი